ამირანიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამირანიანი“ – ამირანის ხალხური თქმულების პირობითი სახელწოდება, ლიტერატურული ტერმინი.

ზეპირსიტყვიერებაში ამ შესანიშნავ ძეგლს ხან „ამირანის ამბავი” ჰქვია, ხან „ამირანის ზღაპარი“. „ამირანის თქმულება“; ზოგჯერ ძირითადი გმირების სახელებითაც აღინიშნება: „ამირანი“ „ამირანი და ამბრი“, „ამირანი და ჩრდილოელი“, „ამირანი და მეცხვარე“...

ჟანრობრივად „ამირანიანი“ კლასიკურ თქმულებას წარმოადგენს რომელსაც თანამედროვე საფეხურზეც თქმულების ფორმა აქვს. ძველი ტრადიციის კვალი დღემდეა შემონახული ზეპირსიტყვიერებაში, ფშავში, მაგალითად, ამბობენ: „ამბავი ბადრისა უსუპისა და ამირანისა“. იგივე ლექსად ითქმის: „გიამბობთ ამირანისასა თუ ზღარად მოგეწონებათ; ბადრის, უსუპის ამბავი მალი-მალ მოგეგონებათ,. ამრიგად, „ამბავი“ ადრინდელი ფოლკლორული ჟანრია, რომელმაც ასახვა შუასაუკუნეების ქართულ მწერლობაში პოვა შესაბამის სიუჟეტებთან ერთად.

დიდი ხნის განმავლობაში „ამირანიანი“ ზეპირად ვრცელდებოდა და მისი წმინდა ფოლკლორული ჩანაწერები არ მოიპოვებოდა. მდგომარეობა შეიცვალა XIX საუკუნის დასაწყისში. ყველაზე ადრინდელი ჩანაწერი ამ საუკუნის ათიან წლებში მონასმენის მიხედვით მესულია თ. ბაგრატიონის წიგნში „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, 1846 წელს გაზ. „კავკაზში“ გამოქვეყნდა ი. ცისკარიშვილისეული თუშური ვარიანტი და ა. შ. ამჟამად. „ამირანიანის“ ვარიანტების რიცხვი 150 აჭარბებს. „ამირანიანის“ ძირითადი სიუჟეტური ვარიანტები დაბეჭდილია ან ცალკე ჩანაწერის ანდა სრული კორპუსის სახით (1947 წ). ამირანის თქმულების შეკრებასა და პუბლიკაციაში ბევრ გამოჩენილ მოღვაწეს მიუღია მონაწილეობა საქართველოში და მის გარეთ. შემკრებთა რიცხვი რამდენიმე ათეულს აღწევს. მათ შორის არიან მწერლები და მეცნიერები – ი. ჭავჭავაძე, რ. ერისთავი, ვაჟა-ფშაველა, ეკ. გაბაშვილი, პ. უმიკაშვილი, თ. რაზიკაშვილი, ვ. მილერი, ა. ხახანაშვილი, ვ. კოტეტიშვილი და სხვ. ხალხური თქმულებების ჩანაწერების ზრდასთან ერთად დგინდებოდა „ამირანიანის“ სიუჟეტის გავრცელების არეალი. ყველაზე მასობრივი ვარიანტები მოპოვებულია ქართულ ენაზე ათეულობით ჩანაწერები შესრულებულია ქართლსა და კახეთში ფშავ-ხევსურეთში, მესხეთ-ჯავახეთში, გურია-იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში სამეგრელოსა და სვანეთში, ჩრ. კავკასიაში. დროთა განმავლობაში „ამირანიანის“ გავრცელების არე თანდათან გასცილდა ქართული და ქართველური ენების არეალს. ახლა სიუჟეტი ფიქსირებულია აფხაზურ, ოსურ, ლაკურ, ჩერქეზულ, უბიხურ, სომხურ ენებზე. „ამირანიანის“ გავრცელების არის გაფართოება მისი პირველი ბირთვის შემქმნელი ხალხის კულტურულ მსოფლმხედველობასა და თვალსაჩინო ისტორიულ როლზე მიუთითებს კავკასიის მკვიდრთა შორის.

მიჯაჭვული ამირანის სიუჟეტის ვარიანტების შექმნა საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობდა თავდაპირველად ჩამოყალიბდა „ამირანიანის“ იბერიული და კოლხური ვერსიები რაც უძველეს „ამირანის ტომის“ ნაანდერძევ მთლიან სიუჟეტს ემყარებოდა. ამ ვერსიების გაფორმება საუკუნეებით წინ უსწრებდა ანტიკურ ხანას, შემდეგში, საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ეთნოგენეზისის პროცესების გართულებასთან ერთად, თვითონ „ამირანიანის“ ეპოსიც გამრავალფეროვნდა და გაფართოვდა თავდაპირველ ბირთვსა და მის ვარიანტებს კვლავ ახალი ვარიანტები და ვერსიები გაუჩნდა. ასე წარმოიშვა დასავლეთ საქართველოში კოლხური ვერსიის გურული, იმერული, რაჭა-ლეჩხუმური, სვანური, მეგრული და აფხაზური ვარიანტები ხოლო აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში იბერიული ვერსიის ქართლური, კახური, ფერეიდნული, ფმავ-ხევსურელი, მესხეთ-ჯავახური, მთიულურ-მოხეური, სომხური, ოსური, ჩერქეზული, ლაკური, უბიხური და სხვა ვარიანტები. დამახასიათებელია, არაქართველურ ენებზე ჩაწერილი ვარიანტები უშუალოდ იმ ქართული ვარიანტებიდან და ვერსიებიდან იღებენ სათავეს რომლებიც გავრცელებულია ამ ენების ტერიტორიულად მომიჯნავე საქართველოს რაიონებში. ასე მაგალითად, ოსური დარეძანტთა ამირანისეული ვარიანტები უფრო მეტ სიუჟეტურ და ფორმისეულ ნათესაობას ამჟღავნებენ ქართლში გავრცელებულ ვარიანტებთან. მაშასადამე „ამირანიანის“ სხვადასხვა ენაზე გავრცელებას სათანადო ენებზე მოლაპარაკე მოსახლეობის უშუალო კონტაქტი უდევს საფუძვლად.

ამირანის თქმულება შინარსობრივად ორ ნაწილად იყოფა: ერთია „მიჯაჭვული ამირანი“, მეორე „განთავისუფლების ცდები“, მათ შორის განსხვავება ისაა, რომ მეორე ნაწილში გადმოცემულია კეთილი გმირის გამოხსნის ეპიზოდები, რომელიც უცნობ მონადირეს, მწყემსს ან გუთნისდედას მიეწერება და ლოგიკურ დასასრულამდე ვერ აღწევს ადამიანთა შემბოჭველი ბნელი ძალების წყალობით. „ამირანიანი“ მონადირეთა წრეში ჩამოყალიბდა მატრიარქატის ეპოქაში. მასში ასახულია მომდევნო საზოგადოებრივი ფორმაციების დამახასიათებელი ყოფაც. „ამირანიანი“ რამდენიმე პლასტისაგან შედგება. იდეოლოგიურად მასში მკვეთრად წარმოდგენილია წარმართობისა და ქრისტიანობის ბრძოლა. ძველი დარგობრივი ღვთაებანი ქართლის მოქცევის შემდეგ მე-4-5 სს ახალი სარწმუნოებრივი პერსონაჟებით შეიცვალა: მიმჯაჭველი პირიმზის ფუნქციამ ქრისტეზე გადაინაცვლა, ინიციაციის ეპიზოდი მონათვლად იქცა და სხვ „ამირანიანის“ ეპოსის ქრისტიანიზაცია შორს წავიდა, მაგრამ ხალხში მის გარეშე მდგომი ვარიანტებიცაა შემორჩენილი.

„ამირანიანი“ გვხვდება პროზის, ლექსნარევი პროზისა და ლექსის ფორმით. მათ მორის უძველესია პროზაული სახე. საუკუნეებში შესრულების ტრადიციის კვალობაზე „ამირანიანის“ გალექსვა მიმდინარეობდა; პირველად რიტმული პროზა ჩამოყალიბდა, ბოლოს იგი ლექსში გადაიზარდა, თუმცა მთელი სიუჟეტის გალექსვა არ დასრულებულა. სიუჟეტურად „ამირანიანს“ მრავალი მსგავსი ეპიზოდი აკავშირებს მსოფლიო ფოლკლორსა და ლიტერატურასთან. ღვთისურჩი და მიჯაჭვული გმირის სახეები გვხვდება როგორც ევროპაში (ძვ. საბერძნეთი, ბალკანეთი), ისე აზიაში (კავკასია, ტიბეტი, ინდონეზია, ფილიპინები) ერთსა და იმავე სიუჟეტზე დამყარებული მსგავსი მარადიული სახეები ფოლკლორში ორეულებს ქმნიან. ამირანის ყველაზე პოპულარულ ორეულს პრომეთე წარმოადგენს. ქართლური თქმულების თავდაპირველი ბირთვი ძვ. წ. მესამე ათასეულის დასასრულსა და მეორე ათასეულის დასაწყისში ჩამოყალიბდა ამგვარი დათარიღების მტკიცე საფუძველს საქართველოში მოპოვებული არქეოლოგიური (მცხეთა-სამთავრო, ყაზბეგი თრიალეთი) და ბერძნული წერილობითი წყაროები წარმოადგენს.

„ამირანიანის“ ცენტრალური პერსონაჟი ამირანია, რომლის სახელი ელინურ და რომაულ წყაროებში იჩენს თავს ქრისტიანობის უწინარეს (ამარანტოს, ამარანუს). ამირანს მხარს უმშვენებს უფროსი ძმები ბადრი და უსუპი სამეულს შეუნელებელი ბრძოლა აქვს მითიურ დევებთან და გველეშაპებთან (ბაყბაყ–დევი, თეთრი, წითელი და შავი გველეშაპები, პირცეცხლა ვეშაპი), ღვთაებრივ ძალებთან (ღრუბელთ უფალი, პირიმზე, ქრისტე, წმ. გიორგი) ბოროტ სულებთან (ეშმაკი, მეგზური, როკაპი,) სოციალურ მჩაგვრელებთან (იგრი ბატონი, ამბრი)... „ამირანიანში“ სადევგმირო თავგადასავალთან ორგანულად შერწყმულია სამიჯნურო სიუჟეტი, რომელიც მზეთუნახავ ყამარქალის ძებნის სახითაა გადმოცემული. ამირანი და ყამარი წყვილთა ოჯახის შექმნის უძველეს სოციალურ იდეას ემსახურებიან. როგორც ჩანს, საგმირო ეპოსი ამ მხრივ ნიადაგს ამზადებს რომანტიკული ეპოსისათვის რომლის შესანიშნავი ნიმუში ეთერიანია.

ამირანის სახის შესწავლა დიდი ხანია მსოფლიო პრობლემად იქცა. მეტად საყურადღებო დასკვნები და მოსაზრებები გვხვდება ამირანის თაობაზე ისეთ უცხოელ მკვლევართა შრომებში, როგორიც არიან: ერმანი, ჰიუბშმანი, პრელერი, კრონი. კარსტი, ოლრიკი, დირი, ბლაიხშტაინერი, ანჰოლმი, იედლიჩკა, იშტვანოვიჩი, ტრენჩენი-ვალდაპფელი, ლენგი, მერედიტ-ოუენსი, ნაზორი, სალია და სხვ. თვალასაჩინო წვლილი შეიტანეს ამირანოლოგიაში ვს. მილერმა ალეკ. ვესელოვსკიმ, გ. პოტანინმა, ვ. აბაევმა, ელეკ მელეტინსკიმ, ვ. სიდელნიკოვმა, ნუსინოვმა და სხვ რუსმა მკვლევრებმა. განსაკუთრებით ამაგი ამირანის მარადიული სახის შესწავლას ქართველმა მოღვაწეებმა დასდვეს. მათ დამსახურებას შეადგენს ამირანოლოგიის შექმნა (თ. ბაგრატიონი, ა. ხახანაშვილი, ნ. მარი, ი. ჯავახიშვილი, ვ. ბარნოვი, კ. კეკელიძე, ვ. კოტეტიშვილი, შ. ნუცუბიძე, ს. ჯანაშია, ა. ბარამიძე, გ. მელიქიშვილი, ქ. სიხარულიძე, ე. ვირსალაძე, ა. ღლონტი, ს. ყაუხჩიშვილი. დ. შენგელაია, ი. შენგელია, თ. ბეგიაშვილი, ა. ხინთიბიძე, ე. არჯევანიძე, მ. ჩიქოვანი).

„ამირანიანი“ ქართველი ხალხის ეროვნული ნაწარმოებია. მასში მარადი–ულ მხატვრულ სახეებთან ერთად წარმოდგენილია მისი შემქმნელი ხალხის ფილოსოფიური შეხედულებანი და ინტელექტუალური წვდომის ფართო ჰორიზონტი. ამირანიანი ქართულ ფოლკლორში ისეთივე მოვლენაა, როგორიც ვეფხისტყაოსანი ლიტერატურაში.


ლიტერატურა

  • მ. ჩიქოვანი, მიჯაჭვული ამირანი, თბ., 1947;
  • მისივე, ქართული ეპოსი, I-II, თბ., 1959–65;
  • შ. ნუცუბიძე, ქართული ფილოსოფიის ისტორია, I, 1956;
  • ამირანი, მითოლოგ. პოემა, შ. ნუცუბიძის დამუშავებული, თბ., 1945;
  • ელ. ვირსალაძე, ქართ, სამონადირო ეპოსი, თბ.;
  • 1964; დ. შენგელაია, წერილები, თბ., 1955;
  • ვ. კოტეტიშვილი, რჩ. ნაწერები, 1967.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები