გურიელი როსტომ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა როსტომ გურიელი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

როსტომ გურიელიგურიის მთავარი 1534-64, მამია I გურიელის ძე. აქტიურად იბრძოდა ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ. 1535 როსტომ გურიელი დაეხმარა იმერეთის მეფე -ბაგრატ III-ს ყვარყვარე III ათაბაგის წინააღმდეგ მურჯახეთის ბრძოლაში. ამ ბრძოლის დროს გურიელის რაზმმა ყვარყვარე III შეიპყრო. მადლიერმა მეფემ როსტომ გურიელს სამცხე-საათაბაგოს ნაწილი – აჭარა და ჭანეთი უბოძა. როსტომ გურიელი დაეხმარა ბაგრატ III-ს ოსმალეთის წინააღმდეგ ქარაღაქისა (1543) და სოხოისტას (1545) ბრძოლებშიც. მისი საქმიანობით განრისსებულმა ოსმალებმა გურიაზე გაილაშქრეს. 1547 ოსმალეთის ფლოტი გურიის სანაპიროს მიადგა, თურქებმა გონიოსა და ბათუმის მხარეები დაიკავეს. როსტომ გურიელმა დახმარება ბაგრატ III-სა და სამეგრელოს მთავარ ლევან I დადიანს სთხოვა. იმერეთის მეფის ინტრიგის გამო როსტომ გურიელი მტერს მარტო შეებრძოლა, დაამარცხა და მდინარე ჭოროხის გაღმა განდევნა. თურქებმა აჭარა და ჭანეთი მაინც შეინარჩუნეს, გონიოს ცისე გაამაგრეს და თავიანთ ფორპოსტად აქციეს. 1548 ბაგრატ III-მ შეიპყრო ლევან I დადიანი. მან ეს ამბავი როსტომს აცნობა და წინადადება მისცა, ერთად ელაშქრათ და გაენაწილებინათ სამეგრელოს სამთავრო. ამ ხერხით ბაგრატ III-ს გაძლიერებული გურიელის შეპყრობა და მთელი დასავლეთ საქართველოს თავის მბრძანებლობაში გაერთიანება უნდოდა, მაგრამ როსტომ გურიელი მიუხვდა ჩანაფიქრს და არ ეახლა. იგი ბაგრატ III-ის წინააღმდეგ საბრძოლველად ქაიხოსრო II ათაბაგს შეუთანხმდა. მათ 1550 გელათის სამრეკლოში დამწყვდეული ლევან I დადიანი გამოაპარეს და კელავ სამეგრელოში გაამთავრეს, ამ დროიდან გურიის სამთავრო საბოლოოდ გამოეყო იმერეთის სამეფოს. ირან-ოსმალეთის 1555 ამასიის ზავით გურიის სამთავრო ოსმალეთის გავლენაში მოექცა. როსტომ გურიელი ამის შემდეგაც განაგრძობდა ბრძოლას ოსმალეთის წინააღმდეგ და არც იმერეთის მეფეს ემორჩილებოდა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები