გუდარეხის მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გუდარეხის მონასტერი

გუდარეხის მონასტერი (ინგლ. Gudarekh Monastery) – სამონასტრო კომპლექსი ქვემო ქართლში, მდებარეობს სოფელ გუდარეხის (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქია) ტერიტორიაზე, მდინერე გუდარეხისწყლის (მდინრე ალგეთის მარჯვენა შენაკადი) სათავეებში.

გალავნით გარშემორტყმული სამონასტრო კომპლექსი, დაახლოებით, 4,5 ჰა ფართობს მოიცავს და შედგება მთავარი ტაძრის, სამრეკლოს, სასახლის, ბერების საცხოვრებელი სენაკების, სატრაპეზოს, მარნის, თონის, ბეღლის, საჯინობოსა და სხვადასხვა სამეურნეო თუ საკულტო დანიშნულების ნაგებობისგან, რომელთაგან ნაწილი დანგრეულია.

გუდარეხის სამონასტრო კომპლექსი გაშენებულია გრძელ და ვიწრო კლდეზე, რომლის თავი და ბოლო ნაწილი ფართოვდება. შენობათა უმრავლესობა თლილი ქვით არის ნაგები და ქვით დამუშავების მაღალი ტექნიკითაც გამოირჩევა.

ნაგებობები და განათხარი არქეოლოგიური მასალა (1938-1939 წწ. ხელმძღვ. ლ. მუსხელიშვილი) ორ ქრონოლოგიურ ჯგუფად იყოფა: ეკლესია, სასახლე, სენაკები, მარანი, პილასტრებიანი შენობა, ჩუქურთმიან შენობათა კომპლექსი და საჯინიბო XII-XIII სს-ით და XIV ს. I მეოთხედით თარიღდება, ხოლო პილასტრებიანი შენობის ჩრდილო-დასავლეთით არსებული სხვადასხვა ნაგებობები XVI-XVII სს. განეკუთვნება. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი კერამიკული ნაწარმი, როგორც საყოფაცხოვრებო (ქვევრები, ქოცოები, დოქები, სურები, ფიალები, კეცები, ქოთნები), ისე სამშენებლოც (კრამიტები, აგურები, წყალსადენის მილები) ორი ქრონოლოგიურ შრედ იყოფა. კერამიკული წარმოების ნაშთების აღმოჩენა ადასტურებს, რომ გუდარეხში მეთუნეობა იყო განვითარებული. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი 19 მონეტა (3 – გიორგი III-ის, 6 – თამარ მეფის, 5 – ლაშა-გიორგის, 2 – რუსუდან მეფის და 1 – მონღოლური) გვაფიქრებინებს, რომ XIII ს-ში აქ ინტენსიური ცხოვრება მიმდინარეობდა.

სარჩევი

წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია

აღმოსავლეთი ფასადის ნიში

გუდარეხის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ნაგებობა წმ. გიორგის დარბაზული ტიპის, დიდი ერთნავიანი ეკლესია ნაგებია კარგად გათლილი კვადრებით. მოპირკეთებული ფასადები მდიდრულად არის მოჩუქურთმებული. აღმოსავლეთის ფასადს ამკობს ორი სამკუთხა ნიში. სარკმლის თავზე დიდი, მოპირკეთებული ჯვარია, მოჩუქურთმებული სარკმლის ქვემოთ კი – ორი მოჩუქურთმებული კვადრი. ეკლესიას ორი მინაშენი ჰქონდა სამხრეთით კარიბჭე, ჩრდილოეთით ეკვდერი (ამჟამად ორივე დანგრეულია). წარწერის უკეთ გამოჩენის მიზნით ექვთიმე ღვთისკაცმა (თაყაიშვილი) ეს კარიბჭე მოანგრევინა. ეკლესიის შიდა კედლებზე შემორჩენილია ფრესკების კვალი. გუდარეხის წმ. გიორგის ეკლესიის ზომებია (გარედან მინაშენის გარეშე): სიგრძე- 16,2 მ, სიგანე-9,5 მ.

ჯვარი აღმოსავლეთის ფასადზე

გუდარეხის წმ. გიორგის ეკლესიის სამხრეთ კედელზე დიდ, გაბზარულ ქვაზე ასომთავრულით შესრულებულია სამშენებლო წარწერა, რომელიც ტაძრის აგების თანადროულად მიიჩნევა: „სახელითა ღმრთისაითა და მეოხებითა წმიდისა გიორგი მთავარმოწამესავთა აეშენა ესე ეკლესია ჴელითა ფრიად ცოდვილისა ჭიჭაფორესძისავთა სალოცველად და სადიდებლად დედოფალ-დედოფლისათჳს რუსუდან დედოფლისა და შვილთა მისთა დღეგრძელობისა და ს(უ)ელისა თ(ა)ყ(ა)ის(ა)თ(უი)ს. ეს წმიდაჲ ეკლესია. მე, გლახაკმა ანტონი მანგლელმა, ვაკურთხე უფასოდ სულისა ჩემისათჳს“.

წარწერის მიხედვით, გუდარეხის წმ. გიორგის ეკლესია ააგო ხუროთმოძღვარმა ჭიჭაფორისძემ რუსუდან დედოფლის, მისი შვილების დღეგრძელობისა და თაყას სულის მოსახსენიებლად. ამ წარწერაში მოხსენიებული რუსუდან დედოფალი პირველად შეცდომით იყო გაიგივებული თამარ მეფის მამიდა რუსუდანთან (დ. ბაქრაძე, მ. ბროსე), შემდეგ რუსუდან მეფესთან (ექვთიმე ღვთისკაცი თავდა (თაყაიშვილი) და სხვ.) ტექსტის ერთი ადგილის მცდარი წაკითხვის გამო. წარწერაში მოსენიებული რუსუდან დედოფალი დემეტრე II თავდადებულის ასული და თაყა ფანასკერტელის ქვრივია. იგი მონღოლთა დიდი ვეზირის, ბუღას ვაჟზე იყო გათხოვილი. ბუღას აჯანყების დამარცხებისა და მისი ოჯახის წევრების სიკვდილით დასჯის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და თაყა ფანასკერტელს გაჰყვა ცოლად. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპების მიხედვით, რუსუდანმა და თაყა ფანასკერტელმა 7 000 თეთრი გაუგზავნეს იერუსალიმის ჯვრის მონასტერს. გარდა ამისა, რუსუდანმა იმავე მონასტერს 1 000 თეთრი ცალკე შესწირა თავისი სულის სააღაპედ. რუსუდან დედოფალმა და თაყა ფანასკერტელმა 1306 წ. ოლთისში (ფანასკერტელების საგვარეულო მამული) ვაჩეძორის ეკლესიის ეკვდერი ააშენეს.

მოჩუქურთმებული კვადრატები აღმოსავლეთის ფასადზე

გუდარეხის ეკლესიის ყველაზე ადრეულ წარწერად მიიჩნევა ამ ეკლესიის კედლებში ვერტიკალურად ჩაშენებული ძველი ტაძრის წარწერებიანი ქვები, რომლებიც. ხუროთმოძღვარმა ჭიჭაფორისძემ ძველი შენობის ფრაგმენტებთან ერთად სამშენებლო მასალად გამოიყენა. ორ ქვაზე ლამაზი ასომთავრულით წერია: „ქრისტე, შეიწყალე გიორგი“, „ქრისტე, შეიწყალე ადამ“. სპეციალისტების აზრით, ადამი და გიორგი ძველი ტაძრის ქტიტორები იყვნენ. პალეოგრაფიულად ეს წარწერები XI-XII სს-ით თარიღდება.

სამრეკლო

სამრეკლო

გუდარეხში მდებარეობს პირველი, თარიღიანი წარწერის მქონე ორსართულიანი სამრეკლო, რომლის ქვედა სართული ღიაა, ზემოთ კი 8-მალიანი ფანჩატურია. წარწერა შესრულებულია ასომთავრულით: „ადიდენ ღმერთმან ძლიერი და უძლეველი მეფეთ-მეფე დიმიტრი. მე მიწა. მეფობისა მათისა, უღირსი მღვდელი (ახალი წაკითხვით მზრდელი) და ჯუარისმტვირთველი აბრაჰამ, ღირს ვიქმენ აღშენებად სამრეკლოთა ამათ, სადიდებლად სულისა ჩემისა და ძმისა ჩემისა შეიწირენ ღმერთმან და ყოვლად წმიდამან მშობელმან მისმან, ამინ. ქორონიკონსა უჟჱ“. წარწერის მიხედვით, სამრეკლო 1278 წ. ააშენა დემეტრე მეფის ჯვარისმტვირთველმა აბრაჰამმა. ის ცნობილი ისტორიული პირია. აბრაჰამი 1284 წ. საქართველოს კათოლიკოსი გახდა. მანვე ჩამოასვენა 1289 წ. წამებული დემეტრე II თავდადებულის ცხედარი და სვეტიცხოველში დაკრძალა. მისი სახელი, ჟამთააღმწერლის გარდა, რამდენიმე ისტორიულ დოკუმენტშიც გვხვდება.

სასახლე

გუდარეხის სამონასტრო კომპლექსის ერთ-ერთი შესანიშნავი ნაგებობაა სასახლე, რომელიც მთავარი ტაძრიდან 3 მ-ის მოშორებით დგას იგი აშენებულია ხელოვნურად შექმნილ ბაქანზე. სასახლის ზომებია: 17,80 მ X 7 მ. სამშენებლო ტექნიკის თვალსაზრისით, სასახლე და ტაძარი ერთმანეთის მსგავსია, რაც მათი ქრონოლოგიურ თანადროულობით აიხსენება.

სასახლის პირველ სართულზე მარანია მოთავსებული, მეორე სართულზე – მოხატული დარბაზი. სასახლე ჩარდახოვანი კამარით იყო გადახურული. სამშენებლო ტექნიკის მაღალი დონით გამოირჩევა მარანი, სადაც იყო ფილაქნებით მოპირკეთებული იატაკი, ტკბილის დასაწრეტი აუზი, ქვაში ამოჭრილი საწნახელი და 16 სხვადასხვა ზომის ქვევრი. სასახლესთან მიდგმულია ოროთახიანი შენობა, რომელიც სავარაუდოდ, სამზარეულოს როლს ასრულებდა.

ორსართულიანი ნაგებობა,

მთავარ ტაძართან, რამდენიმე მეტრის მოშორებით ორსართულიანი ნაგებობა დგას, რომლის მეორე სართულზე იყო ბუხარი საკვამლე მილით. კედლები ბათქაშით იყო შელესილი და ორფერდა სახურავით გადახურული. ოთახებში აღმოჩნდა თახჩები. პირველი სართულის ერთ ოთახში სიმხურვალის შენარჩუნების მიზნით ორი თონე იყო ერთმანეთში ჩადგმული. კედელში ჩატანებული თიხის მილით წყალი გარეთ იქცეოდა. მეორე სართულზე ბერების საცხოვრებელი სენაკები იყო, პირველ სართულზე – სამეურნეო დანიშნულების ოთახები. ამ შენობის გარეთ მდებარეობდა ორი პატარა ბეღელი, სადაც ბერები მარცვლეულს ინახავდნენ.

„ჩუქურთმიანი“ შენობა

ბეღელთან ახლოს იდგა „ჩუქურთმიანი“ შენობის სახელწოდებით ცნობილი ნაგებობა, რომელიც არქეოლოგებმა ყველაზე ადრეულად მიიჩნიეს (ზომები: 4 მ X 2 მ). ეს შენობა ღვინისფერი ფილაქნებით და წნული ჩუქურთმებით არის დამშვენებული. გადახურულია ჩარდახოვანი კამარით. სახურავად გამოყენებულია ორგვარი კრამიტი – მწვანედ შეღებილი კურტანიანი და სოსანისფერი ქიმებიანი კრამიტი. კედელზე შემორჩენილია ქვის საწვიმარი ღარი. ეს ნაგებობა, ჩანს, ბერების სატრაპეზო იყო. აქვე იდგა „ჯვრიანი“, ორსართულიანი შენობა, რომლის სარკმლის ზემოთ მოჩუქურთმებული ჯვარი იყო გამოსახული. სარკმლებს დარაბების კვალი ემჩნევა. ამ ნაგებობაში ბერების საცხოვრებელი სენაკები იყო განთავსებული.

საჯინიბო

საინტერესო ნაგებობაა გუდარეხის სამონასტრო კომპლექსის საჯინიბო (ზომები: 13,70 მ X 5, 30 მ), რომელიც გრუნტშია ამოკვეთილი. ქვაზე შემორჩენილია ცხენების და ჯორების მისაბმელი. საჯინიბო თაღოვანი გადახურვისაა. იქვე აღმოჩნდა ხუთი თონე, რომელშიც ჯორებისა და ცხენების საკვებად ქერი ინახებოდა. საჯინიბოსთან ახლოს იყო პატარა ოთახი სხვადასხვა ზომის შვიდი ქვევრით (პროდუქტების შესანახი).

გალავანი

გუდარეხის სამონასტრო კომპლექსს გარს ერტყა გალავანი, რომლის კედლებიც ლეგამოთეთრო ფერის დიდი ზომის თლილი ქვებით იყო აშენებული. გალავანს ორი კარი ჰქონდა: მთავარი ჭიშკარი, ე. წ. „დიდნი კარნი“ და პატარა კარები „ცოტანი კარნი“. აშენებულ ბაქანზე ამოკვეთილი იყო წვიმის წყლით ასავსები აუზი.

გუდარეხის გალავნის გარეთ დგას ერთი პატარა, გარედან ჩუქურთმებით უხვად შემკული ერთნავიანი ეკლესია-საჟამნო, რომლის კედლებიც ფრესკებით ყოფილა მოხატული. ამ ეკლესიის ქვემოთ აღმოჩნდა აკლდამა-სამარხი, სადაც ორი მიცვალებული იყო დასვენებული. ამ პატარა ეკლესიის აგების თარიღი უცნობია. ძირითადი ნაგებობების გარდა, გუდარეხის სამონასტრო კომპლექსში სხვადასხვა სამეურნეო თუ საკულტო დანიშნულების შენობებიც მრავლად იყო.

გერმანოზიშვილების სამარხი

გუდარეხი სამეფო მონასტერი გახლდათ. ქართველი მეფეები მას „ჩვენს სალოცავს“ უწოდებდნენ. როსტომ მეფემ 1643 წ. სამეფო მონასტერი გერმანოზ ბარათაშვილს უბოძა საგვარეულო საძვალედ. გუდარეხი გერმანოზიშვილების სამარხი გახდა, რასაც ადასტურებს დღემდე შემორჩენილი გერმანოზიშვილთა საფლავის ქვებზე ამოკვეთილი წარწერები.

გუდარეხში დაკრძალულები არიან გერმანოზიშვილთა საგვარეულოს შემდეგი წევრები:

მეჯინიბეთუხუცეს პაატა გერმანოზიშვილის ასული (მისი სახელი საფლავის ქვის წარწერაში არ იკითხება, გ. 1645); ვარაზას შვილი გიორგი, ძე ვარაზა გერმანოზიშვილისა (გ. 1692); მოურავ იასე გერმანოზიშვილის მეუღლე თინათინი (გ. XVII ს. მიწურულს); დარეჯან გერმანოზიშვილი, მოურავ იასე გერმანოზიშვილისა და თინათინის ასული (გ. XVIII ს. დამდეგს); ბოქაულთუხუცეს დათუნა გუგუნას ძე გერმანოზიშვილის მეუღლე თამარი (გ. XVIII ს. დასაწყისში); მეჯინიბეთუხუცეს ომან გუგუნას ძე გერმანოზიშვილი (გ. 1716).

გუდარეხის წინამძღვარი დომენტი გერმანოზიშვილი (გ. XVIII ს. 30-40-იან წწ-ში) საფლავის ქვის წარწერაში „ამა მონასტრისა მეორედ გამკეთებლად“ იხსენიება. მან გუდარეხის მთავარი ტაძარი შეაკეთა და მონასტერში სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა. წინამძღვარი სამეფო კართან დაახლოებული პოლიტიკური მოღვაწე გახლდათ. იგი იყო დომენტი კათოლიკოსის ამალის წევრი მისი სტამბოლში ყოფნისას. მონასტრის სხვა წინამძღვრების შესახებ ცნობები არ შემონახულა.

დანარჩენი საფლავის ქვები დაკარგულია.

გუდარეხი დიდი და მდიდარი სამონასტრო კორპორაცია იყო. მონასტერს ყმები ჰყავდა სოფ. გუდარეხში, ცოვრეთში, ვერხვნალაში, ღორისთავში, ჯალდამში, აბელიაში, ცხვრისში, ვაკეში, ვარხოვნაში და სხვ.

გუდარეხი მაღალი სამშენებლპ ტექნიკით გამორჩეული ძეგლია ქართულ ხუროთმოძღვრებაში – სამონასტრო კომპლექსის ქუჩები მოკირწყლული იყო (დაგებულ ქვაფენილს უკეთ გამაგრების მიზნით კირიანი წყალი ჰქონდა გადასხმული), შენობებს საწვიმარი ღარები ჰქონდა, სარკმლებს – დარაბები. შენობათა დიდი ნაწილი ლამაზი კვადრებით იყო აგებული. არქეოლოგებმა მრავლად აღმოაჩინეს როგორც ადგილობრივი (გუდარეხში დამზადებული), ისე შემოტანილი კერამიკული ნაწარმი.

განათხარი არქეოლოგიური მასალა, კერამიკული ნაწარმი, მონეტები და შენობა-ნაგებობათა დიდი ნაწილი სინქრონულია და XII-XIII სს. თარიღდება, რაც ნიშნავს, რომ გუდარეხის სამონასტრო კომპლექსი აშენებულია XII-XIII სს-ში – გიორგი III-ისა და თამარის ეპოქაში, როდესაც ქვეყანას დიდი სამონასტრო კომპლექსების აშენების რეალური შესაძლებლობა გააჩნდა.

ოსმალობამ, ყიზილბაშობამ, ლეკიანობამ და შინაფეოდალურმა ომებმა გაანადგურა ქვემო ქართლი და მათ შორის, გუდარეხიც. XVIII ს. მიწურულს გუდარეხის სამონასტრო სენიორიამ არსებობა შეწყვიტა.

გუდარეხის მთავარი ტაძარი 1938 წ. საქართველოს ძეგლთა დაცვის კომიტეტმა შეაკეთა. გუდარეხის ეკლესიის კანკელის ფრაგმენტები ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.



წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები