ვიოლინო
ვიოლინო - (იტალ. violino) სიმებიან-ხემიანი მუსიკალური საკრავი. ვიოლინოს ოჯახის (ვიოლინო, ალტი, ჩელო, კონტრაბასი) ყველაზე მაღალრეგისტრიანი საკრავი.
ვიოლინოს აქვს კვინტაზე აწყობილი 4 სიმი. დაკვრისას შემსრულებელს მხარზე უდევს. დიაპაზონია მცირე ოქტავის სოლ-იდან მეოთხე ოქტავის დო-მდე. სიგრძე 600 მმ. პედაგოგიურ პრაქტიკაში იხმარება უფრო მცირე ზომის ვიოლინოებიც. ვიოლინო ხმას გამოსცემს ხემის სიმზე გასმით (ზოგჯერ ფლაჟოლეტით და პიციკატოთი).
ვიოლინოს კლასიკური ტიპი ჩამოყალიბდა XV-XVI სს-ში იტალიასა და საფრანგეთში. XVI–XVIII სს. იტალიაში შეიქმნა ვიოლინოს ოსტატთა უდიდესი სკოლა (გ. და სალო, ჯ. მაჯინი, ა. და ნ. ამატები, ჯ. გვარნერი, ა. სტრადივარიუსი და სხვა). იტალიელმა ოსტატებმა საბოლოოდ ჩამოაყალიბეს საკრავის კონსტრუქცია და გამოიმუშავეს ბგერის სპეციფიკური სავიოლინო ტემბრი. XVII-XVIII სს-ის იტალიური ვიოლინო დღემდე საშემსრულებლო სრულყოფილების ნიმუშია. XVII–XVIII სს. საკრავიერი მუსიკის ახალი ჟანრები – სოლო სონატა და სოლო კონცერტი თავდაპირველად წარმოიშვა როგორც სავიოლინო მუსიკის ჟანრები.
ვიოლინოს ოჯახის საკრავებმა XVIII ს-ში საფუძველი შეუქმნეს კლასიკურ სიმფონიურ ორკესტრსა და სიმებიან ანსამბლებს. ვიოლინოსთვის დაწერილია მრავალი კლასიკური ნაწარმოები, მათ შორის: მოცარტის, ბეთჰოვენის, მენდელსონის, ბრამსის, ჩაიკოვსკის, სიბელიუსის, გლაზუნოვის, შოსტაკოვიჩის, ხაჩატურიანის და სხვ. სავიოლინო კონცერტები. საქართველოში – ა. მაჭავარიანის, ო. თაქთაქიშვილის, ს. ცინცაძის, ფ. ღლონტის და სხვა კონცერტები.