სამეგრელო
სამეგრელო − საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე სამეგრელო მდებარეობს სვანეთის სამხრეთით. აღმოსავლეთით სამეგრელოს იმერეთი ესაზღვრება, სამხრეთით გურია, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით - აფხაზეთი, დასავლეთით - შავი ზღვა. გეოგრაფიულად სამეგრელო დღეს რიონსა და ენგურს შორის არის მოქცეული.
სარჩევი |
ისტორია
საისტორიო წყაროებით აშკარაა, რომ ძველად „სამეგრელო“ ანუ ძველ წყაროებში მოხსენიებული „ეგრისი“ შედარებით ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა, როგორც ჩრდილო-დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით. ჩრდილო-დასავლეთით, აფხაზეთთან, როგორც პოლიტიკური, ისე ეთნოგრაფიული საზღვარი უფრო შორს ვრცელდებოდა.
ეთნოგრაფიული სამეგრელოა დღეს აგრეთვე აფხაზეთში შემავალი სამურზაყანო, რომელიც მდინარეებს ენგურსა და ღალიძგას შორისაა მოთავსებული. ახ.წ. V ს-ის ანონიმი ავტორი, რომელიც ძვ.წ. VI-IV სს-ის ვითარებას ასახავს, წერს: „დიოსკურიიდან ანუ სებასტოპოლისიდან მოკიდებული ვიდრე აფსაროსამდე ძველად ცხოვრობდა ხალხი, რომელიც კოლხებად იწოდებოდა, ხოლო შემდეგ ლაზებად“. ქართული წყაროებით, უფრო ადრე ეგრისისა და აფხაზეთის საზღვარი კელასურზე გადიოდა, სწორედ აქ ზღვიდან მთამდე ზღუდე (დიდი კედელი) გაუვლია (აუშენებია) სამეგრელოს მთავარს ლევან დადიანს (XVIIს. პირველი ნახევარი), რათა აფხაზები აქეთ არ გადმოსულიყვნენ და სამეგრელო არ დაერბიათ. სამეგრელო რომ დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩრდილო-დასავლეთით შორს გრძელდებოდა, ამას ისიც ადასტურებს, რომ მეგრელთა ყველაზე ძლიერი და საერთო სალოცავი დღევანდელი სამურზაყანოს დასავლეთ საზღვარზე - ილორშია.
გასაზიარებელია ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმული მოსაზრება (ო. ლორთქიფანიძე), რომ „კოლხეთის ცხოველმა კონტაქტებმა ბერძნულ სამყაროსთან, რომელიც რეგულარულად ძვ.წ. VI-V სს-დან დაიწყო, იმთავითვე განსაზღვრა შემდგომში, უკვე ახ.წ. პირველი საუკუნეებიდან, ქართული სახელმწიფოების ორიენტაცია დასავლეთ-ქრისტიანულ სამყაროზე და მით სათავე დაუდო ქართული ცივილიზაციის ევროპულ განვითარების ტენდენციას“ (სამეგრელო, 1999, გვ. 91).
მხარის დღევანდელი სახელწოდება („სამეგრელო“) მომდინარეობს ისტორიული „ეგრისის“ სახელიდან („ეგრისი“ → „მ-ეგრ-ელი”→ „სა-მეგრელო“). „სამეგრელო“ ქართულ წყაროებში პირველად XII ს-შია ნახსენები. ეგრისი თავდაპირველად მთელ დასავლეთ საქართველოსთან იყო გაიგივებული (მსგავსად აფხაზეთისა და იმერეთისა). ქართული წყაროებით სამეგრელოს მეორენაირად „ოდიშიც“ ეწოდებოდა. სამეგრელო (ოდიში)-ეს ანტიკური წყაროების „კოლხეთი“ და ბიზანტიური წყაროების „ლაზიკეა“. XIII-XIV სს-ში „სამეგრელოს“ უკვე ვიწრო მნიშვნელობა აქვს და აღნიშნავს ქართველების ეთნოგრაფიული ჯგუფით - მეგრელებით დასახლებულ მხარეს მდინარეების - ფსირცხასა (ანაკოფიისწყალი) და ცხენისწყალს შორის. გვიანშუასაუკუნეებში ეს ტერიტორია სამთავროდ ჩამოყალიბდა. XVII ს-ის პირვლელ ნახევარში აფხაზ ფეოდალთა მოძალების შედეგად სამეგრელოს საზღვარმა მდ. კლისურაზე გადაინაცვლა, XVIII ს-ის დასაწყისში კი - მდ. ღალიძგაზე. თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფით სამეგრელო მოიცავს აბაშის, მარტვილის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, ხობის, სენაკის, წალენჯიხის რაიონებს. სამურზაყანოში კი გალისა და ოჩამჩირის რაიონის დიდ ნაწილს. დღევანდელ აფხაზეთში შემავალმა სამურზაყანოს მხარემ სახელი მიიღო XVIII ს-ის დასაწყისში. 1705 წ. აღნიშნული ტერიტორია მემკვიდრეობით მიიღო მურზაყან შარვაშიძემ და მისი სახელისაგან მივიღეთ მხარის სახელწოდება. გეოგრაფიულად სამურზაყანო კოლხეთის დაბლობის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილია. სამურზაყანო რომ ისტორიულად ეგრისის (სამეგრელოს) ორგანული ნაწილი იყო, ეს იქიდანაც ჩანს, რომ „სამურზაყანოს ყველა ტოპონიმი, რომელნიც დამოწმებულია შუა საუკუნეების ქართულ თუ უცხოურ ისტორიულ წყაროებსა და რუკებზე და რომელთა ეტიმოლოგიაც შესაძლებელია, არის მხოლოდ და მხოლოდ ქართველური (ძირითადად მეგრული)“ (ცხადაია, 2002, გვ. 29).
სამეგრელოს ტერიტორიაზე მცხოვრები მეგრელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი ანტიკურ წყაროებში მოხსენიებული კოლხების უშუალო მემკვიდრეები არიან. საშუალო საუკუნეების ადრეული პერიოდის უცხოურ წყაროებში ის ლაზიკად იწოდებოდა (ქართული ეგრისი). 782 წ. ლეონ აფხაზთა მთავარმა ისარგებლა ბიზანტიის ხელისუფლების დაუძლურებით, ხაზარების დახმარებით დაიჭირა მთელი ეგრისი ლიხის მთამდე და თავი გამოაცხადა აფხაზთა მეფედ. მთელმა დასავლეთმა საქართველომ მმართველი დინასტიის წარმომავლობის საფუძველზე აფხაზეთის სახელი მიიღო. ეთნიკური შემადგენლობისა და ფეოდალური კულტურის თვალსაზრისით, ეს იყო ქართული სახელმწიფო, რომლის დედაქალაქიც ქუთაისი გახლდათ. „აფხაზთა სამეფომ“ მთლიანად მოიცვა მთელი დასავლეთი საქართველო, ეთნოგრაფიული ეგრისი (სამეგრელო), იმერეთი, გურია, აჭარა, თაკვერი, სვანეთი. „აფხაზთა სამეფო“ თავიდანვე ჩაება ერთიანი ქართული სახელმწიფოსათვის ბრძოლაში, რომელიც X ს-ის 80-იან წლებში დასრულდა, რის შემდეგაც ოდიშის სამთავრო ქართული ფეოდალური მონარქიის განუყოფელ ნაწილად იქცა. თუმცა, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, VIII ს-ის დასაწყისშიც ქართლი და ეგრისი (სამეგრელო) ერთ პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა. მხედველობაში გვაქვს ატენის სიონის ფრესკული წარწერა, რომლითაც სტეფანოზ III მამფალი (711-739) „ქართველთა და მეგრელთა ერისთავთ ერისთავთა უფალი“-ა (აბრამიშვილი, 1977).
მიუხედავად იმისა, რომ მეგრელებს, ისევე როგორც სვანებს, თავისი საოჯახო სალაპარაკო ენა აქვთ, ისინი ეროვნებით ქართველები არიან. მათთვის სახელმწიფო საღვთისმეტყველო და სამწერლობო ენა ყოველთვის ქართული იყო. სამეგრელოს სამთავროს განცალკევების დროსაც სამეგრელოს მთავრების - დადიანების კარზე ყველა საბუთი და დოკუმენტი ქართულ ენაზე დგებოდა. მაშინ გადაწერეს სამეგრელოში „ქართლის ცხოვრება“ და ქართული ლიტერატურის ძეგლები, მათ შორის, „ვეფხისტყაოსანი“. სამეგრელოს ეკლესია-მონასტრები კი ქართული წარწერებითაა დამშვენებული.
კულტურა
სამეგრელოში მრავალი ქართული ეკლესია-მონასტერია შემორჩენილი, რომლებიც შუა საუკუნეების ხელოვნების შესანიშნავ ნიმუშებს წარმოადგენენ. დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზეა: დრანდა (VIII ს.), მოქვი (957-967), ბედია (X ს.). სამივე საეპისკოპოსო (საკათედრო) ტაძარი იყო. დრანდა ისტორიული აფშილეთისა და ოდიშის საზღვარზე მდებარეობდა. მოქვის ტაძარი მდებარეობს ოჩამჩირის ჩრდილო-დასავლეთით 20 კილომეტრზე. ტაძარი აგებულია X ს-ში ლეონ III აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფის მიერ. დავით აღმაშენებლის დროს ეკლესია მოუხატავთ. ბედიის მონასტერი დღევანდელი ოჩამჩირის რაიონშია. ტაძარი ააგო ბაგრატ III-ემ, რომლის პორტრეტიც ამშვენებს მის ერთ-ერთ კედელს. ბედიის ტაძარს დადიანთა გვარის წარმომადგენელთა გამოსახულებანიც ამშვენებს. სამეგრელოს სხვა ძეგლებიდან შეიძლება დავასახელოთ: მარტვილი (VII ს.), სადაც იყო ჭყონდიდელის კათედრა, წალენჯიხა (XI-XII სს.), ცაიში, ხობი, კორცხელი...
სამეგრელოში შეიქმნა შესანიშნავი ხალხური ლირიკული პოეზია. მაგრამ განსაკუთრებით არ შეიძლება არ აღვნიშნოთ მეგრული ხალხური სიმღერები თავისი უაღრესად მელოდიური ხასიათით, რომელიც საერთო ქართულ ხალხურ სიმღერებს ამრავალფეროვნებს.
მეურნეობა
სამეგრელო დაწინაურებული მეურნეობის „ქვეყანა“ იყო. წამყვანი დარგი იყო მიწათმოქმედება. თავდაპირველად მარცვლეული კულტურებიდან პრიმატი ღომის კულტურას ჰქონდა, რომელიც XVIII ს-ის შუა ხანებიდან 53 სიმინდმა შეცვალა. სამეგრელოს ზოგიერთ ადგილში ძველად პურიც „პიტა ქობალი“ (ორფხიანი) ითესებოდა, რომელსაც „შანკით“ მკიდნენ. სამეგრელოში მოჰყავდათ აგრეთვე ბრინჯი, ფეტვი, მცირე რაოდენობით ხორბალი, ტექნიკური მცენარეებიდან - კანაფი და სელი. განვითარებული იყო მევენახეობა. ყველაზე უხვ მოსავალს და საუკეთესო ღვინოს იძლეოდა ოჯალეში. ვახუშტი (გვ. 782) წერდა: „ვენახი მაღლარნი, ღგნო მსუბუქი და კარგი“. განვითარებული იყო მეაბრეშუმეობაც. პირუტყვიდან ცხვარი ჰყავდათ მცირე რაოდენობით. ფართოდაა ცნობილი მეგრული ჯიშის ცხენი, ძროხა და თხა, რომლებიც ადგილობრივ ბუნებრივ-გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებთან იყვნენ შეგუებულნი. განვითარებული მეფუტკრეობის შედეგად აქ დიდი რაოდენობით ამზადებდნენ თაფლსა და ცვილს. დღეს სამეგრელოში წამყვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურა - ციტრუსებია. დიდი რაოდენობით მოყავთ სიმინდი, რომლისაგანაც ტრადიციულ ფაფას - „ღომს“ ხარშავენ. სიმინდის ფქვილისაგან აცხობენ მჭადსაც (სიმინდის კულტურის გავრცელებამდე მჭადი ფეტვისაგან ცხვებოდა). მესაქონლეობას განსაკუთრებით მთიან ადგილებში, ტეხურისა და ხობისწყლის ხეობების სათავეებში მისდევენ. აქ მცხოვრები რამდენიმე გვარი ტრადიციული მეჯოგეები იყვნენ. ზაფხულობით მეგრელებს საქონლის ჯოგი არა მარტო სამეგრელოს მთებში, არამედ რაჭაში, იმერეთში (ბაღდათი) და გურიაშიც გაყავდათ.
სამეგრელო ცნობილია ყველის განსაკუთრებული და ტრადიციული სახეობის - „სულგუნის“ დამზადებით.
1616-1621 წლების საცაიშლოს გამოსავალი მოსაკრებლობის დავთრით, მეგრელ გლეხებს შეწერილი ჰქონდათ სხვადასხვა გადასახადი. მაგალითი: „მართებს მისხუნდასა სერგიას 1 საკლავი, 1 ქათამი, 1 პური, 11 ლიჯი ღომი, 11 საწყავი ღვინო და გოჭკომური მისითა ღომითა, ღვინითა, ხორცითა, თევზითა, ყველითა, კვერცხითა...“ (ქსძ, 1970, გვ. 453)
სამეგრელოში, ისევე როგორც იმერეთში მოსახლეობა გაფანტულად ცხოვრობდა. ერთი კომლი მეორისაგან საკმაო მანძილით იყო დაშორებული. ძველად სამეგრელოში სოფლები გვარების მიხედვით იყო დასახლებული, რასაც ოიკონიმები (სოფლის სახელწოდებები) მოწმობენ: ლესიჭინე, ლეწურწუმე, ლეძაძამე, ლეგოგიე და სხვ. ერთი სოფლისა და გვარის მოსახლეობას ჰქონდა თავისი სალოცავი - „ჯინჯი ხატი“, რომელსაც მთელი გვარი ლოცულობდა. ასეთ „ჯინჯ ხატს“ გადასახლებულებიც არ ივიწყებდნენ.
ტრადიციები
სამეგრელოში, ისევე როგორც დასავლეთ საქართველოს სხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებში, საახალწლოდ იცოდნენ ჩიჩილაკის დამზადება. ჩიჩილაკს თხილის ხისაგან ამზადებდნენ. ჩვეულებრივ, ის ერთიორი მეტრის სიმაღლის უნდა ყოფილიყო. „ჩიჩილაკის“ სილამაზე იყო მისი თეთრი და გრძელი ხუჭუჭა წილამიერები, რომელსაც ბასილის წვერს უწოდებდნენ. სამეგრელოში, ქრისტიანობის ოდითგანვე გავრცელების მიუხედავად, ბევრი ძველქართული წარმართული ელემენტი შემორჩა. „სამეგრელოს ყოფაში, რომელიც მკვიდრთა ცხოვრების ამსახველია, ვხვდებით არქაულ რიტუალებს, კულტებს, მითებს, საკრალურ და თაყვანისცემის ობიექტებს...“ (ნ. აბაკელია). ამ თვალსაზრისით ყველაზე გამორჩეული იყო ღვთაება „ჟინი ანთარის“ რიტუალი. ვარაუდობენ, რომ „ჟინი ანთარი“ ძველკოლხურ ცის ღვთაებას წარმოადგენდა (ნ. აბაკელია). როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, წინათ სამეგრელოში ყველაზე ძლიერ სალოცავად ითვლებოდა სამურზაყანოში, ოჩამჩირიდან სამ კილომეტრში არსებული „ილორის წმინდა გიორგი“, სადაც მეგრელებთან ერთად ქრისტიანი აფხაზებიც ლოცულობდნენ. ილორის წმინდა გიორგი მთელ დასავლეთ საქართველოში თავისი სასწაულებით გამოირჩეოდა. ეთნოისტორიული თვალსაზრისით საყურადღებოა, რომ ხალხის რწმენით ილორის წმინდა გიორგი და სვანეთის ლატალისა და ლენჯერის ჯგრაგები (წმ. გიორგი) ძმები იყვნენ. სამეგრელოში განსაკუთრებით იცოდნენ მიცვალებულის პატივისცემა. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ საქართველოს ამ მხარეში დადასტურებული რიტუალები ანალოგიას პოულობს დასავლეთ საქართველოს სხვა ეთნოგრაფიული კუთხეების რიტუალებთან. იგივე შეიძლება ითქვას სოციალური ურთიერთობის შესახებაც. მაგალითად, საქორწინო წეს-ჩვეულებებზე.