ბეთ-ხორონის ბრძოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეთ-ხორონის ბრძოლა - (ძვ.წ. 166) – იუდეველთა (იუდა მაკაბელი) ბრძოლა სელევკიდების სირიის არმიასთან (სერონი). იუდა მაკაბელის მიერ აპოლონიოსის დამარცხების შემდეგ ანტიოქე ეპიფანემ იუდეისკენ ახალი არმია დაძრა სერონის მეთაურობით. სერონის გეგმა იყო შეერთებოდა იერუსალიმის სირიულ გარნიზონს და გაერთიანებული ჯარის საშუალებით ჩაეხშო იუდეის აჯანყება.

სერონის ჯარი ბევრად ძლიერი და მრავალრიცხოვანი იყო, ვიდრე მის წინ მოლაშქრე სარდლებისა. მის განკარგულებაში გვარდიის 4000 ფალანგისტი შედიოდა, როდესაც იუდა მაკაბელს 1000 მეომარი ძლივს შეუგროვდა. თუმცა საბრძოლო სულით, რწმენით და სამშობლოს ტერიტორიაზე ბრძოლის გამოცდილებით ებრაელები აღემატებოდნენ მოწინააღმდეგეს.

იუდა აპირებდა სერონისთვის გზა ბეთ-ხორონთან გადაეჭრა და იქ ორი მხრიდან იერიში მიეტანა მასზე. როგორც მზვერავებისგან შეიტყო, თავად სერონი ლაშქრის წინა რიგებში იდგა და არმიას მიუძღოდა. იუდამ გადაწყვიტა სწორედ იქ დაერტყა მოწინააღმდეგისთვის და სერონი მოეკლა, რათა ამით პანიკა და არევ-დარევა შეეტანა მტრის რიგებში. ბრძოლის წინ მეომრებს მან ბრძანება მისცა, რომ ყველანაირად ეცადათ სერონის და სხვა მეთაურების დახოცვა. იუდა აპირებდა გამოეყენებინა ის ფაქტორიც, რომ მტერი გრძელ სალაშქრო კოლონებად იყო გაწყობილი და ისე მოიწევდა. მარშის დროს სელევკიდ ფალანგისტებს მძიმე აბჯარი მოხსნილი ჰქონდათ და არ იყვნენ მზად მოწინააღმდეგის მოულოდნელი შეტევისთვის. იუდამ მათ წინააღმდეგ რამდენიმე რაზმი ჩაასაფრა. როდესაც სელევკიდები მიუახლოვდნენ ბეთ-ხორონს, ებრაელები სწრაფად გადავიდნენ შეტევაზე და საშუალება არ მისცეს მტერს ფალანგებად დაწყობილიყო. იუდას ბრძანების მიხედვით იუდეველები ცდილობდნენ მოწინააღმდეგის სარდლების დახოცვას და მართლაც მათ მოახერხეს მოეკლათ სერონი. ამ დროს იუდამ დამხმარე ჯარიც ჩართო ბრძოლაში, რომელმაც მტერს ჯერ ისრებისა და ქვების სეტყვა დააყარა, შემდეგ კი ხელჩართულ ბრძოლაში ჩაერთო. სელევკიდთა ლაშქარმა უწესრიგოდ დაიწყო უკანდახევა, რაც მალე გაქცევაში გადაიზარდა. ბრძოლის ველზე 800-ზე მეტი განგმირული სირიელი იწვა, მათ შორის სერონი და მისი რამდენიმე მეთაური. დანარჩენებს ებრაელებმა დიდი ხნის განმავლობაში სდიეს და მრავალი მეომარი დახოცეს.

ამ გამარჯვების შემდეგ იუდამ მთელ ისრაელსა და იუდეაში გაითქვა სახელი, მისი არმია კი ახალი ძალებით შეივსო და 6000 მეომარი შეადგინა. თავის ჯარს მაკაბელი სარდალი სელევკიდებისთვის წართმეული საჭურვლით აიარაღებდა.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები