ნინევია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნინევია – ძველი ასურული ქალაქი მესოპოტამიაში, მდინარე ტიგროსის აღმოსავლეთ სანაპიროზე.

ასურეთის მეფის, სინაქერიბის (ძვ.წ. 705-681) მმართველობიდან ასურეთის იმპერიის დედაქალაქად იქცა. ისტორიული კვლევებით დასტურდება, რომ ნინევიაში მოსახლეობა ჯერ კიდევ IV ათასწლეულიდან ცხოვრობდა. ძვ.წ. XIV საუკუნის დასაწყისიდან ნინევია მითანის სამეფოს ეკუთვნოდა, მაგრამ შემდეგი ასწლეულის მეორე შუა წლებიდან ასურეთის სამეფოს ქალაქი გახდა. ნინევია ქალღმერთ იშთარის კულტის ცენტრი იყო (იშთარი მესოპოტამიური მითოლოგიის უმთავრესი ქალღმერთი იყო).

აყვავების ხანა ქალაქს მეფე სინაქერიბის მმართველობისას დაუდგა, როცა მეფემ ნინევია დედაქალაქად გამოაცხადა. ასურელებმა ქალაქი თითქმის თავიდან ააშენეს და უამრავი მშვენიერი შენობა ააგეს, მათ შორის მაშინდელ მსოფლიოში ულამაზესი ბაღი და სასახლე. მეფე აშურბანიფალმა (ძვ.წ. 669-627) კი ნინევიაში დიდი ბიბლიოთეკა და ახალი ბაღები გააშენა. აშურბანიფალის მეფობის დასასრულისთვის სამეფო რეზიდენცია ხარანში იქნა გადატანილი. ძვ.წ. 612 წელს ქალაქი ნინევია ბაბილონისა და მიდიის არმიებმა აიღეს და გაანადგურეს.

ბიბლიის მიხედვით ქალაქი ნინევია ჯერ კიდევ ბაბილონის ლეგენდარული მეფის, ნიმროდის დროს აშენდა. ბიბლიის მეფეთა წიგნში წერია, რომ როდესაც მეფე სინაქერიბმა იერუსალიმი ვერ დაიპყრო ნინევიაში დაბრუნდა, სადაც ის თავისმა შეილება მოკლეს. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი, იონა უფლის ბრძანებით ქადაგებდა ამ ქალაქში, რათა ეხსნა ნინეველები სასჯელისგან, რომელიც მათ ღმერთისგან მოელოდათ, თუ უღირს და ბოროტ ცხოვრებას გააგრძელებდნენ. დროებით ნინევია გადარჩა, მაგრამ საბოლოდ მაინც განადგურდა ბაბილონისა და მიდიის ძალების მიერ.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები