რასინი ჟან ბატისტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან რასინი

ჟან ბატისტ რასინი (ფრანგ. Jean-Baptiste Racine, 1639-1699), ფრანგი დრამატურგი.

დაიბადა პატარა პროვინციულ ქალაქ ფერტე-მილონში, ბურჟუაზიულ ოჯახში, რომლის წარმომადგენლების რამდენიმე თაობა სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობას იკავებდა. ასეთივე მომავალი ელოდა რასინსაც, რომ არა მშობლების ადრეული გარდაცვალება. სამი წლიდან მას ბებია ზრდიდა, რომლის შემოსავალიც მწირი გახლდათ. მაგრამ ბებიის ძველი და მყარი კავშირები იანსენისტურ საძმოსთან დაეხმარა შვილიშვილს, უფასოდ მიეღო საუკეთესო განათლება − თავიდან დაწყებით სკოლაში და შემდეგ იანსენისტების კოლეჯში. იანსენისტები ბრწყინვალე მასწავლებლები იყვნენ. ისინი სწავლებას ახლებურ მეთოდზე აგებდნენ: სავალდებულო საგნების გარდა, ძველბერძნულ ენას და ლიტერატურასაც ასწავლიდნენ და დიდ ყურადღებას უთმობდნენ მშობლიური ენის შესწავლას (სწორედ მათ შეადგინეს პირველი ფრანგული ენის გრამატიკის სახელმძღვანელო), რიტორიკას, პოეტიკის საფუძვლებს და ასევე ლოგიკას და ფილოსოფიას.

ასეთ კოლეჯში სწავლამ რასინის არამარტო სულიერ განვითარებაზე იმოქმედა, არამედ, მომავალში, მისი ბედიც განსაზღვრა. იანსენიზმის ფილოსოფიურ და მორალურ ზეგავლენას რასინის თითქმის ყველა ტრაგედიაში ვხვდებით. ძველი ბერძნულის ცოდნამ განსაზღვრა სიუჟეტების, წყაროების ამორჩევა. რასინი ბრწყინვალე ორატორი გახლდათ, დისკუსიისას არგუმენტირებულ თეზებს აყენებდა. ეს ყველაფერი ისეთი იანსენისტი პედაგოგებისგან შეითვისა, როგორებიც იყვნენ: ანტუან არნო, პიერ ნიკოლი, ბლეზ პასკალი. და ბოლოს, მისი სამეგობრო წრე − წარჩინებული ოჯახის შვილებისგან შედგებოდა − სწორედ მათ დააკავშირეს საფრანგეთის მაღალ საზოგადოებასთან. ამ ყველაფერმა დიდწილად განსაზღვრა რასინის როგორც ბედი, ასევე კარიერული ზრდაც.

რასინს პირველმა საჯარო ლიტერატურულმა გამოსვლამ წარმატება მოუტანა. 1660 წელს, მეფის ქორწინებას ოდა მიუძღვნა − „სენის ნიმფა”, რომელიც დაიბეჭდა და გავლენიანი ლიტერატორების ყურადღებაც მიიპყრო.

პარიზში იგი დაუახლოვდა ჟ. ლაფონტენს, ნ. ბუალოს, მოლიერს, რომლის რჩევით დაწერა ტრაგედია „ფივაიდა, ანუ ძმები-მტრები“. მოლიერის დასისთვის მან შეთხზა თავისი მომდევნო ტრაგედიაც „ალექსანდრე დიდი“, რომელშიც მაკედონელი მეფე მიამსგავსა ლუდოვიკო XIV-ს. ორივე ეს ნაწარმოები დაწერილი იყო პ. კორნელის მიბაძვით. შემდგომ იგი ქმნის ტრაგედიას „ანდრომახა“, სადაც პირველად მის შემოქმედებაში გაიჟღერა მორალური ვალის და ზნეობრიობის თემამ. შემდგომ მან დაწერა თავისი ერთადერთი კომედია „მოდავე“, სადაც სატირულად ასახა ფრანგული სასამართლო. ანტიტირანულმა თემამ გაიჟღერა მის ტრაგედიაში „ბრიტანიკი“. გრძნობისა და მოვალეობის დაპირისპირების თემაზეა აგებული მისი მომდევნო ტრაგედია „ბერენიკა“. ტრაგედიებში „ბაიაზეტი“ და „მითრიდატე“ ნაჩვენებია მოუთოკავი ვნებების დამღუპველი შედეგები. ტრაგედიაში „იფიღენია ავლიდაში“, ევროპიდესგან განსხვავებით, იგი აღწერს არა სახელმწიფოებრივ, არამედ ოჯახურ დრამას. შემდგომ ამისა იგი წერს თავის საუკეთესო ტრაგედიას „ფედრა“ ცხოვრების ბოლო პერიოდში მან შექმნა ტრაგედიები ბიბლიურ თემაზე, სადაც გაააფართოვა კლასიციზმის ჩარჩოები და ნიადაგი შეუმზადა განმანათლებლურ კლასიციზმს.

სარჩევი

ფივიადა, ანუ მტერი ძმები

1664 წელს, მოლიერის დასმა ტრაგედია „ფივიადა, ანუ მტერი ძმები” დადგა. პიესას საფუძვლად ბერძნული მითი დაედო. მეფე ოიდიპოსის ვაჟების მტრობა დაუსრულებელია, ისინი ტახტის გამო ებრძვიან ერთმანეთს (ეს სიუჟეტი ძალიან პოპულარული იყო ბაროკოს ეპოქაში, დრამატურგიაში დინასტიურ ბრძოლებსაც ასახავდნენ. ასეთი იყო მაგ. კორნელის ტრაგედია: „როდოგუნა”). რასინთან ეს თემა განწირულობითაა გამოწვეული, ძველი მითიდან, მისი მოტივებიდან გამომდინარე, სადაც საუბარია დაწყევლილ შთამომავლობაზე, ინცესტზე, ღმერთების სიძულვილზე. მაგრამ ამ ტრადიციული მოტივების მიღმა დრამატურგთან მოქმედებაში რეალური ძალები ერთვებიან: მთავარი გმირების ბიძის მზაკვრული ქმედებები, რომელიც გააჩაღებს ძმათამკვლელ ომს, რათა სამეფო ტახტისკენ მიმავალი გზა გაითავისუფლოს. ამით ნაწილობრივ ნეიტრალდება ირაციონალური ბედისწერის იდეა, რომელიც კონფლიქტში მოდიოდა ეპოქის რაციონალურ მსოფლმხედველობასთან.

ალექსანდრე დიდი

რასინის მეორე ტრაგედიის, „ალექსანდრე დიდის”, დადგმამ დიდი აურზაური გამოიწვია პარიზის თეატრალურ წრეებში. პიესა 1665 წლის დეკემბერში, ისევ მოლიერის დასმა გაითამაშა. ორ კვირაში კი, მოულოდნელად, „ბურგონთა ოტელის” სცენაზეც გამოჩნდა, რაც პროფესიული ეთიკის სამარცხვინო დარღვევა იყო. მოლიერის აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა, მის მხარეს საზოგადოებრივი აზრიც დადგა. ამის შემდეგ რასინის თეატრალური კარიერა მჭიდროდ დაუკავშირდა „ბურგონთა ოტელს”. მოლიერთან კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა, როცა რასინის ზეწოლით მისი საუკეთესო მსახიობი ქალი − ტერეზა დიუპარკი, გადავიდა „ბურგონთა ოტელის” დასში.

ანდრომაქე

1667 წელს რასინი წერს ტრაგედიას „ანდრომაქე”, სადაც კვლავ მიმართავს ანტიკურ მითოლოგიას, ამჯერად იყენებს ევრიპიდეს პიესებს, რომლებიც ყველაზე მეტად ახლოა რასინის შემოქმედებით სულისკვეთებასთან. „ანდრომაქეში” მთავარ იდეურ ბირთვს გონისმიერის და მორალის სტიქიურ ვნებასთან შეჯახება წარმოადგენს, რომელსაც პიროვნების ნგრევა და ფიზიკური განადგურებაც მოაქვს. იანსენური გაგება ადამიანური ბუნებისა გარკვევით შემოდის ოთხი მთავარი გმირის საქციელში. სამი მათგანი − აქილევსის შვილი პიროსი, მისი საცოლე ბერძენი დედოფალი ჰერმიონა, მასში შეყვარებული ორესტე − საკუთარ ვნებებს ემსხვერპლებიან. მეოთხე მთავარი პერსონაჟი − ჰექტორის ქვრივი, ტროელი ანდრომაქე, როგორც ღირსეულ ადამიანს ხელეწიფება, საკუთარ ვნებებზე მაღლა დგება და ისე იღებს გადაწყვეტილებებს. თუმცა, როგორც დამარცხებული დედოფალი და ტუსაღი, იძულებულია დაჰყვეს მოვლენების განვითარებას და სხვისი ვნებების მსხვერპლი გახდეს. პიროსი მას ულტიმატუმს უყენებს: ან ცოლად უნდა გაჰყვს ქმრის მკვლელს, ან შვილს მოუკლავს. საშინელი არჩევანის წინაშეა ანდრომაქე, − კარგავს თავისუფალი, გონიერი არჩევანის გაკეთების საშუალებას, რადგან პიროსი მას ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელს, დამამცირებელს სთავაზობს − თუ ანდრომაქე ქორწინებას დათანხმდება, შვილს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს, მაგრამ ქმრის და მთელი თავისი ოჯახის ხსოვნას შებღალავს. თუ პიროსს უარს ეტყვის, ამით უერთგულებს მკვდრებს, მაგრამ შვილს მსხვერპლად შესწირავს. პიროსი ხომ ემუქრება, რომ მის შვილს ბერძენ მხედართმთავრებს გადასცემს, რომლებსაც ერთი სული აქვთ, გაანადგურონ ტროელთა მეფეების უკანასკნელი შთამომავალი.

ის, როგორც რასინი აწყობს დრამატულ კონფლიქტს, პარადოქსულია: ანდრომაქეს გარეგნულად თავისუფალი და ძლევამოსილი მტრები შინაგანად მონურ, საკუთარი ვნებებით დამძიმებულ სულს ატარებენ.

ხანგრძლივი შინაგანი ბრძოლის შემდეგ, ანდრომაქე გადაწყვეტს, იქორწინოს პიროსთან, ერთი პირობით – იგი არ დაღუპავს მის შვილს. თვითონ კი გადაწყვეტს, თავი მოიკლას, რათა ქმრის ხსოვნას არ უღალატოს. ამ გადაწყვეტილებას ანდრომაქე ვერ განახორციელებს, იმიტომ, რომ თავად პიროსს ტაძარში ორესთე მოკლავს. ორესთეს კი, ამ მკვლელობისაკენ მისმა შეყვარებულმა, ჰერმიონამ უბიძგა, რომელიც პიროსის მიტოვებული საცოლე იყო. მაგრამ ჰერმიონას არ შეუძლია გადაიტანოს პიროსის დაღუპვა და თავს იკლავს; ხოლო ორესთე მწუხარებისა და სინდისის ქენჯნისგან ჭკუიდან შეიშლება. ამგვარად, საკუთარი ვნებათა ღელვის მსხვერპლნი ხდებიან: პიროსი, ჰერმიონა და ორესთე. ამ ადამიანების დაღუპვა უზრუნველყოფს ანდრომაქეს გამარჯვებას. მან, ერთმა, არ დაარღვია თავისი მოვალეობა და გონების კარნახით, თავი გადაირჩინა დამღუპველი ვნებათა ღელვისაგან.

ანდრომაქეს ხასიათის მახასიათებლებია: ღირსება, მორალური სიმტკიცე, შეუბღალავი სინდისი, რწმენის სიმტკიცე, თავგანწირვის უნარი, თვითნებობისა და ძალადობის წინააღმდეგ ამხედრება. ხოლო პიროსი თვითნებობისა და ძალადობის მატარებელია. იგი, რასინის პერსონაჟ-გმირ მეფეების სახეთა შორის, პირველია, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს მსხვერპლად სწირავს ვნებებს. პიროსს უყვარს ანდრომაქე, მაგრამ იგი ძალადობით ცდილობს მის დაპყრობას. ქალისგან უარყოფილი, მონარქიული ძალაუფლების დახმარებით ცდილობს ანდრომაქეს მოპოვებას და ამორალური, უპრინციპო დესპოტი ხდება. ტრაგედიაში, აგრეთვე, საინტერესოა ორესთეს და ჰერმიონას სახეებიც. ისინი არიან საბედისწერო ვნებით შეპყრობილნი, რაც დანაშაულისა და დაღუპვისაკენ მიაქანებთ. ვნებათა ღელვისგან გააფთრებულ ჰერმიონას სიყვარულმა გონება დაუბნელა და უძლური გახადა გარკვეულიყო თავის სულიერ მდგომარეობაში. ვნებით დაბრმავება, რასინის აზრით, უდიდესი უბედურებაა და იგი სიგიჟესა და ბოროტმოქმედებას ბადებს.

ბრიტანიკი

აღსანიშნვია რასინის პიესა „ბრიტანიკი“ (1669) − ტრაგედია რომის ისტორიიდან.

რასინმა კორნელის საყვარელ მასალას მოკიდა ხელი და სწორედ აქ მკაფიოდ გამოჩნდა ორ დიდ დრამატურგს შორის საკითხისადმი აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა. რასინს არ აინტერესებს პოლიტიკა, არ საუბრობს მონარქიის თუ რესპუბლიკის უპირატესობებზე, სახელმწიფოებრივი სიკეთის გაგებაზე, სახელმწიფოსა და პიროვნებას შორის კონფლიქტზე, არც კანონიერი ხელისუფალის ბრძოლა საკუთარი ინტერესების დასაცავად აღელვებს, მას აინტერესებს მონარქის მორალური სახე განუსაზღვრელი ძალაუფლების პირობებში. სწორედ ამ პრობლემამ განსაზღვრა წყაროს და მთავარი გმირის არჩევა − მთავარი პერსონაჟი რომაელი ისტორიკოსის, ტიციტუსის აღწერილი, ნერონია. პირველად რასინის შემოქმედებაში ვაწყდებით მნიშვნელოვან ესთეტიკურ კატეგორიას − მხატვრული დროის კატეგორიას.

პიესის შესავალში რასინი ნერონს „ჩანასახშივე ურჩხულს” უწოდებს, ამით ხაზს უსვამს ნერონის ხასიათის განვითარებას ცუდისკენ, სისასტიკისკენ, ამორალურობისკენ, რაც კლასიცისტური ესთეტიკის ერთ-ერთ წესს არღვევს, კერძოდ − გმირი მთელი ტრაგედიის განმავლობაში უნდა რჩებოდეს ისეთად, როგორსაც მას დასაწყისში გავიცნობთ. ნერონს ავტორი გვაცნობს იმ გადამწყვეტ მომენტში, როცა ის ტირანად იქცევა. ამ გარდასახვაზე პირველივე სცენაში შეშფოთებით საუბრობს მისი დედა, აგრიპინა. იმის მოლოდინი, თუ რას მოიტანს გარშემო მყოფთათვის ეს ცვლილება − უფრო მეტად დაძაბულს და საინტერესოს ხდის ქმედებას.

ბერენიკა

„ანდრომაქესა“ და „ბრიტანიკში“ შექმნილ მონარქთა უარყოფითი სახეების საპირწონედ რასინმა ტრაგედიაში „ბერენიკა“ მონარქის დადებითი სახე დახატა. ტრაგედიის მთელი შინაარსი დაყვანილია სამეფო სახლის შეყვარებული წყვილის სულიერ ტანჯვამდე.

რასინმა პიესაში რომის იმპერატორ ტიტუსის შინაგანი კონფლიქტი − პირად გრძნობასა და მოვალეობას შორის ბრძოლა ასახა. ტიტუსი შორდება თავის შეყვარებულს, იუდეველთა დედოფალ ბერენიკას, იმიტომ რომ, რომის კანონების თანახმად, მას არ ძალუძს ბერენიკას მეუღლე გახდეს. ტიტუსს მიაჩნია, რომ მაღალი წოდება უფრო მეტ მოვალეობას აკისრებს, ვიდრე უფლებას. იგი უჩვენებს ქვეშევრდომებს კანონის უდავო მორჩილების მაგალითს და პირად ბედნიერებას მსხვერპლად სწირავს მოვალეობას.

ფედრა

„ფედრა“ − საუკეთესოა რასინის ტრაგედიებში და უკანასკნელი ტრაგედიაა ევროპულ კულტურაში. პიესა იდეალურადაა აგებული, კონფლიქტის მთელი კონსტრუქცია ნათელია. სულიერი და პოლიტიკური პრობლემები უცნაურადაა გადახლართული.

შინაარსი ასეთია: ფედრას შეუყვარდა საკუთარი ქმრის შვილი − იპოლიტე. ის თავის ვნებას ვაჟს მხოლოდ იმის შემდეგ უმჟღავნებს, რაც საეჭვო ცნობას მიიღებს ქმრის − თეზევსის − დაღუპვის შესახებ. სწორედ მაშინ, როცა ფედრა სიყვარულში გამოუტყდება იპოლიტეს, ქმრის ცოცხლად დაბრუნების ამბავს შეიტყობს. მას პანიკური შიში ეუფლება თავისი ღირსებისა და შვილის გამო. ასეთ მდგომარეობაში, ფედრა ნებდება ძიძის − ენონას შეგონებას და ნებას რთავს მას, ცილი დასწამოს იპოლიტეს ფედრასთვის სიყვარულის გამჟღავნებაში. ფედრა კი, მხოლოდ დუმს... ამ ბრალდების გამო თეზევსი სწყევლის შვილს. ფედრას სინდისი ქენჯნის და გადაწყვეტს, ქმრის წინაშე საკუთარი დანაშაული აღიაროს და იპოლიტე გაამართლოს. ამ დროს გაიგებს, რომ იპოლიტეს არიკია უყვარს; მის გულში იფეთქებს ეჭვი და გულისწყრომა მეტოქისადმი. ფედრა თავს ვეღარ იჭერს და სრულიად გაგიჟებული ჯავრს ენონაზე იყრის, რომელსაც თავის უბედურებაში ბრალს სდებს და წყევლაკრულვით გააგდებს. ფედრა ტრაგედიის ბოლოს გონს მოდის და თვითონ ისჯის თავს − საწამლავს სვამს, ხოლო ქმარს სიკვდილის წინ მთელ სიმართლეს უმხელს.

პიესის დასაწყისშივე ფედრა სცენაზე გამოდის იმისათვის, რომ მოკვდეს. ტრაგედიის გმირი თავიდანვე განწირულია. კონფლიქტის მწარმოებელი ფედრას მსახური ქალი ენონაა, რომელიც მას მოქმედებისკენ უბიძგებს, ხოლო როცა ფედრა მიხვდება, რაც მოხდა, თავს იკლავს. ტრაგიკული კონფლიქტი მთლიანად ადამიანის შინაგან სამყაროშია და ის „ზეციურ ძალებზე” აღარაა დამოკიდებული. ჰამლეტმა არ იცის როგორ მოიქცეს, ვინაიდან მას ეჭვი ღრღნის ღმერთის არსებობაზე. ფედრა სხვა სამყაროში ცხოვრობს, ის კერპთაყვანისმცემელია, მაგრამ აქ სხვა ღმერთებსაც არ ელაპარაკება, არამედ თავის თავს. ვერ პატიებს საკუთარ „მეს” იმას, რადაც იქცა − აღმოაჩენს რა მხეცურ ბუნებას საკუთარ თავში. და მაინც სული გაიმარჯვებს სხეულზე.

„ფედრა” ქალი მსახიობისთვის იგივეა, რაც ჰამლეტი კაცი მსახიობისთვის, ეს ტრაგედიის მწვერვალია.

XVIII საუკუნეში, გააგრძელებენ ტრაგედიის წერას, მაგრამ ეს ჟანრი ამოწურულია, ვინაიდან ტრაგედია რომ შედგეს, ადამიანმა გარე სამყარო კი არ უნდა აღწეროს, არამედ საუთარ თავში უნდა ჩაიხედოს. თუ დავიწყებთ გარე სამყაროს გაგება-აღწერას, იქვე მოვუნახავთ გამართლებას, ახსნას საკუთარ უღირს საქციელს. ეს საუკუნე განმანათლებლობის საუკუნეა. ადამიანი ხსნის, აღწერს და აანალიზებს სამყაროს. და თუ XVII საუკუნეში პარიზელი მეთულუხჩეები აღფრთოვანებით უყურებდნენ რასინის „ანდრომაქეს” და ესმოდათ იმ ტანჯვის, რასაც ფედრა განიცდიდა, განათლების ეპოქაში ეს უკვე აქტუალური აღარ არის, რადგან იცვლება თვითონ საზოგადოება, რომელსაც სხვა ინტერესები და მოთხოვნები აქვს ხელოვნებასთან.

მარიკა მამაცაშვილი


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები