სენეკა ლუციუს ანეუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუციუს ანეუს სენეკა

ლუციუს ანეუს სენეკა − (ლათ. Lucius Annaeus Sĕnĕca minor, დაახლოებით ძვ.წ.აღ. 4 - ახ.წ.აღ. 65 წ.წ.), ძველრომაელი ფილოსოფოსი და დრამატურგი.

გაწონასწორებული, მშვიდობის დამამკვიდრებელი ავგუსტუსის მმართველობის შემდეგ, სულ უფრო ახირებულ, სასტიკ და ზოგ შემთხვევაში სიგიჟის ტოლფასი სიშმაგით გამორჩეულ იმპერატორთა მმართველობის ხანა დგება, რომელთა შორის ყველაზე შემზარავთა, – კალიგულასა და ნერონის თანამედროვე და თვითმხილველი სენეკა იყო

იმპერიის ხანის ყველაზე გავლენიან ფილოსოფიურ მიმდინარეობას სტოიციზმი წარმოადგენდა, რომლის რომაელ წარმომადგენელთაგან უმნიშვნელოვანესად სენეკა, ეპიქტეტე და მარკუს ავრელიუსი მიიჩნევიან.

სტოიციზმის წარმომადგენელი ლუციუს ანეუს სენეკა (დაახლ. ძვ. წ. 4 – ახ. წ. 65) ფილოსოფოსი, პოლიტიკური მოღვაწე და ამავდროულად დრამატურგი იყო, თუმცა უმნიშვნელოვანესად მაინც მისი ფილოსოფიური მოღვაწეობაა მიჩნეული. ნერონის იმპერატორად ქცევის შემდეგ, სენეკა, როგორც მისი აღმზრდელი და დაახლოებული პირი, სახელმწიფოს მართვაში აქტიურად აღმოჩნდა ჩართული. ნერონის მმართველობის პირველი ხუთი წელი წარმატებული იყო, რასაც ბევრწილად სენეკას გავლენას მიაწერენ, მაგრამ შემდგომში, ნერონის მზარდი თავაშვებულობისა და მანიაკალური ახირებების გამოვლენის წლებში, სენეკა კარგავს იმპერატორზე გავლენას, ჩამოშორდება საზოგადოებრივ საქმეებს და თავის მამულში განმარტოებული ფილოსოფიას უბრუნდება. თუმცა, თითქმის შეშლილ მიზანთროპად ქცეული ნერონის რისხვას საბოლოოდ ვერც მისი აღმზრდელი გადაურჩა. იმპერატორის ბრძანებით, 65 წელს სენეკა იძულებული ხდება თვითმკვლელობით დაასრულოს სიცოცხლე.

სენეკას ლიტერატურული მემკვიდრეობა ფილოსოფიური ხასიათის თხზულებებსა და ტრაგედიებს მოიცავს. მისი ფილოსოფიური ტრაქტატების უმნიშვნელოვანეს ნაწილებადაა მიჩნეული; „ბედისწერის შესახებ“, „ბრძენის სიმტკიცის შესახებ“, „რისხვის შესახებ“, „უშფოთველი ცხოვრების შესახებ“, „მოცალეობის შესახებ“, „სულის სიმშვიდის შესახებ“, „სიცოცხლის სწრაფლმავლობის შესახებ“.

სენეკა ბედისწერის გარდაუვალობის აღიარების მიუხედავად, უზენაეს ძალად შემოქმედებით გონს მიიჩნევს. მისი აზრით, მართალია, ადამიანს არ ძალუძს ცხოვრების თანამდევი ტრაგიზმის გადალახვა, მაგრამ მის ძალაშია სულიერი სრულყოფილებისკენ სწრაფვის ერთგული დარჩეს. ნამდვილი მონობა არა ბედისწერის ძალის აღიარებაში, არამედ საკუთარი ვნებებისა და აფექტების მორჩილებაშია. სულიერი განვითარების უპირველეს საშუალებად ფილოსოფიასთან ზიარებას მიიჩნევს. ვინაიდან ტანჯვისა და დანაკარგის განცდა ცხოვრებაში გარდაუვალია, ადამიანმა თავისი შინაგანი ძალები არა გარდაუვალის დაძლევისკენ, არამედ შინაგანი თავისუფლების, ჰარმონიისა და გაწონასწორების მიღწევისკენ უნდა წარმართოს.

სენეკას შემოქმედებითი მემკვიდრეობა ასევე მოიცავს ტრაგედიებს, რომელთა შექმნის არც თარიღები, არც თანამიმდევრობა და არც დადგმის ისტორია არ არის ცნობილი. სენეკას ტრაგედიები ყველაზე შემზარავი ამბების მომცველ მითოლოგიურ სიუჟეტებს ეფუძნება, რაც რომაელ დრამატურგს ყოვლისმომცველი ვნებების დამღუპველი ძალისა და ტრაგიკული სიგიჟის თემის წარმოჩენის შესაძლებლობას ანიჭებს. სენეკას ტრაგედიის გმირები ძლიერი ვნებებისა და აფექტებისადმი მიდრეკილებით გამორჩეული მითოლოგიური გმირები არიან – მათ შორისაა ფედრა, მედეა, კლიტემნესტრა, თიესტესი, ოიდიპოსი.

სენეკას ტრაგედიებში შენარჩუნებულია როგორც ძველი ბერძნული ტრაგედიის სიუჟეტები, ასევე ქოროს პარტიები, თუმცა მოძალებულია დეკლამაციური პათეტიკა და რიტორიკა. ამავდროულად, მის ტრაგედიებში ყველაზე შემზარავი ტრაგიკული ამბები არა სცენის მიღმა, არამედ სცენაზე ხდება; იქნება ეს იოკასტესა თუ ფედრას თვითმკვლელობა ან მედეასა თუ ჰერკულესის მიერ საკუთარი შვილების დახოცვა. ტრაგედია „ჰერკულესი“ ევრიპიდესჰერაკლეს“ მიხედვითაა შექმნილი და იუნონას მიერ ჰერკულესის ჭკუიდან შეშლის შედეგად ცოლ-შვილის დახოცვის შემზარავ ამბავს წარმოაჩენს. ევრიპიდეს დრამების – „ტროელი ქალებისა“ და „ჰეკაბეს“ სიუჟეტების გაერთიანების შედეგად შეიქმნა სენეკასეული „ტროელები“, სადაც ანტიანაქსისა და პოლიქსენას მსხვერპლად შეწირვის ისტორია გათამაშდება. ასევე ევრიპიდეს დრამები იქცა სენეკას „მედეასა“ და „ფედრას“ შექმნის შთაგონების წყაროდ. სენეკა სხვა ცნობილი მითების თავისებურ დრამატურგიულ ინტერპრეტაციებსაც ქმნის – იქნება ეს „ოიდიპოსი“ „აგამემნონი“, „თიესტესი“ თუ „ფინიკიელი ქალები“.

სენეკას დრამატურგიაში შენარჩუნებულია ბერძნული ტრაგედიის ფორმები – პოეზიის ენა, დიალოგებისა და მონოლოგების მონაცვლეობა ქოროს ლირიკულ პარტიებთან. მაგრამ ანტიკური დრამის მრავალმხრივი გმირებისგან განსხვავებით, სენეკასეული გმირები ყოვლისმომცველი და ყოვლისშთანმთქმელი ვნების, – უმეტესწილად შურისძიების სურვილით არიან შეპყრობილნი. თუკი ძველ ბერძნულ დრამაში გმირები მოვლენების განვითარებასთან ერთად გარკვეულ ცვლილებებს განიცდიან, სენეკასთან გმირთა სახეები სტატიკურია. მედეა თუ ატრეუსი თავიდანვე დაუოკებელი შურისძიების სურვილით არიან შეპყრობილნი და არავითარი ყოყმანი და ეჭვი არ ახასიათებთ. სავარაუდოდ იმის გამო, რომ ტრაგედიები საყოველთაოდ ცნობილ მითოლოგიურ ამბებს შეეხება, პიესებში არ არის ექსპოზიცია. პერსონაჟთა მეტყველების მანერა დეკლამაციური პათეტიკურობით გამოირჩევა. სენეკას ტრაგედიებში ყოველთვის უფრო ძლიერი მტაცებელი იმარჯვებს, ამდენად თანაგრძნობას მსხვერპლიც არ იწვევს. სიძულვილი და შურისძიების დაუოკებელი წყურვილი წარმოჩენილია, როგორც სულიერი დაავადების ტოლფასი სნეულება – არა მხოლოდ გარე სამყაროსკენ წარმართული აგრესიის, არამედ თვითნგრევისკენ, თვითგანადგურებისკენ წარმართული სწრაფვის სახით ვლინდება. სენეკასეული გმირები ავადმყოფური ვნებით ტკბებიან შურისძიებით, – მედეა ნეტარებით კლავს იასონის თვალწინ მეორე შვილსაც. ატრეუსი ტკბება ძმის ტანჯვით, რომელსაც მისივე, დახოცილი შვილების ხორცით გაუმასპინძლდება. სენეკას ტრაგედიებში ადამიანის ხასიათის წინააღმდეგობრიობა სწორხაზოვნებით იცვლება, ტრაგიზმის შეგრძნებას კი ზღვარგადასულ სისასტიკეთა დემონსტრირება ბადებს. რომაელი დრამატურგის პიესების ძირითად პათოსს ყოვლისმომცველი სისასტიკის სტიქიის წინაშე შეძრწუნების განცდა წარმოადგენს. ადამიანისადმი, მისი თვისებებისგან დამოუკიდებლად. დაუნდობელია ბედისწერაც, ბუნებაც, საზოგადოებაც და უახლოესი გარემოცვაც. პერსონაჟთა მიერ წარმოთქმულ მონოლოგთა ძირითად მოტივს შემაძრწუნებელ მოვლენათა ან ვნებათა წარმოჩენა წარმოადგენს; იქნება ეს შავი ჭირის სნეულების დაწვრილებითი აღწერა „ოიდიპოს მეფეში“ თუ „მედეაში“ ქმრის ღალატით გაბოროტებული ქალის დაუოკებელი სიძულვილი მთელი სამყაროსადმი. სენეკასეული დრამის სამყაროში, სიგიჟის ტოლფასი სიძულვილის ვნებით შეპყრობილ გმირთა შემაძრწუნებელ სისასტიკეს, ხშირად, ბუნების სტიქიის პირქუში მძვინვარებაც თითქოს ეხმიანება. ჰუმანისტური პათოსის ერთადერთ გამომხატველად კი ქორო იქცევა, რომლის სიტყვებიც აღსავსეა შეძრწუნებით როგორც ბედისწერის, ასევე ყოვლისმომცველ ვნებათა დამანგრეველი ძალების წინაშე. ქორო მუდამ ნეგატიურად აფასებს სიძულვილით შეპყრობილ ადამიანთა სულიერ სიბრმავეს და უგუნურებას.

სენეკას ლიტერატურული სტილი მოქმედების შესატყვისი აფექტების შთაბეჭდილების გაძლიერების ამოცანას ემსახურება – იქნება ეს მძაფრად ემოციური შეძახილები თუ შეკითხვები, მზარდი დათრგუნვილობის ატმოსფეროს გამომხატველი განმეორებები, ჰიპერბოლიზაცია თუ დეკლამაციური პათეტიკა.

როგორც მსოფლიო თეატრის პრაქტიკა ადასტურებს, სენეკას პიესები ნაკლებ სცენურია და უფრო საკითხავ ტრაგედიებადაა მიჩნეული. სენეკამ მსოფლიო კულტურის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უპირველესად როგორც სტოიციზმის წარმომადგენელმა ფილოსოფოსმა დაიმკვიდრა. (მაია გოშაძე)

სენეკას ტრაგედიები

  • „აგამემნონი“;
  • „ჰერაკლე ეთეისელი“;
  • „ჰერაკლე შეშლილი“;
  • „მედეა“;
  • „ფედრა“;
  • „ოიდპოსი“;
  • „ფიესტი“;
  • „ტროელი ქალები“;
  • „ფინიკიელი ქალები“;
  • „ოქტავია“.


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები