ექსტაზი (შემოქმედებითი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შემოქმედებითი ექსტაზი (ბერძნ. extasis – შერევა, გადაადგილება, გაშმაგება, აღფრთოვანება) – არისტოტელე („პოეტიკა“, თ. 17) განმარტავს: დრამატული პოეზია განკუთვნილია მათთვის, ვისაც აქვს მიბაძვის ან ექსტაზში შესვლის უნარი“, ტერმინი „ექსტაზი“ ძველი ბერძენი ფილოსოფოსების მიერ ნასესხებია რელიგიური მისტერიების სფეროდან; იგულისხმება ადამიანის გასვლა საგნობრივ-ფსიქიკური ჩარჩოებიდან. განასხვავებდნენ. დამამძიმებელ, ავადმყოფურ ექსტაზს (ვნება, მთვრალეულობა) და ზეაღმტაც ექსტაზს, რომლის შემწეობით ადამიანი ეზიარება ყოფიერების ტრანსცენდენტურ (მიღმიერ) ჭეშმარიტებას.

პლოტინი სიტყვა ექსტაზში გულისხმობს ზეგონებრივ ჭვრეტას, როცა სული ჩამოიშორებს ყოველივე გრძნობადს და ინტელექტუალურს, მაღლდება ყოფიერება-გონიერებაზე და ერთგვარი აღფრთოვანებით თუ სიმხნევით უშუალოდ ეხება ზეყოფიერ განუყოფელს („ენეადები“).

რომანტიკოსები ექსტაზს განიხილავდნენ როგორც პოეტურ აღფრთოვანებას. ნიცშე ექსტაზს აკავშირებს სტიქიურ, ორგიაისტურ-ირაციონალურ საწყისთან ადამიანის სულში და კულტურაში. ეგზისტენციალიზმი „ექსისტენციას“ განიხილავს როგორც ექსტაზს, როგორც გასვლას მოჩვენებით-საფუძვლიან არსებობისგან და მიერთებას დაძაბულ უსაფუძვლობასთან.

თეატრალურ ხელოვნებაში ექსტაზი განიხილება როგორც შთაგონების განსაკუთრებული სახეობა, რომლის შემწეობით მსახიობი უშუალოდ ეუფლება როლის სიღრმეს და დრამატული ნაწარმოების სულისკვეთებას.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები