ჭავჭავაძე ალექსანდრე
ჭავჭავაძე ალექსანდრე – (1786-1846), პოეტი, მთარგმნელი, სამხედრო პირი, საზოგადო მოღვაწე, ქართული რომანტიზმის პირველი წარმომადგენელი. შვილი გარსევან ჭავჭავაძისა (საქართველოს ელჩი რუსეთში, რომელმაც ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს), ნინო გრიბოედოვასა და ეკატერინე დადიანის მამა.
სარჩევი |
ბიოგრაფია
სწავლობდა პეტერბურგში ბამანის პანსიონში (1895-99). ფლობდა ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, სპარსულ ენებს. 1804 წ. მთიელთა აჯანყებაში აქტიური მონაწილეობისთვის დააპატიმრეს და გადაასახლეს ტამბოვში. 1807-08 წწ. ირიცხებოდა პაჟთა კორპუსში, რომლის დამთავრების შემდეგ მონაწილეობდა სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებში. 1810 წ. მიიღო პორუჩიკის ჩინი. 1812 წ., მარკიზ პაულიჩის ბრძანებით (რომლის ადიუტანტიც იყო), მონაწილეობდა კახეთის გლეხთა აჯანყების ჩაქრობაში. 1813-14 წწ. იბრძოდა ნაპოლეონის წინააღმდეგ ბარკლაი დე ტოლის მოქმედ არმიაში (პარიზში შესვლისას ბარკლაი დე ტოლის ადიუტანტის თანამდებობა ეჭირა). 1917 წ. პოლკოვნიკი ხდება, 1826 წ. — გენერალ- მაიორი,1841 წ. — გენერალ-ლეიტენანტი. სხვადასხვა დროს მონაწილეობდა ჭარელი ლეკების აჯანყების ჩაქრობაში, ბაიაზეთის აღებაში. 1832 წ. შეთქმულებაში აქტიური მონაწილეობისთვის კვლავ გადაასახლეს ტამბოვში, საიდანაც ერთი წლის შემდეგ დააბრუნეს ნიკოლოზ პირველის ბრძანებით. 1838 წ. დაინიშნა ამიერკავკასიის მთავარმმართველობის წევრად, 1842-43 წწ. — ამიერკავკასიის მხარის სამოქალაქო სამმართველოს უფროსად, 1843 წ. — კახეთის მილიციის უფროსად, იბრძოდა შამილის წინააღმდეგ. იმსხვერპლა უბედურმა შემთხვევამ. დაკრძალულია შუამთის მონასტერში.
ა. ჭავჭავაძის ოჯახი წარმოადგენდა კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან კერას, სადაც თავს იყრიდნენ ქართველი, რუსი, პოლონელი თუ სხვა უცხოელი მოწინავე ინტელიგენტები.
შემოქმედება
ა. ჭავჭავაძის სახელთან დაკავშირებულია ქართული რომანტიზმის განვითარება, თუმცა ადრეული ხანის ქმნილებებში იგი კლასიციზმთანაც იყო წილნაყარი. იგი უშუალოდ აგრძელებდა XVIII ს. ქართული ლიტერატურისთვის დამახასიათებელ პატრიოტული რომანტიზმის ხაზს, განიცდიდა ქართველ ემიგრანტთა და ბატონიშვილთა პოეზიის გავლენას. მის ლექსებში („ოჰ, წარმავალნო“, „ისმინეთ, მსმენნო“, „ვაჰ, დრონი, დრონი“, „ოჰ, ვით გვემტყუნვა“) გამოხატულია საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვით აღძრული ღრმა სევდა, პოეტის იდეალებისა და სინამდვილის შეუთავსებლობა, სულიერი ობლობა, სოფლის გმობა („მსურდა ოხვრა“, „ედემს რგულსა“, „დუგა“), გაიდეალებულია წარსული („ეჰა, ჩემო ოცნებავ“, „გოგჩა“). თანადროულობის მგმობი პოეტი სულდგმულობდა მომავლის იმედით, რომელიც მას წარსულის შემობრუნებად ესახებოდა („პყრობილისაგან თანაპყრობილთა მიმართ“, „ვისაც გსურთ“). სამშობლოსადმია მიძღვნილი მისი ლექსები „ეღების კარი გაზაფხულისა“, „ნუ მომკალ მწარედ“. სამშობლოს პოეტი გამოსახავდა სხვადასხვა სიმბოლოებით: ტყვედპყრობილი სატრფო, ვარდი, სინათლე, რომელსაც ფარვანა (პოეტი) დაუღალავად დასტრიალებს თავს.
ა. ჭავჭავაძე ეხება ზოგადსაკაცობრიო ტკივილებსაც და მსოფლიო გოდების პოზიციამდე მაღლდება („სხვადასხვა დროისათვის კაცისა“, „გოგჩა“), გმობს არა მარტო ეროვნულ, არამედ აგრეთვე წოდებრივ ჩაგვრას („ვაჰ, სოფელსა ამას და მისთა მდგმურთა“), გამოხატავს მოქალაქეობრივ გულისტკივილს ქვეყნად გამეფებული უსამართლობის გამო და ქადაგებს მჩაგვრელთა წინააღმდეგ ბრძოლას.
ამავე დროს, ა. ჭავჭავაძე გვევლინება ფართო ხედვის მოაზროვნედ, რომელიც ისტორიულ მოვლენებს სავსებით სწორად და რეალისტურად აფასებდა. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია მეფისთვის წარდგენილი მოხსენებითი ბარათი „საქართველოს მოკლე ისტორიული ნარკვევი და მდგომარეობა 1801-დან 1831 წლამდე“, რომელშიც ავტორი გაბედულად ამხელდა რუს ბიუროკრატ მოხელეთა თარეშს, მათი განკარგულებების არაკანონიერ სიმკაცრეს, აჯანყებათა გამომწვევ მიზეზებს, აღწერდა საქართველოს მდგომარეობას, გადმოსცემდა ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას საუკუნეთა მანძილზე და მის მდიდარ კულტურულ წარსულს.
ა. ჭავჭავაძის საყვარელი თემა იყო ბუნების მარადიულობა და ძლევამოსილება („კავკასია“, „ეღების კარი გაზაფხულისა“, „მოვედ ამ არედ“, „გოგჩა“), მიწიერი სიყვარული. სატრფიალო ლექსებში („სიყვარულო, ძალსა შენსა“, „ნუ მომკალ“, „ოჰ, საყვარელო“, „შენის გონების“, „ვარდო კოკობო“, „სახე შენი როს ვიხილო“, „სძგერს გლახ გული“) იგრძნობა ბესიკისა და აღმოსავლური პოეზიის გავლენა. მაგრამ, აღმოსავლელ პოეტთაგან განსხვავებით, ა. ჭავჭავაძის ლექსებს მოქალაქეობრივი მოტივებიც ახლავს. არაერთი ლექსი აქვს მიძღვნილი ლხინისა და შექცევისადმი („ღვინის თვისებისათვის“, „შექცევათათვის“, „მეგრულ ფერხულზე“, „დღეობაში“, „მუხამბაზი ლათაიური“), რომლებშიც გაურბის სინამდვილეს და თავდავიწყებით ცდილობს სევდის განქარვებას, ოღონდ, ამავე დროს, პოეტი დასცინის მხოლოდ დროსტარებას გადაყოლილ ხალხს.
ა. ჭავჭავაძეს გამოყენებული აქვს აღმოსავლური, XVIII ს. ქართულ მწერლობაში ფეხმოკიდებული სალექსო ფორმები: მუხამბაზი, მუსტაზადი, ყაზელი, გაბაასება, ანბანთქება. პოეტის ენას არქაულ იერი დაჰკრავს, არაიშვიათად გვხვდება ბერძნული მითოლოგიიდან მოხმობილი სახელები. მისთვის დამახასიათებელია სინონიმური და ომონიმური გამოთქმები. მრავალფეროვანია მისი პოეზიის ტროპული ბუნებაც.
ა. ჭავჭავაძის შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა მისი თანამედროვე და მომდევნო ხანის მწერალთა თაობებზე. მრავალი მისი ლექსი სიმღერად იქცა, ზოგს დღემდე მღერიან. აღსანიშნავია, რომ პოეტის სიცოცხლეში დაიბეჭდა მისი მხოლოდ ერთი თარგმნილი ლექსი (ა. პუშკინის „სიზმარი“, „სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი“, 1832).
თარგმანები
ა. ჭავჭავაძეს თარგმნილი აქვს რუს და უცხოელ მწერალთა თხზულებები: ჟუკოვსკის, პუშკინის, ლერმონტოვის, ოდოევსკის ლექსები, ლაფონტენის, ვოლტერის, რასინის, კორნელის, ჰიუგოს, გოეთეს ცალკეული ნაწარმოებები. ფრანგულიდან თარგმნილი თხზულება „ახლოით განჩხრეკილი კაცი“, (1804) პოეტმა ფარნაოზ ბატონიშვილს უძღვნა.
თხზულებები
- ლექსები, 1881;
- თხზულებანი, 1940.
ლიტერატურა
- ი. მეუნარგია, ქართველი მწერლები, I, 1954;
- მ. ზანდუკელი, ახალი ქართული ლიტერატურა, 1956;
- ა. მახარაძე, ქართული რომანტიზმი, 1960;
- ა. კენჭოშვილი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, წიგნში: ქართული ლიტერატურის ისტორია, III, 1969;
- კ. აბაშიძე, ეტიუდები XIX ს. ქართული ლიტერატურის შესახებ, 1970.