მეუნარგია იონა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იონა მეუნარგია

იონა მეუნარგია – (ფსევდონიმები: „ცაიშელი“, „ეგრი“, „ლელო“ „ი. „ ია“, „ი. მ.“). (1852-1919), ლიტერატორი, ბიოგრაფი, მწიგნობარი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი.

დაამთავრა მარტვილის სასულიერო სასწავლებელი. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან — ჟენევის აკადემიაში, სადაც დაუკავშირდა იმხანად იქ მყოფ ქართველ საზოგადო მოღვაწეებსა და მწერლებს (ნ. ნიკოლაძეს, გ. წერეთელს, ს. მესხს, ა. სარაჯიშვილს, ა. ჭყონიას). 1876 წლიდან პარიზში ცხოვრობდა. აქ გაიცნო ვ. ჰიუგო , რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მისი ლიტერატურული აზროვნების ჩამოყალიბებაზე. ი. მეუნარგიამ შეისწავლა პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში საქართველოს შესახებ არსებული ფრანგული წყაროები და ქართული ხელნაწერები (გადმოწერა კიდეც ნანუჩა ციციშვილისეული „ვეფხისტყაოსნის“ დამატება — 396 სტროფი). 1878 წ. საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება ქვეყნის საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანი და გამგეობის წევრი (1879 წლიდან), აქტიური მონაწილე ამ საზოგადოების სკოლების გახსნისა აჭარაში, იმერეთსა და კახეთში, ხალხური სიტყვიერების შემგროვებელი. თანამშრომლობდა იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში („დროება“, „ივერია“, „კავკაზ“, „ტიფლისსკი ვესტნიკ“, „ნოვოე ობოზრენიე“, „კვალი“, „მოამბე“). ხშირად ასრულებდა გაზეთ „დროების“ რედაქტორის მოვალეობასაც. 1880 წლიდან იყო „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის წევრი.

ი. მეუნარგია განსაკუთრებით ცნობილია, როგორც ქართველ მწერალთა ბიოგრაფი. მან ჩაიწერა საინტერესო მასალები ა. ჭავჭავაძის, გ. ორბელიანის, ნ. ბარათაშვილის, გ. ერისთავის თანამედროვეთაგან. მის კალამს ეკუთვნის მოგონებანი და ნარკვევები ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, დ. ერისთავის, მ. გურიელის, გ. ჭალადიდელის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. მის მიერ დაწერილი ბიოგრაფიები და მოგონებები უაღრესად საგულისხმოა ფაქტობრივი მასალით, დახვეწილი სტილით, უზადო გემოვნებით. მან დაგვიტოვა აგრეთვე ქართველ მოღვაწეთა ნაკვესების მცირე კრებულები. ავტორია ისტორიული მონოგრაფიებისა: „დავით დადიანი და მისი დრო“, „ნიკო დადიანი“ (1896), „ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა“. (1882). ისტორიულ-ეთნოგრაფიული თვალსაზრისით საინტერესო და მნიშვნელოვანია მისი შრომები სვანეთისა და აჭარა-ქობულეთის შესახებ.

1884 წ. ჟ. მურიესა და ცოლ-ქმარ ზუტნერების დახმარებით ი. მეუნარგიამ ფრანგულად თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“, რომლის მიხედვითაც მ. ზიჩიმ შექმნა ცნობილი ილუსტრაციები. 1888 წ. დაიბეჭდა მის მიერ რუსულად შედგენილი „ვეფხისტყაოსნის“ მოკლე შინაარსი.

ი. მეუნარგიას უამრავი სტატია და წერილი ისტორიის, ეკონომიკის, სახალხო განათლების შესახებ გაბნეულია ჟურნალ-გაზეთებში.

თხზულებანი

ქართველი მწერლები, ტ. I-II, 1954-57.

ლიტერატურა

  • ს. ცაიშვილი, ი. მეუნარგია, გაზეთი „კომუნისტი“, 1959, N109, გვ. 359-360.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები