ბრაზილია
ბრაზილია - (ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა Republica Federativa do Brazil ), სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში. ესაზღვრება: საფრანგეთის გვიანა, სურინამი, გაიანა, ვენესუელა, კოლუმბია, პერუ, ბოლივია, პარაგვაი, არგენტინა და ურუგვაი. აღმოსავლეთით აკრავს ატლანტის ოკეანე. ფართობით და მოსახლეობის რაოდენობით ლათინურ ამერიკაში ყველაზე დიდი ქვეყანაა.
ფართობი - 8512 ათ. კმ2;
მოსახლეობა - 195,4 მლნ. კაცი (2012).
დედაქალაქი - ქ. ბრაზილია.
ოფიციალური ენა - პორტუგალიური.
ადმინისტრაციულად იყოფა 26 შტატად და ფედერალურ (დედაქალაქის) ოლქად.
სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი,საკანონმდებლო ძალაუფლებას ფლობს ეროვნული კონგრესი (ორპალატიანი პარლამენტი).
დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1822 წლის 7 სექტემბერს.
ბრაზილია ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი ეკონომიკური პოტენციალის, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის უმსხვილეს ქვეყანას წარმოადგენს. მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით მსოფლიოში მე-10 ადგილი უკავია.
განსაკუთრებით განვითარებულია მანქანათმშენებლობა. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი აწარმოებს ტანკებს, ჯავშანტრანსპორტიორებს, საბრძოლო თვითმფრინავებს, ხომალდებს, რაკეტებს, საარტილერიო და ცეცხლსასროლ იარაღს.
ძირითადი საზღვაო პორტებია: ბელენი, ვიტორია, რესიფი, სანტუსი, რიო-დე-ჟანეირო, პორტუ-ალეგრი, რიუ-გრანდი, ფორტალეზა.
ქვეყანას აქვს 10 საერთაშორისო აეროპორტი.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 318,4 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 190 ათ., სამხედრო-საჰაერო 69,4 ათ. და სამხედრო-საზღვაო 59 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.