ოდიშის ერისთავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოდიშის ერისთავი - ოდიშის საერისთავო ჯერ კიდევ ეგრის-აფხაზეთის სამეფოში წარმოიქმნა. ვახუშტის გადმოცემით, სამეფოს დამფუძნებელმა მეფე ლეონმა დასვა ერისთავი ბედიას და დაუდგინა საზღვრები - „ეგრისის აღმოსავლეთი ცხენის წყლამდე“. ბედიასთნ არის დაკავშირებული ოდიშის ერისთავთა საგვარეულო სახელი ბედან/ბედიანი. ოდიშის ერისთავ დადიანთა წარმომავლობა გვარსახელ „დადიანს“ (დად-ის შთამომავალნი) უკავშირდება, რომელმაც თანადათანობით, ისევე როგორც გურიელმა და შერვაშიძემ, მთავრის პოლიტიკური შინაარსი შეიძინა. არსებობს გადმოცემა, რომ შორეულ წარსულში დადიანები საღირისძეთაგან იყვნენ განშტოებულნი, ხოლო მათ საერთო წინაპრად მოიაზრებენ ვახტანგ გორგასლის თანამედროვე სამნაღირ ერისთავს. მკვლევართა ნაწილი (თ. ბერაძე, ი. ანთელავა) სავსებით სარწმუნოდ მიიჩნევს დადიანთა დაკავშიებას საღირისძეთა ფეოდალურ საგვარეულოსთან.

საქართველოს ერთიანობის დროინდელი ოდიშის საერისთავოს საზღვრები აღმოსავლეთით მდ. ცხენისწყალზე გადოდა, სამხრეთით - რიონის ქვემო წელზე, ჩრდილოეთით მას სვანეთის მთები აკრავდა, ხოლო დასავლეთით - ცხუმის საერისთავო. XIV ს-ის დასაწყისში ოდიშის საერისთავოს ფარგლებში ცხუმის საერისთავოც შედიოდა. XIV-XV სს-ში კი, მისი აღმოსავლეთი საზღვრები ცხენისწყლის ნაპირებამდე უწევდა. XI-XIII სს-ში დადიანები სამეფო კარზე დაწინაურებული საგვარეულოა და მათ წარმომადგენლებს, გარდა ოდიშის ერისთავობისა, სამეფო კარზე სხვა მაღალი თანამდებობებიც ეპყრათ. ამ საგვარეულოს ჩვენთვის ცნობილი პირველი წარმომადგენელი - ივანე დადიანი - იხსენიება ბაგრატ IV-ის თანამებრძოლთა შორის. XII ს-ის მეორე ნახევარში, გარდა ოდიშის ერისთავობისა, სამეფო კარზე დადიანებს უკავიათ ჩუხჩარხისა და მსახურთუხუცესის თანამდებობები. თამარის პირველი ისტორიკოსი ადასტურებს ამ თანამდებობის პირებს შორის ახლო ნათესაობას. თამარის დროს დადიანის ხელში უნდა ყოფილიყო აგრეთვე დასავლეთ საქართველოს ჯარების სარდლობაც (სპასალარობა). XIII ს-ის 30-იანი წლებიდან ოდიშის ერისთავი დადიანები დასავლეთ საქართველოს მანდატურთუხუცესები ხდებიან. მას შემდეგ მანდატურთუხუცესობა დადიანების ტრადიციულ თანამდებობრივ ტიტულად იქცა. ასე იხსენიებიან ისინი XIV-XV სს-ის დოკუმეტებშიც, თუმცა, ამ სამოხელეო ფუნქციებს ისინი დიდი ხანია, აღარ ასრულებდნენ და თავიანთ საგამგებლო ტერიტორიას ნახევრად დამოუკიდებელი მთავრის უფლებამოსილებით მართავდნენ. ოდიშის ერისთავთა გამთავრება XIV ს-ის 20-იან წლებში დააჩქარა დავით ნარინის მემკვიდრეებს შორის ქიშპობამ. ამ დროს შეიერთეს ოდიშის ერისთავებმა ცხუმის საერისთავო და ჩრდილო დასავლეთით ანაკოფიამდე გასწიეს ოდიშის ადმინისტრაციული საზღვრები. ამასთანავე, დადიანებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს ხელახალი გაერთიანების საქმეს და დიდი დახმარება გაუწიეს გიორგი ბრწყინვალეს ამ საქმის აღსრულებაში, რისთვისაც მეფეს ოდიშის ერისთავობასთან ერთად დადიანებისათვის ძველი პრივილეგია - დასავლეთ საქართველოს მხედართმთავრობა მიუნიჭებია. ზღვაზე გასვლამ ოდიშის ერისთავს საერთაშორისო პოლიტიკური და სავაჭრო ფუნქციაც დააკისრა, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა მათი პოლიტიკური ამბიციები. XIII-XIV სს-ში ეგვიპტისა და ოქროს ურდოს შორის კავშირი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის გავლით ხორციელდებოდა, სადაც დადიანების ხელში ორი საზღვაო პორტი - ფოთი და ცხუმი (სებასტოპოლი) იყო მოქცეული. იმდროინდელ დიპლომატიურ დოკუმენტებში დადიანებს ქართველთა მეფესაც კი უწოდებენ (მაგ., ასე იწოდება ოდიშის ერისთავი დადიანი 1330 წ-ით დათარიღებულ სებასტოპოლის არქიეპისკოპოს პეტრე ჯერალდის ეპისტოლეში კენტერბერის არქიეპისკოპოსისადმი). მიუხედავად მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტისა, XIV ს-ის დადიანები ჯერ კიდევ ერთიანი საქართველოს მეფეების ქვეშევრდომობას აღიარებდნენ და მათგან იღებდნენ თანამდებობრივ მტკიცებულებებს, უხდიდნენ ხარკს და მათ დასახმარებლად გამოჰყავდათ ლაშქარი. ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ (XV ს-ის 60-იანი წწ.) ოდიშის ერისთავები ფორმალურადაც აღარ ემორჩილებოდნენ იმერეთის მეფეს.

ოდიშის ერისთავები. XI-XV სს.

წყაროები და ლიტერატურა

  • ვახუშტი 1973: 796;
  • ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი 1959: 27, 34;
  • ბაქრაძე 1987: 225;
  • სოსელია 1951: 172-175;
  • მესხია 1979: 153;
  • ანთელავა 1990: 16, 17;
  • ბერაძე 1999: 131-132, 139.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები