ვეჯინის კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვეჯინის კომპლექსი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, აღმოსავლეთ საქართველოში, სოფელ გლდანის დასავლეთით, ვეჯინის ხევში, გლდან-თიანეთის გზიდან 1,5 კმ-ზე. თარიღდება VIII-IX საუკუნეებით.

კომპლექსში შედის: სასახლე, ღვთისმშობლის ეკლესია, ეკლესიები – ნასაყდარი, წმინდა გიორგის ნიში და სამეურნეო დანიშნულების შენობათა ნაშთები. ყველა ნაგებობა რიყის ქვითა და ქვიშაქვით არის ნაგები. ვეჯინის კომპლექსი ძლიერ დაზიანებულია: კედლები და კამარა მხოლოდ ნასაყდარს აქვს შემორჩენილი; სასახლის, წმ. გიორგის ნიშისა და ღვთისმშობლის ეკლესიების სახურავი ჩანგრეულია და კედლების ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი. სხვა ნაგებობათა გეგმის გარჩევაც კი არ ხერხდება.

სარჩევი

სასახლე

სასახლე (9,1X26 მ) დგას რიყის ქვით ამოყვანილ სუბსტრუქციაზე, რომელიც სამხრეთიდან ოთხი კონტრფორსითაა გამაგრებული. შესასვლელი ორია – აღმოსავლეთისა თაღოვანია, დასავლეთისა – სწორკუთხა აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლები თითქმის მთელ სიმაღლეზეა შემორჩენილი, ჩრდილოეთისა – 1 მეტრზე (ამ კედელში თიხის მილებია დატანებული), ხოლო სამხრეთის კედლისაგან შემორჩენილია დასავლეთის ნაწილი კუთხიანად და ერთი პილასტრის ფრაგმენტი (კედლის შუაში), რომელზეც ორნამენტული ჯვარია ამოკვეთილი. სასახლის სამხრეთ-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის კუთხეებს მომრგვალებული კონტრფორსების ფორმა აქვს. შედარებით უკეთ დაცული აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადები დასრულებულია ფრონტონით.

ღვთისმშობლის ეკლესია

ღვთისმშობლის ეკლესია დგას სასახლის აღმოსავლეთით 20 მეტრზე. ეკლესია დარბაზულია (8,48X5,47 მ), აქვს ორი შესასვლელი – დასავლეთ კედლის შუა ნაწილში და სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში. აფსიდში ერთი სწორკუთხა სარკმელია, ხოლო მის ორივე მხარეს – თითო სწორკუთხა ნიში. ერთი მთლიანი ქვისაგან გამოთლილი სატრაპეზო ქვის წინა მხარეს წრეში ჩასმული ე.წ. ბოლნური ჯვარია გამოსახული სამხრეთის კედელში ერთი სარკმელია. დარბაზი ცილინდრული კამარით ყოფილა გადახურული.

ნასაყდარი

ნასაყდარი დგას სასახლის აღმსავლეთით 300 მეტრზე. ეკლესია დარბაზულია (8,6X5,4 მ). შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან – სწორკუთხა. საკურთხეველში ერთი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. ეკლესიის სამხრეთის კედელში ორი სარკმელია, დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც დაკიდულ პილასტრებზე დადგმულ საბჯენ თაღს ეყრდნობა, სამხრეთ ფასადზე, კარის თავზე ორნამენტიანი სტელის ფრაგმენტია ჩასმული. სტელის ბაზისი იმავე ფასადის სარკმლის ქვემოთაა ჩატანებული კედელში.

წმინდა გიორგის ნიში

წმინდა გიორგის ნიში დგას სასახლის დასავლეთით 300 მეტრზე. ეკლესია დარბაზულია (5,4X4,9 მ). შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის სწორკუთხა სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. სარკმლის ქვემოთ სწორკუთხა სატრაპეზო ქვა დგას.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები