ლუარსაბ II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლუარსაბ II – ქართლის მეფე 1606-1615 წლებში, გიორგი X-ის ძე.

გიორგი X-ის უეცარი გარდაცვალების შემდეგ, 1616 წელის გაზაფხულზე, ტფილისში მყოფმა შაჰ-აბას I-მა (1587-1629 წწ.) ქართლის სამეფო ტახტზე 14 წლის ლუარსაბი დაამტკიცა.

მას მეტად რთულ პოლიტიკურ ვითარებაში მოუხდა მეფობა. ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში იყო ოსმალთა ბატონობისაგან, რის გამოც „ფრიად გლახაკ და უპოვარ იყო ქართლი“. ლუარსაბის გამეფებისთანავე კი ქართლ-კახეთში ოსმალთა ბატონობა ყიზილბაშთა ბატონობით შეიცვალა. ამ დროს მიმდინარეობდა ირან-ოსმალეთის ომი (1602-1612 წწ.), რომლის ერთ-ერთი მთავარი ასპარეზი საქართველო იყო.

1609 წელს ოსმალეთის დიდი ჯარი ქართლში შემოიჭრა. როგორც ჩანს, მტერმა იცოდა, რომ ლუარსაბ II მცირე ამალით ცხირეთის ციხეში იმყოფებოდა და ცდილობდა იქითკენ გაჭრას. თევდორე მღვდლის თავდადებამ იხსნა მეფე და მისი ამალა განადგურებისაგან. მას ოსმალებმა მეგზურობა უბრძანეს, მღვდელმა თევდორემ კი მტერი შეგნებულად სულ სხვა მიმართულებით ატარა, რის გამოც ოსმალებმა იგი ხმლებით აკუწეს (მოწამებრივი სიკვდილით აღსრულებული მეფისა და ქვეყნისთვის თავდადებული მღვდელი თევდორე ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა). ამასობაში კი ლუარსაბმა ჯარი შეკრიბა და ქვიშხეთის ბოლოს, ტაშისკართან გამართულ ბრძოლაში ქართველებმა ბრწყინვალედ გაიმარჯვეს (ბრძოლას სარდლობდა გიორგი სააკაძე).

1610 წელს ლუარსაბ II შაჰ აბასს ეახლა ირანში, რომელმაც დააკმაყოფილა მეფის თხოვნა და მას თბილისის ციხე დაუბრუნა.

1611 წელს ლუარსაბ II-მ ცოლად შეირთო აზნაურ გიორგი სააკაძის და, რომელსაც დიდი თავადთა მოთხოვნით მალე გაეყარა. ამის შემდეგ მეფეს ცოლი აღარ შეურთავს და ტახტს პირდაპირი მემკვიდრე არ დარჩენია.

1612 წელს ლუარსაბ II-მ მოაკვლევინა ყაზახის ხანი მოჰამედი, რომელიც შაჰის წაქეზებით მტრობდა ქართლს. იმავე წელს ლუარსაბის და ხორეშანი ცოლად შეირთო კახეთის მეფემ თეიმურაზ I-მა, რითაც ქართლისა და კახეთის მეფეებს შორის კავშირი შეიკრა.

1612 წელს შაჰ-აბას I-მა ლუარსაბ II და თეიმურაზ I ნადირობის საბაბით მაზანდარანს დაიბარა, მაგრამ ისინი არ წავიდნენ, ურჩი ვასალების დასჯის მიზნით 1613 წელს შაჰი საქართველოსკენ დაიძრა. ქართლისა და კახეთის მეფეებმა იმერეთს შეაფარეს თავი. 1614 წლის ოქტომბერში, თავისი სამეფოს მრისხანე მტრის შემოსევისაგან გადარჩენის მიზნით, ლუარსაბ II შაჰს ეახლა.

შაჰ აბასი ლუარსაბს ქართლში დატოვებას დაჰპირდა, მაგრამ ნადირობის საბაბით ნელ-ნელა საქართველოდან გაიტყუა, ირანში ჩაიყვანა, დაატყვევა და გამაჰმადიანება მოსთხოვა, რაზედაც ქართველი მეფისაგან არაერთი უარი მიიღო.

1622 წელს იმ საბაბით, რომ მეფე ლუარსაბმა მტკიცე უარი განაცხადა ქრისტიანობის უარყოფაზე, შაჰ-აბას I-მა იგი გულაბის ციხეში (გულაბ-ყალაში) მშვილდის საბლით მოახრჩობინა. მისი წმინდა სხეული იმავე ციხის ეზოში დაკრძალეს. ქართულმა ეკლესიამ ლუარსაბ II წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 21 (4.VII) ივნისი დააწესა.

ბერი ეგნატაშვილის ((XVIII ს.) ცნობით. „ესე მეფე ლუარსაბ იყო კაცი შუენიერი და კეკლუცი და სანახავად სატრფიალო, და არსად გამოსულა ამისთანა შუენიერი და შემკობილი კაცი, ყოვლისა სამღთო - საკაცობით ზნეობით გათავებული და უკლები“.

წყარო

საქართველოს მეფეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები