მსახიობის ხელოვნება
მსახიობის ხელოვნება – საშემსრულებლო ხელოვნების დარგი, სცენური სახეების შექმნის ხელოვნება; მსახიობი სცენაზე განასახიერებს იმ პირს, ვისაც პიესის მიხედვით თამაშობს. ამაში მას ხელს უწყობს ბუნებრივი მონაცემები: მეტყველება, პლასტიკა, მიმიკა, ჟესტი, თვალები (მზერა); და ასევე ფსიქიკური თვისებები ემოციურობა, მხატვრული ხედვა, წარმოსახვა, მეხსიერება, ინტუიცია, ინტელექტი, მედიტირების და ექსტაზში შესვლის უნარი.
სამსახიობო შემოქმედების უმაღლესი სტადიაა როლში გარდასახვა და ამ მდგომარეობის მხატვრული გამოსახვის უნარი, რაც ნიჭთან ერთად, დიდ ოსტატობასაც მოითხოვს. თანამედროვე სამსახიობო ხელოვნება პირდაპირ კავშირშია რეჟისურის მოთხოვნებთან მსახიობი ერწყმის დადგმის სტილს, შემოთავაზებულ „თამაშის წესს“, ანსამბლურობის მოთხოვნებს და სცენურ იერსახეს ქმნის ყოველივე ამის გათვალისწინებით.
სამსახიობო ხელოვნების ჩასახვის საწყისებთან
მსახიობის ხელოვნება ჩაისახა ადამიანთა თვითშემეცნების პირველსავე საფეხურზე, პირველყოფილ თემურ გაერთიანებაში. იგი იშვა მიბაძვისა და თამაშის მოთხოვნილების წყალობით. ტოტემურ და მაგიურ რიტუალებში მიბაძვა და თამაში გადაიზარდა რელიგიურ-საკულტო ქმედებაში. ასე იშვა სინკრეტული თეატრი. ზეპირსიტყვიერების განვითარებამ ლეგენდებისა და თქმულებების სახით, წარმოშვა დამოუკიდებელი მთხრობელი, რაც უკვე იყო ინდივიდუალური სამსახიობო ხელოვნების პირველსაწყისი. სინკრეტულ თეატრშიც განსაკუთრებით ნიჭიერები ასრულებდნენ სოლო ნომრებს ცეკვის, პანტომიმის ან სიმღერის სახით. მითების სისტემამ წარმოშვა ლიტერატურულად კარგად ორგანიზებული და მაღალმხატვრული ფაბულები. აქედან ერთი ნაბიჯი-ღა რჩებოდა მითისა და რიტუალის გაერთიანებამდე და ეს ნაბიჯი, ჩვენამდე მოღწეული წყაროების მიხედვით, კიდეც გადაიდგა ძველეგვპტურ თეატრში. ერთმანეთის ანალოგიური პროცესები მიმდინარეობდა დედამიწის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ნაწილში. რელიგია და თეატრი განუყრელი ცნებები იყო. ამ დამოკიდებულებაში ცვლილებები შეიტანა ძველბერძნულმა თეატრმა. განვითარებული პოლითეიზმის წიაღში თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავა ადამიანმა, რაც თეატრის გამრავალფეროვნების ნიადაგად იქცა. ამის შემდგომ დრამა განვითარდა ორი მიმართულებით. აღმოსავლურმა თეატრმა დაიტოვა კავშირი რელიგიასთან, რამაც კიდევ უფრო განავითარა ალეგორიულ-პირობითი გამომსახველი ხერხები, დასავლეთში კი (კერძოდ, საბერძნეთში), დრამა ნელ-ნელა კარგავს საკულტო დანიშნულებას და ასახავს რეალობაში მიმდინარე მოვლენებს.
მსახიობის ხელოვნება ანტიკურ ხანაში
მსახიობის ხელოვნება ანტიკურ ხანაში ყალიბდება როგორც მხატვრული შემოქმედების განსაკუთრებული სახეობა. მე-5 ს. ძვ.წ. ძველ საბერძნეთში იქმნება დემოკრატიული ქალაქი-სახელმწიფოები. ამან ბიძგი მისცა თეატრალურ ქმედებათა ქალაქში გადმოტანას, რაც მოითხოვდა არა მხოლოდ შესაფერის შენობა-ნაგებობას, არამედ თეატრის შესაბამისად ორგანიზებას.
ადრეულ ეტაპზე (მე-6 ს. ძვ.წ.) ეს იყო საგუნდო ლირიკული სიმღერები, რომელსაც ასრულებდა ორი ნახევარქორო კორიფეს წინამძღოლობით. სწორედ მან შეამზადა მსახიობის ხელოვნების წარმოშობა. პოეტი-კორიფე მოქმედებდა თავისი გმირის სახელით, რაც თავისთავად შეიცავდა სამსახიობო ხელოვნებას. პოეტური და სამსახიობო მოღვაწეობა განმტკიცებულ იქნა „ტრაგედიის მამის“ ესქილეს მიერ (525-456 ძვ.წ.), რომელმაც თავის ტრაგედიებში მთავარი როლები თავადვე შეასრულა. მის სახელთანაა დაკავშირებული მეორე მსახიობის მოქმედებაში ჩართვა, რასაც მოჰყვა მესამე მსახიობის ამოქმედება სოფოკლეს (496-406 ძვ.წ.) ინიციატივით. პირველ მსახიობს ეწოდა პროტაგონისტი, მეორეს – დევტერაგონისტი, მესამეს – ტრიტაგონისტი. პროტაგონისტი ასრულებდა ქალთა და მამაკაცთა მთავარ როლებს, დევტერაგონისტი თამაშობდა სხვა მნიშვნელოვან როლებს, ტრიტაგონისტი ასრულებდა ეპიზოდურ როლებს. ძველბერძნული თეატრის მსახიობები ატარებდნენ ნიღბებს, რაც ერთის მხრივ რიტუალური თეატრის ტრადიციის გაგრძელება იყო, მეორეს მხრივ კი ხელს უწყობდა მაყურებელს უკეთ დაენახა პერსონაჟი.
თეატრის შემდგომმა განვითარებამ, უცილობლად გამოიწვია მსახიობის და პოეტის შემოქმედების დაყოფა. მსახიობის პროფესიამ განსაკუთრებული წონა და მნიშვნელობა შეიძინა. მსახიობთა გვარები დიდასკალიებზე მოხსენიებულია დრამატურგების გვერდით.
ანტიკური ხანის სპექტაკლების ტრაგედიულ-მონუმენტური და კომედიურ-ბუფონური სტილი მთლიანად მსახიობს ეყრდნობოდა. ტრაგიკოსი მსახიობი გამოკვეთდა მითოლოგიური გმირის მონუმენტურობას. ძველბერძნულ ტრაგედიაში წამყვანი ადგილი ეკავა სიტყვას. ტრაგიკოსის დეკლამაცია გამოირჩეოდა დიდებულებით, სიტყვა წარმოთქმული იყო წამღერებით, თუმც მშვიდად და გამოკვეთილად ჟღერდა. ემოციური ამაღლება გადმოიცემოდა რეჩიტატივის მეშვეობით. და ბოლოს, პათეტიკურ ადგილებში სიტყვას ცვლიდა ძლიერი და ვნებიანი სიმღერა. ამ ადგილებში მსახიობების თავდაჭერილ მოძრაობებს ცვლიდა დიდებული და სულიერად ამაღლებული ცეკვა.
ტრაგედიის და კომედიის ანტიკური თეატრისათვის დამახასიათებელმა მკვეთრმა დაყოფამ, განაპირობა კომედიური წარმოდგენების განსაკუთრებული ფორმები ჰიპერბოლიზებული კომიკოსის ნიღაბი სატირულად ასახავდა ადამიანის ნაკლოვან მხარეებს. კომედიაში მსახიობის ხელოვნებამ მთლიანად შეითვისა საწეს-ჩვეულებო ქმედებათა მრავალფეროვანი ელემენტები. მიუხედავად ამისა, ბუფონური სტილი ზოგჯერ იცვლებოდა ფილიპიკებით, სერიოზული მიმართვებით ხელისუფლებისადმი. ასეთი იყო არისტოფანეს კომედიები. მსახიობის ხელოვნება რომის რესპუბლიკაში რომის რესპუბლიკაში მსახიობის ხელოვნება აღმოცენდა ატელანების და ძველბერძნული თეატრის ტრადიციებზე დაყრდნობით. აქ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა თეატრის სანახაობრივმა მხარემ. ტრაგედიები კიდევ უფრო სისხლიანი გახდა, კომედიები – კიდევ უფრო ბუფონური.
სამსახიობო ხელოვნება შუა საუკუნეებში
დასავლეთში ქრისტიანული მონოთეიზმის გავრცელების გამო (მე-4 ს. ახ.წ.), თეატრს გამოეცალა რელიგიურ-მითოლოგიური საფუძველი და მან არსებობა შეწყვიტა. თეატრი კვლავ დაუბრუნდა თავის პირველსაწყისს საწესჩვეულებო რიტუალს. შუასაუკუნეებში ქალაქების გაძლიერებამ (მე-9-11 სს.) კვლავ წარმოშვა თეატრის საჭიროება და იგი ნაწილობრივ დაკმაყოფილებულ იქნა ჰისტრიონების მოღვაწეობით. მსახიობის ხელოვნება შემოინახეს მოხეტიალე მსახიობებმა და დასებმა. პარალელურად წარმოიშვა საეკლესიო თეატრის ჟანრი – ლიტურგიკული დრამა, რომელსაც წარმოადგენდნენ ეკლესიის მსახურები და მრევლი. მასში აკრძალული იყო ინდივიდუალური დამოკიდებულების გამოკვეთა, საერო ელემენტების შეტანა. მიუხედავად ამისა, ზედმეტი ემოციურობისა და წმინდა თეატრალური ეფექტების გაძლიერების გამო, ლიტურგიკული დრამის წარმოდგენები გატანილ იქნა ეკლესიის წინკარში (ნახევრად ლიტურგიკული დრამა) წარმოიშვა სხვა საეკლესიო ჟანრებიც – მისტერია, მირაკლი, მორალიტე.
შუა საუკუნეებში მსახიობის ხელოვნებამ თავისუფალი განვითარება ჰპოვა ფარსის ჟანრში.
სამსახიობო ხელოვნება აღორძინების ეპოქაში
აღორძინების ეპოქაში, საეკლესიო გავლენის შესუსტებამ და აბსოლუტიზმის განმტკიცებამ, ახალი პერსპექტივები გაუხსნა თეატრს და შესაბამისად მსახიობის ხელოვნებას იტალიაში აღდგენილ იქნა ატელანების ხელოვნება კომედია დელ’არტეს იმპროვიზაციული, ნიღბების თეატრის სახით. ესპანეთში წარმოიშვა თავისუფალი სულისკვეთების მქონე, ფსიქოლოგიურად ღრმა დრამატურგიული ნაწარმოებები, რომელთა შესრულება მოითხოვდა როლში გარდასახვას და მაღალ პროფესიონალიზმს. ტრაგედიების ტრადიციების აღდგენის პარალელურად, ახალი ძალა მოიკრიბა კომედიამ, გამდიდრებულმა ჰისტრიონების და ფარსული წარმოდგენების პრაქტიკით. ინგლისში აღორძინების ეპოქამ წარმოშვა დიდი დრამატურგია და ხელი შეუწყო ახალი ეტაპის დამკვიდრებას მსახიობის ხელოვნებაში.
სამსახიობო ხელოვნება კლასიციზმის ხანაში
კლასიციზმის ხანაში მსახიობის ხელოვნება მკაცრად იქნა დაქვემდებარებული არისტოკრატიული ესთეტიკის კანონებს. პირველად თეატრის ისტორიაში მსახიობი იქცა საერთოსაზოგადოებრივი და სახელმწიფო იდეალების რუპორად, მსახიობის გრძნობები მოექცა გემოვნებისა და გონების მარწუხებში, სცენური მეტყველება დაემორჩილა მუსიკის კანონებს, ხოლო მოძრაობა – პლასტიკის კანონებს. მსახიობის ხელოვნება იწოდებოდა დეკლამაციის ხელოვნებად. შემოქმედების რაციონალიზაციამ წარმოშვა გამომსახველი საშუალებების ერთხელ და სამუდამოდ შედგენილი ნორმები. კლასიციზმისთვის უცხო აღმოჩნდა კომედიის ჟანრი. კომედია არსებობას განაგრძობდა სამოედნო ფარსულ და ბუფონადურ წარმოდგენებში.
კომედიის ჟანრის აღორძინება დაკავშირებულია მოლიერის შემოქმედებასთან. მისი პიესები გაჟღენთილი იყო მოქალაქეობრივი პათოსით, გამოირჩეოდა სატირული სიმახვილით, რაც კარგ ნიადაგს უქმნიდა მსახიობის ხელოვნებას. თავისი დრამატურგიით, რეჟისორული მითითებებით და სასცენო პრაქტიკით, მოლიერმა წაშალა ზღვარი კომედიასა და დრამას შორის მსახიობის ხელოვნებაში.
მსახობის ხელოვნებას განმანათლებლობის პერიოდში
რამდენადმე სხვა ამოცანები დაუსახა მსახობის ხელოვნებას განმანათლებლობის ხანამ. წინ იქნა წამოწეული შესრულების ბუნებრიობა, შეჯერებული გამოსახვის საშუალებების კონტროლთან. თეატრმა ორიენტაცია აიღო არა არისტოკრატიაზე, არამედ მესამე (ბურჟუაზიულ) ფენაზე, რამაც გამოიწვია მისი საგრძნობი დემოკრატიზაცია.
მსახობის ხელოვნებას რომანტიზმის პერიოდში
მსახიობის ხელოვნებას კლასიციზმისგან რადიკალურად განსხვავებული გეზი მისცა რომანტიზმის დამკვიდრებამ ევროპულ თეატრში. აქ განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ადამიანის სულიერ სამყაროს, მის ლტოლვას იდეალებისაკენ. რომანტიზმმა თეატრში დაამსხვრია კლასიცისტური კანონები როგორც სიტყვის წარმოთქმის, ისე სცენური მოძრაობის სფეროში. უდიდესი ადგილი დაეთმო მსახიობის ინტუიციას, მის არტისტულ აღმაფრენას, შთაგონებას. რომანტიკოსებმა აღორძინების ეპოქის შემოქმედთა მსგავსად, სცენაზე თამამად შემოიტანეს ფანტასტიკური ელემენტი. რომანტიკული გმირი თამამად უპირისპირდებოდა საზოგადოებრივ ნორმებს, ამხელდა სიმახინჯეებს, შეუპოვრად ებრძოდა ბოროტებას და ფიზიკურად განადგურებული, სულიერად გამარჯვებული რჩებოდა. ყოველივე ამან უდიდესი ასპარეზი მისცა მსახიობის ხელოვნებას, გზა გაუხსნა თავისუფალ გრძნობას და თეატრალურ ექსტაზს.
მსახობის ხელოვნება XIX საუკუნეში
რომანტიზმის საპირისპირო დოქტრინები წამოაყენეს ნატურალიზმის იდეოლოგებმა. მათთვის ბუნების ბაძვა იქცა ხელოვნების უმთავრეს ფასეულობად. თუკი რომანტიზმი ესწრაფვოდა განსაკუთრებული ღირსებებით შემკული პიროვნების ასახვას, ნატურალიზმმა სცენის გმირად აქცია ჩვეულებრივი ადამიანი ჩვეულებრივ გარემოში. ნატურალიზმმა მსახიობის ხელოვნებას დაუსახა ახალი ამოცანები – მას მაქსიმალური ბუნებრიობით უნდა გადმოეცა გმირის სულიერი ცხოვრება და განცდები. ამავე ტენდენციამ წარმოშვა ანსამბლურობის პრინციპი. ყველა როლი დაექვემდებარა ღრმად შესწავლას და გარდასახვას. ნატურალიზმმა ხელოვნების საგნად აქცია ყველაფერი, რაც ადამიანის ცხოვრებასთან იყო დაკავშირებული. ანსამბლურობის პრინციპმა მოითხოვა რეჟისორის, როგორც სპექტაკლის შემოქმედებითი ორგანიზატორის ფუნქციის ზრდა. მოგვიანებით, ნატურალიზმმა უარი თქვა წვრილ-თემიანობაზე, თუმც დოქტრინის ძირითადი პოსტულატები შენარჩუნებულ იქნა. ყველა როლისადმი პროფესიონალური მიდგომა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო მსახიობის ხელოვნებაში.
XIX ს. მე-2 ნახ. სიმბოლიზმის სახით წარმოიშვა მძლავრი მიმდინარეობა, რომელმაც უარყო ნატურალიზმის პრინციპები და ხელოვნებას დააკისრა ადამიანის შიგნით და მის გარშემო არსებული იდუმალი ძალების ასახვისაკენ სწრაფვა. მსახიობს დაევალა განყენებული, მისტიკური შინაარსის და ინტონაციის მქონე სახეების შექმნა.
მსახობის ხელოვნება XX საუკუნეში
ტრადიციული თეატრალური კანონების მსხვრევა და ფორმის გაბატონება იქნა დეკლარირებული ავანგარდისტების და დეკადენტების მიერ. მსახიობის ხელოვნებამ დაკარგა ის ავტონომიურობაც კი, რომელიც მას ნატურალიზმმა მიანიჭა. წარმოიშვა ზემარიონეტის თეორია (გ. კრეგი), მეტყველების და პლასტიკის სპექტაკლის ფორმისადმი დაქვემდებარების ტენდენცია. XX ს. დასაწყისში ავანგარდისტული მიმდინარეობები ჩამოყალიბდნენ მოდერნიზმად წოდებულ ერთიან სისტემად. თეატრის მთავარ ფიგურად იქცა რეჟისორი. მსახიობის ხელოვნება დრამატურგთან ერთად უკვე მოიაზრებოდა არა როგორც დამოუკიდებელი ხელოვანი, არამედ როგორც „მასალა“ სპექტაკლისათვის. მოდერნიზმის თეორეტიკოსები ცდილობდნენ მსახიობის მნიშვნელობის შენარჩუნებას, მაგრამ ამას ჰქონდა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათი და იგი რეალობაში არ გადაზრდილა.
მსახიობის ხელოვნების ერთგვარი რესტავრაციის მცდელობა შეინიშნებოდა პოსტმოდერნიზმის მხატვრულ ტენდენციებში, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი მსახიობის წარსული დიდების დასაბრუნებლად. მიუხედავად ზემოთქმულისა, სამსახიობო ხელოვნების მაღალი დონის შენარჩუნება შეძლეს ზოგიერთი დიდი თეატრალური ტრადიციების მქონე ქვეყნებმა. მსახიობის ხელოვნება კვლავაც ყურადღების ცენტრშია მრავალ მაღალგანვითარებულ ქვეყანაში.