გერმანოზიშვილები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გერმანოზიშვილები – ფეოდალური საგვარეულო XVII-XIX სს. ქვემო ქართლში. ბარათაშვილების შტო, რომელიც ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, XVII ს. II ნახევრიდანდან გერმანოზიშვილთა გვარს ოფიციალურად ატარებს. ამ დიდ, ფეოდალურ საგვარეულოს საფუძველი ჩაუყარა გერმანოზ III ბარათაშვილმა (1627-1643, იხსენიება ისტორიულ სიგელ-გუჯრებში). გერმანოზ ბარათაშვილი და მისი ვაჟები – ოთარი, პაატა, ბერი, ვარაზა და როსები – გვარად ბარათაშვილები იყვნენ, მაგრამ გერმანოზ III ბარათაშვილის შვილიშვილები იასე, გუგუნა, გერმანოზი, პაპუნა, დომენტი, გიორგი და ლუარსაბი, ყველა ისტორიული დოკუმენტის თანახმად, გერმანოზიშვილის გვარს ატარებენ. ასე რომ, გერმანოზიშვილმა გვარის ფუნქცია XVII ს. II ნახევრიდან შეიძინა და გერმანოზ III ბარათაშვილის პატივსაცემად ბარათაშვილების ამ განშტოებამ გვარად გერმანოზიშვილი მიიღო. გერმანოზ III ბარათაშვილს ასევე დიდი დამსახურება მიუძღვის ახალი სათავადოს შექმნასა და ჩამოყალიბებაში, რომელსაც საგერმანოზიშვილო ეწოდა.

გერმანოზ III-ის დიდი დამსახურებაა ისიც, რომ მას როსტომ მეფემ (1632-1658) 1643 წ. ერთგული სამსახურისთვის სამეფო მონასტერი გუდარეხი უბოძა და ამიერიდან გუდარეხის მონასტერში გერმანოზიშვილთა გვარისა და ოჯახის წევრები იკრძალებოდნენ.

გერმანოზიშვილების მამულები ჰქონდათ მდინარეების – ალგეთისა და ქციას ხეობებში. ოც სოფელში ფლობდნენ ყმა-მამულებს. ეს სოფლები იყო: გუდარეხი, ენაგეთი, ტბისი, აბელია, ცოვრეთი, ცხვრისი, კოხტა, ბაბია, ახვრისი, მძოვრეთი, დმანისხევი, სხალნარა და სხვ.

გერმანოზიშვილების ისტორიული დოკუმენტებისა და გუდარეხის მონასტრის გერმანოზიშვილთა საფლავის ქვების წარწერების მიხედვით, საკმაოდ მაღალი თანამდებობები ეკავათ ქართლის სამეფო კარზე. ისინი მემკვიდრეობით ფლობდნენ ბოქაულთუხუცესის, მეჯინიბეთუხუცესის და ახალქალაქისა და ტამალიის მოურავის თანამდებობებს. ეს სახელოები „მათ მამა-პაპათა სამკვიდრო და ნაქონი იყო“. გერმანოზიშვილებს ჰქონდათ სხვა თანამდებობებიც – მილახორბაშის, მემანდერბაშის, უზბაშისა და იასაულის. ამ საგვარეულოს ზოგიერთი წარმომადგენლებს ასევე ეკავათ სასულიერო თანამდებობებიც. გერმანოზიშვილთა წარმომადგენელი გუდარეხის მონასტრის წინამძღვარი იყო.

გერმანოზ III ბარათაშვილის ვაჟებიდან ოთარი (1638-1679) ბოქაულთუხუცესი იყო, პაატა – მეჯინიბეთუხუცესი (1638-1680), 1680 წ. ეს თანამდებობა მისმა უმცროსმა ძემ ვარაზამ დაიკავა. შვილიშვილებიდან: იასე გერმანოზიშვილი (1672-1712) იყო მეჯინიბეთუხუცესი, პაპუნა (1669-1707) – ბოქაულთუხუცესი, ხოლო უმცროსი ვაჟი დომენტი (1690-1740) გუდარეხის მონასტრის წინამძღვარი იყო და „ამა მონასტრისა მეორედ გამკეთებლად“ იწოდება საფლავის ქვის წარწერაში. როგორც ჩანს, წინამძღვარმა დომენტიმ აღადგინა და რესტავრაცია ჩაუტარა მტერთა შემოსევის შედეგად დანგრეულ გუდარეხის სამონასტრო კომპლექსს. დომენტი გერმანოზიშვილი გუდარეხის მონასტერშია დაკრძალული.

გუდარეხის მონასტერში დაკრძალულნი იყვნენ გერმანოზიშვილთა საგვარეულოს შემდეგი წევრები (დღემდე მოაღწია შვიდმა საფლავის ქვამ): ვარაზა გერმანოზიშვილის ვაჟი გიორგი (გ. 1692), პაატა გერმანოზიშვილის ასული (სახელი არ იკითხება), რომლის საფლავი მისმა ძმამ ბოქაულთუხუცესმა პაპუნამ გააკეთა (გ. 1645), იასე გერმანოზიშვილის მეუღლე თინათინი (გ. XVII ს. მიწურულს); იასე გერმანოზიშვილის ასული დარეჯანი (XVIII ს. დამდეგი); გუდარეხის მონასტრის წინამძღვარი დომენტი გერმანოზიშვილი (გ. სავარაუდოდ, 1740); მეჯინიბეთუხუცესი ომან გერმანოზიშვილი (გ. 1716). საგვარეულოს წევრთა დანარჩენი საფლავის ქვები დაკარგულია.

XVIII ს. მცხოვრები გერმანოზიშვილების შესახებ არსებული ისტორიული დოკუმენტები მნიშვნელოვანი რაოდენობითაა ჩვენამდე მოღწეული. XVII ს. II ნახევარში გერმანოზიშვილები უამრავ ყმა-მამულს ყიდულობდნენ და აქტიურად ზრუნავდნენ საკუთარი სათავადოს გაძლიერებასა და გაფართოებაზე. XVIII საუკუნიდან ეს სურათი საგრძნობლად იცვლება. საქართველოში შექმნილმა მძიმე პოლიტიკურმა ვითარებამ ოსმალობამ, ყიზილბაშობამ, ლეკიანობამ და შინა ფეოდალურმა ომებმა – ქვეყანა დაქვეითების გზაზე დააყენა. საგრძნობლად შეიცვალა გერმანოზიშვილების მდგომარეობაც. XVIII ს. ისტორიული – დოკუმენტების უმრავლესობა სამამულო დავის წიგნები, არზა-ოქმები და ყმა-მამულების გაყიდვის საბუთებია. ძალზე მცირეა ნასყიდობის სიგელ-გუჯრები. გერმანოზიშვილები უკვე კი აღარ ყიდულობენ, არამედ ყიდიან საკუთარ ყმა-მამულებს.

XVIII ს. ბოლოს გერმანოზიშვილების ნაწილი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად, რადგან ქვემო ქართლში ცხოვრება შეუძლებელი შეიქნა. XIX ს. დასაწყისში რუსებმა ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის სისტემა შეცვალეს და გერმანოზიშვილების სათავადომაც არსებობა შეწყვიტა.

გ. მჭედლიძე



ლიტერატურა

  • ბერძენიშვილი დ. ბოლნისის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, „საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული“, 1964, ტ. 2;
  • მისივე, ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან, თბ., 2014;
  • თაყაიშვილი ე., სომხით-საორბელოს ძეგლების წარწერები, ნაწ., 1, პარიზი, 1929;
  • მუსხელიშვილი დ., ქვემო ქართლის ისტორიულ-გეოგრაფიული ექსპედიციის საველე სამუშაოთა (1956-1958 წწ.) შედეგები, „საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული“, ტ.1, თბ., 1960;
  • მუსხელიშვილი ლ., ბოლნისი, „ენიმკის მოამბე“, 3, თბ., 1992;
  • მჭედლიძე გ., საყაფლანიშვილოს სათავადოს ისტორიიდან, „მრავალთავი“, 20., თბ., 2003;
  • მისივე, „შვენიერნაშენი, გუმბათიანი“ (ფიტარეთის მონასტრის ისტორია), „დიდგორი“, თბ., 1992;
  • მისივე, ფიტარეთის მონასტერი, 2009; სილოგავა ვ., ქვემო ქართლის წარწერები, კრ., „დმანისი“, 2000, №2;
  • ჩიტაია გ., ფიტარეთისა და გუდარეხის საფლავის ქვების წარწერები, საქართველოს მუზეუმის მოამბე, ტ. 3, ტფ., 1926;
  • ჯამბურია გ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1955;
  • ჯანაშია ს., ბარათაშვილთა გენეალოგიისათვის, შრომები, ტ. 2, თბ., 1952;
  • Brosset M., Melanges Asiatiquest, II, 3-me livre, St. Petersbaurg, 1854.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები