რუდენკო ბორის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბორის რუდენკო – (1896, თბილისი, – 1942, ლენინგრადი), რუსი ენათმეცნიერი.

დაამთავრა თბილისის ვაჟთა გიმნაზია (1914), თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ეკონომიის ფაკულტეტი (1924) და სადიპლომოდ წარმოდგენილი ნაშრომის „История и деятельность Кахетинского союза кредитных и ссудосберегательных товаров“) საფუძველზე მიენიჭა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1933 ჩაირიცხა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში ლენინგრადში, ენათმეცნიერების (კერძოდ, ქართული ენის) განხრით, რომელიც დაამთავრა 1935 და დაიცვა დისერტაცია ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად („Опыт систематизации грамматических явлений современного литературного грузинского языка“), იმავე წლიდან მუშაობდა ლენინგრადის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის კავკასიური კაბინეტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად.

რუდენკოს „ქართული ენის გრამატიკა“

1940 ლენინგრადში გამოიცა რუდენკოს „Граматика грузинского языка“(დაიბეჭდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის შრომების XXXII ტომში). გრამატიკა ქართული ენის შემსწავლელი რუსი მკითხველისათვისაა გათვალისწინებული. წიგნი (275გვ.) შედგება ოთხი ძირითადი ნაწილისაგან და საკითხების მიხედვით დაყოფილია I27 პარაგრაფად. ნაშრომს წინ უძღვის წინასიტყვაობა წიგნის დანიშნულების შესახებ. შესავალ ნაწილში ზოგადად დახასიათებულია ქართველური ენები, ძველი და ახალი ქართული ენა და დიალექტები და მიმოხილულია მათი შესწავლის ისტორია. ნაშრომში ყველაზე ვრცლად წარმოდგენილია მორფოლოგია, რომელშიც განხილულია არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი, ნაცვალსახელი, რიცხვითი სახელი. განხილულია ბრუნვათა ფუნქციები და მათი გამოყენება. ზმნასთან დაკავშირებით განხილულია მოქმედებითი და ვნებითი გვარის ზმნათა უღლება, საშუალი გვარის ზმნები, უღლების ობიექტ. წყობა, იძულებითი გვარი (კაუზატივი), ნასახელარი ზმნები; შემდეგ – ზმნიზედა, თანდებულები, კავშირები, შორისდებულები, ძახილები და სიტყვაწარმოება. სინტაქსის საკითხები აქა-იქ არის განხილული მორფოლოგიასთან დაკავშირებით.

აგებულებისა და შედგენილობის მიხედვით გრამატიკა ძირითადად აღწერითი და კომპილაციური ხასიათისაა. ავტორს გარკეეული წყაროებით უსარგებლია, თუმცა არც ერთი გრამატიკა ზუსტად არ გაუმეორებია. იმ შრომებიდან, რომლებითაც რუდენკოს უსარგებლია, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ნ. მარისა და მ. ბრიერის მიერ 1931 პარიზში ფრანგულ ენაზე გამოცემული „ქართული ენა“. საერთოდ, რუდენკო ნ. მარის სწავლების დიდ გავლენას განიცდიდა და ეს გავლენა წიგნშიც იჩენს თავს. ამის შედეგია, მაგ, ის, რომ გრამატიკაში მარისტულად არის გადაწყვეტილი ქართველური ენების წარმოშობის საკითხი, მისი სემიტურ ენებთან დაკავშირება, ქართული ენის პერიოდიზაცია და სხვ.

რუდენკო როგორც ჩანს, ითვალისწინებდა ი. ყიფშიძის მეგრული ენის გრამატიკასაც. ხელმძღვანელობდა აგრეთვე აკ. შანიძის შრომებით და, უპირველესად, მისი 1930 გამოცემული ქართული ენის გრამატიკით. იგი იცნობდა ი. სიხარულიძის, არნ. ჩიქობავას, ს. იორდანიშვილისა და სხვა თანამედროვე ენათმეცნიერთა შრომებს. წიგნში დამოწმებულია 1936 გამოქვეყნებული ქართული სალიტერატურო ენის ნორმებიც.

რუდენკს გრამატიკა დამოუკიდებლად აგებული და შედგენილი სახელმძღვანელოა, რაც განსაკუთრებით იგრძნობა მასალის შერჩევა-დალაგებასა და ზოგი ტერმინის დადგენაში. იგი კარგად იცნობს გასაანალიზებელ მასალას და ცდილობს, რომ რუს მკითხველს შეუქმნას გარკვეული წარმოდგენა ქართული ენის რთული აგებულების შესახებ

მსჯელობისას ავტორი არ არის ყოველთვის თანამიმდევრული. წიგნში შეინიშნება ცალკეული შეცდომები და უზუსტობანი. ზოგი საკითხის ახსნა სადავოა, ზოგს სისრულე აკლია. ხშირად იგი ურევს ლიტერატურულ და დიალექტურ ფორმებს, სანიმუშო მასალა ყოველთვის სათანადოდ ვერაა შერჩეული, ზოგჯერ კი მაგალითების თარგმნისას დაშვებულია შეცდომებიც.

მიუხედავად ამისა, წიგნმა იმ დროისათვის გარკვეული დადებითი როლი შეასრულა და რუს მკითხველს მიაწოდა არაერთი საჭირო ცნობა ქართული. ენის აგებულების შესახებ, დაეხმარა მას ქართული ენის ბუნებისა და მისი გრამატიკული სტრუქტურის გაგებაში.

თ. ზურაბიშვილი



ლიტერატურა

  • მეგრელიძე ი. რუდენკო და მისი „ქართული ენის გრამატიკა“. – „სტალინირის სახელმწ. პედ. ინ-ტის შრომები“. II. 1955.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები