ბაირონი ჯორჯ გორდონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლორდ ჯორჯ გორდონ ბაირონი

ლორდ ჯორჯ გორდონ ბაირონი − (George Gordon Byron, 1788-1824), ინგლისელი პოეტი.

სარჩევი

ბიოგრაფია

ბაირონი ძველი არისტოკრატიული, მაგრამ გაღატაკებული ოჯახის შთამომავალი, დაიბადა ლონდონში. ათი წლის ასაკიდან, მას შემდეგ, რაც მან მიიღო ლორდის წოდება მემკვიდრეობით, დედასთან ერთად ცხოვრობდა ციხესიმაგრეში და, შესაბამისად, სწავლობდა დახურულ პრივილეგირებულ სკოლაში, შემდეგ - კემბრიჯის უნივერსიტეტში.

12 წლის ასაკში გამოსცა თავისი პირველი ლექსების კრებული, დაახლოებით 1806-1809 წლებში, სახელწოდებით „მოცალეობის საათები“. ბაირონის ლექსების ამ კრებულს პრესაში დიდი კრიტიკა მოჰყვა. ამის საპასუხოდ, პოეტმა, 1809 წელს, გამოაქვეყნა სატირული ლექსი: „ინგლისელი ბარდები და შოტლანდიელი დამკვირვებლები“, რომლითაც მან დაგმო რომანტიკოსთა რეაქციული ტენდენციები. საკუთარი შემოქმედებით, ბაირონი აშკარა უარყოფით და დამცინავ განწყობილებას გამოხატავდა ინგლისის მაღალი საზოგადოების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც ამ საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლდათ. ამ საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, მის ლექსებსა თუ პოლიტიკურ გამოსვლებში, კითხულობდნენ დაუნდობელ სიმართლეს, რომელიც მათი პრივილეგიების წინააღმდეგ იყო მიმართული. ისინი ყოველნაირად ცდილობდნენ შეელახათ მისი რეპუტაცია, მოენათლად იგი აღვირახსნილ და უზნეო ადამიანად. ბაირონის სიძულვილი ლონდონის არისტოკრატიული წრეებისადმი და ინგლისის მაღალ საზოგადოებასთან ადრევე დაწყებული კონფლიქტი გახდა მიზეზი, რომ მას დიდი ბრიტანეთი დაეტოვებინა და სამოგზაუროდ წასულიყო. ბაირონი ინგლისიდან ჯერ შვეიცარიაში გაემგზავრა, იქიდან იტალიაში და ბოლოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად საბერძნეთში ჩავიდა, სადაც მალე ავად გახდა და გარდაიცვალა. ზოგადად, ბაირონის შემოქმედება მჭიდრო კავშირშია ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობებთან: ინგლისში - ლუდიტების, ირლანდიაში - ბრიტანეთის კოლონიალური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლასთან, ესპანეთში, იტალიასა და საბერძნეთში ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობებთან.

ჩაილდ ჰაროლდის მოგზაურობა

ბაირონის, როგორც შემოქმედის, პოპულარობა პოემით - „ჩაილდ ჰაროლდის მოგზაურობა“ - დაიწყო. ამ ნაწარმოების შექმნის იდეა მაშინ დაებადა, როდესაც მოგზაურობის თითქმის ნახევარი განვლილი ჰქონდა. პოემას საფუძვლად დაედო მოგზაურობისას დაგროვილი ჩანაწერები, შთაბეჭდილებები, დღიურების ფრაგმენტები. სწორედ ამ მიზეზით, გამოქვეყნებისთანავე ავტორი პოემის გმირთან გააიგივეს. თუმცა, ბაირონი უარყოფდა პერსონაჟთან იდენტიფიცირებას. ნაწარმოებში, უკვე ნათლად ვლინდება ბაირონი, როგორც რევოლუციური რომანტიზმის წარმომადგენელი. პოემის კომპოზიცია ქაოსურია, არ არის ჰარმონიული სიუჟეტი, პოემის გმირი ჩაილდ ჰაროლდი შიგადაშიგ ქრება პოემის ფურცლებიდან, ხოლო IV სიმღერაში კი პრაქტიკულად უჩინარდება. მას სხვა გმირებისგან გამორჩეული ხასიათი აქვს. იგი საზოგადოებისგან ზურგშექცეული პიროვნებაა.

ჩაილდ ჰაროლდი, არისტოკრატული წარმოშობის ახალგაზრდა, ტოვებს სამშობლოს და მიდის სამოგზაუროდ შორეულ ქვეყნებში. მას მობეზრდა ყველაფერი: მაღალი საზოგადოება, მხიარულება, გარშემო მყოფი ადამიანები, მშობლიური კუთხე, მეგობრები. იგი გაურბის ცხოვრებას. ჩაილდ ჰაროლდი არ მოგზაურობს რაიმე ცოდნის, გამოცდილების ან შთაბეჭდილების შესაძენად. მას არც ცხოვრებაში საკუთარი ადგილის პოვნა აინტერესებს. მთელი პოემა ცხოვრებით უკმაყოფილო პიროვნების პოეტური აღსარებაა, რომელიც თავდავიწყებას მოგზაურობაში ეძებს. თუმცა, ამას ვერ ახერხებს; მისი გაქცევაც ტრაგიკულად მიმდინარეობს, რადგან ყველა და ყველაფერი, რასაც იგი ნახავს, კიდევ უფრო აღრმავებს მის პიროვნულ ტრაგედიას, რომელიც ფართო ზოგადსაკაცობრიო მასშტაბს იძენს.

პირველი სიმღერა

პოემის პირველ სიმღერაში მოთხრობილია გმირის მოგზაურობის შესახებ პორტუგალიასა და ესპანეთში. მოცემულია ესპანელი ხალხის განმათავისუფლებელი ბრძოლა ნაპოლეონის დამპყრობლური შემოსევის წინააღმდეგ. პოეტი აკრიტიკებს დაპყრობით ომს, მიესალმება განმათავისუფლებელ ბრძოლას და ხედავს ხალხის – იმ უბრალო ესპანელი ადამიანების როლს ამ ბრძოლაში, რომლებმაც სამშობლო მტრებისა და მოღალატეებისგან იხსნეს. იგი აქვე ამხელს მმართველ ძალას, რომელმაც უღალატა სახელმწიფოებრივ ინტერესებს.

მეორე სიმღერა

მეორე სიმღერა ეძღვნება ალბანეთსა და საბერძნეთს. ჰაროლდის ალბანეთში მოგზაურობით, ბაირონი საკუთარ თავგადასავალს აღწერს. ის პატივისცემით მოიხსენიებს ალბანელებს - სიკეთისთვის, გულუხვობისა და სტუმართმოყვარეობისთვის. იმედგაცრუების ნოტები ჟღერს ჰაროლდის თხრობაში, როდესაც იგი საბერძნეთს სტუმრობს. ქვეყანა თურქეთის უღელქვეშაა მოქცეული. ბაირონი ბერძნებს ბრძოლისკენ მოუწოდებს, თავადაც უშუალოდ მონაწილეობს საბერძნეთის ეროვნულ–განმათავისუფლებელ ბრძოლაში. სწორედ ამ ქვეყანასთან არის დაკავშირებული პოეტის ცხოვრების და შემოქმედების უკანასკნელი ეტაპი.

მესამე სიმღერა

მესამე სიმღერა იწყება და მთავრდება ბაირონის სულისშემძვრელი მიმართვით საკუთარ ქალიშვილ - ადასადმი, რომლის ნახვა მას აღარ ეწერა. მესამე სიმღერა შეიცავს ბიოგრაფიულ და პოლიტიკურ სკეტჩებს. ბელგიის გადალახვის შემდეგ, მოინახულა ვატერლოოს ბრძოლის ველი. აქ გამოთქმულია აზრი, რომ ეს ბრძოლა მსოფლიო ისტორიის ერთ–ერთი ტრაგიკული ფურცელია. რთულია მისი დამოკიდებულება ნაპოლეონის მიმართ. ერთი მხრივ, მან იმპერატორი მიიჩნია ტირანად, მეორე მხრივ მიიჩნევს, რომ იმ რეაქციულმა ძალებმა, რომლებმაც დაამარცხეს ნაპოლეონი, უფრო მეტი ზიანი მოუტანეს ევროპის ერებს.

მეოთხე სიმღერა

მეოთხე სიმღერა ბაირონმა იტალიას მიუძღვნა; იგი ხატავს დიდი წინაპრებისა და ტრადიციების ქვეყანას. იგონებს წარსულის საგმირო მოვლენებს და ეს ჟღერს, როგორც მოწოდება განმათავისუფლებელი ბრძოლისკენ ქვეყნის გასაერთიანებლად. ჩაილდ ჰაროლდის ტრაგიზმს ყველაზე მეტად ზრდის იმის შეგრძნება, რომ ადამიანი ასე დაკნინებული და დაბეჩავებულია უცხოელი დამპყრობლების წინაშე.

„ჩაილდ ჰაროლდში“ არავითარი სიუჟეტური ჩარჩოები არაა დაცული, ბაირონი თავის აზრებს სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნავი ადგილებისა თუ იქ მიმდინარე მოვლენების ფონზე გამოთქვამს. ნაწარმოები რევოლუციური სულისკვეთებით, თანამედროვე ცხოვრების კრიტიკული გააზრებითაა აღსავსე. პოემაში ბუნების გაცოცხლებული სურათები: ზოგჯერ მშვიდი და წყნარი, ზოგჯერ ქარიშხლიანი და ბობოქარი – პოეტის მოუსვენარი სულიერი მდგომარეობის ანარეკლია.~

დონ ჟუანი

აღსანიშნავია ბაირონის დაუსრულებელი პოემა „დონ ჟუანი“, რომელშიც მკვეთრადაა გამოხატული შემოქმედის ინდივიდუალისტობა, პიროვნული ამბოხი მსოფლიო სოციალური სისტემის წინააღმდეგ, პესიმისტური მსოფლაღქმა. ნაწარმოებში ბრძოლის რომანტიკულ პათოსს ენაცვლება პიროვნების მნიშვნელობის აღიარება, მომავლის რწმენა, რაც, აშკარად, მიანიშნებს ბაირონის შემოქმედების განვითარებას რომანტიზმიდან რეალიზმისაკენ. თუმცა, მის ნაწარმოებებში მკვეთრადაა გამოხატული პოეტის ყოვლისმომცველი მელანქოლიური განწყობა, რომელიც განსაკუთრებით ვლინდება 1813-1816 წლებში შექმნილ აღმოსავლური პოემების ციკლში („გიაური“, „აბიდოსელი სარძლო“, „კორსარი“, „ლარა“, „კორინთის ალყა“, „პარიზიანა“). ტიპური რომანტიკული პოემების სიუჟეტები ეგზოტიკური აღმოსავლეთის ფონზე ვითარდება. მასში არსებული პერსონაჟები, ისტორიული სინამდვილის მიმართ, აბსტრაქტულ პროტესტს გამოხატავენ. ისინი ყაჩაღები, მეკობრეები, საზოგადოებას მოკვეთილი ადამიანები არიან – ძლიერნი, ამაყნი, და დასაღუპად განწირულნი.

მანფრედი

1817 წელს დაწერილი ფილოსოფიურ-დრამატული პოემა/პიესის „მანფრედი“ გმირი უკიდურესი ინდივიდუალისტია - განდგომილი, სარწმუნოების, ძალაუფლებისა და დიდების უარმყოფელი; ამასთანავე, მანფრედს ადამიანის გონებრივი შეასაძლებლობების სწამს, რომელსაც ბუნების ძალების/სულების დამორჩილება ძალუძს. პოემა/პიესა ფაუსტური იდეის რომანტიკული ინტერპრეტაციაა. „მანფრედი“ ბაირონიესული - „ფილოსოფიური ხასიათის ლირიკული დრამაა“ (ბელინსკი).

მოქმედება ვითარდება ალპებში. ალპების მკაცრი ბუნება პიესის მონუმენტურობისა და პირქუშობის თანხვედრია. მარტოსული, განხიბლული, ამაყი მანფრედი - ტიპური ბაირონისეული გმირი-პერსონაჟია. ადრე მას კაცობრიობა უყვარდა, ახლა კი მას აღარ სჯერა: ადამიანების, სიკეთის, მეცნიერება-სწავლულობის და მისი დაღუპვის მიზეზი სწორედ ეს „ურწმუნოებაა“. დრამატული ნაწარმოების არსი ქმედებაში კი არ გამოიხატება, არამედ მანფრედის გრძელ მონოლოგებში. მოვლენები და სახე-ხატები განზოგადებულად ფილოსოფიურია და სიმბოლური ხასიათისაა. მაგალითად, ფინალური სცენა, სადაც პიესის „კეთილი საწყისი“ - ადამიანური „გონის“ დაუძლევლობაა, მანფრედი უარყოფს რელიგიას და იმავდროულად ეზიზღება ბნელი ძალები, რომლებსაც მისი სული ეკუთვნის („მიჰყიდა სული“).

„მანფრედი“ თავდაპირველად არ იყო გათვლილი სცენაზე დასადგმელად; დაიწერა, როგორც დრამატული ლექსი ან, როგორც ბაირონმა თავად უწოდა, „მეტაფიზიკური“ დრამა. შემდგომ, 1852 წელს, კოპმოზიტორმა რობერტ შუმანმა, დაწერა - „მანფრედი – დრამატული პოემა მუსიკით სამ ნაწილად“, რომელიც გერმანიის ქალაქ ლაიფციგის გევანდჰაუზის სცენაზე განახორციელა. მოგვიანებით კი, 1885 წელს, რუსი კომპოზიტორი პიოტრ ჩაიკოვსკი, თხზავს - „მანფრედის სიმფონია B მინორით“. ნაწარმოები დრამატული თეატრის სცენაზე არ განხორციელებულა - თემის, შინაარსისა და ხასიათის სირთულის გამო, თუმცა, 1988 წელს BBC-ის რადიო 3-მა, რადიო პიესად გააცოცხლა (რეჟისორი პაულინ ჰარისი - Pauline Harris) და მანფრედის პერსონაჟი რონალდ პიკაპმა (Ronald Pickup) აამეტყველა. რადიო პიესა პოპულარული გახდა მთელს ბრიტანეთში. 2017 წლის 8იანვარს, „მანფრედის“ გამოქვეყნებიდან 200 წლის იუბილეს აღსანიშნავად, იმავე BBC-ის რადიო 3-მა კვლავ აამეტყველა „იდუმალებით“ მოცული პიესა, მისი ორიგინალური მუსიკით, რომლის კომპოზიცია და შესრულება ოლი ფოქსს (Olly Fox) ეკუთვნის, ხოლო მანფრედს მსახიობი ჯოზეფ მილსონი (Joseph Millson) ასრულებდა.

კაენი

1821 წ. ბაირონმა დაწერა „კაენი“, რომლის გმირიც ხასიათით მანფრედის მონათესავეა. მწერალმა ბიბლიური სიუჟეტი აიღო (აბელისა და კაენის ამბავი) და გადაამუშავა. ნაწარმოები ბიბლიური მითის ბაირონისეული ინტერპრეტირებაა. ძველ აღთქმაში კაენი ძმის მკვლელი, შურიანი, ბოროტი არსებაა. ბაირონთან იგი, ღვთიური უსამართლობის წინააღმდეგ, პირველი ამბოხებული ადამიანია. მისი კაენი, არსებული, დაკანონებული მსოფლმოწყობის, მსოფლიო წესრიგისადმი მონური მორჩილების წინააღმდეგია და აპროტესტებს კიდეც. კაენი, როგორც სახე-ხატი ესქილესეული პრომეთეს მსგავსია (შესაძლოა პარალელის გავლება).

კაენი უარყოფს ქრისტიანულ რელიგიაში არსებულ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, სამყაროში კეთილთან ერთად არსებობს ბოროტი, რადგანაც შემოქმედს მიაჩნია, რომ ვიმსახურებთ ამას. ბოროტება, ადამიანთა ცოდვების გამო, უბედურების სახით გვევლინება. ადამიანის ტანჯვა სამართლიანია, რადგანაც ღმერთს სურს, რომ ბოროტების, განსაცდელის მოვლინებით სიკეთეს ვეზიაროთ. ნაწარმოების დასაწყისში კაენი მორჩილების ზღვარზეა, მაგრამ როგორც კი არჩევანის წინაშე დგება - ღვთის სიყვარული თუ ყველაფრის შეცნობა - არჩევანს ამ უკანასკნელის სასარგებლოდ აკეთებს, მიუხედავად ადას (ბაირონისეული ერთ-ერთი პერსონაჟის) თხოვნისა: „ოჰ კაენ, აირჩიე სიყვარული“ - კაენი სიყვარულს აბსტრაქტულ ცოდნას არჩევს. კაენის არჩევანი მას არც ბედნიერებას და არც კმაყოფილებას ანიჭებს. კაენი უბედური და საბრალოა. აბელი სავსებით მართებულად ეუბნება, რომ ეს დაღონება და მწუხარება კარგს არაფერს მოუტანს. კაენი ეძებს ცოდნას, როგორც გზას ბედნიერებისაკენ, მაგრამ სრულიად საპირისპირო შედეგს იღებს. როდესაც კაენი რწმენას გონებას ანაცვლებს, მისი ცხოვრება შფოთიანი და მტანჯველი ხდება. იგი მარცხდება, როდესაც ცდილობს რაციონალური ახსნა მოუძებნოს ღმერთისადმი შეწირულ მსხვერპლს და კლავს საკუთარ ძმას. იგი სინანულის ცრემლით აღვსილი სიმშვიდეს ითხოვს. როგორც ამბობენ, ბაირონს სიცოცხლის ბოლო დღეებში, როდესაც სარეცელს იყო მიჯაჭვული, ოდნავი რწმენა გაუჩნდა, რწმენა რომელსაც მთელი ცხოვრება გაურბოდა. ასეთი რამ უთქვამს: „სამყარო და მარადიულობა ჩემამდეა და მადლობა ღმერთს, რომ ბედნიერი და მშვიდი ვარ. მარადიულ ცხოვრებაზე და ამქვეყნად კვლავ მოსვლაზე ფიქრი უდიდესი ბედნიერებაა. ღმერთს ყველაფრის გადაწყვეტა შეუძლია, მისთვის დრო და სივრცე არ არსებობს. მე მწამს მისი“.შესაძლოა, სიმშვიდის თხოვნა, რომელიც კაენისთვისაა დამახასიათებელი, თვით ბაირონს მიესადაგებოდეს.

„კაენი“ განსხვავებული ფორმის პიესაა, ე. წ. წასაკითხი დრამაა (A closet drama). წასაკითხი დრამა, განსხვავებით ტრადიციული დრამატული ნაწარმოებისგან, არ უნდა იყოს განხორციელებული სცენაზე. ამგვარი პიესების დაწერის მიზანი გახლდათ, პირველ რიგში, მკითხველის განმარტოება ავტორისეულ პერსონაჟებთან, სადაც, ის, ანუ მკითხველი, თავად განიცდიდა მისეული ინტერპრეტაციით იმ ემოციას, რასაც ავტორი სთავაზობს. ასევე, მსგავს პიესებს, ხმამაღლა, მხატვრულად კითხულობდნენ მცირე ჯგუფებში, სადაც, სურვილისამებრ ინაწილებდნენ როლებს. ბაირონმა „კაენი“ მისტერიის ჟანრს მიაკუთვნა, რადგან მას სურდა, რომ იგი შუა საუკუნეების ევროპაში შექმნილი პიესების ენის შეესატყვისი ყოფილიყო, რომლებიც მოგვითხრობდნენ ამბებს, როგორც წარმართული რელიგიური წიგნებიდან, ასევე, ბიბლიიდან. ამასთან, განსხვავებით შუასაუკუნეების საიდუმლო პიესებიდან, რომლებიც მეტწილად ღმერთს ადიდებდნენ, ბაირონის მისტერიას აშკარად ირონიული ელფერი ახლავს.

ლორდ ბაირონის პერსონაჟი ლუციფერი ღიად კითხულობს: არის თუ არა ღმერთი ბოროტი? და, თავადვე სცემს პასუხს, რომ შემქმნელი ანადგურებს იმდენს, რამდენსაც ქმნის. გარდა ამისა, ბაირონის ლუციფერის მიზანია აჩვენოს კაენს, თუ რამდენად უმნიშვნელოა ადამიანი და რამდენად მწირად აქვს გააზრებული ან ესმის სამყარო.

სარდანაპალუსი

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 1821 წელს, ბაირონი წერს გოეთესადმი მიძღვნილ ისტორიულ ტრაგედიას „სარდანაპალუსი“, რაც იმის მანიშნებელია, რომ ინგლისელი რომანტიკოსი უდიდეს პატივს სცემდა და, იმავდროულად, შემოქმედებითი თვალსაზრისით, გოეთეს დიდ გავლენას განიცდიდა. ესაა ლექსად დაწერილი პიესა, რომლის მოქმედება მიმდინარეობს ძველ ნინევიაში და აღწერს ასურეთის მონარქიისა და მისი სავარაუდო უკანასკნელი მეფის დაცემას. ბაირონი ეყრდნობა დიოდორუს სიკოლუსის ისტორიულ მასალასა და უილიამ მიტფორდის ისტორიულ ნარკვევებს, რომელთაც საბერძნეთში მოგზაურობისას გაეცნო. „სისხლისმღვრელ ქალაქად“ წოდებულმა და მისი მაცხოვრებლების, ასურელების სისასტიკით ცნობილმა ტრაგედიამ დიდი გავლენა იქონია ევროპულ კულტურაზე. ამ ნაწარმოებმა შთააგონა დელაკრუას,შეექმნა ცნობილი ფერწერული ტილო „სარდანაპალუსის სიკვდილი“ (1827 წ.), ხოლო, კომპოზიტორებს: ჰექტორ ბერლიოზს, ფერენც ლისტსადა მორის რაველს - მუსიკალური ნაწარმოებები. პიესა პირველად, ლონდონის „როიალ თეატრის“ (Royal Theatre) სცენაზე, 1834 წელს განხორციელდა.

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები