ოიდიპოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოიდიპოსი და სფინქსი.
კილიქსის ფერწერა (ძვ.წ. 470-460 წ.წ.), რომი, ვატიკანის მუზეუმი

ოიდიპოსი(ბერძნ.) თებელი გმირი. ლაიოსის და იოკასტეს ძე.

დიდხანს მართავდა ქვეყანას თებეს მეფე ლაიოსი თავის მეუღლე იოკასტესთან ერთად. დამწუხრებულმა იმით, რომ მემკვიდრე არ ჰყავდა, დელფოს ორაკულს მიმართა. პასუხი კი შემაძრწუნებელი მიიღო: „მოჩვენებითი საწუხარი სინამდვილეში შენი ხსნაა, რადგან იოკასტესგან შობილი შვილი მკვლელად მოგევლინება“. შეშფოთდა ლაიოსი. მისნობა საიდუმლოდ შეინახა, მხოლოდ მეუღლეს გაურბოდა. იოკასტე კი განიცდიდა ქმრის უწადილობას. ერთხელაც იგი დაათრო და მის მკლავებში დიდხანს ინებივრა. ცხრა თვის შემდეგ შეეძინა ვაჟი, რომელსაც ლაიოსმა კოჭები გაუხვრიტა და ბაწრით შეუკრა. შემდეგ კითერონის მთაზე აიყვანა და ბუჩქებში მიაგდო. აქ ბავშვი მწყემსებმა იპოვეს, შეშუპებული ფეხების გამო ოიდიპოსი („ფეხებდასიებული“) შეარქვეს და კორინთოს უშვილო მეფე-დედოფალს მიუყვანს. მათ ბავშვი ღმერთების გამოგზავნილად მიიჩნიეს და შვილივით აღზარდეს. მაგრამ თავს ბედნიერად არ გრძნობდა ოიდიპოსი, რადგან ერთხელ კორინთელმა ჭაბუკმა დაცინვით მიანიშნა, რომ სულ ტყუილად იჩემებდა მეფისწულობას. სიმართლე რომ ვერსად გაიგო, ჭეშმარიტების დასადგენად დელფოს ეწვია. „ – აღმოხდა პითიას მისი ხილვისთანავე – შენ მოკლავ მამას, ხოლო დედას ცოლად შეირთავ!“ შეძრწუნდა ოიდიპოსი და რამდენადაც კორინთოს სამეფო ოჯახს თავის მშობლებად მიიჩნევდა, მათთან განშორება განიზრახა.

დელფოდან ფეხით მომავალს ვიწრო გზაჯვარედინთან ეტლზე ამხედრებული მეფე ლაიოსი შემოეყარა, რომელმაც ჭაბუკს უბრძანა გზა დაეთმო და თაყვანი ეცა. ოიდიპოსმა უპასუხა, რომ მხოლოდ ღმერთებს და საკუთარ მშობლებს ეთაყვანება. „მით უარესი შენთვის!“ – შეჰყვირა ლაიოსმა და მეეტლეს ეტლის დაძვრა უბრძანა. ბორბალმა ოიდიპოსს ფეხზე გადაუარა. გაცხარდა იგი და მეეტლე შუბით განგმირა. ცხენები დაფრთხნენ. ლაიოსმა თავი ვერ შეიმაგრა, სადავეებში გაიხლართა და ეტლიდან გადმოვარდა. ოიდიპოსმა მათრახი გადაჰკრა ცხენებს და ისინიც მთელი ძალით გაქანდნენ, თან დაითრიეს ლაიოსი. ასე დაიღუპა მეფე.

ლაიოსი დელფოსაკენ ისწრაფოდა, რათა გაეგო, როგორ ეხსნა თავისი ქალაქი სფინქსისაგან. ეს იყო ურჩხული, რომელსაც ქალის თავი ჰქონდა, ლომის ტანი, გველის კუდი და არწივის ფრთები. ეს საზარელი არსება ჰერამ სასჯელად მოუვლინა თებეს იმიტომ, რომ ლაიოსმა ოდესღაც აცდუნა ყმაწვილი, სახელად ქრისიპიოსი.

სფინქსი თებეს მახლობელ მთაზე ბინადრობდა და ყოველ გამვლელს სთავაზობდა გამოცანას, რომელიც მუზებისაგან ისწავლა: „ცოცხალ არსებათაგან ვინ დადის დილით ოთხი, დღისით – ორი, ხოლო საღამოს – სამი ფეხით(„ვინც ვერ გასცემდა პასუხს, უფსკრულში აგდებდა. თებესკენ მიმავალი ოიდიპოსიც გააჩერა. „ადამიანი – უპასუხა მან – ახალშობილი ფორთხავს ოთხით, ახალგაზრდა მყარად მიაბიჯებს ორი ფეხით, ხოლო მოხუცი ჯოხით დადის“. სწორი პასუხის მოსმენისთანავე სასოწარკვეთილი სფინქსი უფსკრულში გადაიჩეხა.

მადლიერმა თებელებმა ოიდიპოსი მეფედ აღიარეს. ასე გახდა იგი ოიკასტეს მეუღლე. არც უფიქრია, რომ მშობელი დედა შეირთო ცოლად. მისგან ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი შეეძინა: ეტეოკლესი, პოლინიკესი, ისმენე და ანტიგონე.

ახალი უბედურება დაატყდა თავს თებეს – შავი ჭირი. თებელებს დელფოს ორაკულმა ლაიოსის მკვლელის გაძევება უბრძანა. ოიდიპოსმა, რომელმაც არ იცოდა, ვინ შემოაკვდა გზაჯვარედინზე, მკვლელი დასწყევლა და მისი ქალაქიდან გაძევების განკარგულება გასცა. მაშინ მთელ საბერძნეთში სახელგანთქმულმა მისანმა, ტირესიასმა, თებეს მეფესთან შეხვედრის ნება ითხოვა.

საშინელი იყო ის დღე, როდესაც ბრმა მისანი ოიდიპოსის სასახლეში გამოჩნდა. იგი დიდხანს დუმდა უბედურების მაუწყებელი წამები რომ გადაეწია. ბოლოს სიმართლე განაცხადა: „ოიდიპოსი მამის მკვლელია და საკუთარი დედის მეუღლე!“. გაოგნებულმა ოიდიპოსმა, რა თქმა უნდა, არ დაიჯერა. უმალ თავად ტირესიასი და კრეონი (იოკასტეს ძმა) დაადანაშაულა შეთქმულებაში. მაგრამ გამოჩნდა ის ორი მწყემსი, რომლებმაც ლაიოსისგან გამეტებული ბავშვი სიკვდილს გადაარჩინეს. ამასობაში იოკასტემაც გაიხსენა ძველი ამბავი და ოიდიპოსისათვის ჭეშმარიტება გაცხადდა. თებეს დედოფალმა, რომელიც პირველი მიხვდა ყველაფერს, თავი ჩამოიხრჩო. ხოლო ოიდიპოსმა თვალები დაითხარა, რათა არასოდეს ეხილა ის უბედურება, რაც თავს დაატყდა. იგი ძონძებში გამოეწყო, ჯოხს დაეყრდნო და ქალიშვილების თანხლებით ქალაქი დატოვა. ეს უკვე იყო მოტეხილი და დაძაბუნებული კაცი, რომელიც სიკვდილს ეძიებდა. იგი დიდხანს დაეხეტებოდა ქვეყნად. ბოლოს ღრმად მოხუცებულმა თავის ქალიშვილებთან ერთად მიაღწია ათენის განაპირა სოფელს, კოლონოსს. იმხანად ათენს სახელოვანი ეგევსის ძე თესევსი მართავდა. იგი ბრმა მოხუცს შეეგება და წინ წარუძღვა. ისმენე და ანტიგონე შინისაკენ მიმავალ გზას დაადგნენ და როდესაც, სულ მცირე ხანში, უკან მოიხედეს, ოიდიპოსი აღარსად ჩანდა, ხოლო თესევსი მუხლმოყრილი ლოცვას აღავლენდა ოლიმპიელი ღმერთებისადმი. ასეთი იდუმალებით არის მოცული ოიდიპოსის გარდაცვალება. მის სიმბოლურ სამარეს ათენელები დიდხანს სცემდნენ თაყვანს.

ძველ საბერძნეთში ოიდიპოსის მითოსზე მრავალი ტრაგედია დაწერილა. დიდი წარმატებით გამოიყენა იგი ძვ.წ.V საუკუნის დიდმა დრამატურგმა სოფოკლემ. მისი მდიდარი შემოქმედებიდან ჩვენამდე შვიდმა ტრაგედიამ მოაღწია. აქედან ორი სწორედ ოიდიპოსის მითოსზეა შექმნილი („ოიდიპოს მეფე“, „ოიდიპოსი კოლონოსში“). თანამედროვე სამყაროში აღსანიშნავია კორნელის, ვოლტერის, შელისა და სხვათა ქმნილებები.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები