რკინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თვითნაბადი რკინა

რკინა – ქიმიური ელემენტი.

სიმბოლოა –Fe;
ატომური ნომერი – 26;
სიმკვრივე – 7840 კგ/მ3,
ლღობის ტემპერატურა – 1539°C.

ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ლითონია დედა-მიწის ქერქში (მეორე ადგილზეა ალუმინის შემდეგ). მბზინავი, ჭედადი მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის ლითონია. სწრაფად განიცდის კოროზიას ჰაერის, ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში. სუფთა ჟანგბადში რკინა იწვის, ხოლო მცირედისპერსიულ მდგომარეობაში ჰაერზეც თვითაალდება. ის მიეკუთვნება მძიმე ლითონებს. პლასტიკურია, ადვილად იჭედება, იგლინება, იწელება მავთულად. სხვა ლითონებს შორის გამოირჩევა მაგნიტური თვისებებით. მიიზიდება მაგნიტით და თვითონაც მაგნიტდება მაგნიტურ ველში.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ დედამიწის ბირთვი 3500 კმ რადიუსით ძირითადად რკინა და ნიკელისაგან შედგება. ეს ბირთვი ქმნის დედამიწის მაგნიტურ ველს, რომლის მსგავსიც, როგორც ჩანს, არა აქვს მთვარესა და მეზობელ პლანეტებს. რკინა ცნობილია წინაისტორიული დროიდან. ადამიანი პირველად, ალბათ, მეტეორიტულ რკინას გაეცნო, რაზეც მიგვანიშნებს მისი დასახელება უძველესი ხალხების ენებზე, მაგ., ძველეგვიპტური „ბენი-პეტი“ ნიშნავს „ციურ რკინას“.

რკინა მადნებისაგან პირველად მიიღეს აზიის დასავლეთ ნაწილში ძვ. წ. II ათასწლეულში. ამის შემდეგ რკინას იყენებდნენ ბაბილონში, ეგვიპტეში, საბერძნეთში და სხვ. საქართველოს ტერიტორია მიჩნეულია რკინის წარმოების უძველეს კერად. ბიბლიაში მოხსენიებულია, რომ აქ მობინადრე ტომები უხსოვარი დროიდან მისდევდნენ ლითონების, კერძოდ, რკინის წარმოებას. ამასვე გვაუწყებს ძვ. ბერძნული და სხვა წერილობითი წყაროები. არქეოლოგიური გათხრებით დადასტურებულია, რომ რკინის წარმოება საქართველოს ტერიტორიაზე ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევრის დასაწყისში დაიწყო, მაგ., რაჭაში რკინის დამზადება – ჭედვა უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია რკინის მისაღები ქურები, რომლებიც აგრეთვე რკინის უძველეს წარმოებაზე მიგვითითებს. ეს ქურები შებერვითი მეთოდით მუშაობდნენ.

რკინის გამოყენება ეფუძნება მის სტრუქტურულ მდგრადობას. სუფთა რკინა რბილია (ალუმინზე რბილიც), მაგრამ მასალა შესამჩნევად მაგრდება მცირე რაოდენობით ნახშირბადის დამატების დროს. ასეთია, მაგ., ფოლადი, რომელიც 1000-ჯერ უფრო მაგარია სუფთა რკინაზე. პრაქტიკაში, ფოლადთან ერთად, ყველაზე მეტად გამოიყენება რკინისგან მიღებული პროდუქტითუჯი.

ბუნებაში რკინა გვხვდება მინერალების – ჰემატიტის (წითელი რკინის ქვა – Fe2O3) და მაგნეტიტის (მაგნიტური რკინის ქვა – Fe3O4) სახით, ასევე გავრცელებულია დოლომიტი (მურა რკინის ქვა) – 2Fe2O3×3H2O, სიდერიტი (რკინის შპატი) – FeCO3, პირიტი (რკინის ალმადანი) – FeS2, ლელინგიტი, მისპიკელი, მელანტერიტი, ვივიანიტი, ილმენიტი, კოკიმბიტი, შტრენგიტი, მაგნომაგნეტიტი, ფიბრიფერიტი, იაროზიტი, რემერიტი, გრაფტონიტი, სკოროდიტი, ფეალიტი, ალმანდიტი, ანდრადიტი, გიპერსტენი, გედენბერგიტი, ეგირინი, ნონტრონიტი და მრავალი სხვ. მსოფლიოში რკინის საბადოებით მდიდარი ქვეყნებია: ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა, ავსტრალიის კავშირი, აშშ, კანადა, შვედეთის, ვენესუელის რესპუბლიკა, ლიბერიის რესპუბლიკა, უკრაინა, საფრანგეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, ინდოეთის რესპუბლიკა და სხვ.

რკინა შედის მცენარეთა და ცხოველთა ორგანიზმის შემადგენლობაშიც. რკინის ძირითად მასას იყენებენ ნაირგვარი შედგენილობის შენადნობების სახით. მშენებლობაში გამოყენებული რკინის სახეობებია: გაგლინული, თვითნაბადი, ლეგირებული, რბილი, საარმატურე, საბურულე, სუფთა, სხმული, უხვად ლეგირებული, ფურცლოვანი, ღარული და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები