ჰისტრიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰისტრიონი — (ლათ. histrions, histrio), მსახიობი ძველ რომში. ჰისტრიონები აყალიბებდნენ დასს, რომელსაც ხელმძღვანელობდა დასის რომელიმე წევრი. დასაწყისში თამაშობდნენ უნიღბოდ, შემდგომ კი, I ს. ძვ.წ. ბერძნული თეატრის გავლენით, გამოდიოდნენ ნიღბებით. ქალების როლებს ასრულებდნენ მამაკაცები. ჰისტრიონების დასი შედგენილი იყო ყველაზე დაბალ სოციალურ საფეხურზე მყოფი მოქალაქეებისგან, რომელთა შორის იყვნენ მონებიც. მათ არ გააჩნდათ მოქალაქეობრივი უფლებები და შესაძლო იყო ფიზიკურადაც დასჯილიყვნენ. მხოლოდ ის ჰისტრიონთაგანი, ვინც მოიპოვებდა სახელს და პოპულარობას, სარგებლობდა პატივით და დაფასებით.

ჰისტრიონებს უწოდებდნენ ადრეულ შუასაუკუნეებში (IX-XIII) მოხეტიალე მსახიობებსაც ჰისტრიონი ერთდროულად იყო მთხრობელი, მუსიკოსი, მოცეკვავე, ტანმოვარჯიშე, ცხოველების მწვრთნელი (და ა.შ.). ჰისტრიონების ხელოვნება დაიყო ცალკეულ მიმართულებებად: საცირკო ხელოვნება, მთხრობელ-შემსრულებელი, პოეტი – სიმღერების შემქმნელი ტრუბადურები და ტრუვერები (შუასაუკუნეების პირველი დრამატურგები ჟ. ბოდელი და ადამ დე ლა ალი იყვნენ ტრუვერები). ჰისტრიონები ქმნიდნენ „საძმოებს“. სხვადასხვა ქვეყნებში ჰისტრიონებს სხვადასხვაგვარად ერქვათ: საფრანგეთში – ჟონგლიორები, იტალიაში – მიმები, გერმანიაშიშპილმანები, ესპანეთში – ხუგლიარები, პოლონეთში – ფრანკები, რუსეთშისკომოროხები, საქართველოშიბერიკები. არსებობდა ჰისტრიონების ნაირსახეობაც – ვაგანტები. მე-13 საუკუნის დასასრულს ჰისტრიონები დამკვიდრდნენ ქალაქებში და შეუერთდნენ სხვა თეატრალურ დასებს.

ჰისტრიონები სანახაობებს მართავდნენ ხმაურიან ბაზრობებზე, ქალაქის ხალხმრავალ ქუჩებში. მღეროდნენ, ცეკვავდნენ, ყვებოდნენ ზღაპრებს, უკრავდნენ ინსტრუმენტებზე, იგონებდნენ სხვადასხვა გასართობ სანახაობას. შემდეგ ჰისტრიონები ხელოვნების სხვადასხვა სახეობაში მოღვაწეობდნენ (პოეზია, მუსიკალური ხელოვნება). იყო კომიკოს-ბუფონადის ხელოვნება, რომელიც ახლოს იყო საცირკო სანახაობებთან. მუსიკოს-ჟონგლიორების ხელოვნება განსაკუთრებით გამოირჩეოდა ლექსებით, ბალადებით, საცეკვაო სიმღერების შესრულებით. ზოგიერთი მათგანი ფეოდალებსაც ემსახურებოდა. ჰისტრიონები ერთიანდებოდნენ კავშირში, რომლისგანაც შემდგომში შეიქმნა მსახიობ-მოყვარულთა წრეები.

ჰისტრიონების შემოქმედება საუკუნეების მანძილზე ინარჩუნებდა სინკრეტულ ხასიათს და უშუალოდ იყო დაკავშირებული ადგილობრივი წარმართული კულტურის ელემენტებთან, რაც ჰისტრიონების წარმატებასა და პოპულარობას განაპირობებდა მოსახლეობის ფართო ფენებში.

ადრეულ შუასაუკუნეებში, ნატურალური მეურნეობის პირობებში, საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრებს სოფლები და მცირე დასახლებები წარმოადგენდა, სადაც საკულტო ტრადიციები საკმაოდ ძლიერი იყო. დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შემოდგომასა და გაზაფხულზე სარიტუალო თეატრალიზებული თამაშობები იმართებოდა. კლერიკალური ხელისუფლება დევნიდა ასეთი სახის წარმართულ დღესასწაულებს, მაგრამ – უშედეგოდ. აკრძალვების მიუხედავად, ფეოდალური საზოგადოებიდან წარმართული ტრადიციების სრულიად აღმოფხვრას ვერ ახერხებდა. ჰისტრიონები შუასაუკუნეების დღესასწაულების აუცილებელ მონაწილეებად რჩებოდნენ. დროთა განმავლობაში მათი ხელოვნება დიფერენციაციას განიცდიდა. მოხეტიალე მსახიობთა მასა პროფესიულ ჯგუფებად იყოფოდა:

  • საცირკო ხელოვნების ოსტატები – ჟონგლიორები (გერმანიაში შპილმანები, რუსეთში სკომოროხები);
  • მოხეტიალე კლირიკები (ყოფილი სემინარისტები, ეკლესიის მსახურები და მღვდლები) – ვაგანტები (საფრანგეთში გილიარდები);
  • ასიყვარულო ლექსების, ბალადების ავტორები და შემსრულებლები – ტრუბადურები (საფრანგეთში ტრუვერსები, გერმანიაში
  • მინეზინგერები, ინგლისში მენესტრელები);
  • კომედიანტები – ბუფონები და სხვ.

ჰისტრიონები შუასაუკუნეების საზოგადოების ფართო მასებს ემსახურებოდნენ, მაგრამ ძველი რომაული ტრაგედიებისა და კომედიების ზეგავლენა განათლებული ადამიანების უფრო ვიწრო წრეზე ვრცელდებოდა. რომაელი დრამატურგებიდან, ადრეულ შუასაუკუნეებში, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ტერენციუსი, რომელსაც ცხოვრებისეული სიბრძნის მასწავლებლად მიიჩნევდნენ. თუმცა, ნტიკური დრამის შესწავლას შუასაუკუნეებში მხოლოდ „ლიტერატურული“ ხასიათი ჰქონდა, რასაც ადასტურებს მონაზონის – ჰროსვითა განდერსჰაიმელის (დაახ. 935-1002) ექვსი ლათინური დრამა. ქრისტიანული ლეგენდების საფუძველზე შექმნილი ეს პიესები არასოდეს დადგმულა სცენაზე. მსმენელთა ვიწრო წრეზე იყო გათვლილი სხვა ავტორების მიერ ტერენციუსის და პლავტის პიესების საფუძველზე შექმნილი დრამატურგიული ნაწარმოებები, სადაც, ჰროსვითას კომედიებისგან განსხვავებით, თითქმის უცვლელად იყო შენარჩუნებული სამონასტრო გარემოსათვის უცხო ანტიკური თემატიკა. აღნიშნული პიესები, თავისი ფორმატით, სამონასტრო სკოლებში დეკლამაციურ შესრულებაზე იყო გათვლილი.

ჰისტრიონთა შემოქმედებისა და ლათინური კომედიებისგან განსხვავებით, შუასაუკუნეების თეატრის ძირითადი ფორმა ფეოდალურ-რელიგიური იდეოლოგიით საზრდოობდა და უშუალოდ იყო დაკავშირებული თეატრალური ხელოვნებისადმი ეკლესიის დამოკიდებულების ცვლილებასთან – აკრძალვითი პოლიტიკის ინტეგრაციული პოლიტიკით ჩანაცვლებასთან. (მაკა ვასაძე)



იხილე აგრეთვე

მოხეტიალე დასები

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები