ნიცშე ფრიდრიხ ვილჰელმ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე

ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე – (Friedrich Wilhelm Nietzsch - 1844-1900) - XIX საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსი, წერდა კრიტიკულ წერილებს - რელიგიაზე, სიკვდილზე, თანამედროვე კულტურაზე, მეცნიერებაზე - მეტაფორებისა და აფორიზმების გამოყენებით.

დაიბადა ლიუცენის მახლობლად, რეკენში. სწავლობდა ბონსა და ლაიპციგში. ჯერ კიდევ ახალგაზრდა გახდა ბაზელის უნივერსიტეტის პროფესორი. ამ თანამდებობაზე მაშინვე თქვა უარი ჯანმრთელობის გაუარესების გამო და იმ მიზნით, რომ თავისუფალი სწავლული გამხდარიყო. თავისი ლიტერატურული მოღვაწეობის აღიარების იმედით იცხოვრა საზღვარგარეთ, კერძოდ, ჩრდილოეთ იტალიაში. 1889 წელს, ტურინში სულიერად დაავადდა და სიცოცხლის ბოლომდე ვეღარ განიკურნა.

მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ნიცშე ძალიან გავლენიანი ფილოსოფოსი იყო. აღსანიშნავია, რომ ნიცშეს, სხვა ფილოსოფოსების მსგავსად, არავითარი სისტემა არ შეუქმნია. ნიცშე, არა მარტო ფილოსოფოს–სისტემატიკოსებისგან განსხვავებით, არამედ კირკეგორისაგან განსხვავებითაც (არც მას აქვს სისტემა), წერდა სანახევროდ ლიტერატურულ, სანახევროდ ფილოსოფიურ ნაწარმოებებს, ზოგჯერ აფორიზმებითაც. მაგალითად, როგორიცაა ნიცშეს ყველაზე უფრო პოპულარული ნაწარმოები: „ასე ამბობდა ზარატუსტრა“ (Also sprach Zarathustra). ნიცშე ლექსებსაც წერდა. თავისი სპეციფიკით ის დგას იმ მიჯნაზე, რომელშიც ლიტერატურა გადადის იმპრესიონისტულ ლიტერატურაში. ნიცშე, როგორც პოეტი, იმპრესიონისტია. მან დიდი გავლენა იქონია მეოცე საუკუნის თითქმის ყველა სახელოვნებო სფეროზე, ჟანრსა თუ მიმდინარეობაზე. მათ შორის, რა თქმა უნდა, თეატრზე, დრამატურგიაზე. მის ნაშრომში - „ძალაუფლების ნება“ (Der Wille zur Macht) - საუბარია იმის შესახებ, რომ კაცობრიობის განვითარების გარკვეულ სტიმულს წარმოადგენს ადამიანის მისწრაფება - დაეუფლოს სახელმწიფოს. ზოგს უნდა „სხვაზე ბატონობა“ და ამ „ბრძოლაში“ ძლიერი იმარჯვებს. ფაშისტებმა ნიცშე გამოაცხადეს თავის წინამორბედად, მაგრამ ეს მცდარი აზრია (ფაშიზმი - იტალ. fascismo/ fascio - კონა, შეკვრა, გაერთიანება) - მემარჯვენე ექსტრემისტული პოლიტიკური მოძრაობა). მართალია, გერმანული ნაციონალ-სოციალისტური იდეოლოგიის გარკვეული შეხედულებები ემთხვევა ნიცშესას, მაგრამ არსებითად, ნიცშეს უწოდო ფაშიზმის წინამორბედი, არ შეიძლება. ყველა მწერლის შემოქმედებაში შეიძლება აღმოაჩინო, მოიძიო ანტიჰუმანისტური, კონსერვატიული ელემენტები.

ნიცშეს პირველი ნაწარმოები, რომელიც დღესაც პოპულარობით სარგებლობს - „ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან“ (Die Geburt der Tragödie aus dem Geiste der Musik), 1871 წელს შეიქმნა. 1883-84 წლებში იწერება: „ასე ამბობდა ზარატუსტრა“. (ზოროასტრი - არის ძველი წარმართული სპარსული ცეცხლის ღმერთი). 1886 წელს ნიცშე წერს: „სიკეთესა და ბოროტების მიღმა“ (Jenseits von Gut und Böse: Vorspiel einer Philosophie der Zukunft), „კერპების მწუხრი, ანუ როგორ ფილოსოფოსობენ ჩაქუჩით“ (Götzen-Dämmerung, oder, Wie man mit dem Hammer philosophiert, 1888 წ.). მისი უკანასკნელი დაუმთავრებელი ნაწარმოებია „ძალაუფლების ნება“.

თომას მანის „დოქტორ ფაუსტს“ საფუძვლად დაედო - ნიცშეს თავგადასავალი. ეს არ არის ნიცშეს ბიოგრაფია, მაგრამ გამოყენებულია ნიცშეს ცხოვრებისეული ტრაგედიის ბირთვი. სრულიად ახალგაზრდა ნიცშე მოხვდა საროსკიპოში და დაავადდა სიფილისით. იგი მხოლოდ ერთხელ იყო ექიმთან, ნაწილობრივ იმკურნალა და ამის გამო, 1884 წელს, ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცს, დაეწყო პროგრესული პარალიჩი. მან იცოცხლა 12 წელი ცნობიერების გარეშე, როგორც „ცოცხალმა ლეშმა“.

ნიცშეს ცენტრალური თემა არის ღმერთის ტრაგიკული სიკვდილი და მასთან დაკავშირებული ღირებულებები (იგივე თემა, რაც კირკეგორთან). ძველი ღირებულებები, რომლებიც ეფუძნებოდნენ ქრისტიანულ რწმენას, უსაფუძვლონი არიან და ვერ გამოდგებიან კაცობრიობის გადასარჩენად. ძველმა ღმერთმა თავისი უსუსურობა გამოავლინა. ნიცშესთანც ჩვენ გვაქვს კონსტატაცია იმ ფაქტისა, რომ ევროპაში დაიწყო კრიზისი, რომ ევროპული ცივილიზაცია საშინელ კრიზისს განიცდის. ძველი ღირებულებები გადასასინჯია. გამოთქმა - სიკეთესა და ბოროტების მიღმა - ნიშნავს, რომ ძველი ღირებულებები იყო - სიკეთე და ბოროტება. ნიცშე ამბობს - შინაარსი, რომელიც ჩადებული იყო ამ ღირებულებებში, ძირითადად ქრისტიანული მოძღვრების მიერ, უნდა გადავაბრუნოთ (ამოვაყირავოთ). თუ გადავაბრუნებთ (ამოვაყირავებთ), ჩვენ დავდგებით ღირებულებებს იქით. ყველაფერ ძველს უნდა ვუთხრათ - არა.

ევროპაში დაიბადა საშინელი სენი - ნიჰილიზმი. ეს ისეთი მიმართულებაა, როდესაც ადამიანს არაფრის სწამს, ყველაფერს უარყოფს. ადამიანი - ურწმუნო, იმედდკარგული, ცხოვრების საზრისს მოკლებულია. საზოგადოებაში ჩნდება რაღაც ჭია, რომელიც წარმართავს საზოგადოების განვითარებას. ნიცშე ხედავს რომ ეს საშინელი ნიჰილიზმი, საშინელი დეკადანსი - პესიმიზმი ემუქრება კაცობრიობას სულიერი სიკვდილით. ნიცშეს ამოცანაა - ააღორძინოს ადამიანი, ხოლო ძველი მსოფლმხედველობა, რომელიც ქრისტიანობას ეყრდნობა, შეცვალოს ახალით. ამ კრიზისიდან გამოსავალს ნიცშე ხედავს - ახალი ონტოლოგიის - შექმნაში, ე. ი. იმის დადგენაში, თუ რას წარმოადგენს ჩვენი სამყარო. გნოსეოლოგიის პრობლემა - შესაძლებელია თუ არა არსებულის შემეცნება და როგორ ხდება მისი შემეცნება. ნიცშე ფიქრობს, რომ პასიური ნიჰილიზმი, ისეთი ნიჰილიზმია, რომელიც მხოლოდ უარყოფს და არ ქმნის ახალს, რაც სიკვდილს ნიშნავს კაცობრიობისათვის. მთლიანად ძველის უარყოფას ნიცშე არ ქადაგებს. ის ამბობს, რომ ევროპულმა ცივილიზაციამ დაიწყო განვითარება. ის სწორი გზით მიდიოდა ძველ ანტიკურ ხანაში, მაგრამ სოკრატე დაიბადა და ყველაფერი გააფუჭა. ქრისტიანობამ კი ყველაფერი დაღუპა.

ზეადამიანი - ნიშნავს ძლიერი ადამიანის განვითარებას. ზეადამიანობა არის საფუძველი მაღალი კაცობრიობის შექმნისა. ზეადამაინი ხიდია კაცობრიობისათვის. მოცეკვავე ღმერთი ზარატუსტრა მთის მწვერვალზე დადის. ქერა ცხოველი, ძლიერი, დაუნდობელი და ამავე დროს მხიარული, ასეთია ღმერთი, რომელიც ქადაგებს. რატომ ებადება ადამიანს ეჭვი ასეთი ღმერთისადმი? ქრისტიანობამ მოსპო კაცობრიობა, იმიტომ რომ ქრისტიანული დემოკრატია, რომელიც აგებული იყო თანასწორობაზე, ღუპავს კაცობრიობას. ქრისტიანული ღმერთი ქადაგებდა თანასწორობას. ქრისტიანული რელიგია ამბობს, ღმერთთან რომ მივალთ, ყოველგვარი განსხვავება წაიშლება და ყველა თანასწორი იქნება. ნიცშე კი ამბობს: ეს არის დიდი სისულელე. აქ, აქაურ ცხოვრებაში უნდა მივაღწიოთ ამას. ქრისტიანობამ ჩვენ გადაგვაქცია უსუსურ, არაფრისმქმნელ არსებებად. ამას საფუძველი დაუდო სოკრატემ. ვინაიდან, სწორედ მან წამოაყენა ადამიანისადმი თანაგრძნობის იდეა. იდეა იმისა, რომ სიკეთე არის უმაღლესი ღირებულება. აქედან წამოვიდა ადამიანთა სისუსტე. სოკრატეს ის უპირისპირებს სოკრატემდელ მოაზროვნეებს: ჰერაკლიტეს, ანაქსიმანდრეს და სხვებს.

ნიცშეს აზრით, უპირველესი პრობლემა რომელიც უნდა გადაწყდეს - ყოფიერების ახალი თეორიის შექმნაა. ანუ, კითხვას - რა არის არსებული, რას წარმოადგენს ეს არსებული - გაეცეს პასუხი. თუ გავიგებთ, რა არის არსებული, იმასაც გავიგებთ, თუ როგორ იცხოვროს ადამიანმა. იგივე პრობლემაა, რაც კირკეგორთან იყო, მაგრამ ნიცშესთან ეს სხვა კუთხითაა დანახული და მოაზრებული.

ნიცშე „სიცოცხლის ფილოსოფიის“ ფუძემდებელია. ამ ფილოსოფიის ფუნდამენტალურ წარმომადგენლად, შემდგომ პერიოდში, მოგვევლინება ფრანგი ფილოსოფოსი ანრი ბერგსონი (Henri Bergson -1859-1941).

სიცოცხლეს, ყოველივე არსებულს - ამბობს ნიცშე, აქვს ორი საწყისი. ერთი არის დიონისური, მეორე აპოლონისეული. ეს ორი ტერმინი ძალიან ხშირად შეგვხვდება ლიტერატურაში. არა მარტო იდეალისტურში, ახლა ყველაგან აღინიშნება. მამოძრავებელი სტიმული სიცოცხლისა არის ძალაუფლების ნება. რა არის დიონისური და აპოლონისეული საწყისები. პირველი - დიონისური არის სტიქიური, ინსტინქტური საწყისი. მეორე - აპოლონისეული, არის იმგვარი საწყისი, რომელსაც საშინელი ქაოსი, მარადიული დინება სიცოცხლისა მოჰყავს გარკვეულ სისტემაში და ქმნის. აპოლონისეული - არის მაორგანიზებელი, აჩერებს სიცოცხლის დინებას და ქმნის კონკრეტულ სამყაროს, ანუ ფენომენთა სამყაროს. ფენომენი იგივე მოვლენაა. მაგალითად: ხე, სკამი - სტიქიიდან ამოგლეჯილი გაჩერებული მოვლენა. სიცოცხლის ფილოსოფიაში - მარადიული დინება დამანგრეველი საწყისის შეცნობითაა მნიშვნელოვანი. დიონისური საწყისი ანგრევს მუდამ იმას, რასაც აპოლონისეული აშენებს. აპოლონისეულის მიერ შექმნილი სამყარო კი - ილუზორულია. იგი არსებობს ცოტა ხანს და კვდება, მიდის, წარმავალია

ნიცშემ ორი ძველი ანტიკური ღმერთის (აპოლონი და დიონისე) სახელი უწოდა თავის საწყისებს, რაც მისი აზროვნების პოეტურობაზე მეტყველებს. აპოლონი ჰარმონიული საწყისია. ბერძნები გენიალური ადამიანები იყვნენ - ამბობს ნიცშე - იმისათვის, რომ დაეღწიათ თავი გამანადგურებელი უფსკრულისაგან, მათ შექმნეს შესანიშნავი ღმერთები, ჰარმონიული. მათ, ქანდაკებანი დააყენეს ადამიანსა და დიონისეს შორის. ასეთნაირად დაძლიეს „უბედურება“ ადამიანში. დიონისური საწყისი ყოველთვის რჩება. დიონისური საწყისი არის ადამიანის ტანჯვის, წამების მიზეზი. აპოლონისეული საწყისი ამშვიდებს ადამიანს, მაგრამ ეს დროებითი დამშვიდებაა.

ნიცშე ფიქრობს, რომ დიონისური საწყისი ბადებს ისეთ ხელოვნებას, როგორიც არის მუსიკა. მუსიკა გვაღელვებს, თითქმის ფიზიოლოგიურადაც. პლასტიკა წარმოშვა აპოლინისეულმა საწყისებმა. ხოლო, დიონისეულისა და აპოლონისეულის სინთეზმა შექმნა ყველაზე მაღალი ხელოვნება - ტრაგედია. ასეთი იყო მისი პირველი ნაშრომის ძირითადი იდეა.

შემდეგ ნიცშე ავითარებს ამ მოძღვრებას და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ანტიკურ ხანაში წარმოშობილ დემოკრატიაში, სოკრატემ მოსპო სიკეთის ძარღვი. დიონისური საწყისი ჩვენშია, მაგრამ ჩვენ - სოციუმის, საზოგადოების კანონების გაბატონების შედეგად, დავჩაგრეთ ეს ნამდვილი, დავუმორჩილეთ გამოგონილ მორალურ ნორმებს, დავუმორჩილეთ თანაგრძნობას სხვა ადამიანებს მიმართ. საჭიროა დიონისური საწყისის აღდგენა. ამიტომ უნდა მოვსპოთ ის კულტურა, რომელიც დაიწყო სოკრატედან. ერთადერთი ჭეშმარიტი არის სწრაფვა ძალაუფლებისადმი.

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები