თამარ მეფე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თამარ მეფე

თამარ მეფე – ერთიანი საქართველოს მეფე 1184–1213 (2007, 2010), გიორგი III-ის ასული.

1178 წელს (მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ 1179 წელს) გიორგი III-მ თავისი ერთადერთი ასული თამარი თანამოსაყდრედ დასვა. მეფე შიშობდა, მისი გარდაცვალების შემდეგ თამარს გარკვეული სიძნელეები არ შეხვედროდა გამეფების პროცესში. საქართველოს ისტორიაში ხომ პირველად უნდა ასულიყო ქალი ტახტზე. ექვსი წელი მამა-შვილი ერთად მართავდა სამეფოს. ეს პერიოდი თამარისთვის უდიდესი გამოცდილების მიღების ხანა იყო. 1184 წლიდან, გიორგი III-ის გარდაცვალების შემდეგ თამარი ერთმმართველი გახდა.

სარჩევი

თამარის მეფობის პირველი წლები

დიდგვაროვნებმა ჩათვალეს რომ დადგა ის დრო, როდესაც მათ შეეძლოთ დავით აღმაშენებლისა და გიორგი III-ის დროს დაკარგული პრივილეგიები დაებრუნებინათ. 1184 წელსვე თამარი ხელმეორედ აკურთხეს მეფედ. ცოტა ხანში დიდებულებმა მეფეს გიორგი III-ის დროს დაწინაურებული მოხელეების გადაყენება მოსთხოვეს, რომლებიც დაბალი სოციალური წარმოშობისანი იყვნენ. თამარი იძულებული გახდა დაეთმო და ერთგული ვაზირებიამირსპასალარ-მანდატურთუხუცესი ყუბასარი და აზნაურის ყმობიდან მსახურთუხუცესობამდე აღზევებული აფრიდონი გადაეყენებინა. სულ მალე –მეჭურჭლეთუხუცესმა ყურთლუ-არსლანმა სამეფო ხელისუფლების შეზღუდვისა და სახელმწიფო მმართველობის რეფორმის გეგმა წამოაყენა. სამეფო კარის გვერდით უნდა შექმნილიყო ახალი დაწესებულება, ე.წ. „კარავი“. ყურთლუს აზრით „კარავში“ შეკრებილი დიდებულები „განმგებელნი მიცემისა და მოღებისა, წყალობისა და შერისხვისანი, ვჰკადრებდეთ და ვაცნობებდეთ თამარს, მეფესა და დედოფალსა, მაშინღა სრულ იქმნებოდეს განგებული ჩვენი“. ამ პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მეფეს მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლება რჩებოდა. თამარის ბრძანებით ყურთლუ-არსლანი დააპატიმრეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს, რადგან ამ უკანასკნელის თანამზრახველები, რომლებიც როგორც ჩანს, საკმაოდ მრავალრიცხოვნები იყვნენ, შეიარაღებული გამოსვლით დაიმუქრნენ. შეთქმულებთან მოსალაპარაკებლად მეფემ ორი მანდილოსანი გაგზავნა – ხვაშაქ ცოქალი და კრავაჲ ჯაყელი. მოლაპარაკებისა და დათმობების შემდეგ მოხერხდა სამეფოში მშვიდობის აღდგენა. „კარავის“ დაარსების იდეა უარყოფილ იქნა, სამაგიეროდ, როგორც ჩანს, გაფართოვდა დარბაზის უფლებები (ყურთლუ არსლანი საერთოდ გაქრა პოლიტიკიდან).

თამარის პირველი ქორწინება

უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა თამარის გათხოვების საკითხს, რადგან მისი ქმარი სამეფოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალაუფლებისა და გავლენის მქონე პიროვნება ხდებოდა. დიდგვაროვნებმა არჩევანი როსტოვ-სუზდალის მთავრის ანდრია ბოგოლუბსკის ვაჟზე – იურიზე შეაჩერეს. იური, რომელსაც ქართველებმა გიორგი უწოდეს, ამ დროისათვის სამთავროდან ბიძის მიერ გამოძევებული და ყივჩაყებთან თავშეფარებული იყო. 1185, ზოგის მოსაზრებით 1186 წელს, გიორგი რუსი საქართველოში ჩამოიყვანეს და თამარზე დააქორწინეს, მაგრამ მალე აღმოჩნდა, რომ გიორგის მრავალი პიროვნული ნაკლი გააჩნდა. მისი გაჩერება სამეფო კარზე უკვე შეუძლებელი იყო და ორი წლის შემდეგ, თამარი მას გასცილდა. გიორგი რუსი საქართველოდან გააძევეს.

1191 წელს საქართველოში გიორგი რუსი დაბრუნდა, მას აქ მხარდამჭერთა საკმაოდ დიდი დასი ეგულებოდა, რომელთა მეშვეობით ტახტის დაუფლებას შეეცადა. აჯანყებულებმა გიორგი რუსი გეგუთში მეფედ კი აკურთხეს, შემდეგ თავისი ჯარი ორად გაყვეს და თამარის წინააღმდეგ დაიძრნენ. სამეფოსთვის ამ მეტად მძიმე წუთებში, თამარმა სიმტკიცე გამოიჩინა, სასწრაფოდ შემოიკრიბა ერთგული პირები და მოახერხა აჯანყებულთა დამარცხება. „უბედური რუსი“ კვლავ გაძევებულ იქნა, მის მომხრეებს კი (ვარდან დადიანს, ბოცო ჯაყელს, გუბაზ ტაოსკარელს) თანამდებობებიდან და მამულები ჩამოართვეს, დასჯით კი არავინ დაუსჯიათ მკაცრად, რადგან „დღეთა შინა თამარისათა არავინ გამოჩნდა მიმძლავრებული მეცნიერებითა მისითა, არცა-ვინ დასჯილა… არცა ვინ ბრძანებითა მისითა ასომოკვეთილ იქნა და არცა სიბრმითა დაისაჯა“.

1193 წელს გიორგი რუსმა კიდევ ერთხელ სცადა დაკარგულის დაბრუნება და ჰერეთის მხრიდან საქართველოში შემოჭრა განიზრახა. ამჯერად მას აღარავინ მიემხრო და საღირ მახატლის-ძემ თავისი სანაპირო მხედრობით ადვილად უკუაგდო გიორგი რუსი.

თამარის მეორე ქორწინება

1189 წელს თამარმა მეორედ იქორწინა, ამჯერად ბაგრატიონთა ოსთა სამეფო სახლის შთამომავალზე დავით სოსლანზე.

1193 წელს – თამარის ძის და ტახტის მემკვიდრის გიორგი (მეორე სახელი ლაშა) დაბადების აღსანიშნავად, ქართველებმა ბარდავის მიმართულებით ილაშქრეს და გამარჯვებულები დაბრუნდნენ.

შამქორის ბრძოლა

საშინაო პრობლემების მოგვარების შემდეგ თამარი აქტიური საგარეო პოლიტიკის განხორციელებას იწყებს. ამ დოს აზერბაიჯანის ელდეგიზიანთა საათაბაგოში მწვავე საშინაო ბრძოლები მიმდინარეობს. აბუ-ბექრ ათაბაგმა თავისი ძმა ამირ-მინანი დაამარცხა. ამ უკანასკნელმა თავი შირვან-შაჰთან შეაფარა, შირვანის მმართველი კი საქართველოს ყმადნაფიცი იყო. აბუ-ბექრმა შესანიშნავად იცოდა, რომ საქართველოს დამარცხების გარეშე ის თავის პატივმოყვარე ზრახვებს ვერ დაიკმაყოფილებდა. მან დახმარებისათვის ბაღდადის ხალიფა მიმართა. შეიყარა თურქთა ურიცხვი ლაშქარი, რომელიც აბუ-ბექრის სარდლობით საქართველოსაკენ დაიძრა. თამარის ბრძანებით, ქართველთა მხედრობაც შეიკრიბა და მტრის შესახვედრად გაემართა. ბრძოლა 1195 წელს მოხდა შამქორის მახლობლად და ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. ათაბაგი ძლივს გადაურჩა ტყვეობას. ქართველთაგან განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი ძმებმა შალვა და ივანე ახალციხელებმა (შალვა ხალიფას გამოგზავნილი დროშაც კი ჩაიგდო ხელში, რომელიც შემდეგ ხახულის ღვთისმშობელს შესწირა). შამქორის ბრძოლაში გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დაანახა ყველას ქართველთა ძალა. რაც მთავარია, ამ გამარჯვების შემდეგ, სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს მოწინააღმდეგე აღარ ჰყავდა.

1199-1203 წლებში ქართველთა ლაშქარმა მაჰმადიანთა ბატონობისაგან გაათავისუფლა და საქართველოს შემოუერთა სომხური მიწები: ანისი, დვინი, ამბერდი, ბიჯნისი. ქართველთა წარმატება მოსვენებას უკარგავდა მაჰმადიანებს.

ბასიანის ბრძოლა

სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მცირე აზიის სელჩუკთა სახელმწიფო ესაზღვრებოდა, რომელიც განსაკუთრებით დაძლიერდა რუქნ ად-დინის დროს. ხანგრძლივი მზადების შემდეგ რუქნ ად-დინმა ჩათვალა, რომ მაზად არის საქართველოს წინააღმდეგ სალაშქროდ და 1202 წელს არზრუმიდან დაიძრა. მისი მრავალრიცხოვანი ჯარი ბასიანის ველზე დაბანაკდა. სულთანმა თამარს ელჩი გამოუგზავნა და დანებება შესთავაზა. ყველაზე აღმაშფოთებელი ის ზეპირი დანაბარები იყო, რომელიც ელჩმა მეფეს გადასცა – „უკეთი მეფემან თქვენმან დაუტეოს სჯული, იპყრას სულტანმა ცოლად, და უკეთუ არა დაუტეოს სჯული, იყოს ხარჭად სულტანისა“ ამ სიტყვებით აღშფოთებულმა ამირსპასალარმა ზაქარია მხარგრძელმა სილა გააწნა ელჩს და ეს უკანასკნელი გონდაკარგული დაეცა. ელჩის პიროვნება ხელშეუხებელი იყო. თავხედი დესპანი ქართველებმა დაასაჩუქრეს და უკან გააბრუნეს. საპასუხო წერილში თამარი რუქ ად-დინს წერდა: „აწ წარმომივლენია ყველა მხედრობა ჩემი წინამოგებებად შენდა“.

თამარმა ჯარი სამცხემდე მიაცილა. თავად ოძრეხში დარჩა, სადაც როგორც მეფის ისტორიკოსი წერს – იმ თავის მხლებლებთან ერთად მთელ დროს ლოცვაში ატარებდა.

ქართველთა მხედრობა კი, დავით სოსლანის სარდლობით ბასიანისკენ გაემართა. 1202 წლის 27 ივლისს მოხდა ცნობილი ბასიანის ბრძოლა. ქართველთა მეწინავე ჯარს ზაქარია მხარგრძელი, შალვა და ივანე ახალციხელები მეთაურობდნენ. ფიცხელი ბრძოლის დროს ქართველთა მხედართმთავრებს ცხენები მოუკლეს და ისინი ქვეითად განაგრძობდნენ ბრძოლას. ამის შემდეგ მეომრებიც ჩამოქვეითდნენ და გვერდში ამოუდგნენ თავის სარდლებს. ბრძოლის ამ მძიმე მომენტში ქართველთა ძირითადი ლაშქარი შეტევაზე გადავიდა. მტერმა ვეღარ გაუძლო და უკუიქცა. ქართველებმა კვლავ ერთი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. მრავალრიცხოვან ტყვეთა შორის რუქ ად-დინი ძმა იყო, რომელიც შემდეგ ქართველებმა ჯორის ერთ ნალი გაცვალეს. ბასიანის ბრძოლაში გამარჯვებამ მოხსნა ყოველგვარი საფრთხე სამხრეთ-დასავლეთიდან და საშუალება მისცა საქართველოს მმართველ წრეებს, რათა უფრო აქტიური პოლიტიკა წარემართა ამ მიმართულებით.

ქართული სახელმწიფოს გაძლიერება

1204 წელს ქართველებმა აიღეს სტრატეგიულად უაღრესად მნიშვნელოვანი ციხე-ქალაქი კარი, რომელიც თურქთა საიმედო საყრდენად ითვლებოდა ამიერკავკასიაში. თამარ მეფემ კარის მმართველად ივანე ახალციხელი დანიშნა და მონაპირეობა უბიძა.

ამავე წელს დიდი განსაცდელი მოევლინა ბიზანტიის იმპერიას. მეოთხეჯერ ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილეებმა აიღეს და სასტიკად გაძარცვეს იმპერიის სატახტო ქალაქი – კონსტანტინოპოლი, ბიზანტიის იმპერია ლათინთა იმპერიით შეიცვალა. ამავე პერიოდში ქართველთა ლაშქარმა დაიკავა ბიზანტიის იმპერიაში შემავალი, ძირითადად ქართველი ტომებით დასახლებული შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი ტერიტორია(ჭანეთი ანუ ლაზისთანი), ქალაქები: ტრაპიზონი, ლიმნია, სამსუნი, სინოპი, კერასუტი, კოტიოტა და ჰერაკლია. ამ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სახელმწიფო – ტრაბზონის საკეისრო, რომელსაც სათავეში ჩაუდგა საქართველოს სამეფო კარზე აღზრდილი, ბიზანტიაში დამხობილი კომნენოსთა დინასტიის კანონიერი მემკვიდრე – ალექსი. ქართველთა სამხედრო ძალით შექმნილი შექმნილი სახელმწიფოს სათავეში, ასევე ქართველების მიერ დასმული ალექსი კომნენოსი, ცხადია, საქართველოს სამეფო კარის ერთგული და მისი პოლიტიკის გამტარებელი იყო.

1208-09 წლებში ქართველებმა დაიმორჩილეს ხლათი, არჭეში არდაველი. საქართველოს სამეფო მთელს მახლობელ აღმოსავლეთში უძლიერესი სახელმწიფო იყო. თამარის ისტორიკოსის სიტყვებით „იყო დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშვიდობა. განეფინა მადლი ბაგეთა მისთა… არა ოდენ თვისსა სამეფოსა იყო კეთილდღეობა, არამდე ყოველთა ქრისტინეთათვის“.

1206 წელს გარდაიცვალა თამარის მეუღლე დასვით სოსლანი, ქართველთა ჯერის წინამძღოლი და გამარჯვების მომპოვებელი მრავალ ბრძოლაში. „კაცი აღსავსე ყოლითა სიკეთითა, საღმრთოთა და საკაცობოთა, შესახედავად განმშვენებული, ხოლო წყობათა და ომთა შინა მხნე ვინმე გლოვანთაგანი. უხვი და მდაბალი და სიკეთეაღმოცენებული“

იმავე წელს თამარმა თავისი ვაჟი ლაშა-გიორგი თანამოსაყდრედ დასვა.

1210 წელს ამირსპასალარმა ზაქარია მხარგრძელმა თამარს შესთავაზა მოეწყოთ ლაშქრობა ჩრდილოეთ ირანში. მეფემ თანხმობა განაცხადა. 1210 წელს ქართველებმა ირანში ილაშქრეს. აღებულ იქნა ქალაქები: მარანდი, თავრიზი, მიანა, ზენჯანი, ყაზვინი. დიდი ნადავლითა და ალაფით დამძიმებულმა ჯარმა წინსვლა ვეღარ შეძლო და გამარჯვებული ქართველები უკან დაბრუნდნენ.

თამარის მეფობის ბოლო წლებში მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყება წამოიწყეს ფხოველებმა და დიდოელებმა. ივანე მხარგრძელმა თამარის ბრძანებით დაილაშქრა აჯანყებულთა წინააღმდეგ, დაამარცხა ისინი და სამეფოში სიმშვიდე და სიწყნარე აღადგინა.

თამარის გარდაცვალება

1213 წელს „ნებითა ღმერთისაითა აფხაზთა და ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფე და დედოფალი, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თუითმფლობელი თამარი გარდაიცვალა“. თამარის ისტორიკოსების ცნობით მეფე გელათში დაკრძალეს (ქართულ ისტორიოგრაფიაში თამარის გარდაცვალების სხვა თარიღებიც არსებობს. მკვლევართა ნაწილი 1207 წელს იზიარებს, ნაწილი 1210 წელსაც).

პიროვნება

თამარი „იქმნა ყოველთა მეფეთა შორის უდიდესი, სვიანი და ბედნიერი, ღმრთისმოშიში, ტკბილი, სახიერი და სიმდაბლე, ეკლესიათა და მონაზონთა მოყვარე, გლახაკთა და მოჩივართა განმკითხველი“.

მეფე, როდესაც საამისო დრო ჰქონდა, საკუთარი ხელით ქსოვა და კერავდა, ხოლო ამ ყოველივეს შემდეგ გასაყიდად აძლევდა, თანხას კი გლახაკებს ურიგებდა, „ლოცვანი და ღამისთევანი, რომელნი პალატსა შინა ამისსა აღესრულებოდეს, საეჭველ მიაჩნს მეუდაბნოეთაგანცა“ – აღნიშნავს ისტორიკოსი.

თამარის დროს საქართველომ თავისი დიდების ზენიტს მიაღწია. უზარმაზარ სახელმწიფოს თამარი შიშითა და ტერორით როდი მართავდა. „არა ვერაგობისა ღონითა და სიმართლითა და უმანკოებითა დავითიანითა. სიმშიდითა იაკობის მსგავსითა, სიუხვითა აბრამისებრთა, მოწყალებითა იესოს ღმრთისა მსგავსითა და სამართლითა მისისა მიბაძვითა… სანთელი იყო გონიერთა და უგუნურთა, პირველთა განმანათლებელ და მეორეთა დამწველ. აღვირი იყო უწესოდ მკრთომელთა და დეზ უდებთათვის, კეთილმრავალთა სიბრძნით მცველ, ხოლო მბორგალეთა თვალუცვავად მგვემლ“. თამარის საქართველომ მახლობელო აღმოსავლეთის ქვეყნების ქრისტიანული მოსახლეობის მესიის მფარველობაზე განსაკუთრებული უფლება –„ქრისტეს მახვილის“ ფუნქცია გააფართოვა, მისსავე ტახტის სიძლიერემ უზრუნველყო ქართველთათვის მნიშვნელოვანი პრივილეგიების მინიჭება – იერუსალიმში გაშლილი ეროვნული დროშებით შესვლა, გათავისუფლება ყოველგვარი გადასახადებისგან, ცხენზე სწორად ჯდომის უფლება და სხვ.

ქართულმა ეკლესიამ თამარი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 1 (14) მაისი დააწესა.

მეფე პოეტი

თამარ მეფეს ჰქონოდა ორიგინალური ნაწარმოებები. ხახულის ღვთისმშობლის ხატზე შემონახულია ზედწერილი იამბიკო, რომელშიც თამარი შეჰღაღადებს მარიამს:

ქალწულებრივთა
სისხლთა შენთაგან, სძალო,
თბედ საიდუმლოდ
ზენაჲსა განგებისად,
ძისა ღმრთისა – ძედ
მეშვ იქმენ არსთა მცხოვნად!
მე, თამარ, მჩენი
ტომთაგან დავითებრთაით
თვისად, შემამკევ,
მადიდე, აღმამაღლე!
აწ მეცა ხელვყავ
შემკობად ხატსა თქვენსა –
დედისა ძითურთ, —
დაა და მეცა, ძითურთ, მფარევდ!

პავლე ინგოროყვას მოსაზრებით, თამარ მეფემ ეს იამბიკო ლაშა-გიორგის დაბადებასთან დაკავშირებით შეთხზა და ხახულის ღვთისმშობელს სწორედ თავის ძეს ლაშას ავედრებს.

მეორე იამბიკო, რომელიც აგრეთვე თამარს მიეწერება, ეძღვნება ქართველთა დიდებულ გამარჯვებას შამქორის ომში. მემატიანის ცნობით, თამარს ამ გამარჯვების აღსანიშნავად გელათში ხახულის ღვთისმშობლის წინაშე წარუგზავნია შამქორიდან წამოღებული დროშა ხალიფისა – ნიშანი მტრის სრული განადგურებისა. ამ ნადავლისთვის დაურთავს იამბიკო-ხუთეული. იამბიკო მკაფიოდ გამოხატავს იმ საზეიმო განწყობილებას, რომელიც ქართველებს დაუფლებიათ ამ გამარჯვების გამო:

ზოგიერთი მეცნიერი თამარ მეფეს მიაკუთვნებს კიდევ ოთხ იამბიკოს, რომლებიც აღმოჩენილია ძველ ხელნაწერებში. ამ იამბიკოთაგან ერთ-ერთს აწერია: „თამარისი“, ხოლო დანარჩენებს: მარიამ მეგვი პტელის, გიორგისი და თევდორესი. ეს იამბიკოები დახვეწილი პოეტური სიტყვის შესანიშნავი ნიმუშებია, მაგრამ დაბეჯითებით მტკიცება იმისა, რომ მათი ავტორი თამარია, ჯერჯერობით ძნელია.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები