ლეგენდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლეგენდაფოლკლორის პროზაული ჟანრი რომელიც რელიგიურ რწმენას ემყარება და ფანტასტიკურ-სასწაულებრივ ამბავს სინამდვილის სახით გადმოგვცემს.

ლეგენდის წარმოშობა ადამიანთა საზოგადოებრივი ცხოვრების უძველეს ეპოქას მიეკუთვნება. ცნობილია, რომ შუამდინარეთის ხალხებს ჯერ კიდევ მესამე ათასწლეულში (ჩვენს წელთაღრიცხვამდე) მოეპოვებოდათ ასეთი ნაწარმოებები. როცა ლეგენდის წარმოშობას უძველეს დროს ვუკავშირებთ, მხედველობაში გვაქვს არა ტერმინი, არამედ ის ფოლკლორული ნიმუშები რომლებსაც სიტყვა „ლეგენდა“ ერთ დამოუკიდებელ ჟანრად აერთიანებს. თვით ტერმინს გაცილებით მცირე ხნის ისტორია აქვს.

„ლეგენდა“ თავდაპირველად აღნიშნავდა წმინდანების „ცხოვრებისა“ და „ვნებების“, ნაწყვეტებს, რომლებიც ამ წმინდანებისადმი მიძღვნილ საეკლესიო მსახურებისა და მონასტრული ტრაპეზის ღღეებში იკითხებოდა. შემდეგ სიტყვის მნიშვნელობა გაფართოედა. იგი გამოყენებულ იქნა არა მარტო რიტუალური პროზაული ნაწარმოებების, არამედ ყოველგვარი რელიგიურ-დიდაქტიკური მოთხრობის აღსანიშნავად, რომლებშიც გადმოცემული იყო ფანტასტიკური ბიოგრაფიული ეპიზოდები ქრისტიანულ პიროვნების, ცხოველის მცენარისა თუ საგნისა.

ზოგჯერ „ლეგენდას“ კიდევ უფრო ფართო გამოყენება ჰქონდა. ამ ტერმინით აღნიშნავდნენ არაქრისტიანულ რელიგიურ მოთხრობებს რომლებიც ბუდას, მუჰამედის თუ სხვათა კულტურებისადმი იყო მიძღვნილი. გარდა სასულიერო მოღვაწეებისა, ლეგენდას ხშირად ერისკაცებსაც — მეფეებს, დიდ ფეოდალებს, ხალხის სახელოვან ადამიანებს უკავშირებდნენ და მათ ცხოვრებას რელიგიურ საბურველში ხვევდნენ.

უძველესი რწმენებისა და წარმოდგენების საფუძველზე აღმოცენებული ბევრი ლეგენდა ქრისტიანული რელიგიის გავლენით თვისობრივად გადახალისდა. საღვთო წერილებმა და აპოკრიფულმა ლიტერატურამ ნოყიერი ნიადაგი შეუქმნეს მრავალი ახალი ხალხური ლეგენდის წარმოქმნასა და გავრცელებას. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია შუასაუკუნეები, როცა მისტიციზმმა და დოგმატიზმმა უმაღლეს წერტილს მიაღწია და ცრუ რწმენებს ფართო გზა მისცა.

ქართულ ფოლკლორში გვაქვს როგორც წმინდა ქრისტიანულ-რელიგიური, ისე წარმართული რწმენის ამსახველი ლეგენდები. ზოგიერთი ლეგენდა ამ ორივე რწმენის უეჭველ კვალს ატარებს.

ნ. შამანაძე


ილიტერატურა

  • მ. ჩიქოვანი, ქართული ფოლკლორი, 1946 გვ. 279;
  • ქს. სიხარულიძე, მართული ხალხური საგმირო-საისტორიო სიტყვიერება, 1949, გვ. 9;
  • ნ. შამანაძე, ლეგენდის ჟანრობრივი სპეციფიკისათვის „მაცნე“, № 3, 1968;
  • მისივე, ქართული ხალხური ლეგენდები, 1973.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები