ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოდბე. წმ. ნინოს მშენებარე ტაძარი

ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერი – მდებარეობს ისტორიულ ქიზიყში, ქ. სიღნაღიდან 2 კმ დაშორებით, ახლანდელ სოფელ ქედელის თემში. მონასტრისა და ბოდბის ეპარქიის მთავარი წმ. გიორგის ტაძარი (IX ს.) აგებულია ქართველთა განმანათლებლის, წმ. ნინოს მიცვალებისა და განსასვენებლის ადგილზე. ქართველთათვის ეს წმინდა ადგილი, დაწყებული წმ. მეფე მირიანიდან, ყოველთვის იყო საქართველოს მეფე-მთავართა და პატრიარქთა განსაკუთრებული თაყვანისცემისა და ზრუნვის საგანი.

თავდაპირველი მცირე ეკლესია წმ. ნინოს საფლავზე აიგო წმ. მეფე მირიანის დროს, მოგვიანებით გააფართოვა და გაამშვენა წმ. მეფე ვახტანგ I-მა გორგასალმა. სამნავიანი ბაზილიკის სახე ბოდბის ტაძარმა მიიღო IX ს. ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერი წარმოადგენდა მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო კერას. XVII საუკუნიდან აქ მოქმედებდა სასულიერო სასწავლებელი, რომელშიც, გარდა საღვთისმეტყველო დარგებისა, ისწავლებოდა საერო საგნებიც. ცნობილი იყო თავისი უმდიდრესი წიგნსაცავით. აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი სასულიერო პირები და მწიგნობრები: ზაქარია ბოდბელი (XVII ს.), ზაქარია ანდრონიკაშვილი (XVIII ს.), იოანე ჯორჯაძე (XVIII ს), იოანე მაყაშვილი (1743-1837) და სხვ.

წარწერის ტექსტი

XVIII ს. I მეოთხედში მონასტერი იავარჰყო შაჰ აბას I-ის ლაშქარმა, მაგრამ მალე ის აღდგენილ იქნა მეფე თეიმურაზ I-ის მიერ. XVIII ს. II ნახ-იდან ბოდბეში მოქმედებდა მამათა მრავალრიცხოვანი მონასტერი. 1837 წ. ბოდბის ეპარქია გაუქმდა, მონასტრის წმ. გიორგის მთავარმა ტაძარმა საეპისკოპოსო კათედრალის ფუნქცია დაკარგა და სამონასტრო ცხოვრებაც თითქმის მოიშალა. ამ დროიდან ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერს განაგებდნენ რუსი ეგზარქოსების მიერ დანიშნული არქიმანდრიტები, რომელთა შორის გამორჩეულები იყვნენ არქიმანდრიტი მაკარი (მატათაშვილი) და მღვდელმონაზონი ნიკოლოზი (მიქელაძე). არქიმანდრიტმა მაკარიმ 1862 წ. აქ დაიწყო სამსართულიანი სამრეკლოს მშენებლობა (დასრულდა 1885 წ. მღვდელმონაზონ ნიკოლოზის წინამძღვრობისას), მანვე შექმნა ბოდბეში გალობის სკოლა, რისთვისაც საგანგებოდ მოიწვია მღვდელი გრიგოლ კარბელაშვილი. მონასტერს დიდი ამაგი დასდო მიხეილ (გობრონ) საბინინმა, რომელმაც წმ. ნინოს განსასვენებლის ძველი ქვა მარმარილოს ლუსკუმით შეცვალა.

ბოდბე. წმ.ნინოს მონასტერი

1889 წ. ბოდბეში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით შეიქმნა დედათა მონასტერი და მასთან დაარსდა ქალთა სასწავლებელი. 1902-1906 წწ. მონასტრის წინამძღვარი იყო იღუმენია იუბენალია (სქემაში ფამარი, თამარ მარჯანიშვილი). საეგზარქოსოს რუსიფიკატორული პოლიტიკის ურთულეს პერიოდში იუბენალიას ძალისხმევით ქალთა სასწავლებელში პირველიდან დამამთავრებელ კლასამდე სავალდებულო გახდა ქართული ენის სწავლება. მისი წინამძღვრობისას წირვა-ლოცვაც და გალობაც ქართულად მიმდინარეობდა. 1906 წ. ბოდბე I კლასის მონასტერი გახდა (რუსეთის იმპერიაში მონასტრებს კლასებს ანიჭებდნენ). 1924 წ. კომუნისტური რეჟიმის გადაწყვეტილებით მონასტერი გაუქმდა. მისი ბოლო წინამძღვარი იყო იღუმენია ნინო (ვაჩნაძე).

სამონასტრო ცხოვრება ბოდბეში კვლავ აღდგა 1991 წ. ბოლო წლებში ხდება უძველესი სავანის აღორძინება – სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა ტაძარს, განახლდა მონაზვნების სენაკები და მოიხატა მონასტრის სატრაპეზო. წმ. ნინოს წყაროზე მოეწყო განსაბანი და აიგო წმინდანის მშობლების, წმ. ზაბულონისა და სოსანას მცირე ტაძარი. მონასტერთან მოქმედებს სატრაპეზო „პილიგრიმი“, რომელშიც კერძები მონაზვნების რეცეპტებითაა დამზადებული. სატრაპეზოდან შემოსული თანხები ხმარდება მონასტრის აღორძინება-გამშვენებას. მონასტერს აქვს საკუთარი მეურნეობა, მოქმედებს ხატწერისა და ხელსაქმის სახელოსნოები. მონასტრის დები უძველეს ქართული ხელნაწერთა საფუძველზე გამოსაცემად ამზადებენ საღვთისმსახურო წიგნებს. უკვე გამოიცა წმ. გიორგი მთაწმინდლის „თუენის“ ნაწილი (საქართველოში პირველად). განზრახულია „თუენის“ 12 წიგნად გამოცემა. 2010 წ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II–ის, ლოცვა-კურთხევით მონასტრის ტერიტორიაზე დაიწყო წმ. ნინოს ახალი საკათედრო ტაძრის მშენებლობა. 2012 წ. მონასტერში ირიცხებოდა 30 მონაზონი და მორჩილი. მონასტრის წინამძღვარია იღუმენია თეოდორა (მახვილაძე).

ბოდბის წმინდა ნინოს მონასტრის მთავარი ტაძარი წმ. გიორგის სახელზეა აგებული (წმ. ნინოს ტრაპეზი მის განსასვენებელთან, სამხრეთ ეკვდერში მდებარეობს). საუკუნეების განმავლობაში ის ბოდბე. წმ. ნინოს მონასტრის სატრაპეზო რამდენჯერმე აღადგინეს – გადააკეთეს, რის გამოც მან დიდი ცვლილებები განიცადა. ბოლო სარესტავრაციო სამუშაოების დროს რამდენადმე აღდგა ტაძრის პირვანდელი (IX ს.) სახე.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები