გარდასახვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გარდასახვა – თეატრალური კულტურის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, დრამატულ პოეტიკასთან ერთად ქმნის თეატრის ძირითად „ფორმულას”. თანამედროვე გაგებით გარდასახვა ნიშნავს პერსონაჟის გრძნობებით, ფიქრებით და გარეგნული მახასითებლებით მსახიობის სცენაზე მოქმედებას. ხმა, პლასტიკა, მეტყველება, ჟესტი, მიმიკა, თვალები, ტემპერამენტი – ის საშუალებებია, რომელთა შემწეობით მსახიობი მაყურებელს წარუდგენს პიესის გმირის ფსიქოფიზიკურ თავისებურებებს.

გარდასახვა სხვადასხვაგვარად მოიაზრება მიმდიინარეობების, მიმართულებების, სკოლების მიხედვით. მისი პარამეტრები და თავისებურებანი გამომდინარეობს ამა თუ იმ თეატრალური ესთეტიკიდან. ანტიკური ხანის დრამის კანონები (ნიღაბი, კოტურნები და ა. შ.) მოითხოვდნენ ტრაგიკული თუ კომიკური სახის ჰიპერბოლიზაციას. დროთა განმავლობაში ყალიბდებოდა სოციალური თუ ფსიქოლოგიური ტიპების შაბლონი. ამგვარი „ტიპიზაციის“ ხერხი ფართოდ იყო გავრცელებული როგორც დასავლურ, ისე აღმოსავლურ თეატრში. ამ გზით გარდასახვა დამოუკიდებლად ამეტყველდა და მყარი ტრადიციებიც შექმნა.

შუა საუკუნეებში, დრამატურგიული განვითარების შეფერხების გამო, გარდასახვა მხოლოდ ზედაპირულად გამოიყენებოდა საეკლესიო, რელიგიური შინაარსის მქონე წარმოდგენებში. გარდასახვა შემორჩა მხოლოდ გამრთობ-სანახაობრივ ჟანრს, რაც საკმაოდ შეზღუდულად, მაგრამ მაინც ვლინდებოდა ფარსულ წარმოდგენებში.

აღორძინების ეპოქაში მთლიანად აღდგენილ იქნა გარდასახვა როგორც თეატრალური ფენომენი, რაც გამოწვეული იყო დრამატურგიაში ფართო მასშტაბის მქონე გმირების ასახვით მწვავე ყოფით თუ სოციალურ გარემოში. აღდგენილ იქნა, აგრეთვე, პერსონაჟების ტიპიზაციის პრინციპიც, წარმოიშვა კომედია დელ’არტე, სახე-ნიღბების იმპროვიზაციული თეატრი, რომაული ატელანების უშუალო მემკვიდრე.

კლასიციზმმა გარდასახვა გამოაცხადა კანონიკურ სცენურ ენად და შეიმუშავა კიდეც შესაბამისი მხატვრული წესები. მასში მკაცრად იყო გამიჯნული ტრაგედიის და კომედიის შესრულების თავისებურებანი.

რომანტიზმისათვის მნიშვნელოვანი იყო არა იმდენად ფსიქოფიზიკური გარდასახვა, რამდენადაც გმირის სულისკვეთების გადმოცემა, რაც მსახიობისგან მოითხოვდა დიდ ტემპერამენტს და ოსტატობას, მოქალაქეობრივ შემართებას.

გარდასახვა თვითმიზნურობამდე კონკრეტული გახდა ნატურალისტურ თეატრში, თუმც შეიძინა ფსიქოლოგიური სიღრმე და უშუალოება. სიმბოლიზმმა გარდასახვა გაიაზრა როგორც აბსტრაქტული ფენომენი, რომლის შემწეობით მსახიობს უნდა შეეძლოს თვით უსულო საგნების ამეტყველება.

რეალისტურ-ფსიქოლოგიურმა თეატრმა უმთავრეს ფასეულობად გამოაცხადა სცენური მოქმედება და განწყობა, როგორც გარდასახვის უმთავრესი საფუძველი.

მოდერნიზმმა გარდასახვა მთლიანად მხატვრულ სივრცეში განალაგა და განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა გამოსახვის გროტესკულ ფორმებს.

პოსტმოდერნიზმის ეპოქაში გარდასახვა იქცა ოსტატობის აუცილებელ პირობად და მსახიობისგან მოითხოვა ყველა სამსახიობო მიმდინარეობის თუ სკოლის პრინციპების ცოდნა და საჭიროების მიხედვით მათი გამოყენება.

მ. გეგია


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები