ეპიგრაფიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეპიგრაფიკა − (ბერძნ. ἐπιγραφή – წარწერა), ისტორიული და ფილოლოგიური დარგის სპეციალური სამეცნიერო დისციპლინა.

შეისწავლის მაგარ საწერ მასალაზე (ქვა, ლითონი, ძვალი, ხე, კერამიკა, კედლის შელესილობა, აგრეთვე, ქსოვილი და სხვ.) ამოკვეთილ, გამოქანდაკებულ≥, ჭედვით შესრულებულ, ამოკაწრულ, საღებავით მიწერილ, ქსოვილზე ამოქარგულ, და სხვ. ძველ წარწერებს. ეპიგრაფიკა იკვლევს წარწერის როგორც გარეგან მხარეს დამწერლობის თვალსაზრისით, ისე მის შინაარსს (ტექსტში მოყვანილი ისტორიული ფაქტები, დასახელებული პირები, ტერმინები, ენობრივი მოვლენები, ქრონოლოგია, ონომასტიკური, რელიგიური, ეთნოლოგიური და სხვ. მონაცემები). წარწერების ცნობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც მათში ასახული მოვლენების თანადროული.

ეპიგრაფიკული ძეგლები დამწერლობის მქონე ყველა ხალხს მოეპოვება. ცნობილია ბერძნული, ლათინური, ეგვიპტური, შუმერული, ხეთური, ასურული, ურარტული, არამეული, ძველი ინდური, ძველი ჩინური, კოლუმბამდელი ამერიკის ხალხებისა და სხვათა წარწერები. შინაარსობრივად ისინი მრავალგვარია: საამშენებლო, მემორიალური, სამართლებრივი აქტები, ეპიგრაფიკული საბუთები, ბელეტრისტული (ცალკეული ლექსები, პოემების ნაწყვეტები, ანდაზები, კალამბურები, სკაბრეზული გამოთქმები…), მაგიური, ზომა-წონის ან მანძილის აღმნიშვნელი ტექსტები, კერამიკულ ძეგლებზე (დოქები, ქვევრები, კრამიტები…) მოთავსებული დამღები და სხვ., რომლებიც მნიშვნელოვანი (ზოგჯერ ერთადერთი) წყაროა მათი შემქმნელი ხალხის ენის, ისტორიის, მატერიალური კულტურის შესასწავლად.

ეპიგრაფიკას, როგორც მეცნიერებას, საფუძველი ევროპაში ჩაეყარა. სხვა ფაქტორებთან (ფილოლოგიური და ისტორიული ცოდნის განვითარება, სიძველეებით გატაცება…) ერთად, მის განვითარებას ხელი შეუწყო ძველი აღმოსავლეთის ხალხების მიერ დატოვებული მრავალრიცხოვანი წარწერების გაშიფვრამ (ფრ. შამპოლიონი. ჰ. როაულინსთონი. გ. გროტეფენდი), ინტენსიურმა შესწავლამ და გამოცემამ.

სადღეისოდ გამოცემულია ან გრძელდება გამოცემა ბერძნული, ლათინური, სემიტური, ებრაული, ირანული ძველი ინდური, რუსული, სომხური და სხვ. წარწერების კრებულებისა, კორპუსებისა. არსებობს სპეციალური სამეცნიერო ჟურნალები, სისტემატურად ტარდება ეპიგრაფიკოსთა საერთაშორისო სიმპოზიუმები და კონგრესები.

სარჩევი

ეპიგრაფიკა საქართველოში

ქართული ეპიგრაფიკული ძეგლებით დაინტერესება საქართველოში ადრევე დაწყებულა. ე. თაყაიშვილის აზრით, XI ს. ქართველი ისტორიკოსს სუმბატ დავითისძეს თავის თხზულებაში „ცხორებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთა“ გამოყენებული უნდა ჰქონდეს ტაო-კლარჯეთის ქართული მონასტრების X-XI სს. ძველი ქართული წარწერების ქრონოლოგიური და გენეალოგიური ცნობები. ეპიგრაფიკული ძეგლების მონაცემები არაერთგზის აქვს გამოყენებული და დამოწმებული ვახუშტი ბატონიშვილს.

ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების სისტემატური შესწაელა XIX ს-ში იწყება. ასეთი სამუშაო ჩაატარა აკად. მ. ბროსემ. თავდაპირველად მან შვეიცარიელ ფრანგ მოგზაურსა და მკვლევარს ფრ. დიუბუა დე მონჰერეს გაუშიფრა და გამოსაცემად მოამზადებინა 1833-34 საქართველოში მისი მოგზაურობისას შეკრებილი ძველი ქართული წარწერები, ხოლო მოგვიანებით (1847-43) თვითონ იმოგზაურა საქართველოსა და სომხეთში სიძველეთა ადგილებზე შესასწავლად; გადმოწერა რამდენიმე ასეული ძველი ქართული წარწერა, გაშიფრა და თარგმნა ფრანგულად, დაურთო კომენტარები და გამოაქვეყნა თავის ცნობილ წიგნში „ანგარიშები“, რომელიც 1847, 1849 და 1851 სამ წიგნად გამოქვეყნდა პეტერბურგში. მ. ბროსეს ეს გამოცემა (აგრეთვე, ორიოდე სხვა მნიშვნელოვანი პუბლიკაცია (ძველი ქართული წარწერებისა) დღესაც რჩება მთავარ პირველწყაროდ ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების შესასწავლად.

ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების გამოვლენაში, შესწავლასა და გამოცემაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ისტორიკოს დ. ბაქრაძეს; ძველი ქართული წარწერები გამოსცეს აგრეთვე ი. როსტომაშვილმა, ი. გვარამაძემ, თ. ხუსკივაძემ, ა. ქუთათელაძემ, თ. ჟორდანიამ, ა. ხახანაშვილმა და სხვ.

XIX ს-ში დაიწყო და XX ს-ში წარმატებით გააგრძელა ძველი ქართული წარწერების შესწავლა ე. თაყაიშვილმა (1863–1953). მან ახალი მეცნიერული ეტაპი შექმნა ქართულ ეპიგრაფიკაში. სპეციალურ სერიებში („Археологические экскурсии разыскания и заметки“, შემოკლებით – АЭРЗ), წიგნებსა („არქეოლოგიური ექსპედიცია კოლაოლთისსა და ჩანგლში 1907 წელს“, „არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს“, „Христианские памятники“ – МАК XII, „1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში“ – ქართ. და რუს. ენებზე.) და წერილებში მან გამოაქვეყნა ასობით მანამდე უცნობი ძვ. ქართული წარწერა.

XX ს-ში არაერთი მნიშვნელოვანი ძველი ქართული წარწერა გამოაქვეყნეს ნ. მარმა, ი. ჯავახიშვილმა, ა. შანიძემ, კ. კეკელიძემ, გ. ჩუბინაშვილმა და სხვ. თავისი წვლილი შეიტანეს ამ საქმეში ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა: რ. შმერლინგმა, რ. მეფისაშვილმა, ე. ცინცაძემ, ლ. რჩეულიშვილმა, ს. ბარნაველმა და სხვ. რომლებიც სწავლობდნენ არა მარტო ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, არამედ მათზე მოთავსებულ წარწერებსაც.

ამჟამად ცნობილია V-XVIII სს. ათი ათასამდე ძველი ქართული წარწერა, რომლებიც საწერი მასალისა და შესრულების ტექნიკის მიხედვით იყოფა შემდეგ ჯგუფებად:
1. ლაპიდარული – ქვაზე გამოქანდაკებით (რელიეფურად) ან ამოკვეთით შესრულებული;
2. მოზაიკური;
3. ფრესკული – საღებავით შესრულებული;
4. ნაკაწრი, ანუ გრაფიტოები;
5. კერამიკული;
6. ჭედური – ლითონზე შესრულებული და
7. ნაქარგი – ქსოვილებზე შესრულებული.

ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები შესრულებულია ქართული დამწერლობის ყველა სახეობით: ასომთავრულით, ნუსხურით, გარდამავალი მხედრულითა და მხედრულით.

შინაარსისა და დანიშნულების მიხედვით ძველი ქართული წარწერები ასე ჯგუფდება: საამშენებლო, მემორიალური (მოსახსენიებელი), ეპიგრაფიკული საბუთები, პილიგრიმული (მომლოცველთა), მაგიური (მათ რიცხვშია ანბანები ანუ აბეცედარიუმები), საღმრთო წერილის ციტატები, ეპიტაფიები, ლექსები, გამოსახულებათა (ფრესკული სცენების ან ცალკეული პირების) განმარტებითი, საყოფაცხოვრებო შინაარსისა და სხვ.

მრავალი ქართული წარწერა მოიპოვება უცხოეთშიც – პალესტინაში, კერძოდ, იერუსალიმში, სინას მთაზე, ათონზე (როგორც ქართველთა მონასტერში, ისე მის გარეთ), კვიპროსზე, პეტრიწონში და, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით, თურქეთში – საქართველოს ისტორიული ტერიტორიის ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე მრავლადაა ძველი ქართული წარწერები სომხეთში, აზერბაიჯანსა და ჩრდილო კავკასიაში, კერძოდ, დაღესტანში (აქ მოიპოვება ძველი, X-XI სს., ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები და ისეთი წარწერებიც, რომელთა ენა ადგილობრივია, ხოლო დამწერლობა ქართულ–ნუსხური ან მხედრული. XV ს-იდან აქ ქართ. წარწერები არ ჩანს). ნიშანდობლივია ქართული წარწერების ფართო გავრცელება სომხეთის ისტორიულ ტერიტორიაზე (მ. შ. ანისსა და ყარსში) XI ს-იდან XIII ს. 30-იანი წლების ჩათვლით, რაც ქართული ენის პოლიტიკა და იურიდიული სტატუსის და ქართული პოლიტიკური სივრცის მაჩვენებელია სამხრეთ კავკასიაში იმ პერიოდში, როდესაც სომხეთის მიწები ქართული ფეოდალური სახელმწიფოს შემადგენლობაში იყო (ანისის ქართული წარწერები).

XIX ს-ში დაწყებული ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების შესწავლა შემდეგაც გაგრძელდა. 1975 საქართველოს მეცნიერებათა აკადემია საქართველოს ისტორიის წყაროების კომისიასთან (თავმჯდომარეები: შ. ძიძიგური, რ. მეტრეველი) ჩამოყალიბდა ეპიგრაფიკული ძეგლებისა და ხელნაწერთა მინაწერების სექცია. გამოქვეყნდა სერიის – „ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების“ (შემდეგ მას „ქართული წარწერების კორპუსი“ ეწოდა) გამოცემის პროექტი – „წესები და პრინციპები“ (ვ. სილოგავა), „მაცნე“, ისტორიის… სერია, I, 1975). „ქართულ წარწერათა კორპუსის სამი ტომი - I ტომი V-X სს ლაპიდარული წარწერები (ნ. შოშიაშვილი) მე-2 ტომი IX-XIII სს. დასავლეთ საქართველოს ლაპიდარული წარწერები (ვ. სილოგავა). მე-3 ტომი (იგი ერთდროულად ფერწერული წარწერების I ტომიცაა) - ატენის სიონის ფრესკული წარწერები (გ. აბრამიშვილი, ზ. ალექსიძე). ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების შესწავლა და გამოქვეყნება თემატური, გეოგრაფიული, ქრონოლოგიური კრებულების, ასევე ცალკეული სტატიების სახით დღესაც მიმდინარეობს.

უცხოური ეპიგრაფიკული ძეგლები საქართველოში

საქართველოში, გარდა ძველი ქართული წარწერებისა, მოიპოვება აგრეთვე ძველი ბერძნული, არამეული, ებრაული, სირიული, ბიზანტიურ ბერძნული, სომხური, არაბული, თურქული, ირანული, უიღურული, სლავური წარწერები. ისინი შემორჩენილია მონოლინგვების, ბილინგვების, ტრილინგვისა და თვით ტეტრალინგვის სახით, რაც ძალზე იშვიათია. მიმდინარეობს მათი ინტენსიური შესწავლა.

აკადემიკოსმა გ. წერეთელმა შეისწავლა არამეული და ბერძნული წარწერები. მანვე გამოსცა საქართველოს მუზეუმის ლურსმული დამწერლობის ურარტული ძეგლები (1938). აკადემიკოსმა გ. მელიქიშვილმა გამოაქვეყნა ურარტული ლურსმული წარწერების კორპუსი (1947-48, 1959), რომელიც დღემდე ამ ტიპის ძეგლების ყველაზე სრული კრებულია. ძველი ბერძნული, ბიზანტიურ ბერძნული, სემიტური, არამეული, არაბული, სომხური ეპიგრაფიკული ძეგლები შეისწავლეს ს. ყაუხჩიშვილმა, თ. ყაუხჩიშვილმა, კ. წერეთელმა, გ. გიორგაძემ, ც. კახიანმა, ს. ალექსიძემ და სხვ.

ვ. სილოგავა



ლიტერატურა

  • ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართვლოში, თბ. 1951;
  • II გამოცემა – საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, I. დასავლეთ საქართველო, თბ., 1999; II აღმოსავლეთ საქართველო, თბ., 2000; III. საძიებლები. თბ., 2001;
  • სილოგავა. ვ, ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები (შესწავლის შედეგები და ამოცანები). – «მაცნე» (ისტორიის სერია)

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები