შამილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შამილი

შამილი (1797–1871) – კავკასიის მთიელი ხალხების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ლიდერი (1834–59), დაღესტნისა და ჩეჩნეთის ეროვნული გმირი.

შამილი დაიბადა სოფელ გიმრიშში (დაღესტანი), ავარელი უზდენის (თავისუფალი გლეხის) ოჯახში. ისლამური განათლება სასულიერო პირებთან მიიღო. იგი მჭევრმეტყველი, ნიჭიერი და მამაცი ადამიანი იყო. XIX საუკუნის 20-იან წლებში შამილი ჩაება ჩრდილოეთ კავკასიასა და დაღესტანში რუსეთის სამხედრო-კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ ღაზავათის ლოზუნგით გაჩაღებულ ბრძოლაში, იყო იმამების ღაზი-მუჰამედისა (მოკლეს 1832) და ჰამსათ-ბეგის (მოკლეს 1834) თანამებრძოლი.

1834 წელს თვითონ შამილი აირჩიეს იმამად. მისი ხელმძღვანელობით იმამატი საბოლოოდ ჩამოყალიბდა როგორც სამხედრო-თეოკრატიული სახელმწიფო, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა კავკასიის წინააღმდეგობის მოძრაობაში.

შამილის მაქსიმალური წარმატებების ხანაა 1840-იანი წლები, როდესაც მან რამდენიმე მძიმე დამარცხება მიაყენა რუსეთის ჯარებს და განდევნა ისინი მთიანი დაღესტნიდან და ჩეჩნეთიდან. რუსული მონაცემებით, ამ დროისათვის შამილის განკარგულებაში იმყოფებოდა 5 ათ-ანი მუდმივი ჯარი და 48 ათ-ანი მილიციური ლაშქარი, თუმცა ამ შემთხვევაში იმამატის მთელი ბრძოლისუნარიანი მოსახლეობა უფრო იგულისხმება. ის ძალები, რომლებიც შამილს ერთდროულად და ერთი მიმართულებით გამოჰყავდა სალაშქროდ, არ აღემატებოდა 12–15 ათ. მეომარს.

1853–56 წლებში, აღმოსავლეთის ომის შემდეგ, რუსეთის მთავრობამ კავკასიაში 360 ათ-ან არმიას მოუყარა თავი. ამ ძალების დიდი ნაწილი (200 ათ. კაცი) იმამატის წინააღმდეგ მოქმედებდა. რუსეთის ჯარებმა ძალთა უდიდესი დაძაბვის ფასად მოახერხეს შამილის დამარცხება, რომელიც 400 მეომრით ალყაშემორტყმულ იქნა ღუნიბის ციხესიმაგრეში და 1859 წლის 26 აგვისტოს დანებდა რუსებს საპატიო პირობებზე. იგი ოჯახითურთ კალუგაში გადაასახლეს.

1870 წელს შამილს ნება დართეს მექაში გამგზავრებულიყო. გარდაიცვალა და დაკრძალულია მედინაში (ახლანდელი საუდის არაბეთი).



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები