ბაგრატ III (იმერეთის მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაგრატ III – იმერეთის მეფე (1510-1565), მეფე ალექსანდრე II-ის ძე. გამეფებისას იგი თხუთმეტი წლისა იყო. ბაგრატ III რთული ამოცანის წინაშე იდგა. მას უნდა ეზრუნა ქვეყნის სახელმწიფოებრივ მოწესრიგებაზეც და თურქთა აგრესიის მოგერიებაზეც.

1520 წელს, ბაგრატ III-ისა და მამია I გურიელის (1512-1534) უშუალო ჩარევით, ქართლის მეფე დავითსა და ლევან კახთა მეფეს შორის ზავი დაიდო. ამ ზავით დასტურდებოდა საქართველოს დაყოფა სამ თანასწორ სამეფოდ. 1526 წელს ბაგრატის ასული თამარი ქართლის მეფე ლუარსაბს მოჰყავს ცოლად. ამ პოლიტიკური კავშირის წყალობით იმერეთის მეფემ იმავე წელს მიიღო ქართლის დასავლეთ ნაწილი - მდინარე ფრონეს გადაღმა მხარე, ახლანდელი ქარელის და ბორჯომის რაიონების ნაწილი და ხაშურის რაიონი (ალი, სურამი, ახალდაბა),

გაძლიერებული მთავრები მცირე თავადების ურჩობასაც უწყობდნენ ხელს. მათთან ბრძოლაში ბაგრატ III წვრილ აზნაურებსა და საეკლესიო ფეოდალებს ეყრდნობოდა. საშინაო საქმეების მოწესრიგებისთვის ბრძოლაში იმერეთის მეფეს ზურგი გაუმაგრა საეკლესიო კრების განჩინებამ, რომელიც 23 მუხლისგან შედგებოდა და ტყვეებით ვაჭრობის წინააღმდეგ იყო მიმართული. კრებას ესწრებოდნენ აფხაზეთის კათალიკოსი ევდემონი. ქართლის კათალიკოსი და დასავლეთ საქართველოს ეპისკოპოსები. კრების გადაწყვეტილებით, ტყვეებით მოვაჭრეებს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდათ, მაგრამ ეს დანაშაული მთლიანად ვერ აღმოიფხვრა, რადგან ოსმალეთის მთავრობა ყოველნაირად უწყობდა ხელს ადამიანებით ვაჭრობის გაფართოებას. გარდა ამისა, კრებამ მოაწესრიგა ზოგიერთი საეკლესიო წესი. რომელიც დროთა განმავლობაში დავიწყებას მიცემოდა ანდა არასწორად აღიქმებოდა. მეფემ გელათსა და ხონში დააარსა საეპისკოპოსოები (1529-1532), აღადგინა ნინოწმინდის საეპისკოპოსო კათედრა და ეპისკოპოსად მანოელი დასვა, მის დროს საკათალიკოსო ტახტი ბიჭვინთიდან გელათში გადაიტანეს.

იმერეთის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ საზღვარზე ჯიქები და სხვა აფხაზურ-ჩერქეზული ტომები შედარებით ადრე მოექცნენ ოსმალეთის გავლენის ქვეშ. მათი საშუალებით კი თურქები აფხაზეთშიც ცდილობდნენ ფეხის მოკიდებას. ამ პერიოდში ოსმალეთმა საქართველოს ჭანეთი (ლაზისტანი) მოსწყვიტა და გურიას შეუტია. თურქებმა ბათუმი ვერ აიღეს, მაგრამ ჭოროხის შესასვლელთან დამკვიდრდნენ და გონიოს ციხე აჭარისა და გურიის წინააღმდეგ ბრძოლის პლაცდარმად აქციეს.

ბაგრატ III აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო ცხოვრებაში. ქართლის მეფე დავით X-სთან (1505-1525), კახეთის მეფე ლევანთან (1518-20-1574) და თურქთა ხონთქართან ერთად იგი მონაწილეობდა ეგვიპტის სულთნის წინააღმდეგ ბრძოლასა და გოლგოთის მთის ურჯულოთაგან გამოხსნაში. ამ ლაშქრობის შემდეგ ქართველ მეფეებს იერუსალიმში, ქრისტეს საფლავის ტაძარში, წირვის უფლება მოუპოვებიათ.

სანამ თურქეთის სულთნები სელიმ I (1512-1520) და სულეიმან I (1520-1566) დიდ დაპყრობით ომებს ეწეოდნენ, ბაგრატ III შეეცადა ამ ამბით ესარგებლა და სამეფო საზღვრების განმტკიცებას შეუდგა. დადიან-გურიელის ერთიანი მხარდაჭერით ლაშქრობაც მალე განხორციელდა. მტერი ჯიქეთიდან ოდიშ-აფხაზეთსა და გურიის სანაპიროებს ესხმოდა თავს და ამ სამთავროების ტერიტორიებს აოხრებდა. ამიტომ ბაგრატ III-ის თაოსნობით 1533 წელს გურიის მთავარმა მამია I-მა გურიელმა და სამეგრელოს მთავარმა მამია III დადიანმა (1512-1533) ჯიქეთზე ილაშქრეს. მთავრებმა ომი წაემატებით დაიწყეს, მაგრამ დადიანთან უთანხმოების გამო მისმა რაზმმა მიატოვა ბრძოლის ველი და მეორე დღეს, სასტიკი ბრძოლის შემდეგ, მოკავშირეები დამარცხდნენ. დადიანი ბრძოლაში მოკლეს, გურიელი კი დაატყვევეს (შემდგომში იგი კათალიკოსმა გამოისყიდა). ამ მარცხის შემდეგ ბაგრატი გააქტიურდა და, რადგან თურქთა შემოტევის საფრთხე სამცხე-საათაბაგოდან მოდიოდა, მთელი ყურადღება მის დამორჩილებაზე გადაიტანა. 1535 წელს ბაგრატ III-მ ლევან I დადიანთან (1535-1572) და როსტომ I გურიელთან (1534-1564) ერთად სამცხე საათაბაგოზე ილაშქრა. 12 აგვისტოს ბრძოლა ახალქალაქის ახლოს, მარჯახეთთან მოხდა და ბაგრატის გამარჯვებით დამთავრდა. 1541 წელს მან ქაიხოსრო ათაბაგისა და ოსმალთა შეერთებული ლაშქარი დაამარცხა. ბაგრატ მეფის ესოდენ გაძლიერება აშინებდა დადიანსა და გურიელს. მათი შესაძლო გაერთიანების თავიდან ასაცილებლად მეფემ აჭარა და ჭანეთი გურიელს გადასცა. ამის შემდეგ ბაგრატ III შაჰ-თამაზს ეახლა ყარაბაღში და მხარდაჭერა სთხოვა. სამაგიეროდ კი მთელი საქართველოს დამორჩილებაში დახმარებას შეჰპირდა. შაჰი სპარსეთში ატეხილი არეულობის გამო მოუცლელი იყო, მაგრამ მეფეს შეწევნა მაინც აღუთქვა და პატივით გამოისტუმრა. ოსმალეთში გახიზნულ ქაიხოსრო ყვარყვარეს ძეს მუსტაფა ლალა-ფაშამ დიდძალი ჯარი და ზარბაზნები დაახმარა. ბაგრატ მეფემ ჯარი შეკრიბა, მაგრამ გურიელის დაწინაურებით განაწყენებულმა დადიანმა ლაშქრად გამოსვლა აღარ ინება. 1545 წელს ქარაღთან ბრძოლაში ბაგრატისა და გურიელის ლაშქარმა იმძლავრა. ამით განრისხებულმა სულთანმა უფრო მრავალრიცხოვანი ჯარი გამოაგზავნა. დადიანმა არც ამჯერადაც ისურვა ბრძოლაში მონაწილეობა. ბაგრატმა დახმარებისათვის ქართლის მეფე ლუარსაბს (1527-56) მიმართა. ბრძოლა 1545 წელს გაიმართა ბასიანში, სოხოისტასთან. ბრძოლის წინ მესხებმა მეწინავეობა ითხოვეს და უარით განაწყენებულებმა, შუა ომში ბრძოლის ველი მიატოვეს. ქართველები დამარცხდნენ. ოსმალები სამცხეში გაძლიერდნენ. ამ ბრძოლის შემდეგ ოსმალეთის მიმართულებით საქართველოს ციხე-გალავნის ბურჯი მორღვეული იყო.

1555 წლის 29 მაისს ქ ამასიაში (მცირე აზია) დაიდო ირან-ოსმალეთის ზავი, რომელიც ხელს უწყობდა საქართველოს პოლიტიკური დაშლის გაღრმავებას. ბაგრატი იძულებული გახდა სულთნის სასარგებლოდ ხარკი ეკისრა. ამ ზავით თურქებს ერგოთ იმერეთი გურია-სამეგრელოთი და სამცხის დასავლეთი ნაწილი:ტაო-შავშეთი და კლარჯეთი (ჭოხორის აუზი). ამის შემდეგ ოსმალეთი უკვე სისტემატურად არბევდა დასავლეთ საქართველოს. მიუხედავად ენერგიული ქმედებებისა, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მიზეზების გამო, ბაგრატ III-მ ვერ შეძლო ქვეყნის დაღმასვლის შეჩერება.

ბაგრატი 1565 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია გელათში.



Logo1.JPG ბაგრატ III მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები