ქვაზე კვეთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:30, 6 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

[ფაილი:Qvaze kveta.JPG|thumb|სამთავრო. მირიან მეფის საფლავის ქვა, მცხეთა, საქართველო. ავტორი გიორგი ლალიაშვილი]] ქვაზე კვეთა – ქვისათვის საჭირო ფორმისა და გარეგნობის მიცემის პროცესი, რომელიც წარმოებს ხერხვით, ბურღვით, ხეხვით, გაპრიალებით, გრავირებით, ამოჭმით, პარაფირებით და სხვ. მეთოდებით. გამოიყენებოდა მსოფლიოს ქვეყნებისა და ხალხების მატერიალური კულტურის ისტორიის განვითარების ყველა ეტაპზე, განსაკუთრებით არქიტექტურაში, მშენებლობაში, ქანდაკებაში, დეკორატიულ და საიუველირო ხელოვნებასა და სხვ.

ქვაზე კვეთის უმაღლესი მიღწევები დაკავშირებულია მარმარილოს, გრანიტის, თაბაშირის, ქვიშაქვის, ნეფრიტის, როდონიტის, იასპის, ტუფის, აქატის, მალაქიტის, ლაზურიტის, ქარსის, სელენიტის, ობსიდიანის, ზურმუხტის, ამეთვისტოს, ბროლის, ქალცედონის, ლალის, ფირუზის და სხვ. მოსაპირკეთებელი, სანაკეთო და საიუველირო-სანაკეთო ქვების დამუშავებასთან.

საზოგადოებაში ქვის ნაკეთობებზე მოთხოვნილობის გაზრდამ თანდათანობით გამოიწვია ქვის მოპოვების, ფორმებისა და დასამუშავებელი ინსტრუმენტების თვისობრივი და ხარისხობრივი ზრდა. ბრინჯაოს ხანაში განვითარდა ქვის მინიატურული კვეთა; ასეთი ქვები გამოიყენებოდა ბეჭდებად, ამულეტებად, სამკაულებად. ანტიკურ ხანაში (რკინის საუკუნეში) დაიწყეს ქვების დაჭრა, ჩამოჭრა, ბურღვა, ხეხვა, გაპრიალება და სხვ., რამაც არქიტექტორებს საშუალება მისცა ქვისაგან აეგოთ არაერთი ციხესიმაგრე, ტაძარი, სამონასტრო კომპლექსები, სასახლეები, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები და სხვ., რომლებიც დღესაც აოცებენ მნახველებს სიდიადითა და გრანდიოზულობით. ადრეულ შუა საუკუნეებში ევროპაში ქვაზე კვეთა ძირითადად გამოიყენებოდა საეკლესიო არქიტექტურაში. შემდეგ დაიწყეს ქვის მოსაპირკეთებელი მასალების დამზადება (ჩეხეთი), გაჩნდა ქვის საჭრელი წისქვილები (გერმანია, ესპანეთი, იტალია), რელიგიურ ცენტრებში – რბილი ქვისაგან დასამზადებელი საეკლესიო და საკულტო დანიშნულების სუვენირების (ამულეტი, ჯვარი, კრიალოსანი) სახელოსნოები, სავაჭრო დაწესებულებები და სხვ. მანერიზმის ეპოქაში (XVI-XVII საუკუნეები) დაწყო უძვირფასესი ქვისა და ბროლის ფიალების, თეფშების, კვარცხლბეკების, გლაზურის, გლაზურით დეკორირებული ლითონების და ა.შ. წარმოება (იტალია, საფრანგეთი, ჩეხეთი, გერმანია), რომელიც სწრაფად გავრცელდა აღმოსავლეთის ქვეყნებსა და აზიაში. XX საუკუნეში დაიწყეს ქვის დამუშავება ულტრაბგერის გამოყენებით, რამაც ძალიან გაამარტივა ქვის დამუშავების პროცესი. ქვაზე კვეთის ხელოვნებაში ნათელი წვლილი შეიტანეს აღმოსავლეთის ხალხებმა (წინა და შუააზია, ინდოეთი, ჩინეთი, შრილანკა, კამპუჩია და სხვ.). მათი მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება – იარაღი და ქვის საუკუნის სამკაულები – ქვასთან მუშაობის ფორმებისა და მეთოდების უმდიდრესი ანთოლოგიაა. მნიშვნელოვანია ქვის დამუშავების საქმეში ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ხალხების (აცტეკები, მაია, ოლმეკები) დამსახურება. მაიას ტომებმა, ჯერ კიდევ ძვ. წ. XVI-XV საუკუნეებში ააგეს ქვის განსაცვიფრებელი საკულტო ნაგებობები, ციხესიმაგრეები და ქალაქები; კაჟბადის, ფერადი ობსიდიანისა და ქალცედონისაგან ამზადებდნენ საჭრელ და საბრძოლო იარაღებს; შესანიშნად ფლობდნენ მარმარილოს, ბაზალტის, ქვიშაქვის, გრანიტის და სხვა ძვირფასი ქვების დამუშავების ხელოვნებას. ცალკე უნდა გამოვყოთ ძველი ეგვიპტელების დამსახურება ქვის კვეთისა და დამუშავების საქმეში, რომლებმაც კაცობრიობას აჩუქეს ნამდვილი საოცრება – უნიკალური პირამიდები. უნდა აღინიშნოს ქართველების ღვაწლიც ქვის კვეთის ხელოვნების ისტორიაში, სადაც ვარძიის სამონასტრო კომპლექსს, უფლისციხეს, სვეტიცხოველს, მცხეთის ჯვარს, სამთავროს, ნიკორწმინდას, წუღრუღაშენს, ფიტარეთს, ბოლნისის სიონსა და სხვა მართლმადიდებლურ ტაძრებს თავისი ადგილი უჭირავთ ამ იერარქიაში.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები