ანტიოქე IV ეპიფანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტიოქე IV ეპიფანე

ანტიოქე IV ეპიფანე - (ძვ.წ. 175-164 წ.) – სირიის მეფე მაკედონელი სელევკიდების დინასტიიდან, ანტიოქე III დიდის ძე. ანტიოქე ეპიფანე სელევკიდების იმპერიის მოსახლეობის ელინიზებას ცდილობდა და სურდა ყველგან ბერძნული რელიგია, წესჩვეულებები, ტრადიციები და 31 ენა გაევრცელებინა. სწორედ ამ მცდელობას და ხალხის ძალით ელინიზებას მოჰყვა დიდი აჯანყება იუდეაში მაკაბელების მეთაურობით.

ანტიოქე IV-ის მმართველობა სელევკიდების იმპერიის დროებით გაძლიერების და სტაბილურობის პერიოდად ითვლება. სწორედ ანტიოქე IV-ის სიკვდილის შემდეგ დაიწყო სელევკიდების იმპერიის დასუსტება და საბოლოოდ დაცემა.

ძვ.წ. 175 წელს ანტიოქე იტალიიდან (დამარცხების შემდეგ მამამისი, ანტიოქე III იძულებული გახდა თავისი ვაჟი რომაელებისათვის მძევლად მიეცა) დაბრუნდა სირიაში და ტახტი წაართვა უზურპატორ ჰელიოდორეს, მისი ძმის, სელევკოს IV ფილოპატორის მკვლელს. ანტიოქე IV-ის გამეფების დროს სელევკიდების იმპერია კრიზისში იმყოფებოდა სირიულ ომებში დამარცხების შემდეგ. ბერძნულ-მაკედონური მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, რაც აუცილებლად აისახებოდა იმპერიის არმიაზე და ადმინისტრაციულ აპარატზე. საბერძნეთი, მაკედონია, მცირე აზიის ბერძნული ტერიტორიები და როდოსი უკვე რომის ძალაუფლების ქვეშ იყო. ამან გაართულა ელინების მიგრაცია აღმოსავლეთისკენ. ეს სელევკიდების იმპერიის დაცემის ერთ-ერთი მიზეზი იყო.

ანტიოქე IV ცდილობდა აღედგინა ქვეყნის სამხედრო ძლიერება და განემტკიცებინა მეფის ძალაუფლება ელინიზებული სირიული და მესოპოტამიურ მოსახლეობაზე დაყრდნობით. მან ააგო ახალი ბერძნული პოლისები. აშენებდა გიმნაზიებს და თეატრებს.

ანტიოქე ეპიფანეს ბრძანებით მიმდინარებდა იერუსალიმის ელინიზაციაც. თავდაპირველად ეს პროცესი მშვიდად მიიწევდა წინ. მოსახლეობის ნაწილმა მიიღო ბერძნული რელიგია, შეითვისა ბერძნული კულტურა და წეს-ჩვეულებები. თუმცა ამან ქალაქში დაპირისპირება გამოიწვია იუდაიზმის მიმდევრებთან და ტაძრის მსახურებთან. ანტიოქე იძულებული გახდა ძვ.წ. 170 წელს იერუსალიმში ჯარი შეეყვანა წესრიგის დასამყარებლად. მიუხედავად ამისა, იუდეველები მაინც არ ეპუებოდნენ მათ და ქალაქში არეულობას აგრძელებდნენ. ყველგან ქაოსი მძვინვარებდა. ანტიოქემ იერუსალიმს არმია შეუსია და ძალით ჩაახშო ხალხის მღელვარება, შემდეგ მან შეურაცხყო ებრაული რელიგია და უფლის ტაძრის საკურთხეველში (რომელიც ანტიოქე ეპიფანემ ზევსის საკურთხევლად გამოაცხადა) თავისი ხელით შესწირა ღორი ზევსს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო იუდეაში დიდი აჯანყება მაკაბელების, მეთაურობით (ძვ.წ. 165 წ). ეს აჯანყება ძალიან დიდხანს გაგრძელდა და საბოლოოდ იუდეველებმა გაიმარჯვეს.

ძვ.წ. 168 წელს, იერუსალიმის აჯანყებამდე ანტიოქე IV-მ ორჯერ ილაშქრა ეგვიპტეში და დიდ წარმატებას მიაღწია. ანტიოქე ეპიფანემ დაიკავა ეგვიპტის მიწების დიდი ნაწილი და პტოლემაიოსებს თითქმის მხოლოდ ალექსანდრია დარჩათ. რომის იმპერიამ, რომელიც ეგვიპტეს უჭერდა მხარს, ელჩად გაიუს პოპილიუს ლენატუსი გაუგზავნა ანტიოქე IV-ს და ჯარების ეგვიპტიდან გაყვანა მოსთხოვა. მეფე იძულებული გახდა რომის მოთხოვნას დამორჩილებოდა, თუმცა სელევკიდების იმპერია ამ ომიდან დიდი ნადავლით და დაპყრობილი ტერიტორიებით გამოვიდა.

ანტიოქე IV ეპიფანე ძვ.წ. 164 წელს გარდაიცვალა. მისი სიკვდილის ორი ვერსია არსებობს, ერთია, თითქოს მეფე ავადმყოფობას გადაჰყვა, ხოლო მეორე ვერსია მის მკვლელობას ითვალისწინებს. ანტიოქე IV-ს შემდეგ სელევკიდებს ძლიერი მმართველი აღარ ჰყოლიათ და ძვ.წ. 64 წელს უკანასკნელი მეფე, ანტიოქე XIII აზიელი, სელეკვიდთა კანონიერი მემკვიდრე რომის იმპერიის სარდალმა, გნეუს პომპეუს „მაგნუსმა“ (დიდმა) ჩამოაგდო ტახტიდან და ამით სელევკიდების იმპერიაც საბოლოოდ დაეცა.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები