ჩაპლინი ჩარლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩარლი ჩაპლინი

ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი – (ინგლ. Charles Spencer Chaplin), დ. 16 აპრილი, 1889 — გ. 25 დეკემბერი, 1977), ინგლისელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, კომპოზიტორი და პროდუსერი.

სარჩევი

ბიოგრაფია

ჩაპლინი დაიბადა 1889 წელს ლონდონში, ვარიეტეს ღარიბი და უიღბლო მსახიობების ოჯახში. ბავშვობა მან საშინელ სიღატაკეში გაატარა. ამას თან დაერთო ოჯახური პრობლემაც – მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. ხუთი წლისა იყო, როცა დედამ ჩარლი თავის სამსახურში – ვარიეტეში, წაიყვანა. ბიჭუნა მის გამოსვლას კულისებიდან ადევნებდა თვალს, მაგრამ როცა სიმღერის შესრულებისას დედას ხმა წაუვიდა და სასოწარკვეთილი გავარდა ავანსცენიდან, გაგულისებული აუდიტორიის დასაწყნარებლად დაწესებულების დირექტორმა გამოუშვა პატარა ჩაპლინი, რომელიც თამამად წარდგა მაყურებლის წინაშე და წამოიწყო ერთი ცნობილი სიმღერა. დამსწრე საზოგადოებამ ოვაციებით დააჯილდოვა იგი და მონეტები გადაუყარა. ბავშვმა შეწყვიტა სიმღერა და გამოაცხადა, ჯერ ფულს ავკრეფ და მერე ისევ ვიმღერებო. ამან უფრო მეტი აღტაცება გამოიწვია – მისი მისამართით მონეტების სროლა გაგრძელდა. ჩარლიმ პირობა შეასრულა: იმღერა, იცეკვა კიდეც და პოპულარულ მსახიობებსაც მიბაძა.

7 წლია ჩარლი ჩაპლინი (ცენტრში, თავი ოდნავ დახრილი) ობოლთა სასწავლებელში 1897

დედას ფსიქიური აშლილობა დაეწყო. ის მოათავსეს კლინიკაში, ხოლო ჩარლი და მისი უფროსი ძმა, სიდნი აღმოჩნდნენ უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში, სადაც სასტიკი ცხოვრების სკოლა გაიარეს. რამდენიმე წლის შემდეგ ოჯახი ისევ შეიკრიბა, მაგრამ კვლავ სიდუხჭირეში უწევდა ყოფნა. ყმაწვილი ჩარლი ობოლთა სასწავლებელში სწავლობდა, თუმცა გული სცენისკენ მიუწევდა, რის გამოც მიატოვა სწავლა და ჩაირიცხა მოცეკვავეთა ანსამბლ „რვა ლანკაშირელ ჭაბუკში“, რომელშიც დაეუფლა ცეკვისა და პანტომიმის ხელოვნებას. ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე იგი იძულებული გახდა, სამუშაო მოეძებნა და მცირე ხანში სხვადასხვა სამსახური გამოიცვალა: ყიდდა ჟურნალ-გაზეთებს, მსახურობდა სტამბაში, შუშის დამამზადებელ საამქროში, ექიმის მისაღების ასისტენტად და ა. შ. ამასობაში, ჩაპლინების დედა კიდევ ერთხელ მოათავსეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ხოლო ჩარლიმ აიხდინა ოცნება – მოხვდა ერთ-ერთ თეატრში. აქედან მოყოლებული მან რამდენიმე თეატრალურ დასში იმუშავა და საკმაო გამოცდილებაც დააგროვა.

სამსახიობო კარიერის დასაწყისი

17 წლის ჩაპლინი სახელგანთქმულმა თეატრალურმა მოღვაწემ, ფრედ კარნომ მიიწვია თავის კოლექტივში, რომლის წევრებს „უსიტყვო კომედიანტებს“ ეძახდნენ. ახალ ამპლუაში მყოფმა ჩარლიმ დახვეწა საპანტომიმო ოსტატობა, შეისწავლა აკრობატიკა და ეკვილიბრისტიკა და შემდეგ ერთ სპექტაკლში მთავარი როლიც მიიღო. სწორედ მაშინ შეამჩნიეს იგი ბრიტანელმა კრიტიკოსებმა და აღნიშნეს, რომ მისი სახით ნიჭიერი კომიკოსი გამოჩნდაო.

1910 წელს კარნოს დასი აშშ-ში გაემგზავრა და წარმატებული ტურნე ჩაატარა. 2 წლის შემდეგ გასტროლები განმეორდა. ჩარლი ბრწყინვალედ ასახიერებდა მთვრალ პერსონაჟს პიესაში _ „საღამო ლონდონურ კლუბში“ და მაყურებელიც გულიანად იცინოდა მის თითოეულ გამოჩენაზე. მორიგი წარმოდგენისას მას თვალი დაადგეს კინემატოგრაფისტებმა და მაკ სენეტის „კისტოუნში“ შესთავაზეს გადასვლა. ჩაპლინი დათანხმდა, რადგან კინოში მოღვაწეობით მეტი ჰონორარი ექნებოდა. მასთან დაიდო ერთწლიანი კონტრაქტი, რომლის მიხედვით ახალბედა კინომსახიობს კვირაში 150 დოლარი მიეცემოდა, ხოლო სამი თვის შემდეგ ყოველკვირეულად დაუმატებდნენ 25 დოლარს. მიუხედავად ამისა, მან გადაწყვიტა ფრთხილად მოკიდებოდა საქმეს, რამეთუ თეატრალების უმეტესობა ნაკლებად ეტანებოდა კინემატოგრაფში მუშაობას.

თამანშრომლობა „კისტოუნთან“
ჩარლი ჩაპლნი და ჰენრი ლერმენი 1914

როდესაც მაკ სენეტმა ჩარლი ჩაპლინი პირველად ნახა, შეეშინდა, რადგან უგრიმოდ ძალზე ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. ახალ თანამშრომელს გულგრილად შეხვდნენ „კისტოუნის“ მსახიობებიც, მათ შორის, მეიბლ ნორმენდიც. უკვე სახელმოხვეჭილმა რეჟისორმა მას აუხსნა, რომ ყველაფერს იღებდნენ უსცენაროდ და ყოველ ფილმში საკვანძო სცენას წარმოადგენდა დევნის ეპიზოდი. ამგვარი მიდგომა ჩაპლინს არ მოეწონა. კარნოსთან ის და მისი კოლეგები დიდხანს უნდებოდნენ მიზანსცენებისა და სხვა დეტალების წინასწარ დაგეგმვა-დამუშავებას. თავდაპირველად, იგი ისევ ოცნებობდა დაბრუნებოდა თეატრს, სადაც არა კომიკურ, არამედ დრამატულ როლებს ითამაშებდა, თანაც აღიარებდა, რომ კინოსი ბევრი რამ არ გაეგებოდა და გულწრფელად ნანობდა არჩევანის გამო.

ახალგამომცხვარი კინომსახიობი ათამაშეს ფილმში „ცხოვრებისათვის გადაგებული“ (1914, რეჟ. ჰენრი ლერმენი). მის გმირს მონოკლი ეკეთა და ძალზე პირქუშად გამოიყურებოდა. სენეტმა დაიწუნა ფილმიც და ჩარლის თეატრალური მანერაც. არც ეს უკანასკნელი დარჩა კმაყოფილი საკუთარი თამაშით და განსაკუთრებით აღშფოთდა რეჟისორის საქციელით, რადგან, მისი აზრით, ლერმენმა საუკეთესო ტრიუკები ამოუჭრა საბოლოო ვარიანტიდან. და მაინც, ეს იყო ჩაპლინის პირველი შეხება კინოსთან, რაშიც, მართალია, ვერ გამოავლინა ნიჭი, თუმცა თვითდაჯერება შეიძინა და პრესამაც ხაზგასმით მიუთითა მასზე, როგორც ამ ფილმის გამორჩეულ მონაწილეზე.

მომდევნო ნამუშევრისათვის „მეიბლის უჩვეულოდ ურთულესი მდგომარეობა“ (1914, რეჟ. ჰ. ლერმენი და მ. სენეტი) ჩაპლინმა მოიფიქრა ახალი გმირი ნიშანდობლივი ატრიბუტებით. ეს იყო მაწანწალა, რომლის მსგავსები თავად ენახა ლონდონის უღარიბეს უბნებში. არსებობს ლეგენდა, რომ ჩარლიმ ამგვარი ტიპაჟი შექმნა „კისტოუნის“ სტუდიის მამაკაცთა საგრიმიოროში. მან კოლეგების კინემატოგრაფიული სამოსიდან და ნივთებისაგან გააკეთა ერთგვარი ნაჯვარი და, როგორც თვითონ იხსენებდა, ყველაფერი ერთმანეთის საწინააღმდეგოს წარმოადგენდა: პატარა ქუდი და უშველებელი ფეხსაცმელები, ტომრისებრი შარვალი და ვიწრო პიჯაკი, რასაც დაამატა მოკლე ულვაში და ხელჯოხი. ამასთანავე, დაამუშავა სიარულის თავისებური მანერა, რომელიც გადაიღო ერთი ბრიტანელი ნაცნობისაგან და ფილმზე მუშაობის პროცესში ისეთ მოძრაობებს აკეთებდა, რომ მთელი გადამღები ჯგუფი ხარხარებდა, რაც მას უფრო მეტ სტიმულს აძლევდა. სენეტმაც შეუქო როლი და კინოსურათს ფართო რეკლამა გაუწია, თუმცა სანამ ის გამოვიდოდა ეკრანებზე, მანამდე „კისტოუნში“ გაკეთდა „საბავშვო ავტორბოლები ვენისში“ (1914, რეჟ. ჰ. ლერმენი), სადაც ჩაპლინი იმავე ტიპაჟით გამოვიდა, ხელჯოხითაც ჟონგლიორობდა და ახალ-ახალ ტრიუკებსაც ასრულებდა. ეს ფილმი წინაზე უფრო ადრე გაუშვეს გაქირავებაში, ამიტომ ზოგი თვლის, რომ პირველად მასში გამოჩნდა ჩარლისეული მაწანწალა. ორივე კინოსურათს კარგი პრესა ჰქონდა და წარმატებით გადიოდა როგორც აშშ-ში, ისე საზღვარგარეთ, თუმცა ვერც ერთი ვერ ასცდა პრობლემებსა და ნაკლოვანებებს: პირველი შვედეთში ცენზურამ აკრძალა, რადგან მასში „აღმოაჩინა“ ამორალური სცენები, ხოლო მეორეში გაიპარა რამდენიმე შეცდომა, მათ შორის ის ეპიზოდები, სადაც გადაიღეს უბრალო გამვლელები, რომლებიც აშტერდებოდნენ მსახიობთა თამაშს.

კარნოს დასში მიღებული წრთობა ჩარლის ძალიან გამოადგა. მიუხედავად იმისა, რომ მაკ სენეტი მისგან მხოლოდ ტემპს მოითხოვდა, იგი არ ჩქარობდა, მეთოდურად ხვეწდა ოსტატობას. რასაკვირველია, პირველ ნამუშევრებში მისი ყველა კინოგმირი არ იყო მაწანწალა, თუმცა ის სულ იმას ფიქრობდა, როგორ განევითარებინა ეს პერსონაჟი, რათა უფრო მიმზიდველი გაეხადა მაყურებლისათვის.

ჩაპლინი ჩარლი

როდესაც „კისტოუნელები“ შეუდგნენ მუშაობას კინოსურათზე – „მისი დროსტარების საყვარელი წესი“ (1914, რეჟ. ჯორჯ ნიკოლზი), ჩარლიმ გაიხსენა სპექტაკლი „საღამო ლონდონურ კლუბში“ და კინემატოგრაფისტებს შესთავაზა, რომ მთვრალის როლს განასახიერებდა. იდეა მოუწონეს და მანაც უზადოდ ითამაშა. პრესა წერდა: ამ ახალბედამ სასწაული მოახდინა თავისი ტრიუკებითო. შემდეგი წარმატებული პროექტი გამოვიდა კინოსურათი „სასტიკი, სასტიკი სიყვარული“ (1914, რეჟ. ჯორჯ ნიკოლზი და მაკ სენეტი).

სენეტი მაინც უკმაყოფილო იყო ჩარლით და ერთხანს მასთან კონტრაქტის გაწყვეტასა და მის თავიდან მოშორებასაც აპირებდა, მაგრამ აკავებდა ერთადერთი გარემოება: ფილმები ჩაპლინის მონაწილეობით კარგად იყიდებოდა და მათ სერიოზული შემოსავალი მოჰქონდათ „კისტოუნისათვის“. მაშინ სენეტმა გადაწყვიტა ექსპერიმენტის ჩატარება – მან ჩარლი მოსინჯა რეჟისორის რანგში და დაავალა გადაეღო ფილმი „მეიბლი საჭესთან“ (1914). ჩაპლინი გულდასმით მოეკიდა საქმეს, დეტალურად ჩამოაყალიბა სამუშაო გეგმა, გაიაზრა თითოეული ეპიზოდი, მაგრამ პოპულარობით გათამამებული ნორმენდი არ უჯერებდა, რის გამო პატარა უსიამოვნებაც მოუვიდათ ერთმანეთში. აქედან მომწიფდა ჩარლის კონფლიქტი „კისტოუნთან“, მისი ხელმძღვანელობის მხატვრულსა და საწარმოო სტილთან. სენეტმა ჩამოაშორა ჩარლი რეჟისორობას და მეიბლთან ერთად დაასრულა გადაღება.

ჩაპლინი არ შეეპუა სიტუაციას და სენეტს განუცხადა, რომ მისთვის ახალი კინოსურათის გაკეთების ნება დაერთო. „კისტოუნის“ მეთაურმა მორალური კომპენსირების მიზნით კიდევ ერთი შანსი მისცა. ჩარლიმ გადაიღო ფილმი „სიყვარულის ოცი წუთი“ (1914), თუმცა ზოგიერთი მონაცემით მას თანარეჟისორობას უწევდნენ თავად სენეტი და ჯოზეფ მედერნი. ნამუშევარი კარგი გამოვიდა და მაყურებელსაც მოეწონა. ჩარლიმ თავის არსენალში ჩართო კარნოსეული თეატრალური სარეჟისორო თავისებურებები, გამოავლინა მიზანსცენების აგების საუცხოო ცოდნა, ბრწყინვალედ აითვისა, როგორ გადაეღო და დაემონტაჟებინა ცალკეული კადრი და ეპიზოდი. მის თითოეულ ახალ ფილმში უკვე იგრძნობოდა კინემატოგრაფიული ნოვაციებისადმი დაუოკებელი წყურვილი, თხრობის ორიგინალური სტილისტიკა.

ჩარლი ჩაპლინმა სახელი გაითქვა საზოგადოებაში. ჟურნალისტები მუდამ თავს ეხვეოდნენ, ინტერვიუებს ართმევდნენ, თაყვანისმცემლები წერილებს უგზავნიდნენ და პასუხებს თხოვდნენ, სხვა კომპანიები ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რომ თავისთან გადაებირებინათ. მას გამოუსწორდა ურთიერთობა ნორმენდ-სენეტის წყვილთან და მალე აშშ-ში ჩაიყვანა ძმა, რომელმაც საკუთარი პერსონაჟი მოიგონა და შესანიშნავად გამოდიოდა „კისტოუნის“ კომედიებში. როდესაც ჩარლიმ გადაიღო „ცომი და დინამიტი“ (1914), სადაც ექსცენტრიკული კომედიის არაჩვეულებრივი ნიმუში აჩვენა, დადგენილი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების გამო, სენეტმა დაუქვითა ის 25 დოლარი, რაც ეძლეოდა, როგორც რეჟისორს. ყველასათვის მოულოდნელად, ფილმმა გაქირავებაში დიდძალი შემოსავალი მოაგროვა და „კისტოუნის“ საუკეთესო კომერციული პროდუქტი გახდა.

1914 წლის მიწურულს ჩაპლინმა სენეტს მოსთხოვა ახალი პირობები – კვირაში 1000 დოლარი ჰონორარის სახით, რაზეც ცივი უარი მიიღო. ის და მისი ძმა დაინტერესდნენ სხვაგან გადასვლით და მოლაპარაკებები გააბეს მომავალ პოტენციურ დამქირავებლებთან. ჩარლის ბოლო ნამუშევარი „კისტოუნში“ იყო „მისი პრეისტორიული წარსული“ (1914), სადაც სრულიად ახლებური ტრიუკები გააკეთა და ერთგვარად შეანელა სენეტისეული გიჟური ტემპი. მან თავის ფილმებს შესძინა მეტი სითბო, ჰუმანურობა და რეალიზმი. კრიტიკოსები აცხადებდნენ, რომ თუკი სენეტის კინოკომპანიის კომედიები წარმოადგენენ მხოლოდ აღწერას, ჩაპლინის ფილმები უფრო გამოხატვას ემსახურებიან და არანაირ პირობითობას არ ექვემდებარებიანო.

თანამშრომლობა „ესენეისთან“
Charli 6.PNG

1914 წლის ნოემბერში ჩარლი გადავიდა „ესენეიში“, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჯილბერტ ენდერსონი დაპირდა, რომ ერთწლიანი კონტრაქტის საფუძველზე მისცემდა კვირაში 1250 დოლარს, ხოლო კონტრაქტზე ხელმოწერისთანავე – 10000-ს, რასაც მისი პარტნიორის – ჯორჯ სპურის, გაღიზიანება მოჰყვა, ამიტომ იგი არც კი დასწრებია კონტრაქტზე ხელმოწერის ცერემონიალს. ამასთანავე, სპურის განკარგულებით ახალ თანამშრომელს 10000 დოლარის გადაცემა შეუჩერეს. მომავალი ერთი წლის განმავლობაში ჩაპლინს უნდა გადაეღო 14 ფილმი. მიუხედავად იმისა, რომ მას არ მოეწონა ახალი პირობები, გაჰყვა ენდერსონს კინოკომპანიის სტუდიაში. ჩარლის მიეცა საშუალება, თავად შეერჩია კინომსახიობები და თავადვე გადაეღო კინოსურათები. მან თავი მოუყარა გადამღებ კოლექტივს და სწორედ მაშინ შესთავაზეს ქალის როლებზე ედნა პერვაიენსის აყვანა. იგი მოიხიბლა ედნათი, რომელიც მისი „კინემატოგრაფიული მუზა“ და უახლოესი მეგობარი გახდა.

„ესენეიში“ გადაღებული პირველივე ნამუშევარი, „მისი ახალი სამსახური“ (1915), რაშიც რეჟისორმა „კისტოუნის“ სტილის ორომტრიალი მოაწყო, ჩაპლინის შემოქმედებითი წარმატების მორიგ ნაბიჯად იქცა და კინოკომპანიას დიდი შემოსავალი მოუტანა. ამით გახარებულმა სპურმა დაუყოვნებლივ გადაუხადა დაპირებული თანხა, რამაც იგი მომავალი კინოპროექტებისადმი ოპტიმისტურად განაწყო. ჩარლის დაწესებულ გრაფიკში ჩატევა ყოველთვის უძნელდებოდა, რადგან კინოსურათებს უსცენაროდ იღებდა, რის გამოც ხშირ საყვედურებს იმსახურებდა. ამის სანიმუშო მაგალითს წარმოადგენდა კომედია „ჩემპიონი“ (1915), რომლის გადაღება დადგენილზე მეტხანს, სამ კვირაზე, გაიწელა, მაგრამ შედეგი ისევ მოულოდნელი აღმოჩნდა – ფილმმა საკმაო მოგება ნახა. თავად ჩაპლინი კრივით იყო გატაცებული, ხშირად ესწრებოდა შეჯიბრებებს და ამიტომ აირჩია ეს თემატიკა.

ჩარლის „ესენეის“ პერიოდის ნამუშევრებიდან აღსანიშნავია კინოსურათები: „მაწანწალა“ (1915), რომელშიც რეჟისორმა მცირეოდენი რომანტიკული სულისკვეთება გაურია, „სამუშაო“ (1915), სადაც გროტესკულმა პასაჟებმა გაიელვეს, ორიგინალური ტრიუკებით აღსავსე „ბანკი“ (1915) და „საღამო შოუში“ (1915), რომლის საფუძვლად ავტორმა გამოიყენა პიესა „საღამო ლონდონურ კლუბში“, თუმცა ბრმად არ მიჰყვა ეკრანიზაციას და მასში ნოვატორული კინოხერხებიც ჩართო.

ჩაპლინი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მის ფილმებს რამდენჯერმე ნახულობდა მაყურებელი, ხალხი ქუჩაში ხვდებოდა, ესალმებოდა, ავტოგრაფს სთხოვდა. ზოგმა მწარმოებელმა დაიწყო მისი სტილის ფეხსაცმლების, ქუდებისა და ხელჯოხების დამზადება და მას მათი რეკლამირებისათვის უზარმაზარ თანხას სთავაზობდნენ.

თანამშრომლობა „მიუჩუალთან“
წარწერის ტექსტი

1916 წლის თებერვალში ჩარლი გადავიდა „მიუჩუალში“, სადაც კვირაში მიიღებდა 10000 დოლარს, ხოლო პრემიის სახით დამატებით 150000-ს. ამან აღაშფოთა საზოგადოების ნაწილი. ზოგიერთი რელიგიური მოღვაწე კიცხავდა მას ამდენი ფულისათვის და სიძუნწესაც აბრალებდა. იმავე ხანებში, ბრიტანეთში მის წინააღმდეგ აგორდა ცილისმწამებლური კამპანია − ჩაპლინს დააბრალეს არმიაში სამსახურისათვის თავის არიდება, როცა მისი თანამემამულეები გმირულად იბრძოდნენ პირველ მსოფლიო ომში. ჩარლი სიმხდალეში დაადანაშაულეს, მაგრამ, როგორც გაირკვა, მას არ მიუღია ოფიციალური გაწვევა.

ახალ კინოკომპანიაში ჩარლის მეტი შემოქმედებითი თავისუფლება მიეცა. მან „ესენეიდან“ წაიყოლა მსახიობთა ერთი ჯგუფი ედნა პერვაიენსის მეთაურობით და მას ახლები მიამატა. მუშაობისას იგი უამრავ დუბლს იღებდა და ამიტომ დიდი რაოდენობის ფირიც ეხარჯებოდა, ყოველ მსახიობთან გადიოდა რეპეტიციას, თითოეულს ასწავლიდა, როგორ უნდა ეთამაშა ესა თუ ის როლი და განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებდა დიალოგების დამუშავებას მით უფრო, რომ უხმო კინოში სხვები ამას ნაკლებად იყენებდნენ. მას ჰქონია შემთხვევები, როცა გადაღებულ სცენას მეორე დღეს რომ გაიაზრებდა, აღარ მოეწონებოდა და ხელახლა იღებდა სხვაგვარად. ხანდახან დეკორაციების აგებას ისე იწყებდა, რომ არც კი ჰქონდა გადაწყვეტილი, რა უნდა გადაეღო. „მიუჩუალში“ გასაკეთებელი პირველივე ფილმისათვის, რომელსაც ეწოდა „მაღაზიის ადმინისტრატორი“ (1916), მან ოცი დღე მოანდომა სიუჟეტზე ფიქრს და მხოლოდ ამის შემდეგ წააწყდა პიკანტურ ამბავს, როცა ერთ გამვლელს ესკალატორზე დაუცურდა ფეხი და სასაცილო მდგომარეობაში ჩავარდნილმა ძლივს დააღწია თავი ამ ახალგამოგონებული აპარატის ტრიალს. ამის შემხედვარე ჩარლის რამდენიმე იდეა მოუვიდა და მათზე ააგო სიუჟეტი.

ჩაპლინისათვის „მიუჩუალში“ მოღვაწეობა იყო ერთ-ერთი ნაყოფიერი ეტაპი. მას უკვე იმხელა ავტორიტეტი გააჩნდა, რომ თვითონ წყვეტდა, ვის ემუშავა მის გადამღებ ჯგუფში და კინოსტუდიაში, მიუხედავად იმისა, რომ ისიც დაქირავებულად ირიცხებოდა. ჩარლის არ უყვარდა ჟურნალისტები, გადაღებისას კინოსტუდიაში არავის უშვებდა, ყველასაგან ითხოვდა, მისთვის მხოლოდ სახელით მიემართათ. როცა დილით სამსახურში მივიდოდა, თითოეული თანამშრომელი ჯარისკაცივით გამოეჯგიმებოდა და მის განკარგულებებს ელოდა. ისინი ხუმრობდნენ და მასაც სიამოვნებდა ამგვარი ურთიერთობა. მონტაჟს იგი რამდენიმე დღეს უთმობდა, ბევრ მასალას ამოჭრიდა და არსებულ სტანდარტზე დაიყვანდა კინოსურათს. მისთვის მთავარი იყო ფილმს ჰქონოდა დევნის ეპიზოდები, კომიკური ეტიუდები, ფარსის ელემენტები და თავბრუდამხვევი ტრიუკები. თავისუფალ დროს ჩაპლინი წერდა მუსიკას, უკრავდა ვიოლინოზე, შესანიშნავად ცეკვავდა, თამაშობდა ტენისს, ცურავდა, ვარჯიშობდა სხვადასხვა სპორტულ იარაღზე. მაშინდელ ამერიკაში მოწყობილ კოსტიუმირებულ მეჯლისებზე მამაკაცთა უმეტესობა სწორედ მაწანწალას სამოსითა და ატრიბუტიკით დადიოდა.

„მიუჩუალში“ გაკეთებული კინოსურათებიდან ყველაზე გამორჩეულია „წყნარი ქუჩა“ (1917), მორალისტური მელოდრამის პაროდია, რომელზეც მუშაობის პროცესში ჩაპლინს არაერთი პრობლემა შეექმნა: ჯერ კალიფორნიაში გახშირებულმა წვიმებმა ხელი შეუშალა ნატურაზე გადაღებას, მერე მცირე ხნით იავადმყოფა და ბოლოს, ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებისას, ბოძი დაეცა თავზე და სახე დაუზიანა.

ჩარლიმ განაგრძო მუშაობა, თუმცა გული მაინც სხვაგან მიუწევდა, ახალი სიმაღლეების დაპყრობა სურდა, ახალ შემოქმედებით გარემოს ეძებდა, ამიტომ როცა `მიუჩუალმა~ მომავალი წლისათვის შესთავაზა ახალი საკონტრაქტო პირობები, რომლითაც მას უნდა გადაეღო 12 კინოსურათი და ამისათვის მიიღებდა ერთ მილიონამდე დოლარს, მან უკუაგდო წინადადება და სიდნის დაავალა სხვა კინოკომპანიის მოძიება. იგი ამბობდა, რომ არავინ არ უნდა დამშვიდდეს, როდესაც მიაღწევს დიდებასა და სიმდიდრეს რომელიმე სფეროში. ძალები უნდა გამოიყენო ყველგან და თანამედროვე ახალგაზრდისათვის გახსნილია ფართო შესაძლებლობები, მაგრამ იმისათვის, რათა რაიმე შედეგი გქონდეს, თავდაუზოგავად უნდა იმუშავო. სხვანაირად იმედებს არ უწერია აღსრულებაო.

თანამშრომლობა „ფერსთ ნეიშენალთნ“

ძმები ჩაპლინები გადავიდნენ „ფერსთ ნეიშენალში“, სადაც დააფუძნეს საკუთარი სტუდია. ჩარლის წელიწადში უნდა გაეკეთებინა რვა ორნაწილიანი კომედია. სტუდიის აშენება-გაწყობას სამი თვე დასჭირდა.

ჩარლი ჩაპლინი და ჯეკი ქუგენი ფილმში "ბიჭუნა"

პირველივე კინოსურათში ჩარლიმ მოიფიქრა, ამიერიდან თავის ნაწარმოებებში უფრო მეტად გაესვა ხაზი სოციალური პრობლემებისათვის. ფილმს სამუშაო ვარიანტში ერქვა „ღირს შეწუხება“ მაგრამ მას შემდეგ, რაც კინოსტუდიაში სტუმრად ეწვია ძველი მეგობარი მსახიობი, რომელმაც უთხრა, რომ, მართლაც, ძაღლური ცხოვრება გაქვსო, სახელწოდება გადაკეთდა „ძაღლურ ცხოვრებად“. იგი ეკრანებზე გავიდა 1918 წელს და დადებითი შეფასება დაიმსახურა, ვინაიდან მასში გამოჩნდა რეალისტური საწყისები, დაბალი ფენების დუხჭირი ყოფა, შიმშილი, სიღარიბე, სოციალური უსამართლობა. ჟურნალი „ფოტოპლეი“ წერდა, რომ ეს ნამუშევარი არის პირქუში გარეუბნის პატარა ჩანახატი და მას განსაკუთრებული ადგილი უკავია წლევანდელ საუკეთესო კინოპროდუქციაშიო. „ძაღლური ცხოვრება“ აღიარეს სრულყოფილ ნიმუშად, ხოლო ლუი დელუკმა უწოდა „ხელოვნების პირველი ნაწარმოები კინემატოგრაფში“.

იმ წელს ჩაპლინმა საკონტრაქტო პირობები ვერ შეასრულა: მან მხოლოდ ოთხი ფილმი გადაიღო, მაგრამ ამისათვის პასუხი არავის მოუთხოვია, პირიქით, კინოკომპანია „ფერსთ ნეიშენალის“ მესვეურები კმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმ შემოსავალზე, რაც მის ფილმებს მოჰქონდა. ჩარლის არც ყველა აქებდა: ზოგიერთი კრიტიკოსი პირდაპირ პრესის ფურცლებზე ლანძღავდა მის ყოველ ახალ ნამუშევარს, თუმცა თავადაც მას არ მოსწონდა მისივე ზოგიერთი კინოსურათი.

მორიგი შედევრი „თოფით მხარზე“ (1918) ჩარლიმ ერთ თვეში გადაიღო. ეს იყო ერთგვარი პროპაგანდისტული ფილმი პირველი მსოფლიო ომის თემატიკაზე. კინოსტუდიის დეკორატორებმა ბრწყინვალედ იმუშავეს – მათ ისე მოაწყვეს საფრონტო თხრილები და სხვა ნაგებობები, რომ გეგონებოდა კინოსურათი, მართლაც, უშუალოდ ბრძოლის ველზეა გადაღებულიო. როცა იგი საბოლოოდ გაამზადა, ჩარლის რატომღაც აღარ მოეწონა და გადაწყვიტა, სანაგვეში გადაეგდო, მაგრამ კინოსტუდიაში გამართულ პირველივე ჩვენებაზე, როცა დაინახა, რომ მისი უახლოესი მეგობარი – დაგლას ფეარბენქსი ხარხარებდა, გადაიფიქრა და გაქირავებაში გაუშვა.

ამერიკული სოფლის ცხოვრებას მიუძღვნა ჩარლიმ მომდევნო ნამუშევარი „სანისაიდი“ (1919). იგი შემოქმედებით კრიზისში ჩავარდა, რის გამოც ამ ფილმის წარმოება გაუჭიანურდა. ამავე პერიოდში მის ოჯახში მოხდა დიდი ტრაგედია – ჩარლის გარდაეცვალა სამი დღის დაბადებული პირველი შვილი. ის დამწუხრდა, შინ ჩაიკეტა, სასოწარკვეთილების საბურველში გაეხვია. რამდენიმე კვირის შემდეგ დაუბრუნდა სამსახურს და წამოიწყო ახალი პროექტები.

Chaplini 3.PNG

ერთ მიუზიკჰოლში იგი დაესწრო ექსცენტრიკული მოცეკვავის გამოსვლას, რაც იმით დამთავრდა, რომ მოცეკვავემ სცენაზე გამოიყვანა თავისი პატარა ვაჟი – ჯეკი ქუგენი, რომელმაც მამამისს მიბაძა და ხანგრძლივი აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. ჩარლი აღტაცებული დარჩა ბავშვით, გაეცნო მის ოჯახს და ჯეკის დაუმეგობრდა. არსებობს მათი გაცნობის კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვით ჩაპლინმა ჯეკი ქუჩაში შეამჩნია, როცა ეს უკანასკნელი ბანანის ქერქებს უყრიდა გამვლელებს იმ იმედით, რომ რომელიმეს მათზე დადგმული ფეხი დაუცურდებოდა. ჩარლიმ მიიხმო ონავარი და ჰკითხა, თუ უნდოდა ფილმში გადაღება, ჯეკი დაეთანხმა, მაგრამ, როდესაც სახელოვანმა კინემატოგრაფისტმა სთხოვა, მამაშენთან წამიყვანეო, ბავშვმა მიუგო, რომ მე უკვე ხუთი წლის ვარ და შემიძლია დამოუკიდებლად ვაწარმოო პირადი საქმეებიო.

მორიგ კინოსურათზე მუშაობა 18 თვე მიმდინარეობდა. ჩარლიმ პარტნიორად ჯეკი შეარჩია. ერთ ეპიზოდში, რომელშიც ქუგენს უნდა ეტირა და ვერაფრით აატირეს, ჩაპლინი დაპირდა, თუ დავალებას არ შეასრულებდა, აუცილებლად მიაბრძანებდა უპატრონო ბავშვთა სახლში, რის შედეგადაც ჯეკი აბღავლდა. ფილმს, რომელიც იყო ჩარლის, როგორც რეჟისორის, პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი, დაერქვა „ბიჭუნა“. მასში ბევრი მსახიობი მონაწილეობდა, მათ შორის პატარა გოგონა – ლილიტა მექმერი.

ჩაპლინს პრობლემები შეექმნა „ფერსთ ნეიშენალთან“ და როგორც გაირკვა, ამაში მისი ყოფილი ცოლი, მილდრედ ჰერისიც იყო გარეული. რეჟისორი ითხოვდა, რომ კინოკომპანიას, გამონაკლისის სახით, მისთვის გადაეხადა დაპირებულზე მეტი ჰონორარი, რადგან, სხვადასხვა მიზეზისა და გაუთვალისწინებელი ხარჯის გამო, დადგენილ ვადებზე მეტხანს მოუწია ფილმზე მუშაობა. კინოკომპანია უარზე დადგა. ჩარლიმ და მისმა თანაშემწეებმა მოიპარეს კინოსურათის ნეგატივები, ყველასაგან საიდუმლოდ წავიდნენ სოლტ ლეიკ სითიში, რომლის ერთი სასტუმროს საძინებელი სამონტაჟო ოთახად გადააკეთეს და იქ დაამონტაჟეს ფილმის დიდი ნაწილი. იქიდან მათ გადაინაცვლეს აღმოსავლეთ სანაპიროზე, ნიუ ჯერზის შტატში, სადაც დაასრულეს მონტაჟი. ჩაპლინმა ახალი პირობები წაუყენა კინოკომპანიას, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდა, რომ არ დაუთმობდა კინოსურათს. „ფერსთ ნეიშენალი“ იძულებული გახდა, შეეცვალა პოზიცია, ჩარლის მილიონ-ნახევარი დოლარი გადაუხადა და ასევე ივალდებულა შემოსავლის ნახევრის მისთვის გადაცემა. „ბიჭუნა“ ეკრანებზე გავიდა 1921 წლის იანვარში და არნახულ წარმატებას მიაღწია. მერე ის აჩვენეს მსოფლიოს 50 ქვეყანაში. ამ კინოსურათმა მასზე დახარჯული თანხები ათმაგად ამოიღო და იმხანად ასტრონომიული მოგება მოიტანა.

საინტერესო ექსპერიმენტები ჩაატარა ჩარლი ჩაპლინმა ფილმში „ხელფასის დღე“ (1922), რომელშიც აქცენტი გააკეთა გამომსახველობით მხარეებზე, უჩვეულო განათებით, შუქითა და ჩრდილების თამაშით წარმოადგინა საგნებისა და მოვლენების უზადო კინემატოგრაფიული ხედვა. „ფერსთ ნეიშენალთან“ თანამშრომლობა მან გაასრულა არაჩვეულებრივი კინოსურათით – „პილიგრიმით“ (1923), რომელიც ჩაიფიქრა, როგორც პაროდია ვესტერნზე, მაგრამ გამოუვიდა ტრადიციული კომედია, კინოსატირა პროვინციელი ფარისევლების ზნეობაზე. ის უპრობლემოდ გაკეთდა 42 დღეში. მასში გადაიღეს ბევრი, მრავალფეროვანი ექსტერიერი, ლოს ანჟელესის გარეუბნების მიმდებარე ტერიტორიები. უსიამოვნებები დაიწყო მისი ეკრანებზე გაშვების დღიდან – ეკლესიამ და ზოგიერთი შტატის ცენზურამ მოითხოვეს გაქირავებიდან ფილმის მოხსნა, რადგან შეურაცხყოფდა რელიგიურ მრწამსს, ხოლო ზოგან იმდენი ეპიზოდი ამოჭრეს, რომ დემონსტრირებას აზრი აღარ ჰქონდა.

United Artists
პარიზელი ქალი

ჩაპლინმა მოიცალა „იუნაითედ ართისთსისათვის“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. ამ კინოკომპანიის ეგიდით მან გადაიღო არა კომიკური, არამედ დრამატული ფილმი „პარიზელი ქალი“ (1923). ამაზე იგი დიდხანს ოცნებობდა და მანამდე ამ მიზნით რამდენიმე ლიტერატურული ნაწარმოები გულდასმით გადაიკითხა. ფაბულისათვის მან გამოიყენა ნაცნობი ქალის მონაყოლი მისსავე თავგადასავლებზე პარიზში, იქაური ელიტის ცხოვრებაზე, თუმცა სიუჟეტზე მუშაობისას პერსონაჟებმა და სიტუაციებმა რევიზია განიცადეს. მთავარი როლების სათამაშოდ იხმეს ედნა პერვაიენსი და ადოლფ მენჟუ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩარლი არ გამოდიოდა მთავარ გმირად, თუმცა მაინც განასახიერა ეპიზოდური როლი.

„პარიზელი ქალი“ უსცენაროდაა გადაღებული, რამაც გააოცა სპეციალისტები და ზოგს არც კი სჯეროდა. ასეთ ურწმუნოებს ჩარლი პასუხობდა, რომ მთელი სცენარი თავში ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ დრამატურგიული კანონების ცოდნაში არანაირი აკადემიური განათლება არ გააჩნდა, შინაგანად საუცხოოდ გრძნობდა, როგორ აეწყო მოქმედება.

ჩარლიმ კინოსურათის შესავალ ტიტრში დაწერა: „კაცობრიობა შედგება არა გმირებისა და არამზადებისაგან, არამედ სახასიათო ვნებებით აღსავსე მამაკაცებისა და ქალებისაგან. უმეცრებაა მათი განსჯა, ხოლო ბრძენი თანაგრძნობით განეწყობა მათ მიმართ“. ასეთი პოზიცია მოინათლა მის ზოგად საპროგრამო შეხედულებად ცხოვრებაზე, ადამიანებთან ურთიერთობაზე.

„პარიზელი ქალის“ პრემიერა მოეწყო 1923 წლის 26 სექტემბერს, ლოს ანჟელესის ყველაზე არისტოკრატიულ კინოთეატრ „ქრაითერიენში“. ამ ღონისძიებისათვის ჩაპლინმა დაწერა მუსიკა, რომელიც შეასრულა საგანგებოდ მიწვეულმა სიმფონიურმა ორკესტრმა. თავად რეჟისორი და ედნა არ იმყოფებოდნენ პრემიერაზე, რადგან მატარებლით მიემგზავრებოდნენ ნიუ-იორკში, სადაც რამდენიმე დღის შემდეგ იყო დანიშნული ფილმის პირველი ჩვენება. ჩარლიმ მაყურებლისათვის მოამზადა მიმართვა, რაშიც წერდა, რომ ამ სერიოზულ დრამაში შეეცადა, გამოეხატა რეალიზმი, რათა აუდიტორიას ღრმად გაეცნობიერებინა არა რაიმე წინასწარმეტყველება ან ფილოსოფიური იდეა, არამედ მხოლოდ ადამიანური სისუსტეები.

მომავალი ფილმის იდეა ჩარლის დაებადა ერთი საუზმის დროს, რომელზეც ის მიიწვიეს ფეარბენქსმა და პიკფორდმა. მან ნახა ფოტოსურათი, რაზეც აღბეჭდილი იყო გასული საუკუნის ოქროსმაძიებელთა გრძელი მწკრივი, ხოლო უკანა მხარეს ეწერა იმ სიძნელეებზე, რაც გადაიტანეს ამ ადამიანებმა. ამასთანავე, იმ პერიოდში ჩაპლინმა წაიკითხა დოკუმენტური წიგნი ემიგრანტებზე, რომლებიც მოხვდნენ სიერა-ნევადას მთებში, სადაც ზოგიერთი დაიღუპა, ხოლო დანარჩენები იმით გადარჩნენ, რომ თურმე ჯერ საკუთარი ფეხსაცმელები შეჭამეს და მერე კანიბალიზმს ეწეოდნენ, სანამ მაშველთა ჯგუფმა არ მიაკვლია მათ ადგილსამყოფელს. ჩარლი შეძრა ამ ამბებმა და განაცხადა, რომ რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ტრაგედია იწვევს სიცილს და ვფიქრობ, რომ სიცილი არის წინააღმდეგობების სულის გამოვლინება, ხოლო ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ვიცინოთ ჩვენს უმწეობაზე ბუნებრივი სტიქიების წინაშე ან გავგიჟდეთო.

ოქროს ციებ-ცხელება
ჩარლი ჩაპლინი ფილმში ოქროს ციებ-ცხელება

ჩარლიმ გადაწყვიტა, თავად შეესრულებინა მთავარი გმირი, ოღონდ ქალის როლზე აღარ აიყვანა პერვაიენსი. იმხანად, მას ცოლად ჰყავდა ლილიტა მექმერი, რომელსაც სახელი და გვარი ლიტა გრეიდ გადაუკეთა და ამ როლისათვის, თავდაპირველად, მასზე შეაჩერა ყურადღება, მაგრამ მისი ფეხმძიმობის გამო იძულებული შეიქმნა სხვა მსახიობი მოეძებნა. მან რამდენიმე ათეული კანდიდატი გასინჯა და მათგან ამოარჩია ჯორჯია ჰეილი. კინოსურათის სამუშაო სათაურები საბოლოოდ შეჯერდა სახელწოდებაში – „ოქროს ციებ-ცხელება“. ფილმის ბიუჯეტი 923000 დოლარით განისაზღვრა და მასზე მუშაობას 15 თვეს მოუნდნენ. გადაღებაში გამოიყენეს 600 სტატისტი, ძალიან ბევრი მაკეტი და ნამდვილი დათვი, რადგან ჩარლის მიაჩნდა, რომ მის ტყავში გახვეული ვერც ერთი მსახიობი ბუნებრივად ვერ ითამაშებდა ამ როლს.

„ოქროს ციებ-ცხელება“ ეკრანებზე გავიდა 1925 წლის ივნისიდან. პრემიერის დღეს ჩაპლინი თავად ავიდა სცენაზე და სიტყვა წარმოსთქვა. მაყურებელი აღტაცებაში მოიყვანა ფილმმა – ამ სენეტისეული კომედიის, სოციალური სატირისა და კლასიკური პანტომიმის ნაზავმა. კრიტიკამ მნიშვნელოვანწილად გაუსვა ხაზი ფილმის ემოციურსა და დრამატულ მომენტებს, მისი გმირის რომანტიკულსა და იდეალისტურ ხასიათს. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ორმა ეპიზოდმა: ფეხსაცმლის შეჭმის სცენამ და „ფუნთუშების ცეკვამ“. კინოსურათმა წარმატებით მოიარა აშშ-ის დიდი ქალაქების ეკრანები, თუმცა მის დემონსტრირებას პრობლემები ჰქონდა პროვინციულ ადგილებში, სარეკლამო კამპანიის არასწორად წარმართვის გამო. შემდეგ ფილმი გაიტანეს ევროპაში, სადაც დიდძალი შემოსავალი მოაგროვა.

„ოქროს ციებ-ცხელებასთან“ დაკავშირებით ჩარლი ამბობდა, რომ ცხოვრება ტრაგედიაა, როცა მას უყურებ ახლო ხედით და კომედიაა, როცა აკვირდები შორიდანო. როდესაც ცნობილმა მეცნიერმა, ალბერტ აინშტაინმა ჩაპლინს მისწერა, რომ „ოქროს ციებ-ცხელება“ მსოფლიოში ყველასათვის გასაგებია, ამიტომ თქვენ აუცილებლად გახდებით დიდი ადამიანიო, ხელოვანმა უპასუხა, თქვენით უფრო მეტად ვარ აღფრთოვანებული და თქვენი ფარდობითობის თეორია მსოფლიოში არავის ესმის, მაგრამ მაინც გახდით დიდი ადამიანიო.

ცირკი

ჩარლი ოცნებობდა, გაეკეთებინა რაიმე კლასიკური ეკრანიზაცია, ასევე გეგმაში ჰქონდა, გადაეღო ფილმი ნაპოლეონზე, მაგრამ ყველაფერი მომავლისათვის გადადო და ახალი პროექტის იდეა თავის ასისტენტსა და მსახიობს, ჰენრი ბერგმენს გაანდო. პირვანდელი მონახაზით მისი გმირი გამოუვალ მდგომარეობაში უნდა აღმოჩენილიყო სადღაც სიმაღლეზე და მაიმუნებს არ უნდა მიეცათ მისთვის მოსვენება. ბერგმენმა ურჩია, ფილმი გადაეღოთ ცირკში, თაღის ქვეშ გაჭიმულ ბაგირზე.

მოსამზადებელ პერიოდში რეჟისორი ბევრს მუშაობდა ასისტენტებთან, იგონებდა და ხვეწდა ეპიზოდებს, არჩევდა მსახიობებს, მეთვალყურეობდა დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზების შედგენას. როცა დაიწყო გადაღების ეტაპი, მან უღალატა ტრადიციას და სცენებს არათანმიმდევრულად იღებდა

ნაყოფიერი სამუშაო პროცესი შეაფერხა ახალმა პრობლემამ – ჩარლი გაშორდა ლიტას, რასაც მოჰყვა ხანგრძლივი სასამართლო გარჩევა და მოლაპარაკებები. ჩაპლინის წინააღმდეგ დაირაზმა საზოგადოების ნაწილი, ლიტა კი ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ფული დაეცინცლა მისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერთხანს, ჩაპლინის სტუდიაც კი დალუქეს, რამაც იგი მორიგ დეპრესიაში ჩააგდო, თუმცა მის დასაცავად ხმა აღიმაღლეს არა მარტო ამერიკული, არამედ ფრანგული კულტურის ცნობილმა მოღვაწეებმაც. ბოლოს ყველაფერი ისე დამთავრდა, რომ ლიტამ საარაკო თანხა მიიღო.

კინოსურათზე მუშაობა განახლდა. ჩარლი ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა. ფილმს ეწოდა „ცირკი“. სტუდიაში დაიბეჭდა სარეკლამო ბროშურები და ფოტოსურათები. 1928 წლის 6 იანვარს შედგა „ცირკის“ პრემიერა ნიუ-იორკში, ხოლო სამი კვირის შემდეგ – ლოს ანჟელესში, სადაც ჯერ აჩვენეს მცირე ზომის საცირკო წარმოდგენები, შემდეგ კი გაუშვეს კინოსურათი. ჩაპლინის ნამუშევარს ფანტასტიკური წარმატება ხვდა წილად. ზოგიერთმა კრიტიკოსმა მასში დაინახა დრამისა და კომედიის ელემენტების თანასწორობის სანიმუშო მაგალითი. ყველას უკვირდა, რომ ამდენი პრობლემის ფონზე როგორ სძლია ჩარლი ჩაპლინმა საკუთარ თავს და ასეთი გამაოგნებელი შედევრი აჩუქა კინოს მოყვარულებს.

„ქალაქის ლამპიონები“

ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს შესთავაზეს უკვე აღიარებულ მსახიობსა და რეჟისორს, ჩარლი ჩაპლინს გახმოვანების ტექნიკა, მაგრამ იგი არც კი დაინტერესდა ამ ნოვაციით, რადგან თავით ფეხამდე საქმეში იყო ჩაფლული. როდესაც აშშ-ის კინოეკრანებზე პირველი ხმოვანი ფილმები გამოჩნდა, სხვების მსგავსად, მანაც ბევრი წუნი დაინახა მათში. ეს არცაა გასაკვირი, რამეთუ ისინი სულაც არ გამოირჩეოდნენ მაღალმხატვრულად დახვეწილ-დამუშავებული დიალოგებით, არამედ მხოლოდ ძირითად ამოცანას ასრულებდნენ − მუსიკას, ხმოვან ეფექტებსა და, რაც მთავარია, პერსონაჟების პრიმიტიულ ლაპარაკს ანდა სადიქტორო კომენტარებს ასმენინებდნენ აუდიტორიას. ასეთ გახმოვანებაში ჩარლი ხედავდა კინემატოგრაფის დამცირებასა და მისი ესთეტიკის საბოლოო განადგურებას. მას მტკიცედ სჯეროდა, რომ მცირე ხანში კოლეგები ისევ უხმო კინოს დაუბრუნდებოდნენ. ამის პარალელურად, იგი ფიქრობდა, აემეტყველებინა თუ არა თავისი კინოგმირი – უნივერსალურ პერსონაჟად ქცეული მაწანწალა. ამ გმირზე შექმნილი ფილმებით განუმეორებელი წარმატების მიღწევას ხომ წლები დასჭირდა და ვაითუ, ალაპარაკებულ მაწანწალას ისე ვეღარ გაებრწყინა, რომ მთელი წინარე ძალისხმევა წყალში ჩაყრილიყო. ჩაპლინი დილემის წინაშე იდგა, თუმცა მაინც მიიღო გადაწყვეტილება, კვლავ უხმო კინოსურათი, სახელწოდებით „ქალაქის ლამპიონები“, გადაეღო.

მომავალი კინოპროექტის იდეა მას მოუვიდა წინა ნამუშევრის, „ცირკის“ სიუჟეტიდან – მთავარი გმირი უნდა ყოფილიყო უბედური შემთხვევის გამო დაბრმავებული მასხარა, რომელიც ამ ფაქტს საკუთარ ქალიშვილს უმალავდა. ჩარლიმ მისი რამდენიმე განტოტებაც ჩამოაყალიბა და ჩვეული სიდინჯითა და გულისხმიერებით შეუდგა მოსამზადებელ პერიოდს, მაგრამ მერე სიუჟეტი რატომღაც საკმაოდ სენტიმენტალურად მოეჩვენა და მის განვითარებას თავი მიანება. ამის შემდეგ მან მოიფიქრა ახალი ფაბულა – მაწანწალა ხვდება ბრმა მეყვავილე ქალს, ვინც თავდავიწყებით შეუყვარდება. ის ამბობდა, ფილმი ხეს ჰგავს და თუკი კარგად შეაჯანჯღარებ, მისგან ყოველივე ზედმეტი ჩამოსცვივა, ხოლო აუცილებელი და საჭირო დარჩებაო. ამჯერად ჩაპლინმა აღნიშნული ვარიანტის ერთგვარი გაშალაშინება წამოიწყო და პრესაში განაცხადა, რომ ეს იქნებოდა ავანტიურული დრამა, რომლის მსგავსიც მანამდე არ გადაეღო. მეყვავილის როლში მან მიიწვია დებიუტანტი მსახიობი, ვირჯინია ჩერილი, შემთხვევით რომ აღმოაჩინა, როცა გადასაღებ ადგილებს ეძებდა სანტა მონიკას პლაჟზე.

1928 წლის დეკემბრის მიწურულს დაიწყო გადაღების პროცესი. პირველივე სცენის გადასაღებად, სადაც მაწანწალა ხვდება მეყვავილეს,დროის სხვადასხვა მონაკვეთში, 83 დღე იმუშავეს, სანამ რეჟისორი არ დაკმაყოფილდა. ჩარლის მაშინვე დაეტყო, რომ ჩერილში შეცდა, მაგრამ იხტიბარი არ გაუტეხია, დაიჟინა, რომ რადაც არ უნდა დაჯდომოდა, ეს ახალგაზრდა ქალი ისე აეთამაშებინა, როგორც დაგეგმილი ჰქონდა. მომდევნო წლის ნოემბერში, ერთ გაგანია გადასაღებ დღეს, არაქათგამოლეულმა ვირჯინიამ ისე გააბრაზა ჩაპლინი, რომ ამ უკანასკნელმა ის დაითხოვა და მის ნაცვლად ორი სხვა მსახიობი გასინჯა აღნიშნულ როლზე. სამწუხაროდ, ვერც ერთმა ვერ გაამართლა და რეჟისორიც იძულებული გახდა, ისევ ჩერილი დაებრუნებინა უკან და მისთვის ჰონორარი გაეზარდა.

1930 წლის სექტემბერში ჩარლიმ მოამთავრა გადაღება. ჯერი მიდგა მონტაჟზე, მუსიკასა და გახმოვანებაზე. მუსიკალური კომპოზიციები თავად რეჟისორმა მოიგონა (ერთის გარდა). იგი ან წაუსტვენდა, ან წაუღიღინებდა რომელიმე თემას, რასაც კომპოზიტორი ართურ ჯონსტონი იწერდა. თვით ჩაპლინი, რომლისთვისაც მუსიკა კინოსურათში ნიშნავდა მოქმედების სულს და ისეთივე მნიშვნელობა გააჩნდა, როგორც კინოსამსახიობო თამაშს, აღიარებდა, რომ სწორედ ჯონსტონი იყო ამ კინოსურათის კომპოზიტორი, რომელსაც არანჟირებაში დაეხმარა კოლეგა ალფრედ ნიუმენი. რაც შეეხება გახმოვანებას, მან შესაბამისი ხმოვანი ეფექტები დაადო მთავარ ეპიზოდებს, ხოლო შესავალ ნაწილში, ქანდაკების გახსნის ცერემონიალზე გამომსვლელები, როგორც მიუთითებდა, ე. წ. „ტარაბარულ“ ენაზე აამეტყველა, ანუ დაამახინჯა მათი ხმები ისე, რომ ხეირიანად არც კი ისმოდა, რას ლაპარაკობდნენ. ამით ხაზი გაესვა ქალაქის ოფიციოზის სადღესასწაულო ინტონაციებს. ჩარლი არ აპროტესტებდა ხმოვან კინოს, არამედ მიანიშნებდა სიუჟეტის ამ მონაკვეთის სატირულობაზე. დანარჩენმა სადიალოგო ტექსტმა ინტერტიტრებში დაიკავა ადგილი.

„ქალაქის ლამპიონები“, ავანტიურული დრამის ნაცვლად, გამოვიდა ლირიკულ მოტივებზე აგებული ნამუშევარი, რომელიც დრამატულ მხარეებსაც შეიცავდა და სატირულსაც. ავტორმა მას უწოდა „რომანტიკული კომედია პანტომიმაში“ და ასეთი ქვესათაური წაუმძღვარა საწყის ტიტრებს. ოფიციალურ პრემიერამდე ორი კვირით ადრე ჩაპლინმა მოაწყო ფილმის წინასწარი ჩვენება ლოს ანჟელესის კინოთეატრ „თაუერში“. მის გასაკვირად დარბაზი სანახევროდ შეივსო და მაყურებელმაც ერთობ ცივი რეაქცია გამოამჟღავნა. შეცბუნებულმა ჩარლიმ დაუყოვნებლივი ზომები მიიღო – ხელახლა გადაამონტაჟა ზოგიერთი სცენა, უფრო დახვეწა თხრობის სტილი, გააძლიერა მისი ემოციურობა. პრემიერა შედგა 1931 წლის 30 იანვარს, ახალთახალ კინოთეატრ „ლოს ანჟელესში“. მიუხედავად იმისა, რომ უხმო ფილმები ნელ-ნელა მოდიდან გადადიოდა, „ქალაქის ლამპიონებმა“ გააოგნა დამსწრე საზოგადოება. ფეხზე წამომდგარმა აუდიტორიამ მქუხარე ოვაცია გაუმართა მის შემქმნელს. ბედნიერებისაკენ სწრაფვით, ადამიანური სითბოთი და სიყვარულით, ღირსების გრძნობით გაჯერებული კინოსურათი ჰოლივუდის ახალ სასწაულად მოინათლა, თუმცა ზოგიერთ კრიტიკოსს არ მოეწონა მისი სოციალური ქვეტექსტები.

„ახალი დროება“

1933 წლის ნოემბრისათვის ჩარლი ჩაპლინმა უილ ჰეიზს გაუგზავნა წერილი, რაშიცჩაწერა მომავალი კინოსურათის სათაური („ახალი დროება“) და თხოვა მას, დაერეგისტრირებინა მისი მიღების თარიღი, ოღონდ წერილი ჯერჯერობით არ გაეხსნა, სანამ თავად არ დართავდა ნებას. სახელწოდების გასაიდუმლოება არ წარმოადგენდა უცხო ხილს კინოს სამყაროსათვის, მაგრამ ამგვარი ნაბიჯი მაინც ძველმოდურად ჩაუთვალეს ჩარლის. სამაგიეროდ, ყველას გაუღვივდა ცხოველი ინტერესი მას შემდეგ, რაც მან გამოაცხადა, რომ ეს ნამუშევარი იქნებოდა ხმოვანი. მას სურდა, გაეხმოვანებინა რამდენიმე ეპიზოდი, რისთვისაც მოამზადა დიალოგები. თავის ახალ მუზასთან – პოლეტ გოდარდთან, ვისაც უნდა განესახიერებინა ქალის მთავარი როლი, ერთად ჩაპლინმა ხმის სინჯებიც კი გააკეთა და აღმოჩნდა, რომ კინოსთვის ორივე მათგანს კარგი და სასიამოვნო ხმის ტემბრი ჰქონდათ, თუმცა ის არ დაკმაყოფილდა მხოლოდ ამით და დანაპირები გადათქვა.

ფილმის გადაღებამ გასტანა ათ თვეს და 1935 წლის აგვისტოში გასრულდა. მისი გმირი მაწანწალა ამჯერად ცხოვრობდა „დიდი დეპრესიისა“ და ინდუსტრიალიზაციის ეპოქაში, სადაც მანქანები ცვლიდნენ ადამიანურ შრომას. გენიალურად აწყობილი სიუჟეტი თანამედროვეობას სატირულად ასახავდა და დამაინტრიგებელი მოქმედებით ვითარდებოდა. რეჟისორი არ შეუშინდა ცალკეული მწვავე, პრობლემატური საკითხის წინ გამოტანასაც.

„ახალი დროება“ გაკეთდა უხმო კინოს ფორმატში, რასაც, წინა ნამუშევარივით, დაერთო მუსიკა (რომელიც ამ შემთხვევაშიც ჩარლიმ შეთხზა) და ხმოვანი ეფექტები. ამჯერად მასში „ალაპარაკდნენ“ აპარატები: ვიდეოფონი, მექანიკური ფონოგრაფი და რადიო. ავტორმა თავისივე ხმით იმღერა ერთი პოპულარული ფრანგული კომპოზიციის მოტივზე აგებული სიმღერა, მაგრამ იმპროვიზებულად, ფრანგულ და იტალიურ ენებთან მიახლოებული, გაურკვეველი სიტყვების გამოყენებით. ფაქტობრივად, მან ხმოვანი კინოს დეტალები შეაზავა უხმო კინოს კლასიკურ თხრობას და ამას იმით ხსნიდა, რომ სანამ ჩემს ამპლუაში ვრჩები, ფილმში ვერ ვილაპარაკებ, რამეთუ მაშინ ჩემი სიარულის მანერა სრულებით უნდა შევცვალო, პირველივე სიტყვიდან ჩემი ჩვეული ხასიათი აღარ იქნება განზოგადებული ფიგურა, სიხარულისა და ვაების განსახიერება, რაც აგრერიგად გასაგებია მაყურებლისათვის როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში, ან სადღაც ეთიოპიაშიო.

„იუნაითედ ართისთსის“ მმართველების წინასწარმეტყველება ახდა – „ახალმა დროებამ“ ვერ მოიტანა მოსალოდნელი მოგება და ავტორს ისევ გაუჩინა საფიქრალი, როგორ წარემართა შემდგომი კინომოღვაწეობა.

„დიდი დიქტატორი“

„დიდი დიქტატორი“ უნდა ყოფილიყო ჩაპლინის პირველი ხმოვანი კინოსურათი დეტალურად გაწერილი სცენარით. მასში მოქმედება მიმდინარეობდა მოგონილ სახელმწიფოში – ტომეინიაში, რომელსაც მართავდა დიქტატორი ადენოიდ ჰინკელი. ადვილი მისახვედრი იყო, რას და ვის გულისხმობდა ავტორი. იმ ეპოქის ჰოლივუდში ხშირად მიუმართავთ ამგვარი ხერხისათვის, როდესაც სიუჟეტს გაათამაშებდნენ რომელიღაც გამოგონებულ ქვეყანაში. ძირითადად, ეს ხდებოდა რომანტიკულ მელოდრამებსა და ექსცენტრიკულ კომედიებში, ჩარლიმ კი ასეთი ხერხი პაროდიისა და პოლიტიკური სატირისათვის გამოიყენა. იმავდროულად, იგი დაითრგუნა ნაცისტურ გერმანიაში ებრაელების წინააღმდეგ ძალადობის გაძლიერებით და მეორე მთავარ გმირად სცენარში შეიყვანა ებრაელი პარიკმახერი, რომელიც ტყუპისცალივით ჰგავდა ტომეინიის დიქტატორს. გადაწყდა, რომ ორივე როლი თავად ჩაპლინს ეთამაშა. მისივე ინიციატივით მთავარ პერსონაჟებს დაემატა ბენზინო ნაპალონი, მეორე სახელმწიფოს − ბაქტერიის დიქტატორი (რასაკვირველია, აქ მან ბენიტო მუსოლინი და იტალია იგულისხმა).

1939 წლის სექტემბერში, მეორე მსოფლიო ომის გაჩაღების ორი კვირის თავზე, მან დაიწყო გადაღება, უმეტესწილად, საკუთარ კინოსტუდიასა და ლოს ანჟელესის შემოგარენში და წინა ფილმებთან შედარებით უფრო მცირე დროში, ექვს თვეში ჩაატია გადასაღები პერიოდი.

1940 წლის 15 ოქტომბერს „დიდი დიქტატორის“ პრემიერა ჩატარდა ერთბაშად ორ ნიუ-იორკულ კინოთეატრში, „ქეპიტოლსა“ და „ასტორში“. ორივე ღონისძიებას დიდძალი მაყურებელი დაესწრო. ამერიკული პუბლიკა თბილად შეხვდა კინოსურათს. კინოთეატრების სალაროებთან თვალუწვდენელი რიგები დადგა. პირველ ორ თვეში ფილმმა უზარმაზარი მოგება ნახა. წარმატებით გავიდა ის დიდ ბრიტანეთშიც, სადაც მაყურებლის რაოდენობამ ცხრა მილიონს უწია.

დევნა კომუნიზმის ბრალდებით

მეორე მსოფლიო ომის წლებში ჩარლი ჩაპლინი ერთმანეთს წარმატებით უნაცვლებდა საზოგადოებრივსა და შემოქმედებით აქტივობებს. იგი არ ემხრობოდა მავანი ამერიკელი პოლიტიკოსების მოწოდებას, რომ თანაბრად უნდა განადგურებულიყვნენ როგორც ნაცისტები, ისე ბოლშევიკები. ერთხელაც საბჭოთა კავშირის მხარდასაჭერ მიტინგზე წარდგა სიტყვით და განაცხადა, რომ გულშემატკივრობდა საბჭოთა ხალხის მიერ ომში გამოჩენილ ჰეროიზმსა და მტკიცე ხასიათს. ამასობაში, ერთ სკანდალშიც გაეხვა, რითაც აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ყურადღება მიიპყრო, თუმცა მალევე ყველაფერი გაირკვა და საქმე მის სასარგებლოდ შეტრიალდა. ჟურნალისტები თვალყურს ადევნებდნენ ჩარლის თითოეულ ნაბიჯს, ცდილობდნენ, გამოეჭირათ რაიმე უკანონო ქმედებაში, მაგრამ ამაოდ ირჯებოდნენ. ჭორი ჭორს ენაცვლებოდა, ხელჩასაჭიდი ფაქტი რაიმე ახალი სკანდალის ასაგორებლად კი არსად ჩანდა.

ჩაპლინა ადანაშულებდნენ ანტიამერიკულ საქიანობასა და საბჭოთა კავშირის მიმართ სიმპათიებში. ჟურნალისტები უწყობდნენ შეტევებს უხერხული და უტაქტო კითხვებით მათ შორის, მის სიმპათიებზე საბჭოთა კავშირის მიმართ, თხოვეს, დაეზუსტებინა თავისი პოლიტიკური შეხედულებები, ხომ არ თანაუგრძნობდა კომუნისტებს, მართალია, გადასახადებს კი იხდიდა, მაგრამ რატომ არ იღებდა რაიმე მორალურ პასუხისმგებლობას იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობდა და საქმიანობდა და ა. შ. ჩარლის ოფლმა დაასხა. მან გულღიად და პატიოსნად გასცა პირველივე შეკითხვებს პასუხები, რომ არც ერთი პარტიის წევრი არ იყო და არჩევნებშიც არასოდეს მიუღია მონაწილეობა, არც კომუნისტებს ემხრობოდა და არც არავის, რომ საერთოდ არ გააჩნდა პოლიტიკური შეხედულებები. შემდეგ ერთმა კერკეტმა რეპორტიორმა გაუხსენა ადრინდელი გამოსვლა რომელიღაც თავყრილობაზე, სადაც უთქვამს, რომ იყო მსოფლიოს მოქალაქე და თითქოსდა ამით შეურაცხყოფა მიუყენებია ამერიკელი ჯარისკაცებისათვის.

1947 წლის ივნისში აშშ-ის კონგრესის ერთმა წევრმა ოფიციალურად მოითხოვა ჩაპლინის გასახლება ქვეყნიდან. პრესასა და რადიოში მას კომუნისტად და მატყუარად რაცხდნენ. მის, როგორც კომუნისტებისადმი სიმპათიით განწყობილ პერსონას თვალი დაადგა ანტიამერიკული საქმიანობის შემსწავლელმა კომიტეტმა. აღიძრა საქმე, რომელიც 400 გვერდს მოიცავდა. ჩარლი კომიტეტის სხდომაზე ჯერ გამოიძახეს, ხოლო მას შემდეგ, რაც მისმა წევრებმა შეიტყვეს, რომ იგი მაწანწალას კოსტიუმში აპირებდა მათთან გამოცხადებას, გამოძახება გაურკვეველი დროით გადადეს. სახელოვანი კომედიანტი ისევ შარში გახვეული აღმოჩნდა.

„რამპის შუქი“

ჩაპლინს ცუდი წინათგრძნობა ტანჯავდა, რომ ერთ დღეს ვეღარ შეძლებდა კამერის წინ თამაშს და ამის გახსენება ზარავდა. როდესაც ფიქრობდა ახალ პროექტზე, მოაგონდა ძველი ნაცნობი, ამერიკელი კლოუნი, რომელიც პირველად რომ ნახა, მოიხიბლა მისი საშემსრულებლო ოსტატობით, რამდენიმე წლის შემდეგ კი, როცა ხელმეორედ იხილა, გაოგნდა მისი დაღმასვლის გამო. ამ გარემოებამ გადააწყვეტინა, გადაეღო კინოსურათი „რამპის შუქი“, რაშიც შეიტანდა ავტობიოგრაფიულ მომენტებს არა მარტო თავისი ბავშვობის მოგონებებიდან, არამედ ამერიკული ცხოვრებიდანაც. ის იმედოვნებდა, რომ აღნიშნული ნამუშევარი გახდებოდა მისი უკანასკნელი დიდებული ფილმი, რითაც იდეალურად გაასრულებდა კინემატოგრაფიულ შემოქმედებას.

სცენარის დამუშავებამ სამი წელიწადი წაიღო. 1951 წლის ნოემბერში ჩარლიმ გადაღება წამოიწყო საკუთარ სტუდიაში. ქალის მთავარ როლზე მან მიიწვია ბრიტანელი ქლეარ ბლუმი, რომელიც აღფრთოვანებას ვერ მალავდა სიხარულისაგან. როლები მიიღეს უილერ დრაიდენმა, ჩაპლინის ხუთმა შვილმა და მეუღლემ, უნა ო’ნილმა (ეს უკანასკნელი ერთ მასობრივ სცენაში ათამაშეს). ყველასათვის დიდი მოულოდნელობა იყო ბასტერ კიტონის გამოჩენა ფილმში. ადრე იგი ჩარლის უშუალო კონკურენტად მოიაზრებოდა, თუმცა არც ერთსა და არც მეორეს აუგი არასოდეს დასცდენიათ ერთმანეთის მიმართ. მაშინ კიტონი დეპრესიაში იმყოფებოდა, ამიტომ სასახელო კოლეგის შეთავაზებამ მხნეობა შემატა. თანაც, როცა გაიგო, რომ ჩაპლინს უარესი დეპრესია აწუხებდა, მიზნად დაისახა, ერთგულად ამოდგომოდა მას მხარში.

რადგანაც ფილმის სიუჟეტი ლონდონში ვითარდებოდა, რეჟისორმა მთავარი პრემიერის ადგილად თავისი მშობლიური ქალაქი აირჩია. 1952 წლის 18 სექტემბერს იგი, ოჯახთან ერთად, გემით გაემგზავრა ინგლისისაკენ. ჯერ კიდევ გზაში მყოფ კინოხელოვანს აცნობეს, რომ აშშ-ის მთავრობამ გააუქმა თავისივე გაცემული ნებართვა მის უკან დაბრუნებაზე, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, ემიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურს დაავალა მისი დაპატიმრება. ამის დასასაბუთებლად მოიყვანეს კანონის მუხლი, რის მიხედვითაც ქვეყანაში შესვლა ეკრძალებოდა იმ უცხოელებს, ვისაც აწუხებდა ჯანმრთელობა, ეწეოდა კომუნიზმის პროპაგანდას ან ჰქონდა კავშირი კომუნისტურ და პროკომუნისტურ ორგანიზაციებთან. ჩარლი რეტდასხმული ჩავიდა სამშობლოში.

„რამპის შუქის“ ლონდონური პრემიერა შედგა 1952 წლის 16 ოქტომბერს. იგი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ბრიტანეთის ტელევიზიით. ჩაპლინი გულთბილ მილოცვებს იღებდა და ისევ დიდების ზენიტში ნავარდობდა. ლონდონიდან რეჟისორი წავიდა ჯერ პარიზში, მერე რომში, სადაც ასევე წარმატებით ჩატარდა კინოსურათის პრემიერები. გულთბილი შეხვედრები გაუმართეს მას ადგილობრივმა კინემატოგრაფისტებმაც. პრემიერა მოეწყო ნიუ-იორკშიც. აშშ-ის აღმოსავლეთის ქალაქებში დაგეგმილმა ჩვენებამ კარგად ჩაიარა, მაგრამ შემდგომ ფილმი ისე მოხსნეს ეკრანებიდან, რომ დანარჩენ ტერიტორიებზე აღარც უჩვენებიათ 20 წლის განმავლობაში.

შვეიცარიაში

1953 წელს ჩაპლინი დასახლდა შვეიცარიაში, ჟენევის ტბის მახლობელ მამულში. იმავე ხანებში მან მეუღლე მიავლინა ოკეანისგაღმა სახლისა და კინოსტუდიის გასაყიდად, არქივების წამოსაღებად და ფინანსური სახსრების გადმოსაქაჩად ევროპულ ბანკებში. ამასობაში, აშშ-ის მთავრობამ გაუგზავნა ქვეყანაში შესვლის ნებართვა, მაგრამ ამაყმა ჩარლიმ ეს დოკუმენტი უკან დააბრუნა. შვეიცარიულ სიმყუდროვეში იგი თავს შესანიშნავად გრძნობდა, ისვენებდა, ოჯახური გარემოთი ტკბებოდა. ერთი წლის შემდეგ მან ახალ სცენარს მიჰყო ხელი. პროექტს ერქვა „მეფე ნი“უ-იორკში“, რომლის მთავარ პერსონაჟად უნდოდა ან ტრადიციული მაწანწალა გამოეყვანა, ან ვერდუ, მაგრამ გადაიფიქრა და გადაწყვიტა, ეთამაშა გამოგონილი ქვეყნიდან აშშ-ში გაქცეული მონარქი, რომელსაც უცხო სამყაროში უცნაური თავგადასავალი გადახდება. ჩარლის სატირულ მახვილს არ გამოპარვია მისივე ბიოგრაფიის ბოლოდროინდელი მოვლენები და სიუჟეტში ჩართო ქარაგმული პასაჟები ამერიკული ცხოვრების წესზე, ანტიამერიკული საქმიანობის შემსწავლელ კომიტეტზე, გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და ა. შ.

1956 წელს ჩაპლინმა დააარსა კინოკომპანია „ატიკა“, რომლის ეგიდით უნდა ეწარმოებინა და გაევრცელებინა კინოსურათი. რადგანაც აღარ გააჩნდა საკუთარი კინოსტუდია, მომავალი გადაღებისათვის მან შეარჩია შეპერტონის ბრიტანული სტუდია და მის ხელმძღვანელობასთან დადო კონტრაქტი. ჩარლიმ სარეკორდო ვადაში – 12 კვირაში გადაიღო ფილმი, რომელიც 1957 წლის სექტემბრიდან გავიდა ევროპულ კინოდარბაზებში. აღსანიშნავია, რომ მანვე პარიზული პრემიერიდან გააძევა ამერიკელი ჟურნალისტები, რამაც (და კიდევ სხვა მიზეზებმა) გამოიწვია 15 წლით ამ ნამუშევრის აკრძალვა აშშ-ის კინობაზარზე.

„მეფე ნიუ-იორკში“ ფორმით და შინაარსით საკმაოდ ორგანული კომედია, ექსცენტრიკული პამფლეტი გამოდგა. ასაკის მიუხედავად, ჩაპლინი ისეთი სიმსუბუქით თამაშობდა, რომ ერთმა მსახიობმა იგი ორკესტრის დირიჟორს შეადარა. ჩარლიმ დრამატული სიუჟეტი ფარსად აქცია და მას უწოდებდა თავის ყველაზე მეამბოხურ ნაწარმოებს, რითაც უარს აცხადებდა, ყოფილიყო ამგვარი მომაკვდავი ცივილიზაციის ნაწილი.

მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში ჩაპლინი წერდა მემუარებს, რაც 1964 წელს გამოსცა „ჩემი ავტობიოგრაფიის“ სახელწოდებით.

სიცოცხლის ბოლო წლები

1966 წელს პაინვუდის ბრიტანულ კინოსტუდიაში შეუდგა ბოლო ფილმის, „ჰონკონგელი გრაფინია“ გადაღებას. მთავარ როლებზე მან მიიწვია სოფია ლორენი და მარლონ ბრანდო (თვითონ მხოლოდ მცირე ეპიზოდში გამოჩნდა) და ტრაბახობდა, რომ იღებდა ნამდვილ ავანტიურას, რადგან მანამდე არ ჰქონია საშუალება, ეხელმძღვანელა ასეთი უმაღლესი რანგის „კინოვარსკვლავებისათვის“. კინოსურათი ეკრანებს მოევლინა 1967 წლის დასაწყისიდან, მაგრამ მაყურებელმა ცივად მიიღო იგი. ჩარლი წუხდა, რომ მსახიობებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს სცენარი და მეტად შებოჭილებმა ითამაშესო.

1972 წელს ნავსი გატყდა – ამერიკულმა კინოაკადემიამ ჩარლი დაპატიჟა კინემატოგრაფში გაწეული ღვაწლისათვის საპატიო „ოსკარის“ გადასაცემად. მოხუცებული დიდოსტატი წავიდა აშშ-ში და როდესაც ცერემონიალის სცენაზე გამოჩნდა, აუდიტორია 12 წუთი უკრავდა ტაშს. მომდევნო წელს მან, რეიმონდ რაშმა და ლერი რასელმა აიღეს „ოსკარი“, როგორც „რამპის შუქის“ კომპოზიტორებმა. 1977 წლის 25 დეკემბერს, 88 წლის ჩარლზ ჩაპლინი გარდაიცვალა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები