მელიქიშვილი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი მელიქიშვილი

გიორგი მელიქიშვილი – (30 დეკემბერი. 1918, თბილისი, – 27 მარტი 2002, იქვე), საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ძველი ისტორიის მკვლევარი. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1966). ლენინური (1957), ი. ჯავახიშვილის სახელობის (1976) და საქართველოს სახელმწიფო (1982) პრემიების ლაურეატი.

დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი (1939). 1944-იდან მუშაობდა ისტორიის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად (1956-იდან პროფესორი), ხოლო 1965–99 იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორი.

მელიქიშვილი ავტორია მრავალი გამოკვლევისა ძველი აღმოსავლეთის ისტორიისა და ფილოლოგიის დარგში. ასურულ და ურარტულ წერილობით წყაროებზე დაყრდნობით გამოიკვლია უძველესი ქართველური პოლიტიკური გაერთიანებების – კულხას და დიაუხის – ისტორიის საკითხები; დაამუშავა საქართველოს ძველი ისტორიისა და ფეოდალური ხანის მრავალი კარდინალური პრობლემა.

მელიქიშვილის ნაშრომებმა ახალი ეტაპი შექმნა მსოფლიო ურარტოლოგიაში. ამ მხრივ აღსანიშნავია მისი ფუნდამენტური ნაშრომი „Урартские клинообразные надписи.“ (მე-2 გამოც. 1960, მოსკოვი). მასში შესულია ურარტული ენის გრამატიკის ვრცელი ნარკვევი, რომელიც ცალკე წიგნადაც გამოვიდა („Урартский язык“, M., 1964; Die urartaische Sprache, Rome, 1971). განხილულია ცალკეული ფონეტიკური მოვლენები, მორფოლოგიის თითქმის ყველა მხარე – სიტყვაწარმოება, ბრუნება, ნაცვალსახელები, რიცხვითი სახელები, გარდამავალი და გარდაუვალი ზმნების უღვლილება, მყოფადი დროის წარმოება, -ri-თიწარმოებული ზმნის ფორმები, ბრძანებითი კილოს წარმოება, ოპტატივი, „ყოფნა“ ზმნის წარმოება, თანდებულები, წინდებულები, ნაწილაკები; მიმოხილულია სინტაქსური მოვლენები და სხვ. (ცალკე მსჯელობაა ურარტული ენის მუსასირული კილოკავის შესახებ, ხურიტულთან ურარტული ენის ნათესაობის საკითხზე; საგანგებო განყოფილება ეძღვნება ურარტული წარწერების სტილს და ამ მხრიე საამშენებლო, საომარი და საკულტო წარწერების თავისებურებებს, ურარტული წარწერების სტილის მსგავსებას ასურული წარწერების სტილთან და ა. შ. ურარტული ენის გრამატიკის ეს ნარკვეევი გამოირჩევა მრავალი სიახლითა და ორიგინალობით. მაგრამ მელიქიშვილის ნაშრომის ვრცელი (1960 წლის) ვარიანტის უმთავრესი ღირსება ისაა, რომ მასში წარმოდგენილია საკუთრივ ურარტული ეპიგრაფიკული ძეგლების სრული კურსი, შეჯერებული ახალ, აქამდე უცნობ, მასალებთან, ამ წიგნის გამოქვეყნების შემდეგ პუბლიკაცია ინტენსიურად გამოიყენება ურარტოლოგიურ ლიტერატურაში. გამოქვეყნდა ავტორის Открытия, публикации 1954-70 гг" (Вестник Дравней Истории, 4, 1965), რომელიც ავსებს 1970-მდე მოპოვებულ მასალას.

წიგნში „საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის“ მელიქიშვილი შეეხო ქართულის სხვა ენებთან მიმართების საკითხს. მან ეჭვის ქვეშ დააყენა XIX ს. ევროპული მეცნიერების, და ქართულ მეცნიერებაში ფართოდ აღიარებული, თვალსაზრისი ქართული ენის ნათესაობის შესახებ ჩრდილოკავკასიელი ხალხების ენებთან (აფხაზურ-ადიღეური, ჩაჩნურ-დაღესტნური), ასევე მახლობელი აღმოსავლეთისა და სამხრეთ ევროპის მთელ რიგ მკვდარ ენებთან (შუმერული, ხეთური, ელამური, კასიტური, ხურიტული, ურარტული; პელასგების, ეტრუსკების, ესპანეთის იბერების), აგრეთვე თანამედროვე ბასკების ენასთან. ამ ენებს აერთიანებდნენ ენათა ერთ დიდ ჯგუფში, რომელსაც სხვადასხვა სახელწოდებით აღნიშნავდნენ – ალაროდიული, აზიანიკური, იაფეტიდური და ა. შ. აკადემიკოს ს. ჯანაშიამ ენათა ამ ჰიპოთეზურ ჯგუფს „ხეთურ-იბერიულ ენათა ოჯახი“ უწოდა. ამ ჰიპოთეზათა უარყოფისას მელიქიშვილი ემყარებოდა გამოჩენილი ევროპელი და ქართველი ენათმეცნიერების: ნ. ტრუბეცკოის, ჰ. ფოგტის, გ. დეეტერსის, კ. ჰ. შმიდტის, გ. წერეთლის, თ. გამყრელიძის, გ. მაჭავარიანის და სხვ. მტკიცებებს. ზემოდასახელებულნაშრომში გულდასმითაა გაანალიზებული ქართულის შეხვედრები ინდოევროპულ ძირითადად უცნობი წარმომავლობის, ლექსიკასთან.

გ. გიორგაძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები