ეგრისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეგრისი – ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში (წარმოიქმნა IV-V საუკ.). როგორც ადმინისტრაციული ტერმინი, ეგრისი, ძველ ქართულ საისტორიო წყაროებში ორი მნიშვნელობით გამოიყენებოდა:
ა) ეგრისი ეწოდებოდა დასავლეთ საქართველოს; იგი ისევე გაიაზრებოდა, როგორც კოლხიდა (კოლხეთი) და ლაზიკა;
ბ) ეგრისი ერქვა მდინარე რიონისა და ეგრისწყალს შორის მოქცეულ ტერიტორიას.

ეგრისი რომ ქვეყნის სახელწოდებაა, იქიდანაც ჩანს, რომ სწორედ მის მიხედვით არის წარმოქმნილი სატომო სახელი მეგრელი, რაც „ეგრისის ქვეყნის მკვიდრს“ ნიშნავს: ეგრისი – მ-ეგრის-ელ-ი – მ-ეგრელ-ი (-ელ სუფიქსის წინ -ის ელემენტის ჩავარდნის გზით).

ტოპონიმ ეგრისის წარმოშობის თაობაზე სპეციალისტებს სხვადასხვაგვარი მოსაზრებები აქვთ გამოთქმული. ივ. ჯავახიშვილის ვარაუდით ეგრისი ჰეგარ||ეგარ||ეგრ- სატომო სახელისაგან არის მიღებული: „ჰეგართა" ქვეყანა იგივე ეგრთა ქვეყანა, ეგრისი, კოლხეთი უნდა იყოსო. ამ ვარაუდს ჩვენში დღესაც არაერთი მეცნიერი იზიარებს, თუმცა არსებობს სხვაგვარი მოსაზრებაც. პ. ინგოროყვა, მაგალითად, თვლიდა, რომ ეგრისი ე-გურ-ისი|ე-გერ-ის – ფორმისგან ყოფილა მიღებული, იმავე სიტყვისაგან; რომლიდანაც ქვეყნის სახელი გურია წარმოსდგებაო. ს. კაკაბაძის მიხედვით ეგრისი მდ. ენგურს უნდა დაკავშირებოდა, რაკი ეგრისწყალი და ენგური მას ერთ და იმავე სახელებად მიაჩნდა. ეგრისწყლისა და ენგურის იგივეობას მხარს უჭერს აკ. შანიძე. ეს აზრი აღიარებულია საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის სპეციალისტების მიერაც.

ეგრის-ი მართლაც ეგურ-||ენგურ- სიტყვისაგან ჩანს მიღებული. იგი ნიშნავს: „ეგურის (ენგურის) ქვეყანა“, „ეგურისისწყლის მხარე“, „ქვეყანა, სადაც მიედინება ეგრისის-წყალი, იგივე ენგური“.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები