რიცხვითი სახელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რიცხვითი სახელი – მეტყველების ნაწილი, დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე სიტყვა. განსაზღვრავს სახელს რაოდენობის ან რიგის მიხედვით, ან გამოხატავს საგნის ნაწილს მთელთან მიმართებით. ამის მიხედვით გვაქვს: რაოდენობითი, რიგობითი და წილობითი რიცხვითი სახელები. რაოდენობითი რიცხვითი სახელი აღნიშნავს საგნის რაოდენობას, მაგ. ერთი, შვიდი, ათი, ათასი, მილიონი. აგებულების მიხედვით რაოდენობითი რიცხვითი სახელი შეიძლება იყოს მარტივი (ერთი, ოცი, ასი) და რთული (/ა/თ-ერთ-მეტი, ოც-და-ათი, ათ-ასი). რიგობითი რიცხვითი სახელი აღნიშნავს საგნის რიგს: პირველი, მეშვიდე, ორმოცდამეხუთე, მეათასე. რიგობითი რიცხვითი სახელი იწარმოება რაოდენობითზე მე-ე ცირკუმფიქსის დართვით. გამონაკლისია მხოლოდ პირველი, რომელიც „მეერთეს“ ენაცვლება. წილობითია რიცხვითი სახელი, რომელიც გამოხატავს მთელის ნაწილს რიცხობრივი შეფარდებით, მაგ., მესამედი, მეექვსედი, ოცდამეერთედი, მეორედის ნაცვლად იხმარება ნახევარი.

წინადადებაში რიცხვითი სახელი, ჩვეულებრივ, არსებით სახელთან ერთადაა, როგორც მსაზღვრელი, ზოგჯერ დამოუკიდებლადაც გვხვდება. არსებითთან ბრუნებისას რიცხვითი სახელი იბრუნვის სათანადო ფუძის ზედსართავი სახელების მსგავსად, ხოლო დამოუკიდებლად იბრუნვის ისევე, როგორც სათანადო ფუძის მქონე არსებითი სახელები. სახელდობრ, რაოდენობით რიცხვით სახელთაგან ხმოვანფუძიანია მხოლოდ რვა და ცხრა, დანარჩენი სახელები თანხმოვანფუძიანია; რიგობითი რიცხვითი სახელები ხმოვანფუძიანია (ფუძე მთავრდება ე ხმოვანზე), გამონაკლისია პირველი; ყველა წილობითი რიცხვითი სახელი თანხმოვანფუძიანია.

გარკვეული რიცხვის აღმნიშვნელი სახელების გარდა, არსებობს გაურკვეველი რიცხვის აღმნიშვნელი სახელები, მაგ., ბევრი, ცოტა, მრავალი, რამდენიმე.

ევროპული გრამატიკული ტრადიციით, რიცხვითი სახელი თავდაპირველად არ გამოიყოფოდა როგორც დამოუკიდებელი მეტყველების ნაწილი. მის გამოყოფაში არსებითი როლი ითამაშა იმან, რომ რიცხვით სახელითა ლექსიკური სემანტიკა მკაფიო და ერთგვაროვანია. სწორედ ამის გამო, რიცხვითი სახელები აღმოჩნდა იმ სიტყვათა შორის, რომელთა შედარებამაც საფუძველი ჩაუყარა შედარებით-ისტორიულ ენათმეცნიერებას.

ენათა უმეტესობაში თვლის სისტემა ათობითია მაგ., რუსულში: пятьдесят (50), шестьдесят (60), семьдесят (70), восемьдесят (80), двадцать (20) < двадесять, тридцать (30) < тридесять. არსებობს ოცობითი, ხუთობითი, თორმეტობითი და სხვა სისტემებიც. ქართული თვლის სისტემა შერეული ტიპისაა: ნაწილობრივ ათობითია, ნაწილობრივ – ოცობითი: ოცი, ორმოცი, სამოცი, ოთხმოცი, მაგრამ – ოცდაათი, ორმოცდაათი, სამოცდაათი, ოთხმოცდაათი.

ნ. ლოლაძე


ლიტერატურა

  • შანიძე ა. ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, I. მორფოლოგია, თბ., 1

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები