გელათის მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გელათის მონასტერი

გელათის მონასტერი − (ინგლ. Gelati Monastery), შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი. მდებარეობს იმერეთის მხარეში, ქ. ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელას ხეობაში. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძარი, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, სამრეკლო, აკადემია, გალავანი.

სიტყვა „გელათი“ დაკავშირებულია ბერძნულ სიტყვასთან „ღენიპი“ – ანუ „გენა“. რაც ნიშნავს შობას. აქედან გადმოვიდა ქართულში სახეცვლილებით – „გაენატოს“. გაენათი წამოსულია „გენა“-დან და პირდაპირ უკავშირდება ღვთისმშობლის შობას. ცნობილია, რომ ქუთათური მღვდელმთავარი ატარებს გაენათელის ტიტულს (დეკანოზი იოსებ გოგოლაძე).

სარჩევი

ისტორია

მონასტერი დაარსებულია 1106 წელს საქართველოს მეფის დავით აღმაშენებლის (დ. 1073 - გ. 1125 წ.) თაოსნობით. მანვე იმავე წელს დააარსა ქართული განათლების ცენტრი და ფილოსოფიური აზროვნების კერა – გელათის აკადემია, რომელიც, ამავე დროს, საერთაშორისო კულტურული ცენტრი იყო. ცნობა ტაძრის აგების შესახებ შემორჩენილია დავით აღმაშენებლის ანდერძში. გელათის მონასტერი სამეფო სახლის საკუთრება და საძვალე იყო, ტერიტორიულად ახლოს მდებარეობდა სამეფოს პოლიტიკურ ცენტრთან – ქუთაისთან. აქ დასაფლავებული არიან სრულიად საქართველოს მეფეები: დავით IV აღმაშენებელი, დემეტრე I (დ. 1093 - გ. 1156 წ.) და გიორგი III (დ. ? - გ. 1184 წ.); იმერეთის მეფეები: ბაგრატ III (დ. 1495 - გ. 1565 წ.), გიორგი II (დ.1514 - გ. 1583 წ.), გიორგი III (დ. ? - გ. 1639 წ.), გიორგი VI (დ. - გ. 1720 წ.), ალექსანდრე V (დ. 1703/1704 - გ. 1752 წ.), სოლომონ I (დ. 1735 - გ. 1784 წ.) და სხვ.

წარწერის ტექსტი

XII-XV საუკუნეებში გელათის მონასტერს მინიჭებული ჰქონდა სრული ავტონომია, აღიარებდა მხოლოდ მეფის უმაღლეს უფლებას. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც კი არ ჰქონდა არავითარი სახელისუფლო ძალა (გარდა მღვდლების კურთხევისა). გელათის მონასტერში მეფეს ჰყავდა თავისი პირადი წარმომადგენელი. მონასტრის უფროსი მონაზვნები და მოძღვართმოძღვარი სამეფო დარბაზის წევრებად ითვლებოდნენ. XIII-XIV საუკუნეებში ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური დაკნინების გამო (მონღოლების, თემურლენგის შემოსევები, გამწვავებული შინაფეოდალური საადგილმამულო ბრძოლები) გელათის მონასტრის ეკონომიური და კულტურული ცხოვრება შეფერხდა. მისი ძველი მდგომარეობა ნაწილობრივ აღადგინა საქართველოს მეფემ (1299-1302; 1318-1346 წწ.) გიორგი ბრწყინვალემ. საქართველოს პოლიტიკური დაშლის (XV საუკუნის II ნახევარი) შემდეგ გელათის მონასტერი დასავლეთ საქართველოს მეფეების ხელში გადავიდა. 1510 წლის 23 ნოემბერს იგი გადაწვა იმერეთში შემოჭრილმა ოსმალთა ჯარმა. ამის შემდეგ მონასტერში დიდი მასშტაბის სამეურნეო და სამშენებლო სამუშაოები ჩაატარეს იმერეთის მეფეებმა ბაგრატ III-მ და გიორგი II-მ – კაპიტალურად შეაკეთეს და მოხატეს ტაძრები, განაახლეს გაუქმებული და მიტოვებული ეკლესია-ეკვდერები, შესწირეს მონასტერს ახალი მამულები. ბაგრატ III-ს თანამედროვენი გელათის „მეორედ აღმშენებელს” უწოდებდნენ. მას მხარში ედგნენ გელათის ეპისკოპოსი მელქისედეკ საყვარელიძე და დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ევდემონ ჩხეტიძე. XVI საუკუნის 20-იან წლებში ბაგრატ III-მ გელათის მონასტერში საეპისკოპოსო კათედრა დააარსა, რამაც გარკვეულად აამაღლა მონასტრის პოლიტიკურ-მორალური და ეკონომიკური მდგომარეობა.

XVI საუკუნის II ნახევარში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადმოიტანეს. XVIII საუკუნიდან გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის აღდგენითი სამუშაოები გასწიეს იმერეთის მეფეებმა გიორგი VI-მ, ალექსანდრე V-მ, სოლომონ I-მა, სოლომონ II-მ და გელათის ეპისკოპოსებმა. რუსეთის იმპერიის მიერ იმერეთის სამეფოს გაუქმების (1810) შემდეგ გელათის მონასტერი საეკლესიო სენიორიიდან სახელმწიფო დაწესებულებად – გუბერნიის მონასტრად იქცა.

ჯერ კიდევ XII საუკუნეში დავით აღმაშენებლის თაოსნობით, გელათის მონასტერში დიდი შემოქმედებითი საქმიანობა გაჩაღდა. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი მამულიშვილები: არსენ იყალთოელი (1050-1127 წწ.), იოანე პეტრიწი (XI-XII სს.), არსენ ბულმაისიმისძე (XIII ს.), პეტრე გელათელი (XII ს.), ევდემონ ჩხეტიძე (1557-1578 წწ.), ექვთიმე საყვარელიძე (1578-1616 წწ.), გედეონ ლორთქიფანიძე (XVII ს.), ანტონ I (1720-1788 წწ.), ზაქარია გაბაშვილი (დაახლოებით 1705-1780 წწ.) და სხვა. გელათის მონასტერში ინახებოდა მდიდრულად მორთული და მინიატურებით შემკული ქართული ხელნაწერები, რომელთა დიდი ფონდი აქ ძველთაგანვე არსებობდა, აგრეთვე ქართული ჭედური ხელოვნების ბევრი შესანიშნავი ნიმუში (მაგ. ხახულის ღვთისმშობლის ხატი).

აღწერილობა

მთავარი ტაძარი
გელათის მთავარი ტაძრის გეგმა

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძარი ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა სიმაღლით 34 მ, ფართობით 1260 კვ. მ. მთავარი ეკლესიის გარეთა ზომები კარიბჭეების გარეშე 21,0×30,0 მ; კარიბჭეებიანად 35,0×35,0 მ. თექვსმეტწახნაგა განიერი და მაღალი გუმბათი, მკლავებზე გარდამავალი თაღების მეშვეობით, დაყრდნობილია აღმოსავლეთის აფსიდის შვერილებსა და დასავლეთის მძლავრ ბურჯებზე. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა აფრებითაა განხორციელებული. გუმბათის ყელში თანაბარი დაშორებებით 16 სარკმელია გაჭრილი, საიდანაც შუქი უხვად იჭრება ტაძრის შთამბეჭდავ შიდა სივრცეში. ცენტრალური სივრცის შემქმნელი ჯვრის მკლავები განსხვავებულადაა გადაწყვეტილი. აღმოსავლეთ მხარეს სამი წახნაგოვანი შვერილი აფსიდაა. შუა განიერ აფსიდში საკურთხეველია განთავსებული, რომელიც ღრმა ბემისა და ნახევარწრიული აფსიდისაგან შედგება. მარჯვნივ სადიაკვნეა, მარცხნივ – სამკვეთლო. საკურთხევლის მსგავსად, ეს ვიწრო პასტოფორიებიც აფსიდებით არის აღჭურვილი. დასავლეთი მკლავის მეორე სართულზე ორი განცალკევებული პატრონიკეა მოწყობილი, რომლებიც ერთმანეთს დასავლეთი კედლის გაყოლებაზე გაკეთებული საფეხურის მსგავსი ვიწრო ღია გადასასვლელით უკავშირდებოდნენ. სამხრეთ-დასავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი კუთხეების ეს კომპარტიმენტები მთავარ სივრცესთან იატაკის დონიდან დაწყებული ღია თაღოვანი სარკმლებით იყო დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ გელათის ინტერიერი შუქითაა სავსე, რაც გამოარჩევს მას ბევრი ქართული ტაძრიგან. გუმბათის 16 სარკმლის გარდა, სინათლე საკურთხევლის და სამივე მკლავში გაჭრილი სამ-სამი უზარმაზარი ღიობიდან, აგრეთვე პატრონიკეებიდანაც იღვრებოდა და ინტერიერს, რომლის კედლებიც მთიანად იყო მხატვრობით დაფარული, უფრო მეტ ბრწყინვალებას აძლევდა.) (ტაძრის გარეგნულ სახეს ორგანულად ეხამება სამმხრივი მინაშენები, რომლებიც ძირი-თადი კორპუსს XII-XIII საუკუნეებში ცალ-ცალკეა აქვს გაკეთებუ-ლი და მისი მთლიანი მხატვრული სახის ორგანულ, განუყოფელ ნაწილებად აღიქმება. დროთა განმავლობაში მათ გარკვეული ცვლილებები განიცადეს.

გელათის ინტერიერის მოხატულობა

სამხრეთის მკლავზე მიშენებულია ეგვტერი და კარიბჭე. საერთოდ, სამხრეთი მინაშენის ფასადი გამოირჩევა თავისი საზეიმო იერითა და მორთულობებით. ჩრდილოეთი მკლავის მინაშენი ყველაზე რთული ნაწილია ტაძრისა, რადგან აქ ოთხი სამშენებლო ფენა შეინიშნება გარედან ტაძარი მოპირკეთებულია ეკლარის თლილი ქვით. რთული რიტმის დეკორატიული თაღედი ფასადთა კედლების დამუშავების საფუძველს წარმოადგენს. ტაძარი თითქმის სრულიად მოკლებულია ჩუქურთმებს, რაც კიდევ მეტად ზრდის თაღედის მნიშვნელობას.

გელათის ინტერიერის მოხატულობა

ინტერიერის კედელ-კამარები ერთიანად დაფარულია სხვადასხვა დროის მონუმენტური მხატვრობის ნიმუშებით. საკურთხევლის კონქში XII საუკუნის, ბრწყინვალედ შესრულებული, მსოფლიო მნიშვნელობის მოზაიკაა, რომელზეც გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით და მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი. დასავლეთ სტოაში XII საუკუნის უნიკალური ფრესკაა. მასში გადმოცემულია მსოფლიოს შვიდი საეკლესიო კრების ამსახველი სიუჟეტები, რომელიც უნიკალურია მსოფლიო სამხატვრო ხელოვნებაში. ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე შემონახულია დავით აღმაშენებლის ერთადერთი ფრესკა, რომელსაც ერთ ხელში ეკლესიის მოდელი უჭირავს, ხოლო მეორეში – გრაგნილი. აქვეა იმერეთის სამეფო ოჯახის წევრების ფრესკები, ხოლო სამხ-რეთი ეკვდერის კედელზე – საქართველოს მეფის (1246-1259 წწ.) დავით ნარინის ორი პორტრეტი, რომელიც XIII საუკუ-ნეშია შესრულებული. მოხატულობა რამდენჯერმეა განახლე-ბული. არის ჭედურობისა და მინანქრული ხელოვნების ნიმუშები.

დავით აღმაშენებლის ფრესკა
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
წმინდა გიორგის ეკლესია

მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით დგას XII საუკუნის წმ. გიორგის სახელობის გუმბათიანი ეკლესია. დასავლეთი ეგვტერი მას მოგვიანებით აქვს მიშენებული. გეგმით და ფორმებით იგი ღვთისმშობლის ტაძრის რეპლიკაა, მაგრამ უფრო მცირე ზომისა (სიგანე 11,0 მ., სიგრძე კარიბჭის გარეშე 15,5 მ., კარიბჭიანად 18,5 მ. სიმაღლე შიგნით 18,5 მ.). გუმბათი დასავლეთით ორ მრგვალ ბოძსა და აღმოსავლეთით ბემის კუთხეებზეა დამყარებული. ნაგებობის სიმცირის გამო მხოლოდ ერთი შესასვლელია, დასავლეთით. პატრონიკე არ აქვს და განსხვავებულია სარკმელთა რაოდენობა და განლაგება. ტაძრის ფასადებზე დეკორაციული თაღედი მხოლოდ გუმბათის ყელზე და საკურთხევლის შვერილ აფსიდზეა გამოყენებული. დიდ ტაძართან შედარებით აქ სიახლეა შესასვლელისა და სარკმლის ორნამენტული საპირეებით მორთვა.) დასავლეთის თაღის ქვეშ შესრულებული წარწერა გვაუწყებს, რომ ეკლესიის კედლები მოუხატვინებია დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ევდემონ I ჩხეტიძეს (XV ს.). მისი ფრესკა დასავლეთის კედელზეა იმერეთის მეფის ბაგრატ III-სა და მისი მეუღლის გვერდით. ტაძრის შესასვლელი მოჩარჩოებულია ლამაზი რელიეფური ორნამენტით. მხატვრობის ნაშთი შეინიშნება კარიბჭის სამხრეთ ნაწილში.

სამრეკლო

მთავარი ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით დგას სამრეკლო, რომელიც ქართული სამრეკლოების ერთ-ერთი ადრინდელი ნიმუშია. მისი ქვედა ნაწილი, თაღებით გახსნილი ქვის ფანჩატური, წყაროზეა დაშენებული. წყარო უკვე XII საუკუნეში არსებობდა, ხოლო XIII საუკუნის II ნახევარში მას ზემო ნაწილი დაადგეს. თავისი ტიპით გელათის სამრეკლო ადრეულ ხანებში გავრცელებულ სახეობას განეკუთვნება. პირველი სართულის გამჭოლ თაღებიანი მოცულობის თავზე კუბური პატარა სათავსია, ხოლო სულ ზემოთ (დაშენებულია ღია თაღებიანი რვაბოძიანი გუმბათიანი სამრეკლო.

წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია
წმ. ნიკოლოზის ეკლესია

მთავარი ტაძრიდან დასავლეთით, მისსავე ღერძზე, აღმართულია XIII–XIV საუკუნეების მიჯნის წმ. ნიკოლოზის სახელობის (საქართველოში ნაკლებად გავრცელებული) ეკლესია. გეგმით მართკუთხა ქვედა სართული ოთხივე მხარეს გამჭოლი თაღებითაა გახსნილი, ხოლო მეორე სართული „თავისუფალი ჯვრის“ მოხაზულობის პატარა შვერილ აფსიდიანი ეკლესიაა. აქ მოსახვედრად ქვედა სათავსს ჩრდილოეთ მხარეს ქვის კიბე აქვს გარედან მიდგმული. წმ. ნიკოლოზის რვასარკმლიანი გუმბათი (აქედან ოთხი ყრუა) უშუალოდ კედლებს ეყრდნობა. ტაძარს ერთი შესასვლელი დასავლეთი მხრიდან აქვს განთავსებული. მაღალ საფუძველზე აღმართული ეს პატარა ეკლესია გარედან ზემოთ ატყორცნილი ნაგებობის შთაბეჭდილებას ახდენს, ხოლო შიგნით მოხვედრისას კი სულ სხვა განწყობა იქმნება გუმბათის ყელის სიმაღლეზე დაბალი ქვედა ნაწილის გამო. ფასადები მხოლოდ თითო სარკმლითაა აღჭურვილი. მათი სიბრტყე გლუვი და მოურთველია. გამონაკლისს წარმოადგენს საკურთხევლის შვერილი აფსიდი, რომელიც ლილვებზე დაყრდნობილი დეკორაციული თაღედითაა შემკული. წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მეორე სართულის ინტერიერის ზომებია: 5,0×6,5 მ., სიმაღლე შიგნით 11 მ.)

სხვა ნაგებობები
დავით აღმაშენებლის საფლავი

გელათის სამონასტრო კომპლექსში შედის აგრეთვე აკადემია, რომელმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია (ამჟამად რესტავრირებულია). გალავნის გასწვრივ განლაგებულია ბერების საცხოვრებელი, სატრაპეზო და სხვა დამხმარე სამეურნეო ნაგებობები. გელათის მონასტრის გალავნის სამხრეთით, კარიბჭეში დავით აღმაშენებლის საფლავია.

გელათის მონასტრის ზღუდის გარეთ დაახლოებით 150 მ-ზე, მის ჩრდილო-აღმოსავლეთით, შემორჩენილია სოხასტერის მონასტრის (დაყუდებულ ბერთა სამყოფელი) ეკლესიების, კოშკის ტიპის საცხოვრებელი სახლებისა და სხვა შენობათა ნანგრევები.

სოხასტერის კომპლექსი რამდენიმე მონაკვეთისგან შედგება, რომელთაც მეცნიერებმა პირობითად: „წინა ეზო“, „ეკლესიის ნაწილი“ და „შიდა - მთავარი ეზოს“ უწოდეს. მონასტერში შესასვლელი ორ კოშკს შუა მოქცეული საკმაოდ დიდი კარიბჭიდან იყო, საიდანაც დიდ, მართკუთხა, ყველა მხრიდან შემოზღუდულ „წინა ეზოში“ ხვდებოდნენ. შესასვლელიდან დაწყებული მთელი კედლის გასწვრივ, მიწის დონიდან 35-40 სმ. სიმაღლეზე, გაკეთებული იყო 40 სმ. სიგანის სკამი, რომელიც, სავარაუდოდ, მონასტერის სტუმრებთან შეხვედრებისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი და თავიდანვე იყო გათვალისწინებული მშენებელთა მიერ. ამრიგად, წინა ეზო წარმოადგენდა კომპლექსის იმ ნაწილს, რომელიც არ აძლევდა საშუალებას უცხო პირებს შესულიყვნენ მონასტრის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხოლო სოხასტერის „დაყუდებულნი უდაბნოსანი“ არასასურველი კონტაქტებისგან იყვნენ დაცულნი. წინა ეზოში შესასვლელის პირდაპირ განთავსებული იყო დაახლოებით ოთხი საფეხურის სიმაღლეზე აწეული ბაქანი, რომლის არქიტრავით გადახურული კარი კომპლექსის „ეკლესიის ნაწილში“ შესასვლელი იყო. მონასტრის ეს მთავარი ნაწილი 1,5 მეტრით მაღალი იყო ორივე, წინა და უკანა ეზოზე. 1 მეტრის სიმაღლის ღობით შემოზღუდული ეკლესია იდგა ფართო, საგანგებოდ შექმნილ კვარცხლბეკზე, ის გვირგვინივით ედგა და კრავდა მთელ კომპლექსს. მისგან აღმოსავლეთით, გალავნის სამხრეთ კუთხეში საცხოვრებელი კოშკი იდგა, რომლის მეორე სართულის კარი ეკლესიის ეზოში შესასვლელის ფუნქციას ასრულებდა. ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს ეზოში ბერების სასაფლაო იყო მოწყობილი. ასეთივე სასაფლაო იყო ეკლესიის აღმოსავლეთ და სამხრეთ ეზოშიც. სოხასტერის ეკლესია დარბაზული ტიპის მცირე ნაგებობაა, რომელიც დიდი ზომის სუფთად გათლილი ქვებითაა ნაშენი. მისი სამმხრივი გარსშემოსავლელიდან დღეს მხოლოდ დასავლეთის მხარის ღია თაღოვანი გალერეის ნაშთებია შემორჩენილი. სავარაუდოოდ, ეს დასავლეთი მინაშენი გვიანი ხანის უნდა იყოს, რაზეც მიუთითებს მისი სვეტების გაფორმების ხასიათი. 1600 მ2 ფართობის „შიდა მთავარ ეზოს“ კომპლექსის აღმოსავლეთი ნაწილი ეკავა. მართკუთხა ფორმის, სამხრეთიდან ჩრდილოეთით გადაჭიმული ეზო გალავნითაა შემოზღუდული. გალავნის აღმოსავლეთი კედლის გასწვრივ სენაკები იყო განთავსებული. დღეს მხოლოდ ზოგიერთი მათგანის გეგმის წაკითხვაა შესაძლებელი, ზოგის კი მარტო საძირველი შემორჩა. შიდა ეზოს დასავლეთის მონაკვეთის ცენტრში აღმართული იყო კოშკის ტიპის სამიარუსიანი საცხოვრებელი ნაგებობა, შემორჩა მხოლოდ სამხრეთის კედელი და პირველი სართული. გამოთქმულია ვარაუდი, რომ, შესაძლოა, კოშკში მონასტრის წინამძღვარი ცხოვრობდა. შიდა ეზოში განლაგებული იყო სხვა სამონასტრო ნაგებობებიც, რომლებმაც ჩვენს დრომდე მხოლოდ მცირე ნაშთების სახით მოაღწიეს. ძეგლის არქიტექტურული ანალიზის საფუძველზე მეცნიერთა მიერ გამოთქმულია მოსაზრება, რომ სოხასტერი კომპლექსი გელათის მონასტრის მშენებლობის პერიოდს უნდა განეკუთვნებოდეს (XII-XIII სს.).

მონასტრის სამხრეთ-დასავლეთით მაღალ კონცხზე წმ. საბას სახელობის დარბაზული ეკლესიის (X-XI სს.) ნანგრევებია. მის მახლობლად, გზის გაღმა, წმ. ილიას სახელობის ეკლესიაა. მოშორებით, მდინარე წყალწითელის ხეობაში, ე.წ. „დავითის კონცხზე”, მტრის თავდასხმისაგან მონასტრის დამცველი დიდი მრგვალი კოშკის ნანგრევებია.

გელათის მონასტერი 1994 წლიდან შეტანილია UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

იხილე აგრეთვე

გელათი
გელათის აგება

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები