დრამა (ლიტერატურა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დრამა – (ძველბერძნ. drama – მოქმედება, ქმედება) – სცენური ხორცშესხმისთვის განკუთვნილი დიალოგური ფორმის ლიტერატურული ნაწარმოები. დრამად იწოდება, აგრეთვე, დიალოგის ფორმით შექმნილი, მაგრამ მხოლოდ საკითხავი ლიტერატურული ნაწარმოები ე.წ. „წასაკითხი დრამა“ (გერმ. lesedrama, ინგლ. closet drama).

მიუხედავად იმისა, რომ დიალოგი და მოქმედება წარმოიშვა საზოგადოებრივი განვითარების ადრეულ სტადიაში, დრამა, ამ ცნების თანამედროვე გაგებით, წარმოიშვა უფრო განვითარებული ცივილიზაციის პერიოდში.

დრამის მიზანია სხვადასხვა მისწრაფებების მქონე ადამიანების შეჯახების დროს წარმოშობილი ვითარება გადმოსცეს მაქსიმალური დაძაბულობით, დიალოგს, მონოლოგის და სცენური თხრობის გამოყენებით.

დრამის საწყისი ფორმები უკვე მოცემული იყო უძველეს სინკრეტულ ხელოვნებაში. ეს იყო მოქმედება, რომელშიც რიტმულად ორგანიზებული მოძრაობით ან წინასწარ შედგენილი თანმიმდევრობით აისახებოდა საკულტო ან საწეს-ჩვეულებო რიტუალი.

ლიტერატურული წყაროების მიხედვით, უძველეს ნიმუშებად აღიარებულია ძვ.წ. მე-4 ათასწლეულში შექმნილი ეგვიპტური დრამები. მათი შექმნა დაკავშირებული იყო რელიგიურ და საყოფაცხოვრებო რიტუალებთან, რომელთა შორის მნიშვნელობით გამოირჩეოდა დაკრძალვის და განკურნების რიტუალები. რიტუალებს შორის პომპეზურობით გამოირჩეოდა ფარაონის გვირგვინოსნად კურთხევა.

ჩინეთში დრამის ჩანასახები დაკავშირებული იყო რელიგიურ და საომარ რიტუალებთან (ძვ.წ. მე-3 ათასწლეული). მე-17-19 სს. ჩინეთის, ინდოეთის, იაპონიის, კორეის, ინდონეზიის თეატრალური ხელოვნება თვალნათლივ ცხადჰყოფს, თუ როგორი იყო სვლა უმარტივესი თეატრალური ქმედებიდან, დრამის უფრო რთული ფორმებისაკენ. მონათმფლობელური დესპოტიის ქვეშ მყოფი ეს ქვეყნები, უაღრესად ნელი განვითარების გამო, თითქმის უცვლელს ტოვებდნენ თაობათა მემკვიდრეობას. ამ ქვეყნების ადრეულ დრამებში ინსცენირებულია ლირიზმით გაჟღენთილი ეპიკური თქმულებები ღმერთებისა და გმირების შესახებ. მუსიკალური საწყისი, გამქრალი ევროპული დრამიდან, დღემდე შენარჩუნებულია აღმოსავლურ დრამაში და განსაზღვრავს მის სტრუქტურას, ფორმას, სტილისტიკას. დრამაში ძალზედ მნიშვნელოვანია კომპოზიციური სიმწყობრე. მასში, როგორც წესი, მოქმედება ვითარდება ერთი მოვლენის ირგვლივ. არისტოტელემ დრამატული ქმედება დაჰყო სამ ძირითად ნაწილად: 1) დასაწყისი, ანუ კვანძის შეკვრა; 2) პერიპეტიის შემცველი შუა ნაწილი, ანუ მკვეთრი ცვლილებანი გმირის (ან გმირების) მდგომარეობაში; 3) ბოლო ამბავი, ანუ კვანძის გახსნა, რამაც უნდა გადაწყვიტოს გმირის ბედი.

დრამა ასახავს გმირების ჩვეული ცხოვრების რღვევას, მათი ურთიერთობების და სულიერი მდგომარეობის ცვლილებებს. არსებობს მოქმედების განვითარების ორი ძრითადი ხერხი – ინტენსიური და ექსტენსიური. ინტენსიური დრამატული მოქმედებისთვის ნიშანდობლივია პერიპეტიის შემოფარგვლა ერთი მნიშვნელოვანი შემთხვევით, რაც საშუალებას იძლევა ღრმად დახასიათდეს ვითარება და პერსონაჟები. ექსტენსიური დრამატული მოქმედება გულისხმობს ხშირ ცვლილებებს გმირის ცხოვრებაში, რაც ქმნის გარეგნულ დინამიკას, მაგრამ წარმოშობს ზედაპირულობის საშიშროებას. კომედიაში ეს ფორმა ხელს უწყობს სცენური ეფექტების წარმოშობას.

დრამის კომპოზიციაში დიდი მნიშვნელობა აქვს კულმინაციას, ანუ მომენტს, როცა კონფლიქტით გამოწვეული დაძაბულობა აღწევს მწვერვალს და გმირებისგან ითხოვს ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რასაც მოჰყვება კვანძის გახსნა. დრამის ისტორია გვიჩვენებს, რომ ერთი მოვლენის ირგვლივ კონფლიქტის აღმავლობის პრინციპზე აგება, ნიშნეულია მხოლოდ ზოგიერთი პერიოდისათვის. ძველი აღმოსავლეთის და შუა საუკუნეების დრამები არ არის აგებული ამ სქემის მიხედვით. ასეთი სქემა განსაკუთრებით დამახასიათებელია მე-17-18 საუკუნის ევროპული დრამისათვის. მე-20 ს. დრამებში ზოგჯერ გვხვდება აღნიშნული სქემა, ზოგჯერ – არა, მაგრამ ღიად თუ ფარულად, დრამის პრინციპები ყოველთვის გათვალისწინებულია.

დღემდე უცვლელია დრამის აგების სამი ძირითადი საშუალება: 1) ქრონოლოგიური (შექსპირი, მოლიერი, შილერი, ჩეხოვი); 2) რეტროსპექციული (ესქილეს „ოიდიპოს მეფე“, იბსენის „მოჩვენებანი“); 3) შერეული (მოქმედებაში წინამორბედი მოვლენების ჩართვა: ჩაპეკის „დედა“, პრისტლის „სახიფათო მოსახვევი“).

ევროპულ დრამაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სიტყვას. მოქმედი პირების რეპლიკები ასახავენ მათ სულიერ მდგომარეობას, განზრახვებს, სურვილებს, ფიქრებს. სიტყვების მიხედვით, რომელსაც გმირები ამა თუ იმ ვითარებაში წარმოთქვამენ, მჟღავნდება მათი ხასიათი და მოქმედების შიდააზრი. დრამის სახიმეტყველების და ფორმებია დიალოგი და მონოლოგი.

დრამას აქვს ორი სამეტყველო ფორმა – გალექსილი და პროზაულ-სასაუბრო. ევროპული დრამა დიდი ხნის განმავლობაში ძირითადად იყენებდა ლექსის ფორმას. უფრო მეტიც, ანტიკურ საბერძნეთში დრამას ჰქონდა სასიმღერო-პოეტური იერი. მე-18 ს. მოყოლებული, დრამაში უპირატესობა ეძლევა პროზაულ მეტყველებას, რაც დღემდე შენარჩუნებულია. ამის მიუხედავად, მე-19-20 ს. ბევრი დრამატურგი კვლავ მართავს ლექსის ფორმას (ბაირონი, ჰიუგო, ცისტი, როსტანი, გრიბოედოვი). კომედიურმა ჟანრებმა პროზის ფორმას მიმართეს ტრაგედიაზე ადრე, რაც გაპირობებული იყო მათი ყოფითი წარმავლობით.

ანტიკური ხანიდან მოყოლებული მე-17 საუკუნემდე, დრამატულ ნაწარმოებებში ასახული იყო არა რეალური დიალოგი, არამედ ავტორის პოეტური ხელწერა. ამით აიხსნება, რომ პერსონაჟების ის ენა იყო სახეობრივ-პოეტური ან აფორისტული მე-17-18 სს. პერსონაჟების მეტყველება იძენს კონკრეტულ ნიშნებს (მოლიერი, ბომარშე, ოლბერგი). მე-19-20 სს. რეალისტურ დრამაში პერსონაჟის ინდივიდუალური მეტყველება იძენს, ნორმის მნიშვნელობას.

პერსონაჟი დრამის მოქმედების სულისჩამდგმელი და მამოძრავებელია. დრამის ისტორიულ განვითარებას განსაზღვრავს არა ფაბულა, არამედ ფაბულაში განთავსებული მოქმედი პირები, რომლებსაც ავლენს მოქმედება. მაგრამ თვით მოქმედება დამოკიდებულია პერსონაჟის არჩევანზე, მის მიზნებსა და სურვილებზე.

პერსონაჟის მიზნისაკენ სწრაფვა ჩრდილავს ხოლმე მის სხვა თვისებებს და მას ცალმხრივად წარმოაჩენს. მეორეს მხრივ, ეს გარემოება გარკვეული საყრდენია მსახიობისათვის და უბიძგებს მას ეძიოს გმირის ამსახველი სხვა საღებავებიც. თეატრის განვითარება უშუალოდ დამოკიდებულია საზოგადოების მიერ ადამიანის როლისა და მნიშვნელობის შემეცნებაზე და იგი იცვლება ეპოქებისდა მიხედვით. ნატურალისტური დრამა ადამიანის ქცევას განმარტავდა ბიოლოგიური თავისებურებით, სადაც განსაკუთრებული როლი მინიჭებული ჰქონდა შთამომავლობის ფაქტორს იმპრესიონისტული და სიმბოლისტური დრამა ასახავდა ადამიანის სუბიექტივიზმს, აღიარებდა ინდივიდის უნიკალობას. ფროიდიზმის გავლენით, მოქმედების მოტივები დაუკავშირდა ადამიანის არაცნობიერში განთავსებულ ფარულ ლტოლვებს. თუკი წარსულში რელიგიური აზროვნება განსაზღვრავდა ადამიანის კონცეფციას, მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, ადამიანის რაობის განმსაზღვრელად მეცნიერება გვევლინება.

დრამის განვითარების მთავარი მამოძრავებელია კონფლიქტი. დრამატული დაპირისპირება სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა სახეს იღებს. ხშირად, დაპირისპირების მიზეზი ზოგადდება და საერთო-საკაცობრიო იერს იძენს. უმრავლეს შემთხვევაში ასეთი განზოგადება ხდება მაშინ, როცა პროგრესულად მოაზროვნე ინდივიდი უპირისპირდება საზოგადოებას. დრამის განვითარებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია პერსონაჟის სულში მიმდინარე კონფლიქტურ წინააღმდეგობათა ასახვაც. მთლიანობაში კი, დრამა აგებულია იდეალურისა და რეალურის ურთიერთჭიდილზე.

მოქმედების შინაარსიდან და ემოციური ეფექტიდან გამომდინარე, დრამა იყოფა ჟანრებად და სახეობებად ანტიკურმა სამყარომ პირველმა შექმნა ევროპული დრამის ფორმები და განსაზღვრა დრამის ორი პოლარული ფორმა ტრაგედია და კომედია. მე-18 ს. იშვა ტრაგედიასა და კომედიის შუა მდებარე ჟანრი სახელწოდებით დრამა. მე-20 ს. ტრაგედიისა და კომედიის აზრობრივ-ემოციურმა სინთეზმა წარმოშვა დრამის კიდევ ერთი სახეობა – ტრაგიკომედია.

დრამატული ჟანრების კლასიფიკაცია არ ნიშნავს ერთხელ და სამუდამოდ მათ დაკანონებას. ზემოაღნიშნული ჟანრები სპეციფიკურია დასავლური კულტურისათვის. აღმოსავლურ თეატრში, კერძოდ, ინდოეთში, ძველ სანსკრიტულ დრამატულ ნაწარმოებებს განასხვავებდნენ იმისდა მიხედვით, თუ რა გრძნობებს აღძრავდნენ – სიყვარულს თუ სიძულვილს, ჰეროიზმს თუ შიშს, ნაზ სინანულს თუ საშინელების განცდას, სიცილს თუ ზიზღს, გაკვირვებას თუ აღტაცებას.

პირობითია დრამის დაყოფა სოციალური და სტრუქტურული ნიშნითაც. არსებობს საეკლესიო, სასკოლო, სასახლისკარის, ბურჟუაზიული, სახალხო დრამა; არსებობს ინტიმური, ყოფით-საოჯახო, სოციალური, ისტორიული დრამა; ჟანრულ თავისებურებას ზოგჯერ განსაზღვრავს ნაწარმოების აზრობრივი მიმართულება. ასე წარმოიშვა რელიგიური, ფილოსოფიური, დიდაქტიკური დრამა. მე-20 ს., ეგზისტენციალიზმის გავლენით იშვა დრამის ახალი სახეობები – „ინტელექტუალური დრამა“, „იდეათა დრამა“, „აბსურდის დრამა“. ახალი იდეოლოგიის და ესთეტიკის საფუძველზე იშვა „ეპიკური დრამა“. ამის საპირისპიროდ წარმოიშვა დრამის სახეობა კონცენტრირებული ემოციებით - „ვნებათა დრამა“.

პოსტმოდერნიზმის ხანაში კიდევ უფრო გამოიკვეთა ჟანრების შერევის ტენდენცია. წარმოიშვა ექსპერიმენტული თეატრები, რომლებიც ეძებენ მაყურებელთან კონტაქტის ახალ ფორმებს. დრამის მრავალსახეობა ცხადჰყოფს, რომ თეატრი მარადცვალებადი, მარადგანვითარებადი ხელოვნების დარგია და უშუალოდ ასახავს ეპოქის მიზნებს და სულისკვეთებას.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები