იუდა მაკაბელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იუდა მაკაბელი

იუდა მაკაბელი - (აჯანყების მეთაური ძვ.წ. 166-61) – მატათია ხასმონეის მესამე ვაჟი, ანტიოქე IV ეპიფანეს წინააღმდეგ იუდეის აჯანყების მეთაური. მიიღო სახელი მაკაბელი, ანუ „ურო მტრის წინააღმდეგ“, შეუდარებელი მეომარი. იუდა თავისი ძმების დახმარებით აქტიურად ეწინააღმდეგებოდა სირიელებს იუდეის ელინიზაციაში და კერპთაყვანისმცემლობის გავრცელებაში.

იუდა მაკაბელმა ჯარი შეკრიბა და სელევკიდების ძალებს შეებრძოლა იუდეაში. მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრად მცირე არმია ჰყავდა, არ ეპუებოდა მტრის ჯარებს და ერთმანეთის მიყოლებით ამარცხებდა მათ, შემდეგ კი დახოცილი სირიელების იარაღით ამარაგებდა თავის მეომრებს. თვითონ იუდა ყოველთვის თავისი ჯარისკაცების გვერდით იბრძოდა და ამიტომ არმიაში დიდი ავტორიტეტი შეიძინა.

როდესაც იუდეის აჯანყება ძალიან გაძლიერდა და თითქმის განდევნა სირიელები იუდეის ტერიტორიიდან, ანტიოქე IV ეპიფანემ დიდი არმია გააგზავნა იუდას წინააღმდეგ აპოლონიოსის და სერონის მეთაურობით. იუდამ მათ წინააღმდეგ პარტიზანული ომი დაიწყო და ნელ-ნელა მოსპო სირიელების რამდენიმე დიდი რაზმი. შემდეგ იუდეველებმა მოახერხეს სირიელთა ჯარის ორ ნაწილად გაყოფა და მთლიანად განადგურება.

იუდამ ბრწყინვალე კამპანია ჩაატარა აპოლონიოსის და სერონის წინააღმდეგ და ანტიოქე IV აიძულა სერიოზულად ეფიქრა პალესტინაში განვითარებულ მოვლენებზე. მან იუდას წინააღმდეგ დიდი არმია შეკრიბა და მას საკმაოდ გამოცდილი და ნიჭიერი სარდალი, ლისია დაუყენა სათავეში. ლისიამ იუდეაში 40000 ქვეითი, 7000 ცხენოსანი და დამხმარე ჯარის რაზმები გაგზავნა პტოლემაიოსის, ნიკანორის და გორგიასის მეთაურობით. იუდა მაკაბელის ჯარი ამ დროისთვის კარგად იყო გაწვრთნილი, შეიარაღებული და მტრის დასახვედრად მომზადებული. ბრძოლის წინ იუდამ სიტყვით მიმართა ჯარს და გაამხნევა თავისი ერთგული მეომრები. იუდეველები შუაღამეს დაესხნენ თავს მტერს ემაუსთან სამხედრო ბანაკში. სირიის არმია ნიკანორის მეთაურობით აირია და გაიქცა, დიდი ნაწილი იუდეველებმა ამოხოცეს. გორგიასის ლეგიონებმაც ვეღარ გაუძლეს გააფთრებული მტრის შეტევას და განადგურდნენ. იუდა მაკაბელმა მდიდარი ნადავლი ჩაიგდო ხელთ, რომელთა შორის იყო შესანიშნავი სირიული იარაღი. იუდას მეომრები ყოველთვის აგროვებდნენ მტრის იარაღს, რათა თავიანთი მოხალისე ჯარისკაცებიც კარგად შეეიარაღებინათ და თვითონაც არ მოჰკლებოდათ აღჭურვილობა.

როდესაც ლისიამ ნიკანორის და გორგიასის დამარცხების ამბავი შეიტყო, თვითონვე დაიძრა დიდი არმიით იუდას წინააღმდეგ. იუდა მაკაბელმა თავისი არმიით ბეთ-ცურთან გადაუჭრა გზა მტერს და სასტიკად დაამარცხა (ბეთ-ცურის ბრძოლა). იერუსალიმი განთავისუფლდა, მაგრამ მის მთავარ ციხე-სიმაგრეში სირიელთა გარნიზონი ინარჩუნებდა პოზიციებს.

იუდეაში არეულობით ისარგებლეს მისმა მეზობლებმა და ტერიტორიების მიტაცება დაიწყეს. იუდა მაკაბელმა დრო იხელთა და მათაც გაუსწორა ანგარიში (იმ დროს ანტიოქე IV ეპიფანე გარდაიცვალა, სირიის იმპერიას არ ეცალა აჯანყებული იუდეისთვის, რადგან სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა). მან დაამარცხა იდუმელები და გადაწვა მათი ქალაქები შემდეგ მაკაბელის ჯარი ჩრდილოეთით დაიძრა და ამონიტელები დაამარცხა, რომლებიც ბერძნებთან ერთად იუდეისთვის რამდენიმე ებრაული კოლონიის წართმევას ცდილობდნენ. ამავე დროს იუდას უფროსმა ძმამ, სიმონმა დაიკავა გალილეა და გაანთავისუფლა იქაური ებრაელები.

იუდა მაკაბელი ნიკანორის არმიის პირისპირ

სირიაში ძალაუფლებას ლისია დაეუფლა, რომელიც ახალგაზრდა მეფის, ანტიოქე ევპატორის რეგენტი გახდა. ლისიამ დიდი ჯარები დაძრა იუდეის აჯანყების ჩასახშობად. ამჯერად სირიელებმა ბრძოლაში გაწვრთნილი სპილოებიც გამოიყენეს. იუდეველები ძალიან სახიფათო, თითქმის უიმედო მდგომარეობაში ჩავარდნენ მტრის დიდი ძალების დაწოლის ქვეშ. ერთ ბრძოლაში დაიღუპა იუდა მაკაბელის მამაცი ძმა ელიაზარი. მან მოკლა მტრის საბრძოლო სპილო, რომელიც ზედ დაეცა და გაჭყლიტა. სპილოზე მჯდომი სირიელი სარდალიც დაიღუპა. მიუხედავად ასეთი თავგანწირული ბრძოლისა იუდეველებმა ვერ დაამარცხეს მტრის რიცხობრივად ბევრად აღმატებული ჯარი და იძულებულები გახდნენ უკან დაეხიათ. სწორედ ამ დროს, როდესაც სირიელებს უკანასკნელი გამანადგურებელი იერიში უნდა მიეტანათ იუდა მაკაბელზე, ლისიამ შეიტყო, რომ ანტიოქიაში ანტიოქე ევპატორის და მის მმართველობას საფრთხე ექმნებოდა. მან სწრაფად შეკრა ზავი იუდა მაკაბელთან და სირიისკვნ დაიძრა. იუდეა გადარჩა და მცირე ხნით ამოისუნთქა მტრის თავდასხმებისგან. ეს მშვიდობა ლისიას და ანტიოქე ევპატორის მმართველობისას გაგრძელდა, მაგრამ მალე ტახტზე დემეტრიოსი ავიდა.

მაკაბელის მოწინააღმდეგე ელინისტების მეთაურმა, მღვდელმთავარმა ელიაკიმმა დემეტრიოსს დახმარებისკენ მოუწოდა. დემეტრიოსმა ელიაკიმს მაღალი რელიგიური თანამდებობა მიანიჭა და იუდეაში ჯარი გაგზავნა ბაკხიდეს მეთაურობით. ელიაკიმმა ებრაელებს გამოუცხადა, რომ თუ უბრძოლველად დანებდებოდნენ რელიგიურ თავისუფლებას მიიღებდნენ. ზოგიერთი ებრაელი წამოეგო კიდეც ამაზე. მათი ნაწილი სირიელი მხედართმთავრის ბრძანებით დახოცეს. ბაკხიდე სირიაში დაბრუნდა. ელიაკიმი იარაღის ძალით ინარჩუნებდა ძალაუფლებას. იუდა მაკაბელი კვლავ ამოქმედდა და ელიაკიმი იძულებული გახდა დახმარება დემეტრიოსისთვის ეთხოვა, რომელმაც მაშინვე გაუგზავნა მას ჯარი გამოცდილი და სასტიკი სარდლის, ნიკანორის სარდლობით, რომელიც მეფეს შეპირდა, რომ იუდეის აჯანყებას სისხლში ჩაახშობდა. იუდა მაკაბელმა მაშინვე შეუტია მას, როგორც კი სირიელებმა ფეხი შედგეს იუდეაში. ნიკანორი დამარცხდა და დიდი ზარალი განიცადა. მიუხედავად ამისა მან მოახერხა ჯარის უმეტესი ნაწილის შენარჩუნება და იერუსალიმამდე მიაღწია, თუმცა მალე ბეთ-ხორონთან გამართულ სასტიკ ბრძოლაში იუდა მაკაბელმა თავისი მცირე ძალებით დაამარცხა მტრის ბევრად მრავალრიცხოვანი ჯარი (ბეთ-ხორონის ბრძოლა). ბრძოლაში დაიღუპა სირიელი ჯარისკაცების უმეტესი ნაწილი და თვითონ მთავარსარდალი ნიკანორი. იუდა მაკაბელი ტრიუმფალური სვლით შევიდა იერუსალიმში. მისი გამარჯვების დღე ებრაელებმა დღესასწაულად აქციეს, როგორც „ნიკანორის დღე“.

იუდა მაკაბელის მიღწეული გამარჯვებების შემდეგ იუდეის პოლიტიკური მდგომარეობა განტკიცდა და შედარებით სტაბილური გახდა. იუდეველებმა კავშირი შეკრეს რომაელებთან, რომლებმაც სიამოვნებით მიიღეს ებრაელთა შეთავაზება. დელეგაცია იერუსალიმიდან რომის სენატმა მიიღო და მოლაპარაკება წარმატებით დაასრულა.

სირიელები კვლავ არ აცილებდნენ თვალს იუდეას და მეფე დემეტრიოსმა კვლავ გაგზავნა არმიები იუდა მაკაბელის წინააღმდეგ. სირიის არმიამ იმდენად სწრაფად იმოქმედა, რომ იუდეველებმა ვერ შესძლეს არმიის შეკრება. იუდა მაკაბელს მხოლოდ რვაასი მებრძოლი ჰყავდა. ებრაელთა მეთაურმა უდიდესი სიმამაცით იბრძოლა, ისეთი მონდომებით, როგორიც სხვა დროს არ ჰქონია, მაგრამ მიუხედავად ამისა მტრის რიცხობრივი უპირატესობა მეტად შესამჩნევი გახდა და იუდა და ალყაში მოქცეული მისი რვაასი მეომარი ვეღარ უძლებდა დაწოლას. თვითონ იუდაც ადასასთან ბრძოლაში დაეცა გმირულად. ებრაელები მთებში გაიხიზნენ და ბრძოლა მაინც არ შეუწყვეტიათ. იუდა მაკაბელი მოდიინში დამარხეს დიდი პატივით. იუდეველებმა მის სახელზე ახალი დღესასწაული დააწესეს, რომელსაც „ხანუკა“ უწოდეს.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები