ექსტერიერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სასტუმრო „მარიოტის“ ექსტერიერი, ქ. თბილისი

ექსტერიერი − (ლათ. exterior გარე, გარეთა), შენობის, ნაგებობის, ავტომობილის, გარე ნაწილის, მხატვრული ან არქიტექტურული სახე, რომელიც პირველ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანზე. ის ობიექტის ერთგვარი სავიზიტო ბარათია. ექსტერიერი არის არა უბრალოდ ესთეტიკურად ლამაზი, არამედ გამოხატავს მის შინაარსობრივ-ფუნქციონალურ დატვირთვას, ეხამება გარემოსა და სივრცეს. ექსტერიერის დიზაინში ჩადებულია პრაგმატული და მხატვრული იდეისა და გადაწყვეტების სინთეზი, მიმართული ადამიანის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და ესთეტიკური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ექსტერიერი ყოველთვის ინდივიდუალური და განუმეორებელია.

შენობის ექსტერიერის საფუძველში ჩადებულია პრაგმატული და მხატვრული იდეის სინთეზი, რომელიც რეალიზდება მშენებარე ობიექტის განლაგების ადგილის, ლანდშაფტისა და კლიმატის შესაბამისად, რაც ხელს უწყობს ხანგრძლივი ექსპლუატაციის პირობებში საცხოვრებელი გარემოს მაქსიმალურ კომფორტს, მოხერხებულობას და ადამიანის კეთილდღეობასა და კეთილგანწყობას. ექსტერიერი დიდად არის დამოკიდებული შენობის დანიშნულებაზე. მაგალითად, სასტუმროს მდიდრული გარეგნული სახე უზრუნველყოფს სტუმრების მოზიდვას, მაღაზიისას – კლიენტების სიმრავლეს და ა.შ. დიდი მნიშვნელობა ენიჭება აგრეთვე დასახელებას და მის გრაფიკულ დიზაინს შენობის ექსტერიერზე.

შენობის ექსტერიერის (ფასადის) ძირითადი ელემენტებია: საპარადო შესასვლელი, სვეტი, პილასტრი, აივანი, კრონშტეინები, ბალიუსტრადა, ბალიასინა, თაღი, კედლის ნახჭი, ბარელიეფი, რუსტი (ფასადის დეკორატიული ელემენტი), კარნიზი, ფანჯრისა და კა-რის საპირეები და სხვ.

შენობა-ნაგებობების ექსტერიერი ყოველთვის განიცდიდა ცვლილებებს განთავსების ტერიტორიის თუ ეპოქების შესაბამისად. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას ამა თუ იმ შენობის ექსტერიერის მიხედვით, რომ ეს არის: გოტიკა, ამპირი, კლასიციზმი, მოდერნი, არტდეკო, არტნუვო და ა.შ. არსებობს შენობები გამორჩეული, განუმეორებელი ექსტერიერით, რომელიც მუდმივად რჩება მნახველის მახსოვრობაში და ათეული წლების განმავლობაში პიროვნების ესთეტიკური ტკბობის საფუძველია. მაგალითისათვის შეიძლება დავასახელოთ: ეგვიპტის პირამიდები, ეიფელის კოშკი პარიზში, უესტმინსტერის სასახლე ლონდონში, ერმიტაჟი სანკტ-პეტერბურგში, ტაჯ მაჰალი ინდოეთში, პიზის კოშკი პიზაში, ჰაბსბურგების სასახლე ვენაში, ემპაიერ სტეიტ ბილდინგი ნიუ იორკში, დუბაის ცათამბჯენი (ბურჯი დუბაი) არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, თბილისის ფუნიკულიორი, პეტრა იორდანიაში, ნოეშვაინშტაინის ციხესიმაგრე გერმანიაში და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები