ულუმბო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ულუმბო, უცხო სუნელი - Trigonella coerulea (L.) Ser. In DC

Trigonella coerulea (L.) Ser. In DC. – ულუმბო, უცხო სუნელი, სოლინჯი.

მეგრულად – ურცხო სუნელი.

ერთწლიანი 30-60 სმ სიმაღლის მცენარეა; ღერო სწორმდგომია, მარტივი ან დატოტვილი, გაბნეულბეწვიანი ან შიშველი, ღრუ; თანაფოთლები სამკუთხა-ლანცეტაა, ძირში მეტნაკლებად გაფართოებული და დაკბილული; ფოთოლაკები კვერცხისებრია ან ელიფსური, კიდეზე ბასრკბილა, ორივე მხარეზე შიშველი, 15-40 მმ სიგრძისა და 10-20 მმ სიგანის. ყვავილედი თავაკისებრია, მრავალყვავილიანი, კუმსი, ყვავილობისას სფერული, დაყვავილების შემდეგ ზოგჯერ ოდნავ წაგრძელებული, თითქმის კვერცხისებრი, 13-20 მმ სიგრძის; ყვავილის ყუნწები მცირე ზომისაა, 1 მმ-მდე სიგრძის, მოკლებეწვიანი; გვირგვინი ცისფერია, 6 მმ-მდე სიგრძის. ნაყოფი პარკია, რომბულ-უკუკვერცხისებრი, გაბერილი, გაბნეულბეწვიანი ან თითქმის შიშველი, სიგრძივი წვრილი ძარღვებით, უცბადაა შევიწროებული 3 მმ-მდე სიგრძის, თითქმის სწორ, ნემსისებრ ნისკარტში, 2-3 თესლიანი; თესლები სფერულია, წვრილხორკლიანი. ყვ. V-VI; ნაყ. VI-VII.

კულტურაში ძირითადად ცნობილია, როგორც ბოსტნეული სურნელოვანი მცენარე. გვხვდება გაველურებულიც რუდერალურ ადგილებსა და ბუჩქნარებში, საქართველოში ცნობილია „ულუმბოს“ ან „უცხო სუნელის“ სახელით.

ნატურალიზებულია პრაქტიკულად ევროპის მთელ ტერიტორიაზე, რუსეთის ევროპული ნაწილის ჩათვლით.

ძალიან ახლოს დგას Trigonella procumbens (Bess.) Reichenb. – თან, რომელიც ზოგი მკვლევარის მიერ მის წინაპრადაა მიჩნეული. მთელი მცენარე ხასიათდება ძლიერი არომატული სუნით. მშრალი და დაფქვილი ფოთლები გამოიყენება არომატისა და შეფერილობისათვის მწვანე ყველისა და პურის წარმოებაში. ნაყოფები და ყვავილები – მშრალი და დაფქვილი სახით სანელებლად იხმარება. გამოიყენება ყველისა და პურის წარმოებაშიც.

სამკურნალოდ იყენებენ ბალახს (ფოთლები, ღერო, ყვავილი) და თესლებს.

ულუმბო წარმოადგენს ბუნებრივ წყაროს ფოლიოს მჟავის, ფოსფორის, კალციუმის, მაგნიუმის, რკინის, სელენის, თუთიის, ენზიმების, ანტიოქსიდანტების. ასევე მდიდარია А, В, С ვიტამინებით და მიკროელემენტებით, ფლავონოიდებით და ცხიმოვანი ეთერზეთებით, რომლებიც მცენარეეებში იშვიათად გვხვდება; აღინიშნება აგრეთვე ნახშირწყლები, მთრიმლავი ნივთიერებები, სახამებელი, ამინომჟავები, სტეროიდული საპონინები.

ნაყოფები შეიცავს ვიტამინებს, მინერალურ მარილებს, დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

ხალხურ მედიცინაში რეკომენდირებულია მისი გამოყენება ასციტის, თვალის დაავადებების, ნიკრისის ქარის დროს, აგრეთვე როგორც ტკივილგამაყუჩებელი, შარდმდენი და სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება. თესლებიდან მომზადებული ნახარში მეტად ეფექტური ლაქტოგენური საშუალებაა.

ადამიანის ორგანიზმისათვის საერთო სარგებელი:იწვევს სისხლში შაქრის დონის დაწევას; არეგულირებს არტერიალურ წნევას: ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალიზებას; ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას; ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, ხელს უშლის ტრომბისა და ბალთის წარმოქმნას; იწვევს ვირუსების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიალურ და სოკოს საწინააღმდეგო ეფექტს. მცენარე დიდი რაოდენობით შეიცავს გალაქტომანანს – საკვებ ბოჭკოს, რომელიც ამუხრუჭებს მადას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ზედმეტ კილოგრამებთან საბრძოლველად, ასევე ახდენს გამოყენებული პროდუქტების გლიკემიური ინდექსის შემცირებას, რაც აუცილებელია შაქრიანი დიაბეტის დროს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები