თაბაშირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თაბაშირი

თაბაშირი — (ბერძ. gypsos ცარცი, კირი), სულფატების კლასის მინერალი, (ქიმიური ფორმულა CaSO4•2H2O), უფერო, თეთრი, რუხი კრისტალებით, დანალექი ქანი. მისგან მიიღება ჰაერული შემკვრელი ნივთიერება ბუნებრივი თაბაშირის ქვის გამოწვით 140-170°С ტემპერატურაზე (სამშენებლო თაბაშირი ძველი სახელწოდებაა ალებასტრი). ატმოსფერულ წნევაზე გამოწვისას მიიღება დაბალი სიმტკიცის ნახევარწყლიანი კალციუმის სულფატი.

სამშენებლო თაბაშირი ხასიათდება მაღალი წყალმოთხოვნილებით (55-65%) და შედარებით დაბალი სიმტკიცით (2-7 მპა). მაღალი სიმტკიცის თაბაშირის წყალმოთხოვნილებაა 35-40% და აქვს მეტი სიმტკიცე (10-25 მპა). თაბაშიროვანი ყველა შემკვრელი არის სწრაფშემკვრელი (როგორც წესი, 2-20 წთ) და სწრაფგამაგრებადი. შეკვრის პროცესის შესანელებლად იყენებენ სხვადასხვა დანამატს: ხის წებოს, სულფიდსაფუარს, ბორის მჟავას, პოლივინილაცეტატს და სხვ. თაბაშირი გამაგრების დროს ფართოვდება (მოცულობის 0,2%), რაც სასარგებლოა არქიტექტურულ-დეკორატიული ნაკეთობის დამზადებისას. კარგად ეჭიდება მერქანს და მიზანშეწონილია მისი დაარმირება მერქნის ლარტყით, მუყაო-ქაღალდით და სხვა მსგავსი მასალით. გამაგრებული თაბაშირის სიმკვრივე შეადგენს 1200-1500 კგ/მ3, ფორიანობა – 30-60%. თაბაშირს ახასიათებს მაღალი ჰიგროსკოპულობა, ამიტომ, თაბაშირის ნაკეთობის გამოყენება მიზანშეწონილია მშრალ პირობებში.

ჩვეულებრივ პირობებში თაბაშირი შერევა ცემენტთან არ შეიძლება, რადგან მათი ურთიერთმოქმედების შედეგად წარმოიქმნება არამდგრადი მასალა, რომელიც განიცდის დეფორმაციას და იშლება კალციუმის ჰიდროსულფოალუმინატის მაღალსულფატური ფორმის წარმოქმნით, კრისტალიზდება წყლის მოლეკულასთან შეერთებით და მნიშვნელოვნად იმატებს მოცულობაში. შედარებით სტაბილური თაბაშირის ქვის მისაღებად მას უმატებენ აქტიურ დანამატებს. არსებობს კომპოზიტური თაბაშიროვანი შემკვრელი, რომელშიც მცირე რაოდენობით შედის პორტლანდცემენტი, აქტიური მინერალური კომპონენტი, სუპერპლასტიფიკატორი, კაჟმიწა და სხვ. ეს შემკვრელი 1,2-2-ჯერ მტკიცეა, ვიდრე აქტიურ დანამატიანი და გაცილებით წყალმედეგია. თაბაშიროვანი შემკვრელი წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს, მზადდება შედარებით მარტივად, ენერგიის ნაკლები დანახარჯით, რაც განაპირობებს მის ფართოდ გამოყენებას მშენებლობაში.

გამოუმწვარი (წყლის) თაბაშირი გამოიყენება ფერწერაში, მაგრამ არა როგორც საღებავი, არამედ გრუნტის მოსამზადებლად. გამომწვარად წოდებული თაბაშირის მეორე სახე წარმოადგენს წყლის თაბაშირს, რომელიც მცირე გახურებით არის მიღებული. ასეთი სახით თაბაშირი 3/4–ით კარგავს საკუთარ წყალს და შეუძლია წყალთან შერევისას იქცეს მყარ მასად და ამრიგად შეიძინოს ცემენტირების უნარი. სწორედ ამიტომ გამოიყენება არქიტექტურაში და სკულპტურაში ქანდაკებების ჩამოსასხმელად და ა. შ. თაბაშირს არ გააჩნია ზედაპირის დაფარვის თვისებები და ამიტომაც იგი ფერწერაში საღებავად არ გამოიყენება.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები