ხახულის მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხახულის მონასტერი

ხახულის მონასტერი – (ინგლ. Khakhuli Monastery), შუა საუკუნების მონასტერი, ხუროთმოძღვრების ძეგლი, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერა. მდებარეობს ამჟამინდელი თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ერზერუმის პროვინციაში, თორთუმის რაიონში, ისტორიულ მხარე თორთომში, სოფელ ხახულთან (ბაყბაში) (Bağbaşı), მდინარე თორთუმის წყლის მარხცხენა შენაკადის ხეობაში. კომპლექსის ძირითადი ნაგებობებია: მთავარი ტაძარი, გალავანი, გალავნის შიგნით და გარეთ მდებარე მცირე ეკლესიები.

ჰორელიეფი

ისტორიული წყაროებით დადგენილია, რომ ხახულის მონასტერი დააარსა ტაოს მეფე დავით III კურაპალატმა (961-1001 წწ.) X საუკუნის II ნახევარში. XVI საუკუნეში კომპლექსი ქართლის კათოლიკოსის საგამგებლოში შედიოდა, ამ საუკუნის ბოლოდან კი, ოსმალეთის მიერ ტაო-კლარჯეთის დაპყრობის შემდეგ, იგი თურქების საკუთრებაში გადავიდა. მაჰმადიან ქართველებს ტაძარი ჯამედ გადაუკეთებიათ და ამით გადაურჩენიათ იგი დანგრევისაგან. კედლებზე შემორჩენილია რამდენიმე ასომთავრული წარწერა, ხოლო ფრესკებიდან ძალიან მცირე რაოდენობაა გადარჩენილი.

სარჩევი

მთავარი ტაძარი

გუმბათის ყელი

ხახულის მთავარი ტაძარი დიდი მასშტაბის ცენტრალურ გუმბათოვანი, გეგმით ჯვრისებრი, წაგრძელებული ნაგებობაა. მისი სიგრძეა 34,43 მ, სიგანე – 24,0 მ. სამხრეთი ფასადის სარკმლის თავზე ორი ფერის ქვით გამოყვანილი რადიალურად გაშლილი სხივებია, ხოლო მათ ფონზე შეწყვილებული სარკმლის თაღებსშუა ჩასმულია არწივის ჰორელიეფური გამოსახულება. ტაძრის ინტერიერი საკმაოდ კარგადაა განათებული. სარკმლების რაოდენობა ბევრი არ არის, მაგრამ ისინი განიერია. საკურთხეველი სამნაწილიანია. ცენტრალურ ნაწილში ღრმა ბემა დაბოლოებულია აფსიდით. ბემის კედლებში თითო-თითო პატარა ნიშია, აფსიდაში კი ცხრა. ტაძრის შიდა კედლები, ისევე როგორც ფასადები, მოპირკეთებულია თლილი ქვით. საკურთხევლის ფრესკებზე ჩანან მოციქულები, რომელთაც ხელში სახარება უჭირავთ. ტაძრის იატაკი თლილი ქვისაა. ფასადები მოპირკეთებულია ქვით და, შესაბამისად, შემკულია მორთულობებით. დეკორი უმეტესად სარკმლების და კარებების ირგვლივ არის განლაგებული. მდიდრულად არის დეკორირებული გუმბათის ყელი. ცილინდრულ ყელზე განლაგებულია თექვსმეტი თაღი, რომლებიც ეყრდნობა შეტყუპებულ პილასტრებს. პილასტრები ბოლოვდება ორნამენტირებული ბაზებით და კაპიტელებით. თექვსმეტი თაღიდან მხოლოდ რვაშია სარკმელი. სარკმლები ბოლოვდება ორმაგი ქუდებით. ქვედა ქუდი მოყვითალო ქვისაა და დაფარულია ორნამენტით, ზედა – წითელი ქვის და სადაა. კონუსური გუმბათი გადახურულია მოჭიქული კრამიტით.

მონასტერს მთის რელიეფის გაყოლებაზე შემოვლებული ჰქონდა მაღალი მასიური ქვის გალავანი. სამწუხაროდ გალავნიდან შემორჩენილია ძალიან მცირე ფრაგმენტები, მათ შორის კარიბჭე, რომელზეც სამრეკლო ან კოშკი ყოფილა დაშენებული.

ნიში მარაოსებრი კამარით

ერთნავიანი ეკლესია

ეზოში განლაგებული ეკლესიებიდან ყველაზე დიდი იყო ტაძრის ჩრდილოეთით მდგომი ერთნავიანი სამაფსიდიანი ეკლესია, რომლის მხოლოდ ნაშთია შემორჩენილი. ეკლესიის ქვეშ აკლდამაა. სიდიდით მეორე მცირე ერთნავიანი დარბაზული ეკლესია (სამლოცველო) ტაძრიდან სამხრეთითაა რამდენიმე მეტრზე (ზომები გარედან: 7,31x4,71 მ). მოპირკეთებულია თლილი კვადრებით და დეკორირებულია (განსაკუთრებით აღმოსავლეთი ფასადი). სარკმლები აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან აქვს. სარკმლის გვერდებზე განლაგებულია განიერი და დაბალი სამკუთხა ნიშები, რომლებიც ბოლოვდება მარაოსებრი კამარით. სტილისტური მონაცემებით ეს ეკლესია, სავარაუდოდ, აშენებულია X საუკუნეში. კომპლექსის ტერიტორიაზე და მის გარეთ, კიდევ ყოფილა რამდენიმე მცირე ეკლესია (5 გალავანს შიგნით, 3 – გარეთ), რომლებიც ისეა დანგრეული, რომ მათი ანაზომების აღებაც კი ვერ ხერხდება.

ხახულის ღვთისმშობლის კარედი ხატი

ხახული ძველი საქართველოს განათლების ერთ-ერთი კერა იყო. აქ მოღვაწეობდნენ გამოჩენილი მწიგნობრები, საეკლესიო მოღვაწენი, ღვთისმეტყველნი, მქადაგებელნი, მთარგმნელნი და კალიგრაფები. ხახულის მონასტრის საგანძურში იყო ხახულის ღვთისმშობლის კარედი ხატი (ტრიპტიქი), რომელიც ამჟამად საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მუდმივ უნიკალურ ექსპოზიციაშია გამოფენილი.

ხახულის კარედი ხატი

ხატი XII საუკუნეში საქართველოს მეხუთე მეფეს დავით IV აღმაშენებელს (1089-1125 წწ.) ხახულის მონასტრიდან გადმოუსვენებია გელათის მონასტერში, სადაც იგი ახლად მოუჭედიათ და შეუმკიათ ოქროთი, ვერცხლით, ტიხრული მინანქრითა და პატიოსანი თვლებით. მიხეილ VII დუკასი და მისი მეუღლის მინანქრის მედალიონი – ჯვარცმა; მაცხოვრის ფირფიტა წმინდა მარიამის გამოსახულებით. ხატზე ღვთისმშობელი ყრმა იესოს გარეშეა გამოსახული და მუქი ელფერი დაჰკრავს. გამოსახულება ზუსტად ემთხვევა პეტერბურგის ზამთრის სასახლის ხატს. ის წმიდა ოქროს პერანგითაა შემკული და ძვირფასი ქვებითაა მოჭედილი. ძვირფასებულობის უმრავლესობა თამარ მეფის შემოწირულობაა.

გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ერთხელ მეფე თამარი თურმე გელათის მონასტერში წირვაზე წასასვლელად ემზადებოდა. თავის თავსარქმელის შესამკობად ლალი ამოირჩია. ამ დროს მას მოახსენეს, რომ მათხოვარი იყო მოსული და მას მოწყალებას სთხოვდა. თამარმა მსახურებს უბრძანა, გადაეცათ მათხოვრისათვის, რომ მოეცადა მანამ, სანამ მეფე შემოსვას მორჩებოდა. როდესაც თამარი წასასვლელად მოემზადა და გარეთ გამობრძანდა, მათხოვარი იქ აღარ დახვდა. მსახურებმა ბევრი ეძებეს, მაგრამ ვეღარ იპოვეს. წმიდა მეფე თამარი ძალზედ შეაშფოთა იმან, რომ მან წყალობაზე უარი უთხრა თვით მაცხოვარს, რომელიც მათხოვრის სახით იყო მასთან მისული. დამწუხრებულმა წმიდა მეფემ სამოსიდან ყველა ძვირფასეულობა მოიხსნა, რამაც იგი წყალობის გაცემაში შეაფერხა და სინანულის ნიშნად ხახულის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს შესწირა.

ხატის ფრაგმენტი. მიხეილ VII დუკასი და მისი მეუღლის მინანქრის მედალიონი – ჯვარცმა

1859 წელს გელათის მონასტერი გაძარცვეს და გაიტაცეს ხახულის ღვთისმშობლის მინანქრის ხატი. ვედრების მინანქრის ხატიდან შემორჩენილია მხოლოდ ღვთისმშობლის სახე და ხელები.

ხახულის კარედი 1952 წლამდე ინახებოდა გელათის მონასტერში. ამჟამად კი საქართველოს ხელოვნების მუზეუმის საგანძურშია დაცული. ხახულის განთქმულ ტრიპტიქონს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, განსაკუთრებული ადგილი უკავია შუა საუკუნეების ტიხრული მინანქრის ისტორიაში. იგი წარმოადგენს შეკრულ ერთიან ანსამბლს, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა დროისა და წარმომავლობის ტიხრული მინანქრების დიდძალი რიცხვი და რომელიც სავსებით ეპასუხება ეპოქის აღმატებულ დეკორაციულ ამოცანებს. მთელი ხატი დაფარულია მდიდრულად ორნამენტირებული ჭედური ფურცლებით. შუა ნაწილის ჭედურობა შესრულებულია ბაჯაღლო ოქროს ფურცელზე. გვერდითი ფრთებისა კი – ცხელი წესით მოოქროვილ ოქროსა და ვერცხლის შენადნობზე. ხახულის ხატის მოჭედილობა დღემდე უცვლელი სახით არის მოღწეული. გაშლილი კარედის ზომაა – 2,0x1,47 მ, ცალკე ფრთებისა კი – 1,15x0,52 მ. ხახულის კარედის ცენტრში მოთავსებულია ღვთისმშობლის ვედრების ხატი – „დეისუსი” (54x41 სმ). მთელი კარედის ფონი მორთულია ჭედური ფოთლოვანი ორნამენტებით. ორნამენტი ზევით მიმართული მცენარეული ყლორტებითაა წარმოდგენილი, იშლება მთელ ზედაპირზე და ქმნის დეკორატიულ ხვეულებს. ყოველ ხვეულში ჩასმულია რელიეფური მრავალფურცელა. კარედის მოჭედილობის ერთიანი ჩანაფიქრის მიუხედავად, სამივე ნაწილის ჭედურობის მანერა განსხვავდება, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ტრიპტიქის მოჭედილობაზე მუშაობდა სამი სხვადასხვა ოსტატი. ხახულის ტრიპტიქონის ჭედურობის ორნამენტული მოტივი შედგება I-II საუკუ-ნეებში ქართული ჭედური ხელოვნებისათვის კარგად ცნობილი ცალკეული ელემენტებისაგან, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ კარედის ხატის ჭედურობა შესრულებულია ძველი ქართული ტრადიციებით. ხატის მთლიანი შინაარსი ირკვევა რელიგიურ კომპოზიციათა სიუჟეტების ამსახველი მინანქრული ფირფიტებით, ქტიტორების მინანქრული გამოსახულებებითა და წმიდანების გამოსახულებიანი მინანქრის მედალიონებით. იგი უხვადაა შემკული ტიხრული მინანქრის ულამაზესი გამოსახულებებით. ხახულის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი წარმოადგენს ქართული ისტორიის უმნიშვნელოვანეს სულიერ და კულტურულ შედევრს. მისი დღესასწაული 15 აგვისტოს აღესრულება. სახე და ხელები, რომლებიც X საუკუნის ქართული ტიხრული მინანქრის ერთ–ერთი ბრწყინვალე ნიმუშია, ამჟამად ხატის ცენტრალურ ნაწილშია მიმაგრებული.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები