ჯიქეთი
ჯიქეთი - წარსულში ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინცია.
საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, საუკუნეების განმავლობაში, ჯიქები ცხოვრობდნენ. მათი განსახლების ტერიტორია ჯიქეთის სახელით იყო ცნობილი. ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში ჯიქები ქართულ პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ და კულტურულ სივრცეში იყვნენ მოქცეული - ჯიქეთი საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინცია იყო. საფიქრებელია, რომ ჯიქები მათ ქართველებმა შეარქვეს, კატისებრთა ოჯახის, ვეფხვის მსგავსი მტაცებელი ცხოველის - ჯიქის - სახელის მიხედვით. ტომის სახელი ჯიქი ქართულიდანაა შესული რუსულ ენაში, ასევე ქართული ეთ სუფიქსით გაფორმებული ქვეყნის სახელი ჯიქეთიც (ისევე, როგორც: ოსეთი, ინგუშეთი).
ეს ტერიტორია ოდითგან ქართველი ტომებით იყო დასახლებული. ქართული საისტორიო ტრადიციით, დასავლეთ საქართველო მდ. ყუბანის შესართავამდე ქართველთა ერთ-ერთი ეთნარქის ეგროსის სამკვიდრო იყო, რაც თავისებური გამოძახილი უნდა იყოს იმ ფაქტისა, რომ გარკვეულ ხანამდე ძველი ეგრისის (ბერძნული წყაროების კოლხეთი) სამფლობელო მდ. ყუბანის შესართავამდე ვრცელდებოდა.
ახ. წ. II საუკუნის რომაელი მოხელე ფლავიუს არიანე შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე იხსენიებს დასახლებულ პუნქტს ძველი ლაზიკა; იმავე ხანის მოღვაწე კლავდიოს პტოლემაიოსი მას ლაზოსს უწოდებს. ეს ფაქტი ამ ტერიტორიაზე ქართული ტომის ლაზების ცხოვრებაზე პირდაპირ მიუთითებს. V საუკუნეში ძველ ლაზიკას უკვე ნიკოფსისი, ნიკოფსია ეწოდება.
კოლხეთის სამეფოს დაცემის შემდეგ, ძვ.წ. I საუკუნეში, ამ მხარეში ჯიქები მკვიდრდებიან, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსახლებულან. „ქართლის ცხოვრებაში“ დაცულია ცნობა ჯიქების აქ ჩამოსახლების შესახებ: „შემდგომად ჟამთა მრავალთა იოტნეს პაჭანიკნი და ჯიქნი თურქთაგან. პაჭანიკნი წარვიდეს დასავლეთ კერძო, ხოლო ჯიქნი დაემკვიდრნეს ბოლოსა აფხაზეთისასა“. შემდგომში ამ ტერიტორიას ჯიქეთი ეწოდა. მოგვიანებით, სულხან-საბა ორბელიანი კიდევაც წერდა: „ჯიქეთი ერთ თემს ჰქვია აფხაზეთის მოსამძღვარეთა“-ო
ქართული საისტორიო წყაროებით, I საუკუნეში ჯიქეთში ქრისტიანობას ქადაგებდნენ მოციქულები ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი. ქართველი მემატიანის თქმით, ჯიქები იყვნენ ფიცხნი, გულისთქმითა და საქმით ბოროტისკენ მიდრეკილნი, ურწმუნონი. მათ არ შეიწყნარეს ანდრია პირველწოდებულის ქადაგება და მას მოკვლაც კი დაუპირეს, მაგრამ მოციქული ღვთის მადლმა დაიცვა და მან ჯიქეთი დატოვა. სვიმონ კანანელი კი აქ აღესრულა და აქვე, ნიკოფსიაში დაკრძალეს.
ჯიქები მამაცი მეომრები იყვნენ. ისინი ქართველთა ლაშქარშიც იბრძოდნენ, როგორც დაქირავებულნი. ქართველი მემატიანის ლეონტი მროველის (XI ს.) ცნობით, I საუკუნის 70-იან წლებში ქართლის მეფეებს - აზორკსა და არმაზელს სომხეთში ლაშქრობისას ჩრდილოკავკასიელ ტომებთან - ოსებთან, ლეკებთან და სხვებთან ერთად ჯიქებიც ახლდნენ.
ახ.წ. II საუკუნეში ჯიქეთს მდ. აქეუნტზე (მდ. შახე) ქართული პოლიტიკური გაერთიანება სანიგეთი, ხოლო IV საუკუნიდან ეგრისის (ლაზიკის) სამეფო ესაზღვრებოდა. VI საუკუნიდან ის აფხაზეთის სამთავროს, VIII საუკუნის მიწურულიდან კი „აფხაზთა“ სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. ამ დროიდან ჯიქეთში აქტიურად ვრცელდება ქრისტიანობა. „აფხაზთა“ სამეფოს შემქმნელმა ლეონ II-მ როცა ქვეყანა საერისთავოებად დაყო, საკუთრივ აფხაზეთი და ჯიქეთი ერთ საერისთავოში გააერთიანა. ამ დროიდან შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი სანაპირო მდ. ნიკოფსიამდე კვლავ ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა. მდ. ნიკოფსია თანამედროვე მდ. ნეჩეფსუხოა, რომელიც ამჟამინდელ ქ. ტუაფსეს ჩრდილო-დასავლეთით ერთვის შავ ზღვას. ქ. ტუაფსეს ჩრდილო-დასავლეთით, ზღვით დაახლოებით 20 კმ-ზე, დღევანდელ სოფელ ნოვომიხაილოვსკისთან მდებარეობდა ქ. ნიკოფსია, ქვეყნის უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთი პუნქტი.
XI ს. და საწყისში, როდესაც საქართველოს ერთიანი მონარქია შეიქმნა, ჯიქეთი ქართული პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი სამყაროს საზღვრისპირა რეგიონია. ერთიანი ქართული სამეფოს უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი ქ. ნიკოფსიასთან, მდ. ნიკოფსიაზე გადიოდა და ასე იყო საუკუნეების განმავლობაში. ჯიქეთი შედიოდა საქართველოს ერთიან ფეოდალურ მონარქიაში, როგორც აფხაზეთის საერისთავოს ნაწილი. ქართველი მემატიანე სუმბატ დავითის ძე (XI ს.) როცა ერთიანი საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის (978-1014) მოღვაწეობას ეხება, აღნიშნავს, რომ მან “დაიპყრა ყოველი კავკასია თვითმპყრობელობითა ჯიქეთითგან ვიდრე გურგენადმე”, ე.ი. კასპიის ზღვამდე.
XIII საუკუნიდან საქართველოს მძიმე ჟამი დაუდგა. ამ დროიდან ჯიქეთთან ორგანული კავშირი შესუსტდა. შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე იწყება ადიღური ტომების ექსპანსია. ჯიქები თანდათან კარგავენ ტერიტორიებს ჩრდილო-დასავლეთით, ჯიქეთში კვლავ იმძლავრა წარმართობამ. საფიქრებელია, რომ ამ ხანებში გადმოასვენეს სვიმონ კანანელის ნეშტი ნიკოფსიიდან აფხაზეთში, ანაკოფიაში.
XIV საუკუნის დამლევს საქართველოს თავს დაატყდა თემურ ლენგის ლაშქრობები. ქვეყნის შიგნითაც პრობლემებმა იჩინა თავი. ასეთ ვითარებაში ჯიქები საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას განუდგნენ და ქვეყნის სანაპირო რაიონების რბევა დაიწყეს. თემურ ლენგის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაბმულ მეფის ხელისუფლებას ძალა არ შესწევდა ჯიქების დასაშოშმინებლად. ეს საქმე თავს იდო ოდიშის ერისთავმა ვამეყ დადიანმა. მან ძალით დაიმორჩილა ჯიქეთი და კვლავ შემოუმტკიცა საქართველოს.
ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ (XV ს. II ნახევარი) ჯიქეთი საქართველოს ჩამოშორდა. ამ დროიდან ჯიქები ხშირად ესხმოდნენ თავს აფხაზეთის, ოდიშის, გურიის სანაპირო სოფლებს, არბევდნენ და ხალხს ტყვეებად იტაცებდნენ. ადიღების მოწოლით ჯიქები თანდათან კარგავენ ტერიტორიებს ჩრდილო-დასავლეთით, სამაგიეროდ თავიანთ მიწა-წყალს აფართოებენ სამხრეთ-აღმოსავლეთით. XVI ს. შუა ხანებისათვის მათ მიიტაცეს აფხაზეთის მიწა-წყალი მდ. ბზიფამდე. იმავდროულად, მათი ადიღეებთან შერწყმის პროცესი მიმდინარეობდა.
XIX საუკუნის დასაწყისში ჯიქების განსახლების ტერიტორიას შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე ასე აღწერენ: ჯიქების აფხაზურ-ადიღური მოდგმის მთიელი ხალხი ცხოვრობდა მდ. ბზიფსა და მდ. ხოსთას (ხამიში) შორის. ჩრდილოეთით მათი საზღვარი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე გადიოდა. ჯიქების განსახლების ტერიტორია დაყოფილი იყო მთის და სანაპირო თემებად. ჯიქების მთის თემები იყო: ფსხუ – მდ. ბზიფის ზემო წელში; აიბგა – მდ. ფსოუს ზემო წელში; წვიჯა – მდ. მზიმთას შუა წელზე; აჰჭიფსი – მდ. მზიმთას ზემო წელში. ჯიქების სანაპირო თემები, რომლებიც თავადთა საგვარეულო სახელების მიხედვით იწოდებოდნენ, ცხოვრობდნენ: ცან – მდ. ბზიფსა და მდ. ხაშუფსეს (ცანდრიფში) შორის; გეჩ – მდ. ხაშუფსესა და მდ. მზიმთას შორის; არდ (არედ)– მდ. მზიმთასა და მდ. ხოსთას შორის. მდ. ხოსთა მათ უბიხეთისაგან მიჯნავდა.
1864 წლის გაზაფხულზე რუსეთის იმპერიამ ჩრდილო-დასავლეთ კავკასია და შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი სანაპირო დაიპყრო. წინააღმდეგობას ბოლომდე სწევდნენ ჯიქების მთის თემები - აიბგა, აჰჭიფსი, ფსხუ. რუსეთის სარდლობამ მათ ულტიმატუმი წაუყენა: გადასახლებულიყვნენ ყუბანის პირა ვაკეზე, ან თურქეთში წასულიყვნენ, მაგრამ ჯიქები ბოლომდე ბრძოლას აპირებდნენ. მათი დამორჩილების მიზნით ოთხი სამხედრო კოლონა გაიგზავნა გენერლების: პ. შატილოვის, დ. სვიატოპოლკ-მირსკის, ვ. გეიმანის და პ. გრაბეს მეთაურობით. აფხაზეთის ჯარების სარდალი პ. შატილოვი პირველი კოლონით 25 აპრილს გაგრიდან ფსოუს ხეობისკენ გაემართა. აიბგელებმა, რომლებიც ფსოუსზე მოწელის ქვაბულში ცხოვრობდნენ, ვიწრო ხეობა ხერგილებით ჩაკეტეს და სამი დღის განმავლობაში მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ პ. შატილოვს. მეორე კოლონა დ. სვიატოპოლკ-მირსკის მეთაურობით 28 აპრილს სოხუმიდან ადლერში ჩავიდა. მაისის დასაწყისში რაზმი მდ. მზიმთას მარჯვენა ნაპირს აუყვა მთებისკენ. 10 მაისს, პ. შატილოვის დასახმარებლად გაგზავნილმა რაზმმა გენერალ ბატეზატულის მეთაურობით, ზურგიდან შეუტია აიბგელებს. მთიელები ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდნენ. მათ მორჩილება გამოუცხადეს რუსებს და დრო ითხოვეს, რომ პური მოემკათ და თურქეთში წასასვლელად მომზადებულიყვნენ. რუსეთის ჯარის ნაწილებმა გააგრძელეს წინსვლა აიბგას სიღრმეში, რათა მთიელები აეძულებინათ, უსიტყვო მორჩილება გამოეცხადებინათ. 12 მაისს აიბგამ სრული მორჩილება გამოაცხადა და თემის მოსახლეობა ზღვის სანაპიროსაკენ გაემართა თურქეთში წასასვლელად. ამის შემდეგ აჰჭიფსისა და ფსხუს წინააღმდეგობა უიმედო გახდა.
მაისის დასაწყისში შეტევაზე გადავიდა მესამე კოლონაც ვ. გეიმანის მეთაურობით. იგი მდ. სოჭის ზემო წელისაკენ მიემართებოდა, შემდეგ კავკასიონის მთავარი ქედის პარალელურად აჰჭიფსისკენ გაემართა. მეოთხე კოლონამ პ. გრაბეს მეთაურობით მდ. პატარა ლაბის სათავეებთან გადმოლახა კავკასიონის მთავარი ქედი, მდ. მზიმთას ხეობაში გადმოვიდა და 12 მაისს უკვე აჰჭიფსში შევიდა. მათ დატოვეს თავიანთი საცხოვრებლები და ერთიანად ზღვის სანაპიროსაკენ გაემართნენ.
1864წ. 20 მაისს რუსეთის ჯარის ოთხივე კოლონა შეერთდა მდ. მზიმთას ზემო წელში, აჰჭიფსის ცენტრში, აულგუბაადვში (რუს. კბაადა, ამჟამად კრასნაია პოლიანა) და მთიელთა წინააღმდეგობის უკანასკნელი კერა დაიკავა. 21 მაისს, გუბაადვის ველობზე კოლონებად გამწკრივებულ რუსეთის ჯარის ნაწილებს მეფისნაცვალმა და კავკასიის არმიის მთავარსარდალმა მიხეილ რომანოვმა მიულოცა კავკასიის ომის დამთავრება. შემდეგ საზეიმო აღლუმი გაიმართა.
ამდენად, XIX საუკუნეში ჯიქეთი რუსეთის იმპერიამ დაიპყრო. თვით ჯიქები რუსეთ-კავკასიის ომის (1763-1864) დამთავრებისთანავე იძულებული გახდნენ თურქეთში გადასახლებულიყვნენ. ამის შედეგად ჯიქების ეთნოსი ისტორიის არენიდან გაქრა.
წყარო
ბეჟნ ხორავა გაზეთი „ჩემი აფხაზეთი“ 1912 წლის სექტემბერი №2 გვ.9