ვოლტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვოლტერი

ვოლტერი – (ფრამგ. Voltaire, ნამდვილი სახელი ფრანსუა მარი არუე, ფრანგ. François-Marie Arouet, 1694-1778), ფრანგი მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე, ფრანგული განმანათლებლობის უდიდესი წარმომადგენელი.

გაიზარდა შეძლებული ნოტარიუსის ოჯახში. მან კარგი განათლება მიიღო, დაამთავრა იეზუიტთა კოლეჯი და შემდეგ სამართლის სკოლა. ვოლტერი უფროსი თაობის განმანათლებლების ლიდერი გახლდათ და იმ პერიოდში მოღვაწეობდა, როცა საზოგადოების ფართო მასები ჯერ კიდევ არ იყო ჩართული განმანათლებლურ მოძრაობაში. მისი მიზანი „განმანათლებლური აბსოლუტიზმის“ დამკვიდრება გახლდათ, სადაც სახელმწიფო პოლიტიკაში ფრანგულ ბურჟუაზიას წამყვანი როლი დაეკისრებოდა. განმანათლებლებს სჯეროდათ, რომ განმანათლებლური აბსოლუტიზმის სისტემა უზრუნველყოფდა მათი იდეების განხორციელებას. მიაჩნდათ, რომ საზოგადოებრივი წყობა დამოკიდებული იყო სახელმწიფო კანონებზე და თუ ის გონივრული კანონებით შეიცვლებოდა, საზოგადოებრივი უსამართლობა აღიკვეცებოდა. საზოგადოების გარდაქმნაში ისინი, მასების განათლების გარდა, მონარქიის სისტემის შეცვლასაც განიხილავდნენ. თვლიდნენ,მრომ განმანათლებლური მსოფლმხედველობის მონარქი გახდებოდა მათი იდეალების ცხოვრებაში გამტარებელი და მხოლოდ ამ გზით შეიძლებოდა საზოგადოების გარდაქმნა რევოლუციური რღვევების გარეშე.

იდეალური, განათლებული მონარქის სახე შექმნა ვოლტერმა ტრაგედიებში „მინოსის კანონები“ (1772) და „დონ პედრო“ (1775). მონარქი, რომლის მიზანია ხალხის განათლება და ქვეყნის განვითარება, უპირისპირდება მაღალი წრის საზოგადოებას და ეკლესიის მსახურებს.

ვოლტერს, სახელმწიფოს შენარჩუნება განმანათლებლური აბსოლუტიზმის ფორმით სურდა. კლასიცისტური ხელოვნება – განმანათლებლური კლასიციზმის სახით. მონარქიული წყობიდან − დესპოტიზმის, ტირანიის, ხოლო რელიგიიდან − ფანატიზმის აღმოფხვრა. ვოლტერი აღიარებდა დეიზმის ფილოსოფიურ მოძღვრებას, რომელიც უარყოფს ყოველგვარ რელიგიურ დოგმებს. ის ებრძოდა ეკლესიას, თუმცა რელიგია და რწმენა − საზოგადოებისთვის აუცილებელ კატეგორიად მიაჩნდა. „ღმერთი რომ არ ყოფილიყო, ის უნდა გამოგვეგონა“ − ამბობდა დრამატურგი და ოცნებობდა საზოგადოების გარდაქმანზე, რაც, მისი აზრით, ხელისუფლების რეფორმებით უნდა განხორციელებულიყო და არა სახალხო მოძრაობით.

ვოლტერის ცხოვრებასა და შემოქმედებაში თეატრს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. 60-წლიანი დრამატურგიული მოღვაწეობის განმავლობაში მან დაწერა 54 პიესა − აქედან 30 ტრაგედია, 12 კომედია, 2 პროზაული დრამა, რამდენიმე ოპერის ლიბრეტო და დივერტისმენტი.

თავისი წინამორბედებისგან განსხვავებით, მან ტრაგედიას დაუბრუნა საზოგადოებრივი პროგრესული როლი, ცვლილებები შეიტანა ტრაგედიის შინაარსსა და სტრუქტურაში, დაამკვიდრა განმანათლებლური კლასიციზმის სტილი. ვოლტერი ცდილობდა, იმ პერიოდის ტრაგედიებისთვის დამახასიათებელი სამეფო-არისტოკრატიულ ეტიკეტთან და ყოფასთან მსგავსება აღმოეფხვრა. მთელი ცხოვრების მანძილზე, სადაც არ უნდა ყოფილიყო (რამდენიმეჯერ იძულებული იყო პარიზი დაეტოვებინა, რადგან მსოფლმხედველობის გამო დევნიდნენ) აწყობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებს. მონაწილეობდა როგორც მსახიობი და ადგენდა სადადგმო გეგმას. ვოლტერი ასევე მუშაობდა მსახიობებთან, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა სანახაობით ეფექტს, სასცენო დინამიზმს, დეკორაციების ფერწერულობას. კლასიციზმის ეპოქაში, როდესაც მაღალი წრის საზოგადოების წარმომადგენლები სცენაზე ისხდნენ და მსახიობის მოძრაობა შეზღუდული იყო (ვოლტერი მაყურებლებისგან სცენის განთავისუფლების საკითხსაც აყენებდა), ვოლტერის სასცენო რეფორმას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. რადგან სადადგმო ეფექტების გამოყენების პრეცედენტი საფრანგეთის დრამატულ თეატრებში არ არსებობდა, ვოლტერმა ეს საკითხი საოპერო ხელოვნების ოსტატ ფილიპ კინოსგან შეისწავლა. ფილიპ კინოს დიდი წვლილი მიუძღვის დრამატურგის პიესების არქიტექტონიკის ჩამოყალიბებაში. ვოლტერის თითქმის ყველა პიესაში არის საოპერო თეატრისთვის დამახასიათებელი ეფექტები: ყუმბარების სროლის ხმა, მოჩვენებები სცენაზე. იგი ტრაგედიების ფაბულაში იყენებდა მოქმედი გმირის მოულოდნელ გამოჩენა-გაქრობის სცენებს, პერსონაჟებს, რომლებიც თავის ვინაობას მალავენ ან სხვისი სახელით მოქმედებენ.

ვოლტერი ადვილად და სწრაფად წერდა, მაგრამ იმისთვის, რომ პიესა სრულყოფილი გამოსულიყო, ხშირად უბრუნდებოდა დასრულებულ ნაწარმოებს და თავიდან ამუშავებდა. როგორც დრამატურგს, ძალიან ეხმარებოდა სამსახიობო და სარეჟისორო ხელოვნების პრაქტიკული ცოდნა. ვოლტერი აფასებდა მსახიობის შრომას, ყოველთვის ითვალისწინებდა მის მოთხოვნებს. მისი აზრით, პიესის წარმატებას მსახიობის შესრულება განაპირობებდა. ლიტერატურული თვალსაზრისით, ვოლტერის პიესები მაღალი მხატვრული ღირსებებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ სცენური და თეატრალური იყო. ფსიქოლოგიურად ნაკლებად დამუშავებული პერსონაჟების მიუხედავად, ვოლტერის გმირებზე მუშაობა მსახიობებისთვის, როგორც თავად აღნიშნავდნენ, საინტერესო აღმოჩნდა. ვოლტერმა არაერთი მსახიობი აღზარდა. მათ შორის ლეკენი − იმ პერიოდის ერთ-ერთი ცნობილი მსახიობი.

პიესების მოქმედება სხვადასხვა ეპოქასა და ქვეყანაში ვითარდება, შესაბამისად, მოქმედი პირები სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები არიან. ვოლტერი დადგმებში იცავდა ისტორიულ და ეთნოგრაფიულ სიზუსტეს, პიესებში გვხვდება მითითებები დეკორაციებისა და კოსტიუმების შესახებ. ტრაგედიებში ეპოქისთვის დამახასიათებელ სამეფო-არისტოკრატიულ გალანტურ თემატიკას უპირისპირდებოდა და მიაჩნდა, რომ აუცილებელი არ იყო სასიყვარულო ინტრიგების არსებობა. პირველ ტრაგედიაში „ოიდიპოსი“ არის იოკასტესა და ფილოკტეტესის სასიყვარულო მოტივი, მომდევნო ტრაგედიები („მეროპე“, „ორესტე“) იქმნება სასიყვარულო ინტრიგის გარეშე, ხოლო პიესაში „ცეზარი“ ქალი პერსონაჟი საერთოდ არ გვხვდება.

ვოლტერის პამფლეტები და სატირული ლექსები დიდი პოპულარობით სარგებლობდა საზოგადოებაში, მაგრამ მის ნაწარმოებებში გაჟღერებული შეხედულებების გამო, მას კათოლიკური ეკლესია და მაღალი წრის საზოგადოება დაუპირისპირდა. იგი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა და რამდენიმე წლით ინგლისში გადასულიყო საცხოვრებლად. ინგლისში იგი გაეცნო ჯონ ლოკის, ისააკ ნიუტონის თეორიებს, უილიამ შექსპირის თეატრს. დაწერა ცნობილი „ინგლისური წერილები“, სადაც აღწერა ინგლისის პოლიტიკური ცხოვრება, ლიტერატურა და ფილოსოფია. ამ პერიოდში საბოლოოდ ჩამოყალიბდა მისი ფილოსოფიური, პოლიტიკური და ესთეტიკური შეხედულებები. ის კლასიცისტური ტრაგედიის ერთგული დარჩა, მაგრამ ეს უკვე სხვა კლასიციზმი იყო – განმანათლებლური კლასიციზმი.

ვოლტერმა კლასიციზმს შეუთავსა რეალიზმის ესთეტიკა. მისთვის მისაღები იყო კლასიციზმისთვის დამახასიათებელი მაღალი სტილი, კომპოზიციის კომპაქტურობა, სამი ერთიანობის კანონი. მაგრამ არ აკმაყოფილებდა კლასიციზმისთვის დამახასიათებელი მოქმედების სიმცირე, სტატიკური მიზანსცენები, სანახაობითი ეფექტების არარსებობა. სურდა არა მარტო მაყურებლის გონებაზე მოეხდინა ზემოქმედება, არამედ მის გრძნობებზეც – რაზედაც საუბრობდა პიესების წინასიტყვაობებში, წერილებსა და თეორიულ ნაშრომებში.

ვოლტერის გმირები უფრო ემოციურები არიან, სცენური მოქმედება მდიდარი და ცოცხალი, ინტრიგა კი უფრო გართულებულია. მაყურებლების ემოციის გასაძლიერებლად დეკორაციები შედარებით მრავალფეროვანია – ის იყენებს ლოკალურ ფერს.

ვოლტერის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია შექსპირმა, რომლის ნაწარმოებებიდან თარგმნა ნაწყვეტები და ისწავლა გრძნობების გადმოცემა. მან ასევე გამოიყენა სიუჟეტები – მაგალითად, მსგავსებაა „ოტელოსა“ და „ზაირის“, „ჰამლეტსა“ და „სემირამისს“ შორის. დრამატურგს მოსწონდა შექსპირის პიესებისთვის დამახასიათებელი გამომსახველობა, დაძაბულობა, დინამიზმი. მაგრამ როგორც კლასიცისტი დრამატურგისთვის ბევრი რამ მიუღებელი იყო, რასაც ის „ბარბაროსულ საუკუნეს“ აბრალებდა, რომელშიც შექსპირი ცხოვრობდა. ვოლტერი, ერთი მხრივ, აღფრთოვანებული გახლდათ ინგლისელი დრამატურგით, მაგრამ, მეორე მხრივ, აკრიტიკებდა მას. XVIII საუკუნის 30-იან წლებში შექსპირი საფრანგეთში ითვლებოდა „ბარბაროსად“, რადგან პიესებში არ იყენებდა კლასიციზმისთვის დამახასიათებელი მოქმედების ერთიანობის კანონს, სადაც მაღალი და დაბალი (კომედია და ტრაგედია) ჟანრი იყო შერწყმული. ამიტომ ვოლტერის მხრიდან შექსპირის ქება იმ დროისთვის დიდ გაბედულებას მოითხოვდა.ნინო ქირია

ვილტერია ტრაგედიები

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები