ემაუსის ბრძოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ემაუსის ბრძოლა - (ძვ.წ. 165) – ბრძოლა იუდეველებსა (იუდა მაკაბელი) და სელევკიდებს შორის (გორგიასი, პტოლემაიოსი, ნიკანორი).

სერონის დამარცხდების შემდეგ ანტიოქე ეპიფანემ სახელმწიფოს მთავარ მოხელეს და სასახლის კარის წარჩინებულს, ლისიას უბრძანა იუდეაში ლაშქრობა და მისცა უფლება სელევკიდების იმპერიის ნებისმიერი რესურსები გამოეყენებინა იუდა მაკაბელის აჯანყების ჩასახშობად. ლისია სწრაფად ამოქმედდა. მან სამი გენერალი: ნიკანორი, პტოლემაიოსი და გორგიასი ჩაუყენა სათავეში თავის არმიას. ძვ.წ. 165 წლის გაზაფხულზე სელევკიდთა ახალი ლაშქარი უკვე იუდეის ტერიტორიაზე, ქალაქ ემაუსთან იყვნენ განლაგებულები. ბიბლიის მიხედვით მათ 40000 ქვეითი და 7000 ცხენოსანი ჰყავდათ, თუმცა უფრო სარწმუნო წყაროები იძლევა ცნობებს, რომ მათი არმია სულ 20000 მეომრისგან შედგებოდა.

იუდა მაკაბელიც სწრაფად ემზადებოდა მათთან დაპირისპირებისთვის. მან არმიის რიცხვი 6000-მდე გაზარდადა მის ორგანიზებას შეუდგა. არმია ათასეულებად დაყო, ათასეულები – ასეულებად, ასეულები – ათეულებად. შემდეგ მან ამ ჯარისგან სამი მთავარი კორპუსი შექმნა, რომელთაც დამოუკიდებლად მოქმედებაც შეეძლოთ. თითოეულ ნაწილში 1500 მეომარი იყო, რომელთაც იუდას ძმები: იონათანი, იოხანანი და სიმონი სარდლობდნენ.

მიზპახთან იუდამ ძლიერი ბანაკი დასცა და გაამაგრა, საიდანაც მტრის იერიშის მოგერიება არ გაუჭირდებოდა. თუმცა მალე დატოვა ეს ტერიტორია და ემაუსიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაიძრა მთებისკენ. იუდამ შეიტყო, რომ სელევკიდთა ჯარი მათზე მოულოდნელ თავდასხმას აპირებდა მთის ბანაკში. გორგიასის გეგმით მისი ჯარი ღამით მთებში უნდა ასულიყო და ებრაელებს თავს დასცემოდა.

სელევკიდმა სარდალმა 5000 ქვეითი და 1000 მხედარი გამოიყვანა ამ ამოცანის გადასაწყვეტად იუდამ ბანაკში მხოლოდ 200 მცველი დატოვა და გორგიასს საფარი მოუწყო, ხოლო ჯარის დიდი ნაწილით ემაუსთან ბანაკში დარჩენილ სელევკიდთა არმიაზე გადაწყვიტა თავდასხმა. 1500 მეომარი მან მტრის ბანაკის ზურგში გაგზავნა, თვითონ კი 3000 ჯარისკაცით სწრაფად შეუტია. მისდა გასაკვირად სელევკიდები მომზადებულები დახვდნენ შეტევას და ფალანგებად გაწყობილებმა მოახერხეს იუდეველთა შეკავება. მოულოდნელობის ეფეტქმა არ გაამართლა და იუდას პირველად მოუწია სელევკიდთა კარგად მოწყობილ, მძლავრ ფალანგასთან დაპირისპირება, რისთვისაც იუდეველი მეომრები არ იყვნენ მომზადებულები და სათანადოდ გაწვრთნილები, ამიტომ იუდამ ჯარი სამ ნაწილად გაყო: ერთი ნაწილი ფალანგის ფლანგებს უტევდა, რათა დაემარცხებინა სელევკიდთა მსუბუქი კავალერია და მტრის ალყაში მოქცევა დაეწყო, მეორე და მესამე ნაწილი კი ფალანგის ნაწილ-ნაწილ დაშლას და ისე განადგურებას ჭცდილობდა. ამ დროს იუდას გაგზავნილი 1500 მეომარი ზურგიდან დაეცა მტერს სელევკიდები ვეღარ უმკლავდებოდნენ ყველა მხრიდან შემოსეულ მოწინააღმდეგეს და მალე მათ რიგებში პანიკა დაიწყო. გორგიასმა მოახერხა მთებიდან უკან დაბრუნება ჯარის ნარჩენებით, მაგრამ ის ბრძოლის ბედს უკვე ვეღარ შეცვლიდა. ემაუსთან იუდამ სრული გამარჯვება მოიპოვა. ამ გამარჯვების შემდეგ მისი ძალები კვლავ გაიზარდა და 10000-ს მიაღწია.



წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები