მარაბდის ბრძოლა 1625
მარაბდის ბრძოლა 1625 – ქართლ-კახეთის ლაშქარსა და ირანის შაჰის აბას I-ის ჯარებს შორის.
ქართველთა აჯანყების ჩასახშობად შაჰმა საქართველოში დიდი ლაშქარი გამოგზავნა ისა-ხან ყორ-ჩიბაშის სარდლობით. ირანელები მარაბდის ველზე იდგნენ. ქართველთა სამხედრო საბჭოზე გადაწყდა მტერზე თავდასხმა. 1 ივლისს 20 ათ-ანი ქართული ლაშქარი თეიმურაზ I-ისა და გიორგი სააკაძის სარდლობით კოჯორ-ტაბახმელას მაღლობებიდან ჩამოვიდა და ირანელებს შეუტია. ქართველებმა მტრის ავანგარდი დაამარცხეს და მის ბანაკში შეიჭრნენ.
ირანელთა დამარცხება გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ გამოცდილი სარდალი ისა-ხანი ბრძოლას არ წყვეტდა. აქ თავი იჩინა ქართული ფეოდალური მხედრობის დაბალმა დისციპლინამ; მეომართა ერთი ნაწილი ბრძოლას გამოეთიშა და მტრის ბანაკის ძარცვას მიჰყო ხელი. ამ დროს ისა-ხანს მაშველი ჯარი მოუვიდა, აზერბაიჯანის ბეგლარბეგის შაჰბენდეხანის ლაშქარი. ქართველებმა მტრის ახალი რაზმების დარტყმას ვეღარ გაუძლეს და უკუიქცნენ.
ბრძოლაში 9 ათ. ქართველი და 14 ათ. ირანელი დაეცა. მარაბდის ბრძოლაში დამარცხების მიუხედავად, ქართველებს იარაღი არ დაუყრიათ, ბრძოლა მეორე დღეს კოჯრის მიდამოებში გაგრძელდა.