სააკაძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გიორგი სააკაძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი სააკაძე - სიაუშ სააკაძის ძე (დაახ. 1570-1629), პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. ქალაქის (თბილისის) და ქართლის (ცხინვალის, დვალეთის, სომხითის) მოურავი / თბილისის ამირათ-ამირა 1608-1612 წწ., XVI ს-ის 90-იან წწ. წარმოშობით აზნაურთა ფენას ეკუთვნოდა.


სამოღვაწეო ასპარეზზე გამოდის სვიმონ I-ის დროს. სვიმონ I-თან ერთად იბრძოდა ოსმალების წინააღმდეგ. 1600-1606 წწ. იყო გიორგი X-ის თანამებრძოლი, შემდეგ მოღვაწეობდა ლუარსაბ II-ის კარზე.

1608-1612 წწ-ში ხელმძღვანელობდა პოლიტიკურ დასს, რომელიც იბრძოდა მეფის ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებისთვის. ყოველივე ეს მიუღებელი იყო დიდი თავადებისათვის. სწორედ ამან განაპირობა დიდ თავადთა უმრავლესობის შეურიგებელი მტრობა სააკაძის მიმართ. მისი გავლენა განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ლუარსაბმა 1611 ცოლად შეირთო სააკაძის და. 1612 დიდმა თავადებმა მოახერხეს დაეთანხმებინათ ლუარსაბი, რათა მოეკლათ სააკაძე. იგი იძულებული გახდა ირანში გადახვეწილიყო.

შაჰ-აბას I-მა სააკაძე დიდი პატივით მიიღო. ირანში ყოფნისას გიორგი დაუახლოვდა ხოსრო-მირზას (როსტომი), ფაქტობრივად ცნო იგი ქართლის ტახტის კანონიერ მემკვიდრედ და ხელი შეუწყო შაჰის კარზე მის დაწინაურებას. გიორგი სააკაძე იმედოვნებდა, რომ შეძლებდა თავისი მიზნებისათვის მის გამოყენებას, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ აბას I-ს საქართველოს მიმართ სულ სხვა გეგმები ჰქონდა. შაჰ აბასის საქართველოში ლაშქრობის დროს გიორგი სააკაძე ცდილობდა შერიგებოდა თავის მოსისხლე თავადებს, რათა განემტკიცებინა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ქართლის თავადებმა შერიგება არ ისურვეს. ისინი შაჰის სამსახურში ჩადგნენ და 1615 კიდევ ერთხელ სცადეს გიორგის მოკვლა. 1619 შაჰმა გიორგი სიმონ-ხანის ვექილად დანიშნა. გიორგიმ მჩქეფარე დიპლომატიური საქმიანობა გააჩაღა. შეურიგდა ფარსადან ციციშვილსა და ქაიხოსრო ბარათაშვილს, დაუკავშირდა იმერეთის მეფე გიორგი III-ს და გამარჯვების შემთხვევაში ქართლის ტახტი აღუთქვა, ქალიშვილი მიათხოვა სამცხის ათაბაგს ფარად-ფაშას, რათა საჭიროების შემთხვევაში მისი მეშვეობით, ოსმალთა დახმარება მიეღო. მარტყოფის აჯანყების შემდეგ სააკაძე ელოდა ირანელთა ახალ შემოსევას და დიდი მოსამზადებელი სამუშაო ჩაატარა. მისი ინიციატივით, თეიმურაზ I-მა თავისი ქალიშვილი დარეჯანი ზურაბ არაგვის ერისთავს შერთო. ამ ღონისძიებით უზრუნველყოფილიყო იყო ძლიერი ფეოდალის მხარდაჭერა. სააკაძემ დახმარება ოსმალეთს სთხოვა. ყიზილბაშთა მოკვეთილი თავები, დროშები ოსმალთა დიდ ვეზირს ჰაფიზ-ფაშას გაუგზავნა. გიორგი ამ უკანასკნელს ერთობლივი ძალებით ირანში შეჭრასა და შაჰ აბასის იმპერიის დამხობას სთავაზობდა. ჰაფიზ ფაშამ ვერ გამოიყენა ხელსაყრელი ვითარება. მარაბდის ბრძოლის შემდეგ სააკაძემ ყიზილბაშებს პარტიზანული ომი გაუმართა. ქსნის ხეობაში მან მთლიანად გაჟლიტა ყიზილბაშთა 112-ათასიანი ლაშქარი. აღსანიშნავია, რომ ყიზილბაშთა სარდლებიდან ამ ბრძოლიდან ცოცხლად მხოლოდ ხოსრო მირზამ გააღწია. საფიქრებელია, რომ ხოსრო მირზა თვით გიორგიმ გაატარა უვნებლად. 1625 წლის ზაფხულის ბოლოს სააკაძე სამცხეში ჩავიდა და სამცხის ციხეებიდან განდევნა ყიზილბაშები. აქედან გიორგიმ სულთანთან ელჩი გიორგი ქავთახაშვილ-ბარათაშვილი გაგზავნა და დახმარება სთხოვა. მურად IV-მ დახმარების ნაცვლად წყალობის სიგელი გამოუგზავნა. სამცხიდან სააკაძე იმერეთში გადავიდა და მოლაპარაკება გამართა გიორგი იმერეთის მეფესთან. მეფემ მას დახმარება აღუთქვა. ანალოგიური მოლაპარაკება გამართა სააკაძემ ლევან II დადიანთან. 1626 იგი ქართლში დაბრუნდა და თეიმურაზთან ერთად ქართლის ციხეებიდან ყიზილბაშებს ერეკებოდა. შაჰ აბასი დარწმუნდა, რომ ვერ შეძლებდა ქართლ-კახეთის ამოგდებას. შეურიგდა თეიმურაზს და ცნო იგი მეფედ. ეს შერიგება მიუღებელი იყო სააკაძისათვის, ამავე დროს პატივმოყვარე თეიმურაზს არ მოსწონდა სააკაძის ავტორიტეტის უსაზღვრო ზრდა. აღსანიშნავია, რომ ოსმალეთის სულთანი სააკაძეს „ქართლის მპყრობელ მოურავ-ხანს“ უწოდებდა და ელჩებსაც მას უგზავნიდა. ასეთ ვითარებაში თავადებმა შეძლეს მეფესა და მოურავს შორის განხეთქილების ჩამოგდება. ამ საქმეში გარკვეული როლი შეასრულა შაჰ აბასმაც. სააკაძე დარწმუნდა, რომ თეიმურაზის მეთაურობით იგი ვერ შეძლებდა საქართველოს გაერთიანებას და ორიენტაცია იმერეთის ტახტის მემკვიდრეზე – ალექსანდრე გიორგის ძეზე აიღო. თეიმურაზზე გამარჯვების შემთხვევაში ალექსანდრე ქართლ-კახეთის მეფე გახდებოდა, ხოლო გიორგი მეფის გარდაცვალების შემდეგ იმერეთიც ქართლ-კახეთს შეუერთდებოდა და ფაქტობრივად აღდგებოდა ერთიანი საქართველო. გიორგი იმერთა მეფემ მიიღო სააკაძის წინადადება და დამხმარე ჯარი გამოუგზავნა, მაგრამ გიორგი სააკაძე დამარცხდა ბაზალეთის ბრძოლაში და ოსმალეთში გადაიხვეწა.

გიორგი სააკაძე იქ დიდი პატივით მიიღეს და სამმართველოდ კონია ჩააბარეს. სააკაძე, ამჯერად ოსმალთა დახმარებით ფიქრობდა ქართლ-კახეთის ყიზილბაშებისაგან საბოლოოდ გაწმენდას. საქართველოს განთავისუფლებას და გაერთიანებას, ოსმალებისგან დახმარება არ ჩანდა. ამასობაში ირანში დიდი ცვლილებები მოხდა. 1629 წლის იანვარში გარდაიცვალა შაჰ აბას (ახალი შაჰი ტახტზე აიყვანა ხოსრო-მირზამ. ხოსრო-მირზა ირანის ფაქტობრივი გამგებელი გახდა, ოსმალეთზე იმედგაცრუებულმა სააკაძემ ორიენტაცია შეცვალა და ამჯერად ირანის, კერძოდ ხოსრო-მირზას დახმარებით ცდილობდა თავისი მიზნის მიღწევას. როგორც ჩანს, მან კავშირი დაამყარა ხოსრო-მირზასთან და ოსმალეთიდან საქართველოში აპირებდა გაქცევას. ოსმალებმა ეს ღალატად ჩაუთვალეს და ოსმალთა დიდი ვეზირის ხუსრევ-ფაშას ბრძანებით გიორგი სააკაძეს 1629 წლის 3 ოქტომბერს ჰალაბში (ალეპო) თავი მოკვეთეს.

წყაროები და ლიტერატურა

  • ვახუშტი 1973: 420; პალ 2007: 92-95;
  • სის 1961: 14, 38; ქსის 1955: 52, 83, 85;
  • ისქანდერ მუნში 1969: 73, 115, 121, 123, 124, 125, 132; ТКПФ 1955: 24, 38;
  • სინ 1973: 255-261, 273-275, 277-283;
  • ბერძენიშვილი 1966: 114-115.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები