გურჯაანის ყველაწმინდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გურჯაანის ყველაწმინდა – VIII ს.), ტაძარი, რომელიც აგებული იყო ყველა წმინდანის სახელზე, დღეს ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. დგას სოფელ გურჯაანის (გურჯაანის მუნიციპალიტეტი, გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია) სამხრეთ-დასავლეთით 1,5-2 კმ-ზე, ე.წ. კახთუბნის ხეობაში, მთის კალთის ვაკე ადგილზე.

გურჯაანის ყველაწმინდა

სარჩევი

აღწერილობა

ეკლესია (ზომები: 24,5 მ X 10 მ) ერთადერთი ორგუმბათიანი ბაზილიკაა საქართველოში. ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. გარეთა კედლები მთლიანად რიყის ქვისაა. ქვა შერჩეულია ზომისა და ფორმის მიხედვით და დაწყობილია წესიერ, თარაზულ რიგებად. აგურითაა ნაწყობი მთელი შუა ნავი – ნავების დამაკავშირებელი თაღები და მათი საყრდენი ბურჯები, კამარა, ორივე გუმბათი და კამარის საბჯენი თაღები. აგური კვადრატულია, დიდი ზომის (26/27 X 26/27 X 7/8 სმ). სვეტისთავებისთვის საგანგებო ფორმის აგურია გამოყენებული. რიყის ქვითაა ნაწყობი მხოლოდ საკურთხევლის აფსიდი და კონქის ქვედა ნაწილი. შენობის გარეთა კუთხეები და დეკორორატიული ნაწილები გამოყვანილია შირიმით. ეკლესიის გეგმაც ისევე, როგორც მისი ცალკეული ელემენტები, რთულია. ტაძარი ზოგიერთ ნაწილში ორსართულიანია.

ეკლესიის შიდა სივრცე სწორკუთხა ბოძების ორი წყვილით სამ ნავადაა გაყოფილი. შუა ნავი, რომელიც აღმოსავლეთით ღრმა, ნალისებრი აფსიდით მთავრდეაბა, გვერდით ნავებთან შედარებით, თითქმის სამჯერ უფრო განიერი და გაცილებით მაღალია. იგი დაყოფილია სამ ტოლ კვადრატად. განაპირა კვადრატებზე შიგნიდან და გარედან აღმართულია რვაწახნაგა, შეკრული კამარით დაგვირგვინებული დაბალი გუმბათის ყელი. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის მოხაზულობაზე გადასვლა ხდება კვადრატის კუთხეებში აგურის ჰორიზონტალური რიგებით ნაწყობი კონქისებრი ტრომპებით.

გუმბათებს არა აქვს დამოუკიდებელი სინათლის წყარო, მხოლოდ თითო სარკმელი აქვთ სამხრეთით. გუმბათები ძალიან დაბალია და მიმალულია შენობის სივრცეში. მოგვიანებით ორივე გუმბათის პირამიდულ სახურავს მთლიანად შემოავლეს აგური, რის შედეგადაც მათმა სიმაღლემ ნაწილობრივ მოიმატა.

გურჯაანის ყველაწმინდა

შიდა სივრცის შემაღლებულობის შთაბეჭდილებას მნიშვნელოვნად აძლიერებს შუა ნავის დასავლეთ კედელი, რომელიც თაღოვანი მალებით სამ იარუსადაა დაყოფილი. ქვემოთ ერთი განიერი და მაღალი თაღია, რომელსაც ნავის თითქმის მთელი სიგანე აქვს დაკავებული. მის ზემოთ ერთიმეორის თავზე განლაგებული ორ-ორი თაღია, მათ ზემოთ კი – ერთი მცირე ზომის თაღი.

ეკლესიის საკურთხეველი ნავის იატაკის მიმართ ოდნავ შემაღლებულია. საკურთხევლის კედლის გასწვრივ მოწყობილია მაღალი საფეხური, რომელიც სარკმლის ქვემოთ ოდნავ შემაღლებულია. საკურთხევლის შუაში დგას ოთხწახნაგა ტრაპეზი.

მთავარ ნავს სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან კოლოფა კამარებით გადახურული გვერდის ნავები ეკვრის, რომლებიც მას სამ-სამი დაბალი, მაგრამ განიერი თაღებით ერთვის. ორივე ნავი აღმართით დასრულებულია ოთხკუთხა, უაფსიდო სათავსით. საკურთხევლის ჩრდილოეთით მდებარე სათავსი (სამკვეთლო) გეგმით კვადრატულია, ხოლო სამხრეთისა (სადიაკვნე) ვიწროა. ორივე სათავსი განათებულია აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი თითო თაღოვანი სარკმლით. სამკვეთლოს სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ოთხკუთხა ტრაპეზია (გვიანდელი) მიდგმული, სადაც შესასვლელი შესაბამისი ნავიდანაა. კარი თავდაპირველად ქვით ყოფილა გადახურული – თარაზულად. მეორე კარი (გვიანდელი) სამკვეთლოს საკურთხევლიდან აქვს. იგი ფიცრითაა გადახურული, გვერდებიდან კი შემოფენილია პატარა აგურებით. სამკვეთლო გადახურულია ხის ყალიბზე ჩამოსხმული რვაწახნაგა შეკრული კამარით, რომლის საფუძველი შექმნილია კუთხეებში განლაგებული ოთხი ტრომპით. სადიაკვნეს შესასვლელიც შესაბამისი ნავიდანაა. კარი სწორკუთხაა და გადახურულია მთლიანი ქვის ზღუდარით.

დასავლეთ მხარეს გვერდითი ნავები ერთმანეთთან დაკავშირებულია მათივე ტოლი სიგანის ნავით (შემოსავლელით). სამივე ნავის ზემოთ მეორე სართულია. სართულის დასავლეთ ნაწილი მთავარ ნავში იხსნება ნალისებრი თაღებით დასრულებული ფართო მალებით და ტაძარში წარმოქმნის გახსნილ ქორედს. ხოლო სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილების კედლები ნავისკენ ყრუა, მხოლოდ ორი პატარა, ძალიან ვიწრო ხვრელია გაჭრილი ჩრდილოეთიდან და სამი ამგვარივე – სამხრეთიდან. ამ ხვრელებიდან საეკლესიო მსახურების მხოლოდ მოსმენა შეიძლებოდა, დანახვა კი – არა, რადგან ისინი იატაკიდან თითქმის 2 მ-ის სიმაღლეზეა განლაგებული. მთავარი ნავის კედლის ორივე ნაწილში მოწყობილია ხუთ-ხუთი განიერი და მაღალი თაღოვანი ნიში. მეორე სართული კოლოფა კამარითაა გადახურული. სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილების აღმოსავლეთ ბოლოში მოწყობილია თითო განცალკევებული, აფსიდიანი სათავსი – ეკვდერი, სადაც დამატებითი საეკლესიო რიტუალები ტარდებოდა.

შენობას დასავლეთიდან ფასადის მთელ სიგრძეზე ეკვრის გეგმით სწორკუთხა სათავსი – ნართექსი, რომელიც ეკლესიასთან ერთადაა გამოყვანილი და მას დასავლეთ კედელში მოწყობილი ვიწრო და დაბალი, სწორკუთხა კარით უკავშირდება. მეორე შესასვლელი ნართექსს დასავლეთიდან აქვს – სამხრეთ კუთხესთან. ნართექსის დასავლეთ კედელში მცირე ზომის ნიშია, საიდანაც ადის ვერტიკალური ხვრელი. სათავსი გადახურულია სხმული, კოლოფა კამარით.

ნართექსის თავზე ღია ტერასაა, ადრე მას ჰქონია მოაჯირი, რომელიც წყობით იყო დაკავშირებული ეკლესიასთან. ტერასაზე დასავლეთიდან მიშენებული კიბით ადიოდნენ.

ეკლესიის გარეგანი ფორმები შიდა სივრცის საერთო დანაწილებას იმეორებს. შუა, ორკალთა სახურავით დასრულებულ მაღალ ნაწილს სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ცალფერდა სახურავით დასრულებული უფრო დაბალი ნაწილები ეკვრის. ეკლესიასთან მისასვლელი აღმოსავლეთიდანაა, ამიტომ ფასადებიდან ყველაზე უფრო აღმოსავლეთ ფასადია დამუშავებული, რომლის დეკორატიული გაწყობა სავსებით შეესაბამება შიდა სივრცის სტრუქტურას. მორთულობის ძირითადი ელემენტებია ნალისებრი თაღით დასრულებული, საფეხურით შეღრმავებული არეები, რომლებიც არსებითად შინაგანი სივრცის დანაწევრებას გამოსახავს. შუა ნავის კედელზე განიერი და მაღალი არეა, გვერდის ნავების კედლებზე კი, ერთიმეორის თავზე – ორ-ორი გაცილებით ვიწრო არე. შეღრმავებების წიბოები და თაღები ნაწყობია სხვადასხვა ზომის და ფორმის შირიმის ქვებით. თითოეულ შეღრმავებაში შირიმის ქვებით მოპირკეთებული თითო სარკმელია, რომელთა ღიობი ზემოთკენ თანდათან სწორხაზოვნად ვიწროვდება და ნალისებრი თაღით იხურება. მათგან გვერდითი სარკმლების ქვედა წყვილი მორთულია შირიმის ქვებით ნაწყობი რელიეფური თავსართით – ჰორიზონტალური გადანაკეცებით ბოლოებში, რომლებზეც დაყრდნობილია სადა, რელიეფური ჯვარი. გარდა ამისა, ორივე სარკმლის ღიობს გარს ევლება ღარი, რომელიც თაღის ზემოთ ბოლქვისებრ ფორმას ქმნის.

ფასადის შუა შეღრმავების დეკორატიულ სისტემას, გვერდითი ნაწილებისგან განსხვავებით, აღარ შემორჩა თავდაპირველი სახე. ფასადის ამ ნაწილს ამკობდა საკურთხევლის სარკმლის ზემოთ მდებარე, შირიმის ქვებით ნაწყობი დიდი რელიეფური ჯვარი (შემორჩენილია ჯვრის ვერტიკალური მკლავი პოსტამენტითურთ), ხოლო თვით არე ნალისებრი თაღით იყო დასრულებული. მის ნაცვლად XVII ს. მოუწყვიათ ორი ნახევარწრიული თაღი, რომელთა საყრდენად ადრე არსებული ჯვრის შვეული მკლავია გამოყენებული. თაღების შეყრის ადგილის ზემოთ, წყობაში ჩასმული და კედლის სიბრტყიდან ოდნავ შვერილი შავი ქვებით გამოყვანილია ორსაფეხურიან პოსტამენტზე დაყრდნობილი ჯვარი. პოსტამენტი, რომელიც საკურთხევლის სარკმელს აგვირგვინებს, სწორკუთხაა და ბოლოებში ჰორიზონტალური გადანაკეცები აქვს.

სამხრეთ ფასადი წარმოადგენს მაღალ, წაგრძელებულ კედელს ერთქანობიანი სახურავით, რომლის ზემოთ აღმართულია შუა ნავის ძალიან დაბალი კედელი და ორი დაბალყელიანი გუმბათი, რომლებიც სიმეტრიულადაა განლაგებული ძირითად კორპუსზე. ფასადის შუა ნაწილში, პირველი სართულის დონეზე, შირიმით მოპირკეთებული ფართო კარია. კარი გადახურულია შირიმის მძლავრი არქიტრავით, რომელზედაც შედგმულია რიყის ქვის წყობაში მოქცეული მოყვითალო შირიმით ნაწყობი ჯვარი. იგი კედლიდან გამოშვერილი ნალისებრი თაღითაა შემოფარგლული. თაღს ბოლოებში, არქიტრავის ცოტა ქვემოთ, მოკლე ჰორიზონტალური გადანაკეცები აქვს. დიდი ოთხკუთხა სარკმელი, რომელიც მოწყობილია შესასვლელის აღმოსავლეთით, გვიანდელია. მეორე სართულის დონეზე ქორედის ოთხი ხვრელობია. თავდაპირველად აქ ყოფილა ადამიანის სიმაღლის თაღოვანი მალები, რომლებიც ქორედის იატაკის დონიდან იწყებოდა და ისევე, როგორც აღმოსავლეთ ფასადის სარკმლები, მოპირკეთებული იყო შირიმის ნათალი ქვებით. შემდგომში თაღები ამოაშენეს და სარკმლებად გადააკეთეს.

დასავლეთ ფასადის ღერძზე აგურით ნაწყობი ნალისებრთაღიანი და ლუნეტით შევსებული განიერი და მაღალი შესასვლელია, რომელიც ნართექსის თავზე მოწყობილ ტერასას ქორედთან აკავშირებს. კარის ზემოთ, ფრონტონის არეში, პატარა თაღოვანი სარკმელია. გარეთა სარკმლის ირგვლივ წყობა შეკეთებულია, ხოლო შიგნით ძველია და სარკმელიც მნიშვნელოვნად განიერია.

ჩრდილოეთ ფასადი არქიტექტურული ფორმებით სამხრეთ ფასადის ანალოგიურია. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ აქ არ არის შესასვლელი. ამ ფასადზეც ქორედის დონეზე ოთხი ღიობია. სამი მათგანი სარკმლის სახითაა გამოყვანილი, ხოლო ერთი აღმოსავლეთით მდებარე სამხრეთ ღიობების მსგავსია. თავდაპირველად იგი იატაკის დონიდან იწყებოდა და, როგორც ჩანს, გადიოდა ამ მხარეს არსებულ ბაქანზე, შემდეგ კი იგი სამხრეთ ფასადის ღიობების მსგავსად ამოაშენეს.

ლავგარდანი (გვიანდელია) შედგენილია ჩვეულებრივად დალაგებული და კუთხით წინწამოწეული აგურის რიგების მონაცვლეობით.

ნავები და ორივე გუმბათი გადახურულია ღარისებრი კრამიტით.

1938 წ. ჩატარებული სარემონტო სამუშაოების დროს ეკლესიის სამხრეთ ფასადის წინ, რამდენიმე ნაბიჯზე, აღმოჩნდა კამაროვანი აკლდამა (სიგრძე – 6,5 მ, სიგანე – 3 მ, სიმაღლე – 2,2 მ). მასში შესასვლელი დას., სპეც. ღიობიდანაა (1,2 მ × 0,7 მ), რომელთანაც ჩადის სამსაფეხურიანი კიბე.

სარესტავრაციო სამუშაოები

XX ს. 70-იან წლებში ძეგლზე ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები (ხელმძღვ. არქიტ. თ. აბრამიშვილი).

2004-2005 წლებში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტმა შეაკეთა ეკლესიის სახურავი.

2010 წ. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარდა მცირე მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაო (ხელმძღვ. არქიტ. ნ. მინდორაშვილი), გამაგრდა მთავარი ნავის კამაროვანი გადახურვა და მისი საბჯენი თაღები.

გურჯაანის ყველაწმინდას 1820 წ. 30 აგვისტოს აღწერა

1820 წ. 30 აგვისტოს აღწერის თანახმად: „გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერი მდებარეობს სოფლის ზემოთ, მთებში. ძველი ნაგებობა აშენებულია ქვითკირით. აქვს ორი გუმბათი. მონასტერი ითვლება თავად ჯორჯაძეების საგვარეულო სასაფლაოდ. ტაძარში არის ორი ეკვდერი: ერთი წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელზე და მეორე – წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელზე, მაგრამ არცერთი მოწყობილი არ არის და იქ წირვა-ლოცვა არ ტარდება. ტაძარში აღმართულია ხის კანკელი, გაწყობილი ქართული ხატებით. მთავარი ხატი ღვთისმშობლისა ოქროთი მოჭედილია. საეკლესიო შესამოსელი ძველია. საღვთისმსახურო წიგნები საკმაოდ არის. საეკლესიო ინვენტარი არის ვერცხლის ... მონასტერთან არის ბერების საცხოვრებელი ძველი სახლი. აქვს ორი წისქვილი“.

მონასტრის წინამძღვარი 1804 წლიდან გახლდათ იღუმენი მიქაელი (ინასარიძე). იქვე მსახურობდა მღვდელ-მონაზონი იოანე (შიოშვილი). მიქაელი 1833 წ. აღესრულა. 1833-1840 წწ. მონასტრის მმართველია მღვდელ-მონაზონი იოანე (შიოშვილი), რომელიც 1840 წ. 11 დეკემბერს, გურჯაანის მონასტრის დახურვის შემდეგ, ხირსის წმ. სტეფანეს მონასტერში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა 1841 წ. 16 დეკემბერს. მონასტრის მთავარი ხატი გურჯაანში მდებარე ქვაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში გადაიტანეს. წელიწადში ორჯერ, ღვთისმშობლის მიძინებისა და ტაძრის დღესასწაულზე, ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ხატს მიაბრძანებდნენ კახთუბნის მონასტერში, სადაც წირვა-ლოცვა აღევლინებოდა. ამჟამად ხატის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია.

გურჯაანის ყველაწმინდის ტაძართან დაკავშირებულია თქმულება

გურჯაანის ყველაწმინდის ტაძართან და იქ არსებულ მამათა მონასტერთან დაკავშირებულია თქმულება ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატზე, რომელიც წლების განმავლობაში აქ ინახებოდა. მღვდელი წმ. პოლიევქტოს კარბელაშვილი ასე გადმოგვცემს ამ ისტორიას: „ხატის ცენტრალური ნაწილი (ღვთისმშობელი ყრმით) საღებავით ყოფილა დაწერილი, ხოლო გარშემო მოოქრული ჭედური ჩარჩო ჰქონია შემოვლებული. ხატის სიგრძე დაახლოებით 30 გოჯი იყო, ხოლო სიგანე – 7. ამ ხატთან დაკავშირებული ყოფილა ასეთი ისტორია: 1615 წლის შემოდგომაზე, შაჰ-აბასის კახეთში ლაშქრობის დროს, მონასტრის წინამძღვარი ყოფილა მამა იოანე. მან შეკრიბა მონასტრის საძმო და მათთან ერთად გადაწყვიტა, მონასტერი არ მიეტოვებინათ, მაგრამ ტაძრის სიწმინდეები და საეკლესიო ნივთები დროებით ტაძრის ქვემოთ, საიდუმლო ოთახში გადაემალათ. იმავე ღამეს მამა იოანეს სიზმარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, წამებულის მონასტრის წმინდა გიორგის ტაძრის (ყველაწმინდას მონასტრიდან 1-2 კილომეტრში) სვეტში პატარა ნიშა ამოეჭრა, იქ ივერიის ღვთისმშობლის ხატი დაებრძანებინა, ხოლო ნიშა ამოექოლა. მეორე დილას მამა იოანეს ძმებისათვის გაუცნია ღვთისმშობლის ნება და ხატი სვეტში დაუმალავს. შ

აჰ-აბასის შემოჭრის შემდეგ აოხრდა მრავალი სოფელი და მონასტერი, მათ შორის ყველაწმინდასა და წამებულის მონასტრებიც, დაიხოცნენ ბერებიც. ამდენად, ამ მონასტრებში ღვთისმსახურება შეწყდა. 200 წლის შემდეგ, კახთუბნის მონატერში მცირე საძმო, იღუმენ მიქაელის წინამძღოლობით, სასულიერო ცხოვრებას აღადგენს. 1820-1822 წლებისთვის იწყებენ ღვთისმშობლის ხატის ძიებას, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელაც, მამა მიქაელმა სიზმრად იხილა ყოვლადწმიდა, რომელმაც მას ხატის ადგილსამყოფელი აუწყა. მეორე დღეს მამა მიქაელი ვეჯინის ამაღლების მონასტრის წინამძღვარ, მღვდელ-მონაზონ იოსტოსთან (ერისკაცობაში-თავადი ანდრონიკაშვილი) და გურჯაანელი მღვდლის, აბრაამ დემუროვსა და უამრავ მლოცველთან ერთად გაემართა წამებულის მონასტრისაკენ. მითითებულ ადგილას კედლის გახსნის შემდეგ იპოვეს ივერიის ღვთისმშობლის ხატი და კახთუბნის მონასტერში წამოაბრძანეს“.

ასევე საინტერესო ცნობებს გვაწვდის გურჯაანის მონასტრის შესახებ მღვდელი ზაქარია გულისაშვილი, რომელმაც 1894 წ. მოინახულა აღნიშნული სავანე და აღწერა იგი: „სოფ. გურჯაანი სიღნაღის მაზრაშია და როგორც ხალხის რაოდენობით, ისე სიმდიდრითა და ბუნებით საუკეთესო სოფელთაგანია მთელს ორ მაზრაში. სოფელი 8 უბნად იყოფა და მასში 532 კომლი ცხოვრობს. სოფელში სამი სამრევლოა: მ. პ. კარბელაშვილისა, მ. ს. კოპაძისა და მ. გ. ციბალაშვილისა. მ. ციბალაშვილის სამრევლოში არის ძველი ყველაწმინდის ეკლესია, ნამონასტრალი, შესანიშნავი როგორც არქიტექტურით, ისე ღვთისმშობლის ხატით და ძველისძველის ხელნაწერ საეკლესიო წიგნებით. ეს ეკლესია მდებარეობს ორი ვერსის სიშორეზედ სოფლიდგან, ტყეში, ყოვლად წმინდის ხევის პირას. თვით ეკლესია დიდია, მშვენიე- არის ხელოვნებით არის ნაშენი და აქვს ორი გუმბათი. შუამდე ერთნაირის ბრტყელი ოთხკუთხა ქვით არის ნაშენი, ხოლო შუას ზევით ეკლესიაც და გუმბათებიც ერთნაირი ბრტყელი ტლანქის აგურით არის ნაშენი. შიგნით ეკლესიასა აქვს სამხროები, რომელიც დამყარებულია ექვს დიდს სვეტზედ, რის გამოც ეკლესია ორსართულიანი გამოდის: ორი სამწირველო დაბლა არის, ორიც მაღლა სამხროებზედ. დასავლეთით ამ ეკლესიას, აქვს აივანი მეორე სართულში. კარები და ფანჯრები აქვს საკურთხევლისაკენ. ეკლესია მთლად დაცულია, ისე რომ წვიმა არსაიდგან ჩადის. მხოლოდ გარედგან ზოგან გამოცვივნულია ოთხკუთხი ქვები. აქვე ეკლესიის გვერდით არის გვირაბი დაბლა ხევში ჩასასვლელად. როგორც ზევითა ვსთქვით, ამ ეკლესიაში არის ძველი მშვენივრად ნახატი ღვთისმშობლის ხატი, რომელიც დახატულია კაკალზე და მთლად მშვენიერად დაჩუქურთმებულ ოქროში ზის. იმდენი ოქრო აქვს ამ ხატს, რომ სიმძიმით თითქმის ათ გირვანქაზე მეტი იქნება. ეს ხატი სიმაღლით ათი გოჯი იქნება და სიგანით – შვიდი. ხატის ბოლოს ოქროზედ მხედრულის ასოებით არის შემდეგი წარწერა: „ქ. ღმერთო და ყოვლად წმინდა ღმრთის შობელო, შეიწყალე სული მონისა შენის (აქ წაშლილია, როგორც ეტყობა, ძალათ) ნოდარის უცოცხლენ ამისი შვილნი“. როგორც წარწერიდგან ჩანს, ეს ხატი შეწირულია ნოდარ ჯორჯაძისაგან, რომელიც კახთ მეფის სახლთუხუცესი იყო. ეს ნოდარი ახლდა ქეთევან დედოფალს და ამის შვილ ალექსანდრეს შაჰ-აბასთან განჯაში 1615 წ. ამავე წელს შაჰ-აბასმა ჩააბარა ნოდარს კახეთის გამგეობა, ხოლო სამის თვის შემდეგ ნოდარი და დავით ასლანიშვილი გაგზავნეს კახელთ თეიმურაზთან ამ სიტყვით: „მოვედ და ეპატრონე კახეთს საბატონოსა შენსა“. ამ ეკლესიაშივე არის ერთი ვერცხლის საცეცხლური, რომელიც როგორც ზედ წარწერიდგანა სჩანს, იმერეთის მეფის სოლომონის დის, მარიამის შეწირულია. ამავე ეკლესიაში არის ხელნაწერი პარაკლიტონი და ძველის მხედრულის ხელით ნაწერი სახარება. პარაკლიტონს ბოლოში აწერია: „მე უბრალო ვარ, თუ მრუდად რამე მოვიდეს სიტყვა. დედა წიგნი პატრონსა ქეთაონს ეთხოვნა საღირაშვილისაგან, იმზედან დამიწერია, არა დამიკლია რა. ყოველმან უწოდეს რაიცა სხვასა წიგნზედან არა გამიმართავს: ქაღალდი მქონებოდა და დედა გვერდთაცა, გავათავებდი. პატრონის ყმასა ბევრსა შევეხვეწე, არავინ გაივლინა მე უბრალო ვარ“. მეორე ალაგასაც არის წარწერა, რომლიდგანაცა სჩანს, რომ ეს პარაკლიტონი დაწერილია მეფეთ მეფის ასულის ქეთაონის ბრძანებით, ზოსიმე კოჭობაძისაგან. ზოსიმე თავის ნაწერს უწოდებს „პარაკლიტონს“, რომელიც ეტრატზეა ნაწერი.

გურჯაანის ყველაწმინდის მონასტერში წირვა-ლოცვა აღდგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. მონასტრის პირველი წინამძღვარი გახლდათ მღვდელ-მონაზონი ზენონი (იარაჯული, ამჟ. დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარე-პისკოპოსი), რომელიც იმ პერიოდში ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტრის მწირველი მოძღვარი გახლდათ. 1994 წ. 10 ნოემბერს, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ტაძარი აკურთხა ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსმა დანიელმა (დათუაშვილი). წირვის შემდეგ მონასტერი მოილოცა და პარაკლისი აღავლინა თავად კათოლიკოს-პატრიარქმა, რომელმაც მღვდელ-მონაზონი ზენონი ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენის ხარისხში აღამაღლა. ამჟამად მონასტრის წინამძღვარია გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსი ექვთიმე (ლეჟავა). მონასტერში მსახურობს ერთი იღუმენი, ოთხი მღვდელ-მონაზონი, ორი ბერ-დიაკონი, სამი ბერი და ორი მორჩილი.

თ. დვალი

წყაროები და ლიტერატურა

  • გაზ. „ივერია“ 1889, №188; სცსა, ფ. 488, აღწერა 1, საქმე №559, საქმე №1299, საქმე №5388; საქმე №7898.
  • ბერიძე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974;
  • მისივე, ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია, ტ. I-II თბ., 2014;
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013
  • Чубинашвили Г.. H., Архитектура Кахетии, Tб., 1959;
  • Georgian Architecture (A documented photo-archival collection on microfiche with 47,000 photographs for the study of Early and Late Medieval Christian Architectural Arts of Georgia and its historical area of settlement), vol. 3. Kakhethi, Leiden: Inter Documentation Company (IDC), 1997.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები